"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"!
"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა" გაავრცელა ინფორმაცია მოქალაქე გიორგი ადეიშვილის შესახებ, რომლის მტკიცებითაც ის პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის ობიექტი გახდა. ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, რომ გადასახედია ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა და რომ ამ მიმართულებით პოლიციელთა ქმედება ზოგჯერ კანონის ფარგლებსაც ცდება.
kvirispalitra.ge დაუკავშირდა გიორგი ადეიშვილს:
- 2016 წლის 14 ნოემბერს საღამოს, სამსახურიდან გამოვედი, შინ - ცოლ-შვილთან მივდიოდი, ოღონდ გზად მეგობარი უნდა მენახა. მაღაზიასთან გავაჩერე მანქანა, ხილი უნდა მეყიდა. როგორც კი გავჩერდი, პოლიციელებმა დამიძახეს, დაახლოებით 4-5 კაცი იყო. ერთ-ერთმა მითხრა, თელავიდან ხარ ჩამოსული და მარიხუანა გაქვსო... ცოლ-შვილთან ერთად მართლა ვიყავი თელავში და თბილისში 14-ში დილით ჩამოვედი, მაგრამ არანაირი მარიხუანა არ მქონია. არ ვიცი, საიდან იცოდნენ, ეს ამბავი. მითხეს, რომ ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ზედაპირულად გამჩხრიკეს. ვეუბნებოდი, არაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ...
მერე ჩემს საკუთარ მანქანაში ჩამსვეს, აქეთ იქით, პოლიციელები მომისხდნენ, უკან ასევე პოლიციის მანქანა გამოგვყვა. გზაში ვეუბნებოდი, ნამდვილად არაფერი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ თვითონ "ჩაგიდებთო", საბოლოოდ, მაინც ფაქტი იქნებაო. ერთ-ერთი, რომელიც ძალიან აქტიურობდა, თორნიკე ონიანი იყო, რომელიც პოლიციის უფროსად გამეცნო, (გენერალური ინსპექციისთვის მიწოდებულ განცხადებაში მისი სახელი და გვარი მითითებულია) კიდევ ერთმა მითხრა, მოადგილე ვარო, მისი გვარ-სახელი არ მახსოვს, მაგრამ სახეზე ვიცნობ...
თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და მოილაპარაკეს, რომ თბილისის ზღვაზე ასულიყვნენ. იქ საქალაქო სასაფლაოსთან გავჩერდით და მათ ჩემი მანქანის ჩხრეკა დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე მათგანი, მე მჩხრეკდა. თორნიკე ონიანმა ჯიბეში ხელი ჩამიყო, შემდეგ გაშალა და მითხრა, - ეს შენიაო...
- რა ეჭირა ხელში?
- რაღაც შეხვეული... ჩემი არ არის-მეთქი, - ვუთხარი. მან კი განაგრძო, - ეს უნდა ჩაგიდო, მეგობართან ხომ მიდიოდი, ჰოდა, მასთან მიგქონდა. ახლა ამას მასთან აიტან და ერთად მოწევთ, ის გელოდებაო... როგორც კი დამაკავეს, ტელეფონი ჩამომართვეს, მაგრამ ვიდრე გათიშავდნენ, მეგობარმა, ვისთანაც მივდიოდი, ორჯერ დამირეკა. ვუთხარი, - გამორიცხულია, ეს ჩემი არ არის და რომც მომკლათ, ამას არ გავაკეთებ-მეთქი.
იქიდან ვაზისუბნის პოლიციაში წავედით. იქ თორნიკე ონიანმა მითხრა, - ორი ვარიანტი გაქვს, - მარიხუანას ჩაგიდებ და აღიარებ რომ შენია და ადვილად გამოძვრები ან ბიოს ჩაგიდებთ და ციხეში წახვალო... თან ის შეხვეული მაჩვენეს, რომელიც სასაფლაოებთან, ვითომ ჯიბიდან ამომიღეს... შემეშინდა, ფსიქოლოგიურად უკვე ჭკუაზე აღარ ვიყავი და ვუთხარი, - მანქანით ვმუშაობ, ასე ვარჩენ ოჯახს და თუ მისი ტარების უფლება მექნება და არ გამწირავთ, მარიხუანაზე მოვაწერ ხელს-მეთქი და მართლაც მოვაწერე.
- როგორ ფიქრობ, მეგობრის, რომელიც იმ კონკრეტულ დროს, ტელეფონით გიკავშირდებოდათ, რაიმე ინტერესი ხომ არ ჰქონდათ?
- არ ვიცი, მასზე გაბრაზებულები ჩანდნენ, ბრაზით ახსენებდნენ, მაგრამ რატომ, წარმოდგენა არ მაქვს... მათ ჩემი სახლიც გაჩხრიკეს.
- ადვოკატი არ მოითხოვეთ?
- როგორ არა, დიდ დიღომშივე მოვითხოვე ადვოკატი, მაგრამ რა ადვოკატიო, - ასე მიპასუხეს... სამი წლის წინ, თელავში ჩემს 7 წლის შვილთან ერთად ვისვენებდი, რა დროსაც თორნიკე ონიანი, რამდენიმე ადამიანთან ერთად მოვიდა და პიკაპით ნარკოლოგიურში წამიყვანა, რა დროსაც ნარკოტიკის მოხმარება არ დამიმტკიცდა...
- ახლა რას აპირებთ?
- ადვოკატი ავიყვანე და ჩემი სიმართლის გასარკვევად ვიბრძოლებ.
როლანდ ასაკაშვილი, ადვოკატი:
- სარჩელი შევიტანეთ გენინსპექციაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ, რაც მომიყვა, ის განცხადება მაქვს... საინტერესო ფაქტია, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსთან, სადაც გიორგი ადეიშვილის თქმით, ის გაჩხრიკეს, სათვალთვალო კამერებია და უნდა მოხდეს მისი ჩანაწერების ამოღება და გიორგის ნაამბობთან შედარება. თავდაპირველად უნდა დავადგინოთ, მათი მარშრუტი კონკრეტული დროის მიხედვით. ასევე ვიშუამდგომლებთ, რომ მოხდეს თვითმხილველი პოლიციელების დაკითხვაც, - ნამდვილად მოხდა თუ არა მისი ჩხრეკა და დათვალიერება. ამ ინფორმაციას მივაწვდით გენერალურ ინსპექციას...
პოლიციის უფროსი, ონიანი, რომელსაც ადრეც ჰქონია ადეიშვილთან შეხება, სხვა პოლიციელების წინაშე, საჯაროდ ამბობდა, - ამდენს რას ალაპარაკებთ, "ჩაუდეთ ფაქტიო".
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარისთვის შს სამინისტროს მივმართეთ, 14 ნოემბერს გიორგი ადეიშვილის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების თაობაზე კი გენინსპექციისკენ გადაგვამისამართეს: "თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია სამართალდამცველთა მხრიდან რაიმე გადაცდომის შესახებ, მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ჩაატარებს შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას".
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)