"პოლიცია მოვიდა და მშობლებს ეს საშინელი ამბავი უთხრა" - 8 წლის დაკარგულ ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი
24 თებერვალს, სენაკში, 8 წლის ნიკა გაბეჩავა, დაახლოებით დღის 3 საათზე, ჩავიდა ეზოში და გაქრა... ოჯახმა და მეზობლებმა, სამართალდამცველებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა ის ადგილი მოიარეს, სადაც ბავშვი შეიძლებოდა წასულიყო, თუმცა, ამაოდ. მშობლები შვილის უვნებლად პოვნის იმედს არ კარგავდნენ, მაგრამ…
როგორც ოჯახის ახლობლებმა გვითხრეს, პატარას მდინარე ტეხურაში ეძებენ და ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი.
"საშინელი ინფორმაცია შევიტყვეთ, ჩვენი პატარა მოუკლავთ, ვიღაც სენაკელი მამაკაცი აუყვანია პოლიციას. ამის დაჯერებაც არ მინდა. რა უნდოდა ჩვენს პატარასთან. როგორ მოკლა ეს პატარა ანგელოზი, როგორ ასწია ხელი მასზე, ამის გააზრებაც მიჭირს. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - ამბობს ბავშვის ბიცოლა.
ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთ პირთან გადავამოწმეთ. ბავშვის ბიძა, მამიდის ქმარი, ლუხუმ მორგოშია, ამბობს, რომ ეს შემზარავი ინფორმაცია მათ პოლიციელებისგან შეიტყვეს. "ჯერ ბავშვი არ არის ნაპოვნი, როგორც ვიცი, დამნაშავე იპოვეს. პოლიცია მოვიდა ჩვენთან და მშობლებს ეს საშინელი ამბავი უთხრა. გვითხრეს, რომ დაკავებული სენაკელია. მას უთქვამს ბავშვმა შემაგინა და ამიტომ მოვკალიო, მერე მოკლული მდინარე ტეხურაში გადავაგდეო. სხვა დეტალები არ ვიცი, ყველანი შოკში ვართ, ახლა მდინარე ტეხურასთან ვართ ყველა, მაშველებიც მოვიდნენ და ცხედარს ეძებენ", - გვითხრა მან.
როგორც ცნობილია, ბავშვი იმ საბედისწერო დღეს, დღის 3 საათზე ცოტა ხნით ეზოში სათამაშოდ ჩავიდა და მას მერე ოჯახის წევრებმა ვერსად იპოვეს.
გაბეჩავები სენაკში, ჭავჭავაძისა და ქიაჩელის ქუჩების კვეთასთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ნიკას მამა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მაცხოვრებელია. ბავშვის დედა თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და სასწრაფოდ დაბრუნდა სენაკში. განადგურებული მშობლები ყველას დახმარებას სთხოვდნენ. 8 წლის ბიჭუნა ნოემბრის თვიდან სენაკში, კერძო სკოლა "აპოდიქსში" სწავლობდა.
ამ შემზარავი ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ეტაპზე ახლობლების მონაყოლისგან განსხვავებულია უწყების ოფიციალური ინფორმაცია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მართლაც დაკავებულია ერთი ადამიანი. "საქმე აღძრულია 129-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის დაუხმარებლობას, გადაუდებელი აუცილებლობის გაუწევლობას. ამ დროის ინფორმაციით, ჯართის შეგროვების დროს ბავშვი წყალში ჩავარდა. შესაბამისად, ახლა მდინარეზე ვაწარმოებთ სამძებრო სამუშაოებს. ჯერჯერობით სხვა რამის თქმა არ შემიძლია", - გვითხრეს პრესსამსახურში.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)