"ჩანაწერებში გიორგი მამალაძესთან მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოსო"
სად და რატომ გაქრა პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე მისი ფაქსიმილე?!
"სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა"
ე.წ. ციანიდის საქმეზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომელშიც საქმის აქამდე უცნობ არაერთ დეტალზეა ლაპარაკი. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან.
ირაკლი მამალაძე, საქმის მთავარი მოწმე:
- ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ბუნდოვანება ამ თემის ირგვლივ. ამიტომ უნდა გასაჯაროვდეს მტკიცებულებები, რათა ყველამ გაიგოს, რა სიმძიმის დანაშაულთან გვქონდა საქმე და რამხელა საფრთხე იქნა თავიდან აცილებული. მოვუწოდებ საზოგადოებას - ჩემი ლანძღვით კი არ უნდა იყოთ დაკავებული ან ვინმეს რეაბილიტაციის მცდელობით, პირველ რიგში უნდა მოითხოვოთ მტკიცებულებების გასაჯაროება. იმის გამო, რომ ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც შეიძლება რომელიმე ინსტიტუციისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, არსებობს ერთი პროცენტი, რომ მტკიცებულებებს არ გაასაჯაროებენ და მე ვერ შევძლებ, დავამტკიცო ის, რასაც ვამბობ და სამუდამოდ დავრჩე იმ იარლიყით, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მაკერებდნენ.
გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი:
- უკვე ბევრმა გაიგო სატელეფონო ჩანაწერების ამბავი, საიდანაც, ჩემი ინფორმაციით, დგინდება, რომ სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის მოკვლა იგეგმებოდა. როგორც ვიცი, არც ერთ მათგანს დღესაც ახლოს არ აკარებენ პატრიარქს...
საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ საოპერაციოდ წასვლის წინ პატრიარქის მდგომარეობა ძალიან დამძიმებული იყო. პროკურატურის ხელთ არსებულ სატელეფონო საუბრებში, ჩემი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძესთან ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი ამბობს, რომ პატრიარქი, შესაძლოა, ოპერაციის დროს დაიღუპოს... ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, რათა პანიკა არ ამტყდარიყო. დღეს უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რადგან, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ვიცი, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში. წერილში ნათქვამი იქნებოდა, რომ დაქვრივებულ საეკლესიო ტახტს 40 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის მოამზადებდა მომავალი პატრიარქის არჩევნებს. სწორედ ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ!