"ოჯახში ერთადერთი მარჩენალი ვარ - განაცდური ხელფასი მაინც მეკუთვნოდა და..." - კვირის პალიტრა

"ოჯახში ერთადერთი მარჩენალი ვარ - განაცდური ხელფასი მაინც მეკუთვნოდა და..."

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დარწმუნებულია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მას 8 თვის განაცდურ ხელფასს აუნაზღაურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თემურ აბაზოვმა განუცხადა, მას მარნეულის საკრებულოსთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის წერილით რომც არ მიემართა, ეს თანხა კანონიერად ეკუთვნის და მაინც დაერიცხებოდა.

თემურ აბაზოვი ამბობს, რომ ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ამ ფორმით, კუთვნილი თანხის მოთხოვნა პროცესს უფრო დააჩქარებს.

"მე არ ვიცი რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, კანონი გვეუბნება ამას. ჩემი ადვოკატი განცხადებით რომც არ მისულიყო, განაცდური ხელფასი მაინც მეკუთვნოდა და ვფიქრობ, რომ იმ ანაზღაურებას, მაინც მომცემდენენ და ჩამირიცხავდნენ. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ ჩემთან ოჯახში არავინ არ მუშაობს, ერთადერთი მარჩენალი მე ვარ და შეიძლება ითქვას, ამ ფორმით მიმართვით, უბრალოდ დაჩქარდება ეს პროცესი, თორემ ყველა ვარიანტში კანონით მეკუთვნოდა და ეს თანხა მაინც უნდა ჩამერიცხოს. ხელზე ასაღები 8 თვის თანხა გამოდის 22 ათასზე მეტი თუ არ ვცდები, 32 ათასი ლარი დარიცხული თანხაა", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში თემურ აბაზოვმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის საქმეზე მოირიგი სხდომა დღეს ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარის ის მოწმე დაიკითხა, რომელმაც ,,ვოთსაფში" შექმნილ საერთო ჩათში, სხვა პირებთან ერთად ნახა ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

რუსთავის სასამართლომ, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მარნეულის საკრებულომ, თემურ აბაზოვს, მისივე განცხადების საფუძველზე, 12 თებერვალს მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა. თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

"ინტერპრესნიუსი"