"ჯარიმა რამდენი მოდის, არ ვიცი და არც მანაღვლებს" – მისტიური ლამბორჯინის ქართველი პატრონი
უკვე რამდენიმე თვეა, ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის თორნიკეს (თოშას) კუთვნილი ავტომანქანა "Lamborghini Aventador LP - 700" საქართველოს ნომრებით (GLP-700) საზღვარგარეთ პარკირების წესებს შესაშური სტაბილურობით არღვევს. ჯერ იყო და, ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილზე გადაღებული ავტომანქანის ფოტოები ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა. შემდეგ პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე ასევე აშკარა და შეიძლება ითქვას, თავხედური დარღვევით გაჩერებული ,,ლამბორჯინის" ფოტოები გავრცელდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თორნიკე ქებურიამ თავისი ბოლო მოდელის 460000 ევროიანი ,,ლამბორჯინით", ბევრი ქართველი ,,შოკში ჩააგდო"... ამჟამად თორნიკე საფრანგეთში ცხოვრობს. მას იქაურ ნომერზე დავუკავშირდით.
- ბოლო დღეებში თქვენი ,,ლამბორჯინის" ფოტოები უცხოურ და ქართულ პრესაში ქვეყნდება. ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ არღვევთ პარკირების წესებს საზღვარგარეთ..
- მართლა? სად არის გამოქვეყნებული? მე ნამდვილად არაფერი მინახავს. მე თბილისში ვარ, უკვე რამოდენიმე კვირაა, იქ ჩემი მანქანით სხვა დადის, შეიძლება გააჩერა ცუდად, თუნდაც ამსტერდამში ან პარიზში, დიდი ამბავი, მერე რა?
- დარღვევისთვის ალბათ, სოლიდური, "ევროპული" ჯარიმებიც მოგდით?
- დარღვევის მერე ჯარიმა თბილისში მომდის, რამოდენიმე ხანი უნდა ხოლმე მოსვლას. ჯარიმა რამდენი მოდის, არ ვიცი და არც მანაღვლებს.
- რატომ არღვევთ, მოგწონთ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა?
ამ შეკითხვაზე თორნიკემ რჩევა გვერდით მყოფს ჰკითხა, მერე კი ასე გვიპასუხა.
- კაი რა, რა მსოფლიო პოპულარობა? არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი, კარგად იყავით.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ, მამასთან, ბუბა ქებურიასთან ვცადეთ დაკავშირება. მისი მენეჯერის თქმით, ბატონი ბუბა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ისურვებს.
ბუბა ქებურიას ბიზნეს ინტერესები რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში აქვს. ბიზნესცენტრი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქებურ პალასი", რესტორნები ,,ტიფლისი", თავადი ბაგრატიონი" და ,,ტიფლისკი დვორი" მოსკოვში მისი საკუთრებაა. პარიზში რესტორან ,,ქართული სახლის" მფლობელია. საქართველოში ღვინის ქარხანა აქვს, თბილისსა და კაჭრეთში ის მაღალი კლასის სასტუმრო-რესტორნების ქსელს, ,,ამბასადორს" ფლობს, რომელთაც საკუთარი ძვირადღირებული ავტომანქანები, მათ შორის ,,როლს-როისები" ემსახურებათ. სასტუმროს ასევე საკუთარი გოლფის მოედანი და საჩოგბურთო კორტები აქვს. ამას გარდა, მილიონერი ხელოვნებითაც ინტერესდება - მას თბილისში საგამოფენო სახლიც აქვს.
ყავს მეუღლე და სამი შვილი - თორნიკე, გიორგი და ლიკა.
ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)