”ეს გოგონა ავადმყოფია” - რას ფიქრობს თემურ წიკლაური ინტიმური თემების გასაჯაროვებაზე
თემურ წიკლაური: "სირცხვილია! ბარემ რუსთაველზე ჯიხური დადგან და გამვლელ-გამომვლელს ჩახადონ!"
გიორგი ნაზღაიძე: "მსახიობი მიიღეს სერიალში და სასწრაფოდ სჭირდებოდა პიარი"
გაგა ნიჟარაძე: "ნელ-ნელა მივეჩვევით და ასეთი მძაფრი რეაქცია აღარ გვექნება"
გასულ კვირას საქართველოს ყველა სოციალური ქსელისა თუ საინფორმაციო პორტალის განხილვის საგანი მსახიობ თინა მახარაძის ინტერვიუ იყო, სადაც ამბობს, რომ ორალური სექსი მისთვის "მოსული პონტია". თამამი თინა სრულიად საქართველომ მიწასთან გაასწორა", მათ შორის ცნობილმა პირებმაც. არადა, ის საზოგადოებამ ერთ-ერთი სერიალით გაიცნო, სადაც მორიდებულ და შეუხედავ გოგონას ასახიერებდა. თინას პარალელურად საზოგადოების გაოგნება სხვებმაც გადაწყვიტეს და ამისთვის ყველაზე მარტივი მეთოდი გამოიყენეს.
ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი რამდენიმე თვის წინ მხარზე მოგდებული მელიის ბეწვის გამო გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, როდესაც ცხოველთა უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს. ამჯერად კი სულ სხვა ხერხით სცადა საზოგადოების გაკვირვება და ერთ-ერთ შოუში ფაქტობრივად შიშველი მივიდა. ეს კი იმით ახსნა, რომ მისი სამოსი კავალისა და სხვა წამყვანი მოდის სახლების ბოლო ტენდენციაა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მთელი საქართველო, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თინასა და მერსიზე ლაპარაკობდა. რატომ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას მსგავსი თემები? - "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ცნობილ ადამიანებს გაესაუბრა; ჩვენი რესპონდენტები ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.
ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავისი მოსაზრება გაგვიზიარა: "ინტიმი არ განიხილება სახალხოდ. ხალხის რა საქმეა, ვის რა აწუხებს ან ვის ვინ უყვარს? სხვის ლოგინში ჩახედვა და სხვის ცხოვრებაში ქექვა არა მგონია ნორმალური იყოს. ეს გოგონა ავადმყოფია და ამ თემაზე რომ ამდენს ლაპარაკობს საზოგადოება, ეს ტრაგედიაა. იქნებ სხვა სახის გამოცდილებაც აქვს, ყველაფერი უნდა გვითხრას? ვაი საქართველო! იმის მაგივრად, ჩვენი სინდის-ნამუსი დავიცვათ, ასეთ თემეზე ვლაპარაკობთ მთელი კვირა. სირცხვილია! ბარემ რუსთაველზე ჯიხური დადგან და გამვლელ-გამომვლელს ჩახადონ! მაინცდამაინც ეს არის დემოკრატიაა?!"
გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი: "ამ ადამიანმა სულ სხვა გაგებით თქვა და სულ სხვანაირად აღიქვეს. რომც არ ეთქვა სხვანაირად, ეს მისი საქმეა და მომწონს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. ტაშს ვერ დავუკრავ, მაგრამ არც გავღიზიანებულვარ. სექსი და სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და საჯაროდ არ უნდა გამოიტანო. მსახიობი მიიღეს სერიალში და სასწრაფოდ სჭირდებოდა პიარი. ამ სერიალის პიარმაც ძალიან კარგი ტაქტიკა შეიმუშავა. ისეთი რაღაცები ათქმევინეს ამ გოგოს, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებასა და დაინტერესებას იწვევს. ჩვენც წამოვეგეთ. სერიალი, რომელსაც რეიტინგი დავარდნილი ჰქონდა, კვლავ პოპულარული გახდა. ეს თინა უზრდელია და აბა, ისე მაინც ვნახოთ, როგორ თამაშობსო, დაახლოებით ასე ფიქრობს ახლა ხალხი. ეს იყო გათვლა და გამოუვიდათ კიდეც".
გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი: - ასეთ ქმედებებს ყოველთვის ახლავს დიდი გამოხმაურება და არა მარტო საქართველოში. ბოდლერმა რომ გამოსცა "ბოროტების ყვავილები", მაშინაც დაახლოებით იგივე ამბავი ატყდა. ყოველთვის ასე ხდება, როცა წამოიჭრება თემა, რომელიც ადრე არ ყოფილა განსჯის საგანი, განსაკუთრებით სექსთან დაკავშირებული.
ყოველ კულტურაში, მათ შორის ქართულშიც, არსებობს სექსთან დაკავშირებული თემატიკის ჩარჩო, რომელიც გლობალიზაციის პირობებში უფრო გაფართოვდა. ვინმეს რომ ენახა 30 წლის წინ ის ქვედაკაბა, რაც დღეს აცვიათ გოგონებს, გულიც გაუსკდებოდა. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. სექსის თემა თავისუფალი ხდება მსოფლიოში და არა მგონია, ამ პროცესს წინ რამე დაუდგეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი ამ მხრივ ბევრად კონსერვატულია, ვიდრე სხვა ერები.
- თქვენი აზრით, ანგრევენ ასეთი ადამიანები სტერეოტიპებს? არ ფიქრობენ იმაზე, შედეგი რა იქნება და შემდგომ კიდევ რით უნდა გააოცონ საზოგადოება?
- ასეთი საქციელის ბევრნაირი მოტივი არსებობს: პიარი, საკუთარი თავის განსხვავებულობის დამტკიცება, უბრალოდ რაიმეს ჩვენება ან გაპროტესტება... რაც შეეხება მათ შემდგომ ნაბიჯებს, შეიძლება მათგან სხვა ვერც ვერაფერი გავიგოთ და არც არაფერი შემოგვთავაზონ. მკერდს გაიშიშვლებს თუ ორალურ სექსს ახსენებს, დიდ ყურადღებას ნუ დავუთმობთ, უნდა მივეჩვიოთ - ასეთი თემატიკა სულ უფრო გაფართოვდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი. ნელ-ნელა მივეჩვევით და ასეთი მძაფრი რეაქცია აღარ გვექნება.
ქეთი საგინაშვილი