"ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და გურამ გოგიჩაიშვილს რამდენჯერმე ესროლა" - მკვლელობა საკონტროლო გასროლით
გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, დაახლოებით დღის 1-ლ საათზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.
დანაშაული ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" გორის ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, გოგიჩაიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და სავარაუდოდ, ოფისში ერთ-ერთ ნაცნობთან მივიდა.
თვითმხილველების თქმით, გოგიჩაიშვილს ოფისში შესვლისთანავე უცხო პირი დაედევნა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის ცენტრში გურამ გოგიჩაშვილის მკვლელობის ფაქტს ორი პირი შეესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ისინი უკვე დაკითხეს.
"გურამ გოგიჩაიშვილთან ერთად ოფისში ნუკრი ჯალაბაძე და ფიდო სააკაშვილი იმყოფებოდნენ. მოულოდნელად მათთან ნიღბიანი მამაკაცი შევიდა. უცნობმა გურამ გოგიჩაიშვილს რადმენჯერმე ესროლა. დაჭრილი ოთახიდან შენობის შიგნით ეზოში გაიქცა. მკვლელი მიჰყვა და საკონტროლოდ თავში ესროლა", - წერს საინფორმაციო ცენტრი.
როგორც პარტია ოფისის ხელმძღვანელმა, ივანე მაჭარაშვილმა განაცხადა, ფართი ახალი ნაქირავებია და სრული დატვირთვით არ მუშაობდა.
მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
qartli.ge - ის ფოტო