"იმის იქით ნაგავია"
"სხვისი ნაღვაწის მიტაცება და მითვისება ხდებოდა"
"ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"
"ენების მანქანა დღესაც აქტიურად მუშაობს"
ამბობს, რომ ის პერიოდი არასოდეს დაავიწყდება და საკუთარ კარიერაზე მეტად კულტურის სფეროში არსებული პრობლემები აწუხებს. მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თამამი მოსაზრებებისა და პოზიციის გახმოვანებით გამოირჩევა. ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იქცა "დაბლოკილ მომღერლად".
- ყოფილ ხელისუფლებას არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ პროცესისა და ადამიანის მიმართ. ვინმე თუ განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, არ მოსწონდათ, ვერ მიიღეს ჯანსაღად, ეს იყო მთელი უბედურება. არადა, თუ შენიანს არ მოუსმინე, არაფერი გამოვა. იმ სფეროში, სადაც მე ვარ, მიმაჩნდა, რომ ჩემი აზრი კომპეტენტური უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ მე ფოლკლორისტი ვარ. როგორც მოქალაქეს და როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, არ მქონდა უფლება, არ მეთქვა ის, რაც ფოლკლორის სფეროში ხდება. ის ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში, ასე ვთქვათ, სადავეები დაიჭირეს, აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ და ამას მხოლოდ მე არ ვამბობდი, ამაზე ყველა ფოლკლორისტი ლაპარაკობდა. თანდათან ვხედავდით, როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს კულტურის სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, როგორ ხდებოდა მიტაცება და მითვისება სხვისი ნაღვაწის; სამარცხვინოდ შეფუთვა იმ ყველაფრის, რასაც ადამიანთა ჯგუფი წლების განმავლობაში ქმნიდა. ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო მსმენელი - არასწორად ინფორმირებული ხალხი.
ლამის ერის მამად შერაცხეს კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია ყველაფერი,
მაგრამ ამას ძალიან ოსტატურად ფუთავდა. მე ამ ყველაფერს აღმაშენებლის პროსპექტს ვამსგავსებ, გავაიგივე მუსიკის სფეროსთან. ბრჭყვიალა ქაღალდში ყველაფერი კარგად ჩანს, იმის იქით კი ნაგავია. მე იქ ვცხოვრობდი ოცდაორი წელი და კარგად ვიცი, რა ხდება. ხალხი საყვედურის მეტს არაფერს ამბობს. დამპალია ყველაფერი...
აქ ერთ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, იმ ერთს უსინდისო ადამიანების არმია უდგას გვერდით. უფლება არ მქონდა, ხმა არ ამომეღო, არ მეთქვა ამათი კაიკაცობის შესახებ. რომ იტყვიან, ცეცხლს შევენთე, ბევრი კი მაშინ გაჩუმდა. ჩემთვის მტკივნეული არ არის, ვჩანდი თუ არა სცენაზე. Kკიდევ კარგი, რომ მაქვს პროფესია და ვმუშაობდი თეატრალურ ინსტიტუტში, მქონდა სტუდია და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. სცენაზე დგომის იდეფიქსიც არ გამაჩნია, არა ვარ ამით დაავადებული.
- მინდა გკითხოთ ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მემანიშვილსა და კულტურის მაშინდელ მინისტრ ნიკა რურუას ეხება. თქვენი კონცერტის ჩაშლის მცდელობა იყო?
- არ ვიცი, მაშინ რა მოხდა. დღემდე შენახული მაქვს ნიკა მემანიშვილის მესიჯი - ოდესმე გეტყვი, რა მოხდა სინამდვილეშიო. კონცერტამდე ორი კვირით ადრე მირეკავს ნიკა, რომელიც ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო და მის ორკესტრს აკომპანირება უნდა გაეწია და მეუბნება: კონცერტი ჩაიშალა, რადგან ბატონი ნიკა რურუა პარიზში მგზავნის ჩემი ორკესტრითო. რა უნდა მექნა? დავურეკე დათო დოიაშვილს, მირჩია, რურუასთან მივსულიყავი და ყველაფერი გამერკვია. მას კი გაუკვირდა, მითხრა, მე არავის ვგზავნი პარიზშიო. ასე რომ, დღემდე ვერაფერი გავიგე. ნიკამ მითხრა, ზეწოლის ქვეშ ვიყავიო, არ ვიცი, ოდესმე მეტყვის, ალბათ. თუ არ მეტყვის, ეგეც მის ნამუსზე იყოს.
