რას ფიქრობენ ქართველი რეპერები ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე? - კვირის პალიტრა

რას ფიქრობენ ქართველი რეპერები ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე?

ახალგაზრდა ქართველი რეპერი - ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდა თუ არა, პოპულარობაც მალევე მოიპოვა. ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრის შვილს ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს. თუმცა, ბერას შემოქმედებას კრიტიკოსებიც არ აკლია: მოგეხსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა - ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბერას სიმღერებს "უნიჭო" უწოდა, გარემოს ყოფილმა მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ კი მისი შემოქმედება "აგრესიულ და ჩლიფინა რეპად" მონათლა, შემდეგ კი ახალგაზრდა რეპერს ”მამაშვილურად” უხსნიდა: შეიძლება, ეს სიურპრიზი აღმოჩნდეს, მაგრამ არსებობს რიგი საკითხები, რომლებსაც ძალიან დიდი ფულიც კი ვერ აგვარებსო...

დავინტერესდით, თავად ქართველი რეპერები რას ფიქრობენ ბერას შემოქმედებაზე? მის პოლიტიკურ აქტიურობაზე? მათი აზრით, დიდი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ბერა წარმატებას მიაღწევდა თუ არა?

რეპერი ჯერონიმო რედაქციაში ბერას წარწერიანი სამაჯურებით და მაისურზე "ქართული ოცნების" სტუდიის ლოგოთი გვეწვია. ის ახალგაზრდა რეპერის პოლიტიკურ აქტიურობას ამართლებს - ზოგადად, რეპი ხომ ოპოზიციური ჟანრია? ბერას კი ხელისუფლებისთვის ჯერ არ უმღერიაო. ჯერონიმოსთვის ისეთი შვილი მიუღებელი გახლავთ, რომელიც მამას ნებისმიერ სიტუაციაში მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ბერას მიერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოცემულ მუსიკალურ ალბომშიც ცუდს ვერაფერს ხედავს.

ჯერონიმო:

საქართველოში არ მახსოვს ადამიანი, რომელსაც 17 წლის ასაკში, ბერას მსგავსად დახვეწილად "გაერეპოს", ტექსტი ასე დრამატურგიულად განევითარებინოს... დღესდღეობით, ზოგი "ბებერი ყაზილარი" რეპერი ამ ბავშვს რაღაცებს უწუნებს. ალბათ მათ საკუთარი თავი 17 წლის ასაკში არ ახსოვთ. სამაგიეროდ, მე მახსოვს, რა "ნაგავსაც" ქმნიდნენ. ბერას სიმღერებს მოდური ჟღერადობა აქვს. მე 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპს ვქმნი. ცხადია, მოდური ჟანრი უფრო გაყიდვადია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. ბერას არაფერი დაუშავებია, რომ დიდი ფინანსური რესურსი აქვს. ღმერთმა ბევრი მისცეს! ბერას გააქტიურებამ საერთო წისქვილს წყალი დაასხა: შოუბიზნესის "გაყინვამ" ისეთი მარაზმისკენ წაგვიყვანა, რომ იმ მომღერლებმა, რომლებიც ადრე თავს R'n'B-ს ვარსკვლავებად და პოპშემსრულებლებად ასაღებდნენ, ფანოღის (რომელიც მუსიკალური ჟანრის უმდაბლესი საფეხური გახლავთ) შესრულება დაიწყეს. ბერამ მუსიკალური დონე აამაღლა, როგორც მაგალითად, ერთ დროს, მუსიკალური ხარისხი "სახემ" გაზარდა.

ლექს-სენი:

- საქართველოოში, რეპის სფეროში ბევრი მუშაობს. ზოგის შემოქმედება მომწონს, ზოგის - არა. კონკურენტად არავის მივიჩნევ.

- ბერას შემოქმედება მოგწონთ?

- მომწონს, რადგან მასში ჩემს გზა-კვალს ვხედავ: ბერას "ჩემი სკოლა" აქვს გავლილი. ეს მეამაყება.

- რას გულისხმობთ?

- ბერას ბევრი რამ მე ვასწავლე. ეს 3-4 წლის წინ იყო... ამ ეტაპზე, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.

- დღეს ბერას სიმღერებში თქვენს გავლენას ხედავთ?

- ზოგადად, ვინმეს შემოქმედების დასაწყისში ყოველთვის რაღაც გავლენა იგრძნობა, მერე კი ადამიანი უფრო დამოუკიდებელი ხდება. ეს ასეც უნდა იყოს. ახლა ბერა დამოუკიდებელია.

პრინცი პი:

- ჩემთვის ყველა კონკურენტი გახლავთ, ვინც რეპის სფეროში მუშაობს. ყველას გვინდა, რომ საუკეთესო ნამუშევარი გამოგვივიდეს. ღირსეული რეპერიც ბევრია. კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ვიტყვი.

- მაშინ ბერას შემოქმედებაზე გკითხავთ აზრს, რადგან ყველაზე მეტი მსმენელი სწორედ მას ჰყავს...

- ბერა მეც მომწონს. თავის საქმეს კარგად, ხარისხიანად აკეთებს. მის პოეზიას ადრეც ვიცნობდი. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ფართო აუდიტორიის წინაშეც გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერა ასაკით ჩემზე ბევრად უმცროსია, საკუთარი საქმე კარგად იცის. გადმოცემით ვიცი, რომ წესიერი ადამიანი გახლავთ. პოპულარობას მატერიალური მხარდაჭერის გარეშეც მოახერხებდა. ამის საშუალებას ღმერთი მისცემდა...

