თემურ თათარაშვილი - "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"
იურმალაში, კონკურს "ახალ ტალღაში" სალომე ქათამაძის გუშინდელ გამოსვლას და ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილ დაბალ ქულას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემადაც იქცა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა გაგვიზიარეს .
თემურ თათარაშვილი, მოსკოვიდან :
- სალომე ქათამაძის შესახებ სიამოვნებით ვისაუბრებ. ჩემი აზრით, გუშინ არაჩვეულებრივად გამოვიდა და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. მე თვალყურს ვადევნებდი ჟიურის რეაქციას. ყველა უყურებდა ღიმილიანი სახით ანაც შურით პირდაფჩენილი... რაც შეეხება იმ ქულას, რომელიც კუტუნიომ დაუწერა, უბრალოდ სასაცილოა. მოკლედ, ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი მომღერლები, როგორიც სალომეა.
- ტოტო კუტუნიოზე გაბრაზებული ხართ?
- მაპატიეთ, მაგრამ კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა.
- წინა დღეს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და თქვენი აზრით, რა მოხდა გუშინ?
- კუტუნიოს კითხეთ. მითუმეტეს, რომ იგი, როგორც მახსოვს, თბილისში ყავდათ ჩამოყვანილი და კარგადაც გაუმასპინძლდა ჩვენი ხელისუფალი... და საერთოდ იცით, რამდენს ნიშნავს ის, რაც უკვე სალომემ გააკეთა? - ჩემი აზრით, ძალიან ბევრს! წარმატებებს ვუსურვებ!
- თავად იურმალას კონკურსს რამდენად ავტორიტეტულად მიიჩნევთ?
- ევროვიზიას ჯობია, მე თუ მკითხავთ. არა იმიტომ, რომ ოდესღაც მე ვიყავი ამ კონკურსზე, უბრალოდ, ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანი და კარგი კონკურსია, ვიდრე ევროვიზია. თუმცა ვიმეორებ - ჩემი აზრით!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისათვის)