"სააკაშვილმა გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა..."
საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე თავისუფალია. ბრალად ედებოდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების დაზიანება, თანხების მითვისება-გაფლანგვა. 12 წლის განმავლობაში ძებნილად იყო გამოცხადებული, 2015 წელს კი ბელგიამ ქართულ მხარეს გადმოსცა და მას შემდეგ #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.
ვიქტორ ჭელიძე: - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს უდანაშაულობაში ეჭვი არ შეიტანა. სიმართლის თქმა კი "კვირის პალიტრამ" გაბედა და ჩემი თამამი განცხადებები გამოაქვეყნა...
- აცხადებდით, ჩემი გამოსვლა პროკურორ ზურაბ ლორიას დაჭერას უდრისო...
- 2015 წელს მოვიდა ჩემთან ლორია, ეგონა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დავთანხმდებოდი. ის მთავარ პროკურატურაში თავდაცვასთან დაკავშირებულ საქმეებს კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ ახლა ამ საქმეს არაფერი ეშველება და ჯობია, საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეო, რაზეც ცივი უარი მიიღო, მერე კი ყველაფერი გააკეთა, რომ სასამართლო პროცესები გაწელილიყო. ორი წელი მატარეს აღმა-დაღმა თბილისის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ბოლოს მითხრეს, უდანაშაულო ყოფილხარო. ისიც უნდა ვთქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად ვერ აიღო ის ტვირთი, რაც შეიძლება სახელმწიფოს დაეკისროს ჩემი დევნის გამო. ვგულისხმობ იმას, რომ მუხლი, რომელიც თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობდა, თაღლითობის მუხლად გადააკვალიფიცირა და ჯარიმის სახით 20.000 ლარის გადახდა დამაკისრა. თუმცა, მოსამართლემ ციხეში გატარებული პერიოდის გამო ეს 20.000 გაქვითა და მხოლოდ 5.000-ის გადახდა დამაკისრა, რასაც ვასაჩივრებ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მივწერე წერილი ზურაბ ლორიას დანაშაულის შესახებ -
მან ჩემს საქმეში ჩააკერა საიდუმლო დოკუმენტები. ამ დოკუმენტებს ჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მოხვდა საქმეში, რომლის გამოთხოვაც ნებისმიერ პირს შეეძლო. ეს იყო გრიფით საიდუმლო დოკუმენტები კოდორის ხეობაზე, ცხინვალზე, საზღვაო ძალებზე. ერთ-ერთი 2004 წელს ცხინვალში ჩატარებული სპეცოპერაციების გეგმას ასახავდა. გაშიფრული იყო პირადი შემადგენლობა, კოდორის ხეობაში იარაღის შეტანის ფაქტი...
ლორიამ ჩადო ეს საჯაროდ ხელმისაწვდომ საქმეში, გრიფი არ დაადო, შემდეგ კი ორ მეზღვაურს, რომლებიც რუსეთში იყვნენ და რუსულ ბაზაზე მსახურობდნენ, მისწერა, მორჩა, საქმე დამთავრდაო.
- და რა შედეგი მოჰყვა ამას?
- ვითომ არაფერი, მაგრამ ხომ იყო ამის მერე ომი?.. ეს ყველაფერი გომელაურს ვაცნობე, მან კი მომწერა, ამ საქმეში 2007 წელს მართლაც მოთავსებულია საიდუმლო დოკუმენტი, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქმეს ვერ აღვძრავთო... კიდევ მივწერე, - ვთქვათ, ვერ იჭერთ ლორიას, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი თავდაცვის სამინისტროს საქმეებს კურირებდეს-მეთქი... ახლა არ ვიცი ლორია იმ თანამდებობაზეა, მოხსნეს თუ დააწინაურეს...
- ადრე აპროტესტებდით, რომ გოგა ხაინდრავას "ჰეროკრატიაში" საზღვაო ძალების სარდალს კლავს მისი მოადგილე... ამბობდით, რომ თქვენს პროტოტიპად მოიაზრებდნენ ამ პერსონაჟს და ამით თქვენს დისკრედიტაციას ცდილობდნენ...
