"პადნოშკებით" დავიღალე" - თემები, რომელზეც ნინი ბადურაშვილს აქამდე არ ულაპარაკია (ექსკლუზივი)
" არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ამდენ ჭორს ჩემზე"
"როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით"
"უცხო ქვეყანაში წასვლა კი არა, სახლიდან რომ გამოვდივარ 2- 3 საათით, ბავშვის წინაშე თითქოს დანაშაულს ვგრძნობ"
"გულნატკენი ვიყავი იმით, რომ ადამიანები ჩემი მდგომარეობის გარჩევით ერთობოდნენ"
ინტერვიუსას ასეთი გულწრფელები იშვიათად არიან, როგორიც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩვენთან ინტერვიუში იყო, რუბრიკისთვის: "ჩემი ცხოვრების პალიტრა", რომელშიც რესპონდენტი თავისი ცხოვრების ეტაპებს ფერებს ადარებს. იხილეთ ფოტოგალერეა
ვინაიდან არც ისე მოსახელთებელი რესპონდენტია და პრესისთვის ინტერვიუს, პრაქტიკულად, არ იძლევა, ამიტომ, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდით, შესავალში დრო მის ამჟამინდელ საქმიანობას დავუთმეთ. ის საქართველოს მასშტაბით სოლო კონცერტებს აქტიურად მართავს.
- შემოთავაზება ქუთაისიდან მივიღე, - პროდიუსერმა სოფომ მითხრა, შენი სოლო კონცერტები საქართველოს მასშტაბით გავმართოთო. იდეა მომეწონა, რადგანაც არასდროს მქონია ასეთი კონცერტები. უკვე ბევრი რეგიონი მოვიარე.
- ბილეთი იყიდება?
- კი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სოციალური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, სარისკო იყო გაიყიდებოდა ბილეთები, თუ - არა. საოცრება მოხდა, - გაიყიდა, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
- კონცერტებს სად მართავ?
- რაიონულ ცენტრებში არსებული თეტარების შენობებსა და კულტურის სახლებში, რაც ძველი დროიდან შემორჩა. ვერ წარმოიდგენთ, კონცერტზე რამდენი ხალხი დადის. მართალია ცივა, არ არის კარგი გარემო (მხოლოდ ორ ადგილას იყო გათბობა), მაგრამ ყველა გამგებელი, ვისაც შევხვდით, დაგვპირდა, რომ იმ შენობებს აღადგენენ.
- სცენაზე მხოლოდ შენ მღერი?
- კი, შუალედებში ადგილობრივი ცეკვის ანსამბლი თუ მომღერალი მენაცვლება, რომ ცოტა დავისვენეო. დიდი დატვირთვაა, 13- 14 სიმღერას ვასრულებ, დღეში ორი კონცერტი მიწევს. მართალია აქედან დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ ამ სამუშაოთი სიამოვნებას ვიღებ, თან ცხოვრება სხვანაირად არ გამოდის.
ამბობენ, ამ სფეროში არაფერი ხდება თუ თავად არ გააკეთე რამე, ორგანიზება არ გაუწიე ამ ყველაფერს, რამე არ მოახდინე, თუ სახლში დაჯექი, მართლა არაფერი მოხდება. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ასეთი პატარა ბაზარი გვაქვს და ამ ბაზარზე უნდა იმუშავო.
- სურვილი არ გაგჩენია, რომ უცხო ქვეყანაში აგეწყო კარიერა?
- არა, ღმერთს დიდი მადლობა, რომ ჩემს ქვეყანაში ყოველთვის მაქვს სამუშაო და არ მიჩნდება სურვილი, აქედან წავიდე, თუმცა სერიოზული შემოთავაზება რომ იყოს, შეიძლება მეფიქრა, რადგანაც შრომისმოყვარე ვარ. სხვა შემთხვევაში, ალბათ არა, რომ ასე ავდგე და 30 წლისამ ბედი სხვაგან ვეძიო, აქ ყოფნა მირჩევნია, მათთან, ვინც მაფასებს. ჯობია, ჩემს ხალხს ვუმღერო და ჩემი საქმიანობა აქ განვავითარო. ადრე, ვიდრე ელენე მეყოლებოდა, სხვანაირად ვფიქრობდი. ახლა უცხო ქვეყანაში წასვლა კი არა, სახლიდან რომ გამოვდივარ 2- 3 საათით, ბავშვის წინაშე თითქოს დანაშაულს ვგრძნობ, მიუხედვად იმისა, რომ ელენეს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ.
