"საქართველოში სიკვდილის მომტანი მარილი გამოჩნდა!"
"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"
ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ბიონარკოტიკის ახალი სახეობა შემოვიდა, რომლის მომხმარებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ფატალურადაც სრულდება. სპეციალისტთა ინფორმაციით, ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ, მისი შემცველობა კი ჯერჯერობით უცნობია. მას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთიერებასთან, გავრცელებული "ნარკანი", რომელსაც ზედოზირების დროს იყენებენ, ამ შემთხვევაში უძლურია. ამ საკითხის გარკვევა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ვცადეთ.
ეკატერინე ყურაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი: - ეს არის მარილი, რომელიც რამდენიმე წელიწადია, რაც შემოსულია და პერიოდულად იცვლება მისი ფორმულა. შეიძლება ნივთიერების ფორმულიდან ერთი ატომი ამოვარდეს ან მისი გაძლიერების მიზნით რაღაც დაამატონ და უკვე სხვა ნივთიერება მიიღება.
საქმე გვაქვს სინთეტიკურ ნარკოტიკთან, რომელსაც კიდეც ეწევიან, იყნოსავენ და ინტრავენურადაც იკეთებენ. მარილი მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებაა და ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც კოკაინს.
- რითი გამოირჩევა ეს სინთეტიკური ნარკოტიკი?
- სიძლიერითა და ტოქსიკურობით. მომხმარებელი მალე ხდება ფიზიკურად დამოკიდებული ("ლომკას" რასაც ვეძახით). ამ შემთხვევაში,
სანამ ადამიანი ფიზიკურ დამოკიდებულებამდე მივა, ფსიქოზი უვითარდება, ხშირია ლეტალური შედეგიც.
- ამ მარილის მომხმარებლები ხშირად მოდიან თქვენთან?
- ზედოზირებით პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან, სასწრაფო დახმარებას ისინი სხვა დაწესებულებებში გადაჰყავს. აბაზანის მარილი კოდური სახელია, სანამ გაიშიფრებოდა, მანამ ასე მოიხსენიებდნენ. ეს მარილი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ასევე შავიც.
- ოჯახის წევრები როგორ უნდა მიხვდნენ, რომ მათი შვილი მარილის მომხმარებელია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და ზედოზირებისას რა ზომებს უნდა მიმართონ?
- ამ დროს გამოხედვა აქვთ უაზრო, არიან ნერვიულები, მომატებული აქვთ შფოთვა, გეომეტრიული პროგრესიით მიდის ინტელექტის დაქვეითება, უძილობა, ენერგიის მოზღვავება, აქვთ ჰალუცინაციები, ხდებიან ჰიპერაქტიურები, სვამენ ბევრ წყალს, ვინაიდან წყალს კარგავენ, შეუძლიათ 3 დღის განმავლობაშიც არ დაიძინონ. აქვთ ბოდვები, წნევის ვარდნა, მიდის ჰემოდინამიკის მონაცვლეობა, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, ტაქიკარდია - 15 წუთში 140-მდე გულისცემა, ხდებიან არაადეკვატური და თუ მარილი უთავდებათ, შეუძლიათ 2-3 დღე ეძინოთ, ანუ ითიშებიან.
ზედოზირებისას ახასიათებს კრუნჩხვა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და ამ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ამას თან სდევს ორგანიზმის გადაწვა, ტვინის შეშუპება, გულსისხლძარღვთა, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა და ვითარდება ლეტალური შედეგიც.
ეს ნარკოტიკი უმოკლეს დროში ახერხებს იმას, რისი დაშავებაც სხვა ნარკოტიკს წლების განმავლობაში შეუძლია. რაც უფრო კუსტარულია ნარკოტიკი, მით უფრო ძნელია დოზის განსაზღვრა. ასეთ პაციენტებს ისეთი ფსიქოზები აქვთ, მათი მკურნალობა ძალიან რთულია.
ჩვენ სიკვდილს გადავარჩინეთ ზედოზირებული პაციენტი, მაგრამ ისეთი ფსიქიკური აშლილობა და ჰემოდინამიკის მონაცვლეობა ჰქონდა, ფსიქიატრიულში გავგზავნეთ. ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი.
ყველა ნარკოტიკს თავისებური სიმპტომი აქვს - მაგალითად, ბიოს მომხმარებლების უმრავლესობა ამბობს, ფანჯრიდან მწვანე მინდორს ვხედავდითო, აღებდნენ ფანჯარას და გადახტომას ცდილობდნენ.
სულხანი, 35 წლის, ნარკომომხმარებელი:
- არავინ იცის, რას შეიცავს ეს ნარკოტიკი, თუმცა გამიგია, რომ ძლიერმოქმედია და კაიფი მცირეხნიანი აქვს, რის გამოც დღეში 7-8-ჯერაც კი იკეთებენ. როგორც ამბობენ, 500-600 ლარამდე ღირს, თუმცა, თუ ფული გაქვს, რა პრობლემაა, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიძინო ინტერნეტით.
- თქვენ თუ მოგიხმარიათ ეს ნარკოტიკი?
- არა, რასაც გიყვებით, მხოლოდ გაგონილი მაქვს. ვიცი, რომ ინტერნეტით უკავშირდებიან რეალიზატორს, თუმცა საიდან მოდის, არ ვიცი. გამიგია, რამდენიმე ბიჭი გაკეთებიდან მალევე გარდაიცვალაო. არ ვიცი, ეს ამ ნარკოტიკის მოხმარების გამო მოხდა თუ კიდევ რამე დაამატეს. როგორც წესი, ასეთ დროს ახლობლები გარდაცვალების მიზეზზე არ საუბრობენ.
- რამდენი ხანია, რაც ხელმისაწვდომია ახალი ნარკოტიკი?
- დაახლოებით დეკემბერში შემოვიდა. არასდროს მიცდია მისი ყიდვა, 600 ლარის შოვნა ასეთი ადვილია? ჩემნაირი მომხმარებლისთვის ეს ფუფუნებაა. პოლიციის ეშინიათ და ამაზე ლაპარაკს და ინფორმაციის გავრცელებას ერიდებიან. ასე რომ, მასზე მეტი არაფერი ვიცი.
- თქვენ რომელ ნარკოტიკს მოიხმართ?
- რაც შემხვდება, იმას. ჩემს სამეგობროში არავინ გარდაცვლილა, ღმერთმა დაგვიფაროს. ისე, მსგავს ნარკოტიკებს უფრო ახალგაზრდები მოიხმარენ. მისი "რასკრუტკა" მიდის და ამიტომ მიეძალა ყველა. როცა არ იცი, რას იკეთებ, არ უნდა გაიკეთო. ადრე ვიცოდით მაინც, "ბარიგა" ვინ იყო, მასთან ვყიდულობდით წამალს, ახლა ონლაინრეჟიმში ყიდულობენ ნარკოტიკებს. ამდენი ხალხი იღუპება, მაგრამ, ეტყობა, ინფორმაციაა მწირი, ყოველ ჯერზე, ალბათ, ჰგონიათ, რაღაც ახალს და განსხვავებულს იკეთებენ. ყველასა და ყველაფერს რატომ უნდა ენდო?
ნანა ფიცხელაური