"აქ განვიხილავთ ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად ცხოვრებას და მიმოწერას?" - კვირის პალიტრა

"აქ განვიხილავთ ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად ცხოვრებას და მიმოწერას?"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა. პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა. კერძოდ, საქმის ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. (იხილეთ: პროკურორი: "ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება")

სასამართლო განხილვების დახურვის თაობაზე ბრალდების შუამდგომლობის საპასუხოდ, დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს მამა გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას.

"ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი და მუქარა თქვენს მიმართ ბატონო მოსამართლე. აქ არაფერ შუაშია მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრება. მამაოს პირადი ცხოვრება მისი ოჯახია", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა ცდილობს, დეკანოზის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში იმ ჩანაწერებით, რომელიც საქმეშია.

თავად მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მას "დასამალი არაფერი აქვს".

დაკავებული დეკანოზი დაეთანხმა მისი ადვოკატების შუამდგომლობას, რომ საქმის არსებითი განხილვა ღიად და საჯაროდ წარიმართოს.

"ვეთანხმები ადვოკატებს. დასამალი არაფერი მაქვს. ჩვენ განვიხილავთ აქ ჩემი, როგორც მოქალაქის თუ სასულიერო პირის ცხოვრებას? ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად მიმოწერას? მზად ვარ, თუ თქვენ ამას გადაწყვეტთ, ბატონო მოსამართლე, ჩემი პირადი მიმოწერა გასაჯაროვდეს. დასამალი არაფერი მაქვს. არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს", - აღნიშნა მამა გიორგი მამალაძემ.

თუმცა საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უარყო, რომ საქმეში რაიმე ინტიმური ვიდეო დევს. როგორც წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატების მხრიდან უკვე არაერთხელ ხდება მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება და დამახინჯება.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები ტირაჟირებენ სიცრუეს, თითქოს ჩვენ ინტიმური ვიდეომასალით ვაშანტაჟებთ ბრალდებულს. ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების. ადვოკატების მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება იმისა, რომ ჩვენ მსგავსი ვიდეოებით ვიღაცას ვაშანტაჟებთ, ეს, ეტყობა, არის მათი სტრატეგია, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ დარბაზსა ან ჟურნალისტებზე, რათა თქვენ არასწორად გააშუქოთ პროცესი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"