- ეს იყო შსს-ს აგენტი, რომელმაც "დაავერბოვკა" ზურაბ ირემაძის მდივანი, ვინც მერე საზღვაო ძალების სარდალი საწამლავით მოწამლა. გავიგებ, ხაინდრავას ეს მცდარი ვერსია ვინ მიაწოდა. ფილმში მხოლოდ ის იყო მართალი, რომ სააკაშვილმა გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა...
- იქნებ დააზუსტოთ, რა მოხდა?
- 2004 წელს სააკაშვილმა მე და ზურა ირემაძეს დაგვავალა ასლან აბაშიძის დაპატიმრება და ჯარის შეყვანა აჭარაში, რაც არ გავაკეთეთ... მერე ზურა დაიბარა და უთხრა, სოხუმიდან მოდის გემი, რომელშიც სხედან ჟირინოვსკი და ლუჟკოვი, ეს გემი უნდა ჩაძიროთო. არც ეს გავაკეთეთ. ამ ამბიდან ორ დღეში ზურა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მას არ ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ გამოიკვლიეს მიზეზი, არც მე დამკითხეს.
- გემის ჩაძირვა სააკაშვილს რისთვის სჭირდებოდა?
- მას სიტუაციის პროვოცირება სჭირდებოდა, რაც 2004 წელს ვერ მოახერხა, ის 2008-ში მოხდა.
პ.ს. ისევ მუშაობს თუ არა ზურაბ ლორია მთავარ პროკურატურაში? რა კომენტარს გააკეთებს ამ ბრალდებაზე? ეს კითხვები პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს მივწერეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
რატომ გაამართლეს ჭელიძე?!
2016 წლის 5 სექტემბერს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ - "იმიტომ ვარ ციხეში, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი", სადაც ვიქტორ ჭელიძე თავის უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა და მის წინააღმდეგ საქმის შეთითხნაში ირაკლი ოქრუაშვილსა და პროკურორ ზურაბ ლორიას ადანაშაულებდა.
ამონარიდი ინტერვიუდან: "ერთ-ერთი ბრალდება, რომ თითქოს მე დავანგრიე საზღვაო ძალების რომელიღაც ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა, აბსურდულია. ის შენობა ისევ თავის ადგილას დგას! მე იმ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას მედავებიან, რომელზეც სინამდვილეში არასოდეს ვყოფილვარ. ბრალში წერია, რომ 2000-დან 2005 წლამდე ვიყავი საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში, არადა, ასეთი თანამდებობა არ არსებობდა. ასევე, ამ საქმეში წერია, რომ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, რომლის მეთაურიც არასდროს ვყოფილვარ. მედავებოდნენ გემის ერთი ფრთის ჯართად ჩაბარებას. არადა, იმ დროს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ამ ფრთაში იმდენად მცირე თანხა უნდა ამეღო, რომ სრულიად წარმოუდგენელია ამ საფასურად რომელიმე ჭკუათამყოფელი გემს დაბრდღნოდა და ფრთა მოეძრო! რაც შეეხება თანამშრომელთა სამივლინებო თანხების მითვისებას, ამას ფინანსისტი ჯინჭველეიშვილი აკეთებდა, რომელიც ახლა ძებნაშია... მისი ჩვენებით ეს ყველაფერი 2000 წლის 5 მაისს მოხდა. დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ ეს თანხა 5-დან 13 მაისამდე საბანკო ანგარიშზე ხელუხლებლად იდო. შესაბამისად, უსინდისოდ ტყუის ჯინჭველეიშვილი. მას ზუსტად ანალოგიური Mმეთოდით 2004-დან 2006 წლის ჩათვლით, 50 000 ლარი თავად აქვს მითვისებული. სასამართლოზე მოწმემ, იაგო დავითაძემ თქვა, რომ ჯინჭველეიშვილმა მის სახელზე სამივლინებო თანხა გამოწერა, რაც თავად აიღო და ხელიც დავითაძის ნაცვლად მოაწერა."
ეკა ასათიანი