"დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო" - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
შესაძლოა დანაშაული შეიცავდეს კანიბალიზმის ნიშნებსაც
"ხალხი დამძიმებული იყო, რადგან ვიდრე გოგონას იშვილებდნენ, მანამდე 22 წლის გოგო დაეღუპათ..."
საზარელი დანაშაული, რომელიც თბილისში მოხდა, უფრო საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს და ალბათ ვერც დავიჯერებდით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია რომ არა.
ამ ცოტა ხნის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან 76 წლის ქალბატონი ლუბა ყოჩიაშვილი დაიკარგა, რომელსაც მეუღლე და ნათესავები 19 ოქტომბრიდან ეძებდნენ. მისი სახლიდან დაუხმარებლად გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან ქალს ოპერაცია ცოტა ხნის გაკეთებული ჰქონდა და ლოგინიდან ადგომაც კი უჭირდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკარგული ქალის 18 წლის გოგონაზე, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილზე მას შემდეგ მიიტანეს ეჭვი, რაც დედის დაკარგვასთან დაკავშირებით დაკითხვისას, მისი სრულიად არაადეკვატური ქცევა ნახეს და პასუხები მოისმინეს. სავარაუდოდ, სწორედ მან აღიარა პირველად დედის მკვლელობა, თანამზრახველთა წრის დადგენა კი პოლიციას აღარ გასჭირვებია...
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამ საზარელ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით, ქალიშვილის გარდა, დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, ყველა დანარჩენმა კი, სავარაუდოდ, მკვლელობის უსაშინლესი დეტალები, უკვე გაუმხილა გამოძიებას. უშუალოდ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება სამ ადამიანს აქვს წაყენებული, მათგან ერთ-ერთი მარიამ ყოჩიაშვილის შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელიაა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა იყოს და სექტანტური წრის ერთ-ერთი ლიდერიც. მკვლელობაში ბრალდებულთა შორის კიდევ ერთი გოგონაა, ორ ახალგაზრდას კი ჯერჯერობით დანაშაულის დაფარვა ბრალდება.
სავარაუდოდ, სამართალდამცავებს და კრიმინალისტ-ფსიქოლოგებს ბევრ რამეს მისცემს ამ ახალგაზრდების და მათ წრეში მოტრიალე ადამიანების "ფეისბუკგვერდების" შესწავლა, სადაც შავ-ბნელი ძალების თაყვანისცემის არაერთი ატრიბუტია თავმოყრილი, რაც ნორმალური ფსიქიკის ადამიანს, წესით, შეიძლება მხოლოდ ზარავდეს. ბექა შენგელია, მათ წრეში ცნობილია Sailer Gothes-ის სახელით, კიდევ ერთი მკვლელობაში ბრალებული ფბნიკად სახელს nina gothess-ს იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი სწორედ ბექა შენგელიას მიერ ნაქირავებ ბინაში დაანაწევრეს. მანამდე კი...
ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან:
"სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს".
შსს აცხადებს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაძლოა დანაშაული შეიცავდეს კანიბალიზმის ნიშნებსაც. მოკლედ, იმგვარი სისასტიკეა, წარმოდგენაც კი შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს. ვინ არიან ეს ადამიანები, რა წრეში გაიზარდნენ, რატომ გახდნენ საზოგადოებისთვის ასეთი საშიში? - ეს ის კითხვებია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
kvirispalitra.ge იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა და სადაც დედის მკვლელად ქცეული გოგო გაიზარდა.
შოკი, რომელიც, ამ ამბის გახმაურების შემდეგ მკვლელობის ადგილზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღო, დიდხანს არ გაივლის. ყოჩიაშვილების მეზობლები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამბობენ, რომ გოგონა, მართალია ხშირად უცნაურად და შემზარავადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ეს დროებითი, ასაკობრივი პროტესტის ნიშანი იყო და მალე გაუვლიდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგობრები, რომლებიც მასავით უცნაურად იყვნენ ჩაცმული და სახემოხატულები, ასეთ საფრთხეს წარმოადგენდნენ:
- შემზარავი რამ მოხდა და გონს ვერ მოვსულვართ. სექტებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე, მართალია, ამდენ ხანს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი არსებობა არავის გვჯეროდა, ამასობაში კი, თურმე ჩვენს ეზოში დასეირნობდნენ და ხალხს მოსაკლავად ათვალიერებდნენ.
შოკში ვარ, ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო, ვინ იცის ჩვენც არ მოვწონდით და მერე ჩვენც ამოგვიღებდა სამიზნეში თავიანთი საზარელი რიტუალებისთვის.
არ ვიცი რა დაუშავა დედ-მამამ ასეთი. საოცრად წყნარი და უპრობლემო ოჯახი იყო, მართალია ცოტა ჩაკეტილი, დიდად არ ურთიერთობდნენ ჩვენთან, მაგრამ მაგათგან ხმამაღალი ლაპარაკი არ გაგვიგია, ვიდრე გოგონა პატარა იყო, რომ წამოიზარდა, ცოტა კონფლიქტებმა კი მოიმატა, მაგრამ ვის ოჯახში არ ხდება ასე, როცა ბავშვები იზრდებიან?
ვიდრე გოგო პატარა იყო, ხელჩაკიდებულს დაატარებდნენ სულ, ეზოში სათამაშოდ ძალიან იშვიათად უშვებდნენ, უკან დასდევდნენ, ასწავლიდნენ... ამან კი როგორც კი მოიზარდა, ასაკოვან მშობლებს მოერია, სკოლა მიატოვა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. დედა კი დაუძლურებული ჰყავდა, მაგრამ საწყალი მამამისი სულ ეჩხუბებოდა, - რომელ მამას უნდა შვილი უფსკრულში გადავარდეს?! ერთხელ მეზობლებმა უთხრეს, - შენი შვილი ტაქსისტებს აგდებსო და გადაირია კაცი. გოგო შუაღამისას ტაქსებით მოდიოდა, ტაქსისტებს სადარბაზოსთან დააყუდებდა, ფულს ჩამოვიტანო და რა თქმა უნდა, არ ჩამოჰქონდა.
- თქვენი თქმით, ოჯახში გარემო ჩვეულებრივი არ იყო - მეზობლებთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ, შვილს ბავშვებთან სათამაშოდ არ უშვებდნენ. ამ გარემოებას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა?
- ჯერ ერთი, დედ-მამა განათლებული ხალხია და სულ მუშაობდნენ. უბედური ქალი სანამ დაუძლურდებოდა, ცნობილი პედაგოგი იყო ფიზიკაში, ლექციებს კითხულობდა უმაღლეს სასწავლებელში. მამაც მუდამ მუშაობდა და ახლაც მუშაობს თან სულ პასუხსაგებ სამსახურებში. ასე რომ, შვილისთვის არაფერი დაუკლიათ; შეიძლება ოჯახში დიდი ხალისი და ტაშ-ფანდურა ვეღარ იყო, ხალხი დამძიმებული იყო, რადგან ვიდრე გოგონას იშვილებდნენ, მანამდე 22 წლის გოგო დაეღუპათ. იმასაც ირმა ერქვა...
მარიამს ფსიქიკაში აერია რაღაც, როგორც ჩანს, ან საშინელ წრეში მოხვდა და იმათ გადაუბრუნეს გონება, ნელ-ნელა ისე შეიცვალა, მის გარეგნობაზე მაინც უნდა მივმხვდარიყავით, რომ რაღაც სჭირდა.
მშვენიერი გარეგნობის ბავშვი იყო, მაგრამ თავი სპეციალურად დაიმახინჯა, მის შეხედვაზე ადამიანს შიში აიტანდა, - თავის ნახევარი გადაიხოტრა, მეორე ნახევარზე ნაწნავი ჰქონდა; სულ ტატუირებული იყო, მთელ ტანზე; ბოლოს სახეზე, თვალების ქვეშ კატის ბრჭყალები დაიხატა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომღაც სიმშვიდე დაკარგული არ ჰქონდა...
არა მგონია, მომხდარის შემდეგ, როდესმე ადამიანურად იცხოვროს, დაფიქრდება რა გააკეთა და დაიტანჯება. ბოლო დღეებში მამას ეუბნებოდა თურმე, - შუქი არ გამორთო, მეშინიაო.
ქმარი მეუღლეს ტელეფონით შუადღისას ელაპარაკა თურმე, საღამოს კი ქალი, რომელიც ლოგინს იყო მიჯაჭვული, სახლში აღარ დახვდა. სწორედ ამ პერიოდში მოკლეს - ჯერ აწამეს, მერე ელექტროშოკით გათიშეს, ბოლოს დიდ ტომარში ჩატენეს და წაიღეს...
იხიელთ ასევე: "შვილთან თბილი, მამა-შვილური ურთიერთობა მქონდა" - რას ამბობს იმ გოგონას მამა, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)