"ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ" - რითი ჰგავს სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის ზურიკელას?
"გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი"
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ საქართველოში პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა. ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე სადაც კი მიდის, ყველგან გულშემატკივართა გარემოცვაში ხვდება.
ის საქართველოს პირველად ა.წ. თებერვალში სტუმრობდა, როდესაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ნაწყვეტები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან: ქართველ კოლეგებთან ერთად(რუსულ ენაზე), 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ითამაშა. სწორედ მაშინ გამართა ამჟამად რუსეთში მცხოვრემა მსხაიობმა სეხვედრა თაყვანისმცემლებთან და მათ შეკთხვებსაც უპასუხა, არც შმედგომ ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა. გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:
- სტას, თქვენ შესახებ, თქვენი ბავშვობის, ოჯახის შესახებ გვიამბეთ, სად გაიზარდეთ? ვინ არიან თქვენი მშობლები და ა.შ.
- უკრაინაში დავიბადე, 1985 წლის 2 ივლისს, 30 წლის ვარ. 11 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში ჩავედი საცხოვრებლად, ნათესავები უკრაინაში მყავს, ბებია-ბაბუები, მათთან დღესასწაულებზე ჩავდივარ. ტყუპი და და ძმა მყავს, დიდი ოჯახი გვაქვს, ზოგი მოსკოვში ვცხოვრობთ, ზოგიც - უკრაინაში. რაც შეეხება სოფელს, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი და როგორც დუმბაძის ზურიკელას, მეც ისე დამდევდა კუდში, ერთი ამოჩემებული ხე მქონდა, ალუბლის, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს და ამ ხეზე ავძვრებოდი ხოლმე, თან ვჭამდი, თან ვფიქრობდი ჩემთვის, სხვები კი მეძებდნენ. ბაბუა ჩემს სპორტულ აღზრდაზე ზრუნავდა, დედა - ქორეოგრაფიულზე, მოსკოვში გადასვლისას, კარატეზე დავიწყე სიარული, მერე ბავშვებსაც ვასწავლიდი. თანამედროვე ცეკვებზე ერთი გოგონას გამო დავდიოდი, რომელიც მომეწონა, არ ვხუმრობ (იცინის). კვანდოს რომ ვამთავრებდით, მოცეკვავეთა ჯგუფი მერე მოდიოდა. ეს გოგონა ჩემს სკოლაშიც სწავლობდა და ამგვარად, მას უფრო ახლოს გავიცნობდი. მაშინ 14 წლის ვიყავი. ცეკვაზე რომ დავდიოდი, მეგობრებს ვუმალავდი, ვარჯიშის მერე იმათ გავისტუმრებდი ხოლმე და უცებ ვიცვლიდი ფორმას (იცინის). სკოლაში ოროსან-სამოსანი ვიყავი, განსაკუთრებით რუსულ ენაში, მაგრამ ინსტიტუტში უპრობლემოდ ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დიდი ხნის ჩასული ვიყავი, უკრაინული აქცენტი მაინც მქონდა, თეატრალურში მიმიღეს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ შენს ხმაზე, აქცენტსა და მეტყველების აპარატზე არ იმუშავებ, საერთოდ არაფერი გამოგივაო და მესამე კურსის ბოლოსკენ უკვე რაღაც
შედეგი იყო.
მსახიობი შვილთან ერთად
- თქვენს შვილზე, მარკზეც გვიამბეთ.
- ის 8 წლისაა, ფეხბურთითაა დაკავებული და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ მირეკავს, დედამ ნება დამრთო და კატა მომიყვანეო, იქიდან ხმა მესმის - ნუ ატყუებ, არ მომიცია უფლებაო, მარკმა კი გამიმეორა _ აი, გესმის? დედამ თქვა, "დაჟე" ორიო (იცინის).
- გვაინტერესებს, როგორი იყო თქვენი შეხედულება საქართველოზე და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?
- გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი, მართლა ძალიან მომეწონა! ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ, მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი.
- ქართული სამზარეულოს როგორ შეაფასებთ?
- აღფრთოვანებული ვარ! პირდაპირ გასაოცარია, ჭამ, ჭამ, აღარ ჩაგდის და მაინც კიდევ გინდა, მაგრამ სადღაა ადგილი? (იცინის) სხვათა შორის, ერთხელ ხაში მოვამზადე, ძალიან მიყვარს.
- თბილისში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- ბევრი რამ, მაგალითად, ძველი თბილისი, ვგიჟდები ქალაქებზე, სადაც ძველი, პატარა სახლებია, ისეთი ატმოსფეროა ხოლმე, წარმოუდგენელია, არ დატკბე. ყველაზე მთავარი კი რაც მომეწონა, უძველესი ეკლესიებია, ასეთი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ორთაჭალის აბანოებიც ძალიან მაგარია!
- ყველა ფილმსა თუ სერიალში დადებით გმირებს ასახიერებთ და ისინი იმდენად საყვარლები არიან, რომ შეიძლება, შეგიყვარდეს. არ გქონიათ სურვილი უარყოფითი ტიპებიც განგესახიერებინათ?
- რა გითხრათ, ჩემი აზრით, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების რაოდენობა ალბათ 50/50-ზე მაქვს. მთლად დადებითიც არაა ყველა.
- ნანა ჯორჯაძესთან მუშაობზე რას იტყვით? პირველი ქართველი რეჟისორია, ვისთანაც ითანამშრომლეთ.
- ნანა ჯორჯაძე უნიკალური ადამიანია! მისი შვილი - მიხო კვირიკაძე ოპერატორი იყო და უნდა გენახათ, როგორ კამათობდნენ გადასაღებ მოედანზე (იცინის). თუმცა დედის მიმართ, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა აქვს და ეს დედა-შვილის საინტერესო სამუშაო პროცესი იყო.
- რას ეძებთ ცხოვრებაში? რა არის თქვენთვის ბედნიერება?
- გამუდმებით სანთებელას ვეძებ.
- ანუ აქედან გამომდინარე, ბედნიერება ისაა, როცა სანთებელას პოულობთ?
- კი, კი, სწორედ ესაა (იცინის). როცა იპოვი, სიგარეტს მოუკიდებ და გემრიელად გააბოლებ.
- შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- სიმართლე რომ გითხრათ, არაფერს. რა და როგორცაა, ისე უნდა იყოს. ჩემი გზა, ჩემი არჩევანი, როგორც მიდის, ესე იგი, ასე იყო საჭირო. (გაგრძელება)