- დღეს რა ხდება კულტურის სფეროში?
- ერთი რამ მინდა ვთქვა და შეიძლება ჩემს ნათქვამს ვიღაცები დაუდარაჯდნენ. ასეც რომ მოხდეს, მაინც უნდა ვთქვა: "ქართული ოცნების" აქციებზე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე, რომლებიც უტიფრად იყვნენ შემომძვრალი. ხალხი პირდაპირ ადებდა ხელს და ამბობდნენ, ამათ აქ რა უნდათო? ჯერჯერობით ნუ დამასახელებინებთ, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. მაშინ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ ეს ხალხი აქციაზე იყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ადამიანები, ვისი წინააღმდეგნიც ვიყავით მე და კიდევ უამრავი მუსიკოსი, დღემდე კაბინეტებში სხედან. არადა, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. როგორ უნდა ვიყოთ ისეთი უგუნურები, რომ ვთქვათ, რაც ხდებოდა, კარგი იყოო. ჩვენ ხომ თაობები დავკარგეთ. ეს ამერიკანიზაციისკენ და ევროპისკენ აბსოლუტურად ბრმა ხედვამ განაპირობა.
მე არა ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ შენი კულტურა დაივიწყო და არ გქონდეს გაცნობიერებული, ვისი გორისა ხარ. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და დღეს ისევ უჭირავთ კულტურის სფეროში სადავეები. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე მითქვამს და როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, ესენი დაღუპავენ ქართულ კულტურას. სამსახურიდან კი არ უნდა გაათავისუფლო და მშიერი დატოვო, განზე მაინც უნდა გასწიო. ჯერჯერობით კულტურის სფეროში სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ. მაპატიოს ყველამ, მაგრამ ერთმანეთის ნაცნობ-მეგობრობა თუ კიდევ განმეორდება, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც განზე გადგება და უკვე ვგრძნობ, რომ გავდექი კიდეც. ბევრი იმედგაცრუება ვიგრძენი და არა მარტო მე. არ მომწონს, რაც დღეს ხდება. არათუ გაათავისუფლეს, არამედ თანამდებობებზეც კი ინიშნება ის ხალხი, ვინც პირდაპირ ლობირებდა იმ საშინელ პროცესებს, რაც ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში.
ძალიან ცუდ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით იმედგაცრუების მეტი არაფერია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველა ის მომღერალი, ვინც მაშინ აყვავებული” იყო, დღესაც ჩანს ტელეეთერში. ახალი წელი მოგვილოცეს, მათი პროექტებიც გადიოდა. დიდი უნამუსობა და ცილისწამებაა, როდესაც ამბობენ, რომ დღეს ისინი იბლოკებიან. ეს ტყუილია! როგორ არ რცხვენიათ?!
- ნათელმირონობა გაკავშირებთ ივანიშვილების ოჯახთან, ხშირად გაქვთ კონტაქტი თქვენს ნათლულ ბერასთან?
- ვამაყობ, რომ ასეთი ნათლული მყავს. ბერამ გამოჩენისთანავე ისეთი სახე აჩვენა, რომელიც სამაგალითო უნდა ყოფილიყო ყველასთვის. ის თავისი ოჯახის სახეა. თუმცა საქართველოში ძალიან ბევრი უცნაურობა ხდება. არ ვიცი, რა სახელი დავარქვა, ვეჭვობ, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი კონტაქტი არ გვქონდა, როგორიც უნდა გვქონოდა.
- რას გულისხმობთ?
- ხომ იცით, საქართველოში ჭორაობა უყვართ. მთავარია, ინფორმაციის მიმღებმა ტყუილ-მართალი გაარჩიოს და გაიგოს, რა არის სიმართლე. ეს“ენების მანქანა”დღესაც აქტიურად მუშაობს და ვისურვებდი, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. აქციებზე უფრო დავახლოვდით და მოვეფერეთ ერთმანეთს. ახლა ნათლისღება მოდის და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს.
ქეთი საგინაშვილი