ხელისუფლებას არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც მოსვენება არ უწერია...
"ნორლანდის შეფასებები საქართველოს შესახებ ძალზე სერიოზულია"
"ეს არის გამოკითხულთა 55%-ის სატელევიზიო "გამოშტერების" შედეგი"
საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ცხოვრებაც სულ უფრო საინტერესო ხდება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა საქართველოში აშშ-ის ელჩ ბასის მიერ "ფეისბუკის" მეშვეობით გამოთქმული შენიშვნა, რომ მომავალმა ელჩმა ნორლანდმა "უარესები" და კიდევ უფრო "დეტალურები" თქვა. თუ ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვის განცხადებასაც გავითვალისწინებთ - საქართველოსთვის დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მომავალი არჩევნები იქნებაო, ჩვენს ხელისუფლებას არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც მოსვენება არ უწერია... პროფესორ ლადო პაპავასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
- "არჩევნები ლაკმუსის ტესტია ნატოში გაწევრებისთვის";
"ძალზე რეალურია ეჭვი, რომ არ არსებობს საარჩევნო თანაბარი პირობები";
"პარტიების დაფინანსების საქმეში კონტროლის პალატის როლი ჩვენს წუხილს იწვევს";
"საქართველოს ოფიციალური პირები აცნობიერებენ, რომ დაკვირვების ქვეშ არიან" - ეს გახლავთ შეფასებების არასრული ჩამონათვალი საქართველოს მომავალი ელჩის, ნორლანდის გამოსვლიდან სენატში მოსმენისას. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უფრო და უფრო ხისტი ხდება. თუმცა, აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძის განმარტებაც უნდა ვახსენოთ, - ეს უბრალო საუბარი იყო და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ან მნიშვნელობა არ ჰქონდაო...
- დავიწყოთ იმით, რომ მოქმედი ელჩი ჯონ ბასიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ლოიალობით ნაციონალების მიმართ და მასაც ჰქონდა არაერთი კრიტიკული შენიშვნა მთავრობის მისამართით, რაც აღიზიანებდა მმართველ გუნდს. ყველას გვახსოვს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჯონ ბასის და საერთოდ ამერიკის მისამართით ნათქვამი. იმავდროულად აშკარაა ტენდენცია, რომ ამერიკა აღარ აპირებს, თვალი დახუჭოს საქართველოში არსებულ რეალობაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება არც მიზანია და არც ინტერესი, ეს უფრო ვალდებულებაა, აღებული მსოფლიოს წინაშე. თუკი სადმე გადაუხვევენ დემოკრატიის გზას, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ვალდებულების კონტექსტში იწყებს მოქმედებას. რაც შეეხება ნორლანდის ნათქვამს, ვაშაძე მართალია, - ეს იყო საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საუბარი არ ყოფილა სამზარეულოში ან ქუჩაში, ეს საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შედგა და არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო მუსაიფად.
ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება ქმედებაც და შესაბამისი, უკვე ოფიციალური განცხადებებიც. ერთი მომენტიც მინდა გავიხსენო: ბატონმა კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თურმე თინა ხიდაშელი და სხვა ოპოზიციონერები ამერიკის შეერთებულ შტატებს მცდარ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს შესახებ. თურმე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში ისეთი ბრიყვები სხედან, რომ ამ ინფორმაციების მიხედვით აკეთებენ დასკვნებს. ჯერ ერთი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჟვანია და სააკაშვილი თავის დროზე ასევე დარბოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ათას ტყუილსა და მართალს ელაპარაკებოდნენ შევარდნაძის შესახებ, მაშინ ეს თურმე ნორმალური ყოფილა... პრობლემა რაშია, იცით? ნებისმიერმა მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, - ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ თუკი მიეცემა შანსი, მას ყველანაირად გამოიყენებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, მოწინააღმდეგის დამარცხების ერთ-ერთი შანსი კი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამიტომ მომავალი ელჩის, ნორლანდის მიერ გაკეთებული შეფასებები საქართველოს შესახებ ძალზე სერიოზულია, მით უფრო იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეფასებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში.
- თავად ახსენეთ, რომ მანამდე ჯონ ბასმა გააკეთა განცხადება "ფეისბუკის" თავის გვერდზე კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით. ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან: "ვინ არის ჯონ ბასი?" ასეთი რიტორიკული შეკითხვა დასვა ბატონმა ბობოხიძემ. შესაძლოა ბატონი ბასის მიერ გამოქვეყნებული მეორე განცხადება, სადაც ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობაზეა საუბარი, ამის ერთგვარი პასუხი იყოს. აქვე ისიც არის ნათქვამი, რომ ოცი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად 3 მილიარდი დოლარი დახარჯა. რაიმე ტენდენციის მანიშნებელი ხომ არ არის საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება, ვთქვათ, თუ ამერიკის მხრიდან კრიტიკა არ შეწყდება, ის "სხვა მეგობარს" მონახავს?