- მოდი, ჩვენი რუბრიკის მთავრ თემაზეც გადავიდეთ. გაგიმართლა და ცნობილ ოჯახში დაიბადე. რა ადგილი უკავია ოჯახს შენს ცხოვრებაში და რა ფერს მიანიჭებდი მას?
- ბავშვობა იმდენად ნათელი მახსოვს, რომ აუცილებლად ასეთივე ნათელ ფერს უნდა შევადარო, ალბათ რაღაც ღია ვარდისფერს. იმ პერიოდიდან ცუდი არაფერი მახსენდება. მართლაც ისე მოხდა, რომ გავჩნდი ოჯახში, სადაც გავჩნდი, - ეს ღმერთის საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა პოპულარული ადამიანი იყო, ჩვენთან ყოველთვის საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ, უმრავლესობა სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ბაბუაჩემ იმედასთან მართლა კარგი სტუმრები მოდიოდნენ - თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია), გურამ ფირცხალავა, ელდარ შენგელაია ხომ ჩვენი ახლობელია და იყო საოცარი საღამოები... ასევე კარგად მახსოვს დედაჩემის მეგობრები - "მზიურიდან", - თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა საერთოდ, ჩემი ნათლიები არიან. როგორც დედას მეგობარი, პატარაობიდანვე მახსოვს დათო ევგენიძეც, ეკას სამეგობრო წრეში იყვნენ მისი მსახიობი მეგობრები: გია გაჩეჩილაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ლევან წულაძე (ჭოლა), ჩემს მშობლებს ფართო და საერთო სამეგობრო წრე ჰყავდა. დედას თეატრში დავყავდი, ცოცხალი გენიოსი, მიხეილ თუმანიშვილი მახსოვს, მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. ღმერთის დიდი საჩუქარი იყო, რომ ამ გარემოცვაში გავჩნდი და გავიზარდე.
ორწლინახევრის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე ავედი და რაღაც კონცერტში, თამრიკო ჭოხონელიძის ინიციატივით, ვიმღერე, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მინერვიულია, თან, თურმე შემრცხვა კიდეც. რა სიმღერა შევასრულე, არ მახსოვს. ასეთი იყო ჩემი პირველი სასცენო გამოცდილება.
- შენს თინეიჯერობას რა ფერს შეადარებდი?
- თინეიჯერობის ფერი გიჟურია, ანუ როცა ერთმანეთში არეულია - სტაფილოსფერი, წითელი, ყვითელი, იასამნისვერი, ფოსფორისფერი და ყველანაირი ცოცხალი და ჭყეტელა ფერი, რაც კი შეიძლება იყოს.
ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი, თუმცა სკოლის ბოლო პერიოდში რატომღაც ჟურნალისტობა მომინდა, მაგრამ ბებიაჩემმა დიდი გავლენა მოახდინა, მითხრა, ხელოვანის ტიპაჟი ხარ და ჯობია თავი მსახიობის პროფესიაში ოპოვო, თან, არც ის შეგიძლია, მუდმივად იჯდე, იკითხო და იმეცადინოო. ავდექი და თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობოზე ჩავაბარე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ პროფესიაზე ვგიჟდები. ჩემი პედაგოგი გოგა მარგველაშვილი იყო და მანაც იცოდა, რომ მომავალში მსახიობი არ ვიქნებოდი.
- 20 წლის მერე რას მიხვდი?
- მივხვდი, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც წარმომიდგენია, ანუ ადამიანების რეალური სახე დავინახე. გარკვეული ტკივილი, იმედგაცრუებაც მივიღე. მანამდე ყველას ვენდობოდი, მიამიტი ვიყავი, მერე ჭკუა ვისწავლე. ამ პერიოდს პასტელის ფერებში ვხედავ. შეიძლება ხორცისფერიც, თან, უეცრად რუხიც.
- იმედები რამ გაგიცრუა?
- დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ ეს პირველ სიყვარულს და შეყვარებულს უკავშირდება, მისგან ბევრი რამ მეწყინა. იმ ურთიერთობამ ცხოვრებაზე სხვანაირად დამაფიქრა, - საკუთარ თავს უამრავ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ იმ პერიოდისთვის ფერის მინიჭება გამიჭირდება, შეიძლება იყოს მკვეთრი წითელი, რომელიც ღვინისფერში გადადის.