ბედინა:

- ქართული რეპის სისტემა ისეა აგებული, რომ ყველა ერთმანეთის მეგობარი და ახლობელია. რეპის სფეროში კონკურენცია რომ იყოს, დიდი ფული, შური და ბოღმა უნდა არსებობდეს. ქართველ რეპერებს ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა არ გააჩნიათ. ყველა ერთმანეთს ეხმარება. პირადად მე, კონკურენტად არავის მივიჩნევ, რადგან ყველაზე მაგარი ვარ!

- მაგრამ ყველაზე მეტი მსმენელი ბერას ჰყავს. მის შემოქმედებაზე რას გვეტყვით?

- რადგან არც პიროვნებას ვიცნობ და არც - მის შემოქმედებას, ბერას შეფასება არ შემიძლია. უბრალოდ, გამიგონია, რომ ახალი თაობის წარმომადგენელ რეპერებს არ მოსწონთ.

- ვის გულისხმობთ?

- ასეთი უამრავია. ისინი გარკვეული მიზეზების გამო, "იბლოკებიან". ამიტომ მათ შესახებ საზოგადოებამ არ იცის. ეს რეპერები ინტერნეტსივრცეში "მოძრაობენ".

- ბერას შემოქმედებაში რა არ მოსწონთ?

- არ ვიცი. რეპი სოციალური პრობლემებიდან "ამოძახილი" გახლავთ. ადამიანს, რომელსაც არ გიჭირს და ჰიპ-ჰოპს "კითხულობ"... ამაზე საუბარი რთულია.

- ხომ შეიძლება, მატერიალურის გარდა, ადამიანმა სხვა პრობლემების შესახებაც "გარეპოს"?

- ვერ გეტყვით. ბერას და მის შემოქმედებას არ ვიცნობ. ამით ყველაფერია ნათქვამი.

მასტერი:

- ზოგადად, ბერას შემოქმედებას როგორ შეაფასებ?

- ვფიქრობ, რომ ბერა ძალიან ნიჭიერი ბიჭია. კარგ ტექსტებს წერს. მუსიკალური თვალსაზრისით, კარგი "პროდაქშენი" აქვს. მისი რამდენიმე სიმღერა მომწონს. მან ქართულ რეპს ბევრი კარგი რამ შესძინა.

- მასტერ, როგორ ფიქრობ, ძლიერი ფინანსური ბაზა რომ არ ჰქონოდა, ასეთ მოკლე პერიოდში პოპულარობას მოიპოვებდა?

- მთლად ასეთი პოპულარული ვერ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. მატერიალური მხარე კარიერულ წინსვლაში ბევრ ადამიანს ეხმარება. თუ ფული არ გაქვს, კლიპს ვერ გადაიღებ. შესაბამისად, კონცერტსაც ვერ გამართავ.

- მახსოვს შენი და ბერას კლიპების ინტერნეტპაექრობა, რომელშიც წარმატებას მიაღწიე...

- ახლა ბერას მილიონამდე ფანი ჰყავს, მე - დაახლოებით, 15 ათასი. ამაში საწყენი არაფერია. ბერასთან ვმეგობრობ...

მის თიკა:

- რეპის სფეროში ბევრი შური და ბოღმა არსებობს, რაც ამ ჟანრის იმიჯს აზიანებს. საქართველოში რეპი ყველაზე პოპულარული ჟანრი 2001 წელს იყო. დღეს რამდენიმე ნიჭიერი რეპერი გვყავს. მათი დასახელებისგან შეგნებულად თავს შევიკავებ.

- ნიჭიერ რეპერად ბერას თუ მიიჩნევ?

- ის ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანი გახლავთ. მისი ნამუშევრებიდან ზოგი მეტად მომწონს, ზოგი - ნაკლებად. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ინვესტიცია მის პოპულარიზაციაში "ჩაიდო". დღეს საქართველოში ყველზე პოპულარულ რეპერად ბერას დასახელება თამამად შემიძლია, მაგრამ მისგან უფრო მეტს ველი.

სამორი ბალდე:

- ბერა კლუბში მუშაობისას გავიცანი. ამჟამად მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს. კარგი ბიჭია. ხარისხიან ნამუშევრებს ქმნის - მის პროდუქციაზე ხომ პროფესიონალები მუშაობენ! მაგრამ ჰიპ-ჰოპს თავისი გარკვეული ჟღერადობა, ენერგეტიკა აქვს. რასაც "რეპავენ", ყველაფერი ჰიპ-ჰოპი არ არის. ჰიპ-ჰოპისთვის არც შემსრულებლის ჩაცმის შესაბამისი სტილი კმარა. ბერა ხარისხიან მუსიკას ქმნის, მაგრამ ჰიპ-ჰოპის თვალსაზრისით, რაღაც აკლია. ვინც ამ ჟანრს უსმენს, ის მიმიხვდება, რასაც ვგულისხმობ... ქართული რეპი ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფება. ვისაც ამ სფეროში პოტენციალი შესწევს, ყველაფერი უნდა გააკეთოს - რამე ღირებული უნდა შექმნას. ბოლოს და ბოლოს, "იუთუბის" საძიებო ველში "ქართულ რეპს" რომ ჩაწერ, სასაცილო და სამარცხვინო ვიდეო არ უნდა "ამოგიგდოს". ქართულ ჰიპ-ჰოპს თავისი ხელწერა უნდა ეტყობოდეს.

ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)