- დავიწყოთ იმით, რომ ყველა, ვინც პოლიტიკაშია, პოლიტიკოსი არ არის, ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და, რადგანაც უმრავლესობით პარლამენტში წარმოდგენილია "ნაციონალური მოძრაობა", პირველ რიგში, მას. ის ხალხიც კი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ლაპარაკობს, პოლიტიკოსი არ არის, ამიტომ ბასის გამკრიტიკებელი განცხადებებიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსები არ არიან. ეტყობა, ამ განცხადებების შემდეგ ბატონ ბობოხიძეს პარტიაში შენიშვნა მისცეს და მან ტონი შეცვალა. ჯონ ბასის პირველი განცხადება, რომელიც "ფეისბუკზე" დაიდო, საკმაოდ მკაფიო განცხადება იყო და მერე ამ განცხადების შესახებ გაკეთებულმა კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთს მოეჩვენა, რომ ბასმა გააძლიერა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად პარლამენტის მისამართით, ზოგიერთს კი მოეჩვენა, რომ ბასმა უკან დაიხია და თავისი განცხადებით პირველ განცხადებაში კიდევ მეტი ბუნდოვანება შეიტანა.
ასეა თუ ისე, ერთი რამ იკვეთება: გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნიუანსები ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციისას. მაშინ, როცა ხალხი გამოვიდა ქუჩაში მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ, ქალბატონმა კლინტონმა და პრეზიდენტმა ობამამ ღიად დაუჭირეს მუბარაქს მხარი. მაგრამ როცა ნახეს, რომ ხალხი არ იშლებოდა, პირიქით, საპროტესტო მუხტი ძლიერდებოდა და გამოსვლები მწვავდებოდა, შეცვალეს პოზიცია და ვაშინგტონი გადავიდა ხალხის მხარეს. ამიტომაც ვთვლი, რომ უნდა განვასხვავოთ ვაშინგტონის ინტერესები მისივე საერთაშორისო ვალდებულებებისაგან. კერძოდ, ვაშინგტონის ინტერესია, რომ მას ჰყავდეს სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეს. მაგრამ თუკი ხედავს, რომ პროცესები მიდის არადემოკრატიულად და, ხშირ შემთხვევაში, ანტიდემოკრატიულადაც, ამ ინტერესებს ვალდებულებები გადაფარავს და ვაშინგტონი პარტნიორი მთავრობის ნაცვლად პარტნიორი ქვეყნის დემოკრატიას დაიცავს!
- გასულ კვირაში გამოქვეყნდა NDI-ს მონაცემები, ცოტა არ იყოს, ალოგიკური კავშირის მქონე საკითხებზე. მაგალითად, მოსახლეობის 70% თავს დაუსაქმებლად თვლის, ამავე დროს მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს და ქვეყანა სწორად ვითარდება.
- რამდენიმე კომპონენტს დავუმატებ თქვენ მიერ ჩამოთვლილ შედეგებს - მოსახლეობა თვლის, რომ გაუძვირდა კომუნალური მომსახურების გადასახდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და, კიდევ ერთი მომენტი, ძირითად ინფორმაციას მოსახლეობა იღებს ნაციონალური არხებიდან. ყოველივე ამას ერთ "მენიუში" თუ მოვათავსებთ, ყველაფერი ადვილად აიხსნება. საზოგადოებრივი არხებიდან სულ იმის პროპაგანდა ისმის, რა საამურია ცხოვრება საქართველოში, რა წარმატებულია საქართველო, როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ. სწორედ ამის შედეგად, მოსახლეობის 55%-ს ჰგონია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ანუ ეს არის გამოკითხულთა 55%-ის სატელევიზიო "გამოშტერების" შედეგი. მეორე მხრივ, როცა მისდის კომუნალური გადასახდელი, როცა ჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ უკვე ტელევიზიების როლი ნულის ტოლია, იმიტომ, რომ ადამიანმა თავისი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს ფული და პროპაგანდა ვერაფერს იზამს.
ერთი მხრივ, გამოკითხულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გაძვირებული ცხოვრების მიმართ, მეორე მხრივ, ზოგს იმდენი გონიერება არ ჰყოფნის, რომ ეს მიაბას იმას, რომ ცხოვრება სწორი მიმართულებით არ ვითარდება, რადგან ტელევიზიები ჩასჩიჩინებენ, ქვეყანა წარმატებულიაო. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობის 70% თავს უმუშევრად მიიჩნევს, აქ გასათვალისწინებელია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება, ადამიანი არის უმუშევარი თუ არა. მაგრამ ადამიანი იმის მიხედვით კი არ განსაზღვრავს თავის ყოფას, სად რა წერია, არამედ იმით, რისი შეტანა შეძლო მან კონკრეტულ დღეს ოჯახში, რამდენად ღირსეულად შეუძლია თავისი შრომით ცხოვრება. ასე რომ, თუკი რამდენიმე საათს იმუშავებს ადამიანი კვირაში, რის გამოც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმის თანახმად, დასაქმებულად ჩაითვლება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა თავი მართლა დასაქმებულად მიიჩნიოს.