21- 22 წლისა ჭორების არეალში მოვექეცი, არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ამდენ ჭორს ჩემზე. რეალობასთან არც ერთ მათგანს საერთო არაფერი ჰქონდა. ერთი ყველაზე გამაოგნებელი ჭორი ჩემზე ბევრად დიდ ადამიანზე შემითხზეს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, თან, საკმაოდ დიდი ფიგურა იყო. თავიდან მეცინებოდა იმ ყველაფერზე, მაგრამ ასეთ ჭორებს საბოლოოდ ის მოაქვს, რომ ცხოვრებას გირევს, - გამოგონილ ამბავს ყველა იჯერებს და ჰგონია, რომ მართლაც ასეა...
იმ პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში ჩამქრალი ფერები მოიტანა: ყავისფერი, რუხი, ტალახისფერი და თანდათან ძალიან ჩამუქდა. ეს ფერები 27 წლამდე გაგრძელდა.
მაგ დროს ჩემი მეორე სიყვარულიც დაემთხვა, ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა, ამან კიდევ უფრო არია ჩემი ცხოვრება, რასაც კიდევ ჭორები მოჰყვა.
- მერე, როგორც მახსოვს, უკვე მალე გათხოვდი...
- კი, იმ არეულ პერიოდში უეცრად გავთხოვდი. მაშინ ასე მეგონა, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა, ადამიანით რომ აღფრთოვანდები, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო.
- შენი საუბრიდან ვასკვნი, რომ იმ არეულმა პერიოდმა ოჯახის შექმნისკენ გიბიძგა...
- მარტო ამან არა, - ბავრი რამ საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის, თან ეს მარტო მე არა, ბევრ ადამიანს შეეხება. იყო ბრძოლები, გნებავთ, კარიერაში, "პირადშიც". მერე სურვილი გამიჩნდა, რომ იმ ყველაფრისგან დამესვენა და აქაურობას გავცლოდი, "პადნოშკებით" დავიღალე, - დიახ, მათთან ბრძოლას გაცლა ვამჯობინე.
- ნუთუ ასე გებრძოდნენ?
- როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, ყოველთვის ჩნდებიან ვიღაცები, ვისაც არ სიამოვნებს შენი სხვაზე წინ ყოფნა... მოკლედ, იმ პერიოდს ფერს ვერ მივანიჭებ, რადგანაც მაშინ მე მე არ ვიყავი.
- შენი ყოფილი მეუღლის თემას რომ მივუბრუნდეთ...
- ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე - სხვა, აბსოლუტურად, განვსხვავდებით. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი წყვილი არ არის, ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ მასთან ბედნიერი იქნება. მგონია, ჩვენი ეს ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო. ვიმეორებ, აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილი ვართ. ის, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, შეხედულებაც სხვა გვაქვს, ვიდრე დავქორწინდებოდით, ეს არ ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა, რადგანაც მხოლოდ ტელეფონითა და სკაიპით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი, როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით.
- ისევ ჭორად გავრცელდა, რომ თითქოს შერიგებას აპირებთ... მართალია?
- არა, ვერ შევრიგდებით, ხომ ვამბობ, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ და მხოლოდ ბავშვის გამო ვურთიერთობთ.
- შენი მშობლები, ოჯახი რას გეუბება?
- ბაბუა მანამდეც არაფერს მუბნებოდა იმიტომ, რომ სხვანაირი კაცია, არავის პირად ცხოვრებაში არ ერევა. თავიდან ჩემებს არ უნდოდათ, რომ ჩვენი ოჯახი დანგრეულიყო, მაგრამ მიხვდნენ, რომ არც მე ვარ მარტივი, ჩემი პრინციპები მაქვს, დამოუკიდბელი ვარ, საკუთარი შემოსავალი და სახელი მაქვს, ცხოვრება თვითონ ავაწყვე, არ ვარ მორჩილი, ამიტომ აღარაფერს ამბობენ.
ირაკლიმაც ისე სწრაფად გადადგა ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, რომ გაანალიზება ვერც მან მოასწრო, რას აკეთებდა.
- რა ფერს მიანიჭებდი იმ წლებს?
- ნაცრისფერი? არა, მთლიანად ამოვარდნილია პალიტრიდან, - ჰაერია...
- მერე ელენეს დაბადებისას კვლავ აღმოჩნდი "მოვლენების ეპიცენტში", რაც შენი ოჯახის დანგრევით იყო გამოწვეული. შენზე ლაპარაკობდა სრულიად საქართველო. ეს რა ეტაპი იყო?
- გაოგნებული ვიყავი, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვხვდებოდი. ეს წარმოუდგენელი სიგიჟე იყო... გულნატკენი ვიყავი იმით, რომ ადამიანები ჩემი მდგომარეობის გარჩევით ერთობოდნენ, თან, ისიც მაოცებდა, რატომ ვიწვევდი ასეთ ინტერესს?! სამშობიაროში რომ მიმიყვანეს, მახსოვს, მიმღებში პრესა დამხვდა, თავი საქართველოში არ მეგონა...
- ეს გაკვირვებულობა რამდენ ხანს გაგყვა და რა ფერი აღმოჩნდა ის?
- იასამნისფერი სატაფილოსფერში არეული. იმის გამოსახატავად, მკაფიო ფერს ვერც ვპოულობ, თუ რა მჭირდა და რას განვიცდიდი.
- ელენე შენს ცხოვრებაში დღეს მთავრი ადამიანია, რომელმაც, მგონი, რადიკალურად შეგცვალა.
- ელენე არის ნათელი, სისუფთავის ფერი, თან, ამავე დროს, ვარდისფერი, თეთრიც, გამჭვირვალე, ღია წყლისფერი, მაგრამ ალბათ მაინც ვარდისფერი.
- აქვს თუ არა შენნაირი მუსიკალური მონაცემები?
- არა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვატყობ, მე მის ასაკში, როგორც უკვე ვთქვი, ვმღეროდი, მაგრამ აჩემებული არ მაქვს, რომ მსახიობი გამოვიდეს, ან მომღერალი. მინდა, რომ ძლიერი, დამოუკიდბელი ქალი იყოს, მიყვარს ასეთი ქალები, თვითონაც ასეთი ვარ, თუმცა ძლიერ ქალებს როგორც წესი, პირად ცხოვრების აწყობა უჭირთ. მათ გვერდით მამკაცებიც იჩაგრებიან.
ვნახოთ, ელენეს არჩევანი რა იქნება, რას და როგორ გაჰყვება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. შეიძლება კარგი სპორტსმენი გამოვიდეს, სპორტსმენობა მეც მიზიდავდა, ჩოგბურთი, ცურვა მიყვარდა. ელენეს ცხოვრებაში რადიკალურად ვერ ჩავერევი, მაგრამ ვეცდები, რომ სწორი მიმართულება მივცე.
- ოჯახის შექმნას კიდევ აპირებ?
- კი, არ მეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის, მაგრამ ჯერჯერობით ასე კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ცოტა სხვანაირი გავხდი, ხასიათი შემეცვალა, უფრო დავმძიმდი, ვიდრე ადრე ვიყავი.
- ბევრი მეგობარი გყავს, ისინი რა ფერს ქმნიდნენ და ქმნიან შენს ცხოვრებაში?
- ბავშვობიდან ბევრი მეგობარი მომყვება, არიან მერე შეძენილებიც, ჩემ გარშემო დიდი სამეგობრო წრეა, გამიმართლა, რომ 53- ე სკოლაში ვსწავლობდი, საუკეთესო კლასელები მყავს, 10 წელიც რომ ვერ ვნახო ისინი, მაინც ჩემი ახლობლები იქნებიან. მთელი ბავშვობა მათთან ერთად გავატარე. მეგობრები ჩემს ცხოვრებაში ყველა ნათელი ფერის ერთობლიობაა.
- სამსახიობო მიმართულებით ხომ არ ფიქრობ ძალების მოსინჯვას?
- ახლა და ახლა შეიძლება ამაზე ფიქრი, რადგანაც დღეს უფრო მომწონს ჩემი თავი, ვიდრე 20 წლისას, ამიტომ მირჩევნია, დღეს გადამიღონ და ეს სახე დარჩეს კინოში, ვიდრე ადრეულ წლებში რომ გადაეღოთ.
ისე, ჯერ კიდევ სტუდენტი გახლდით, როცა რობერტ სტურუამ თეატრში ოფელიას როლი შემომთავაზა, ვერ გავრისკე. გოგა გველესიანმა მიმიყვანა, მას ჩემი უარი გაუკვირდა, მითხრა, რადგან დაგიძახა, ე.ი. იცის, რომ თამაშს შეძლებო... მოკლედ, ვერ გავბედე. არ ვარ თეატრის ტიპი და იმიტომ.
- შენი ახლანდელი ცხოვრება რა ფერს გაგონებს?
- ახლა რაღაც საინტერესო პერიოდი მაქვს, სტაბილურად ვარ და ეს ყველაფერი მომწონს. 30 წლის მერე ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ამიტომ კარგი ცხოვრების მოლოდინი მაქვს, - ფერებიც, შესაბამისად, ღიაა.
იხილეთ ფოტოგალერეა: ნინი ბადურაშვილის ცხოვრების პალიტრა
ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)