"არ გამოვრიცხავ პროკურატურაში პრეზიდენტიც დაიბარონ"
"ნაციონალები" ცდილობენ "ქართულმა ოცნებამ" მათ ზავი შესთავაზოს"
"ოქრუაშვილის ჩამოსვლა ჟვანიას საქმეს უკავშირდება"
ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბოლოდროინდელ დაპატიმრებებს გარკვეული "ზედა ზღვარი" ექნებოდა და ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ფიგურა პოლიტიკური ინდულგენციით ისარგებლებდა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ხელშეუხებლები აღარ არიან. სამართალდამცველები სახელმწიფოს ხერხემლით”- ვანო მერაბიშვილით დაინტერესდნენ. შსს მერაბიშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება და მასალები პროკურატურას მიაწოდა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2006-2008 წლებში მერაბიშვილის მფარველობით დათა ახალაია და ვასილ სანოძე, რომლებსაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდათ, არაფორმალურად ხელმძღვანელობდნენ კუდ-ს და გენინსპექციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეივსება თუ არა გლდანის ციხე მორიგი ყოფილი შს მინისტრით. თუმცა, ფაქტია, თავად მერაბიშვილმა და "ნაციონალებმა" ბოლოდროინდელი განცხადებებით უკვე შეამზადეს ნიადაგი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდონ. ექსპერტ გოგი ხუციშვილისთვის ვანო მერაბიშვილით სამართალდამცველების დაინტერესება მოულოდნელი იყო:
- მართლაც მოულოდნელი იყო სამართალდამცველების მერაბიშვილით დაინტერესება. მე ველოდი, რომ ჯერ გამოიძიებდნენ იმ საქმეებს, რომელთა შესახებაც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ და შემდეგ დადგებოდა ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივი სელექცია არ იყოს. რაკი მერაბიშვილთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, შესაძლოა, გამოძიება სხვა პირებითაც დაინტერესდეს. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი პრეზიდენტი იყოს.
პრინციპში, თუ სხვა ქვეყნებში შეიძლება, რომ სამართალდამცველებს კითხვები გაუჩნდეთ პრეზიდენტებთან, რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში? მაგალითად, უკრაინაში კუჩმა დაჰკითხეს, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
- გასულ კვირას პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა. თქვენი აზრით, პრემიერის მთავარი გზავნილი რა იყო?
- ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისას უპირველესად ადამიანური მომენტი დავინახე. პირდაპირ თქვა, რომ ბევრი რაღაც არ გამოდის, ბევრი რაღაც კი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ამას ივანიშვილი არ მალავს. პირდაპირ ამბობს, რომ, მაგალითად, ტარიფების განახევრება, რასაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ ხალხს, ვერ ხერხდება. კერძოდ, ბიუჯეტი სულ სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე "ქართულ ოცნებას" ეგონა და ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება აცხადებდა. მივიჩნევ, რომ ივანიშვილის ამ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, ხალხი ამ ყველაფერს გაგებით შეხვდება. სხვათა შორის, საქართველოში ჩამოდის ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი. გავრცელდა მისი განცხადებაც, რომელშიც საქართველოში განვითარებული მოვლენების თაობაზე იგივე პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონსა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე-მანუელ ბაროზოს ჰქონდათ. ევროპას კვლავ აწუხებს გამწვავებული დაპირისპირება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპაში ვიზიტისას ყველა კითხვას გავეცით პასუხიო. ეშტონმა კი ზემოხსენებული განცხადება რამდენიმე დღის წინ, ანუ ივანიშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
ამ განცხადებაში უკვე უკიდურესი შეშფოთება არ არის გამოთქმული, უფრო რბილად არის ნათქვამი, მაგრამ მაინც აღნიშნულია, რომ კითხვები ჯერ კიდევ აქვთ. ძალიან კარგია, რომ ეშტონი ჩამოდის, მაგრამ ევროკომისარმა რომ გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი, მხოლოდ უმცირესობასა და უმრავლესობას კი არა, საზოგადოებასაც უნდა შეხვდეს. ევროკომისარმა თუ სხვა მაღალი რანგის დასავლელმა დიპლომატმა ჩვენგან უნდა გაიგოს, რატომ არის საქართველოში დაპირისპირება. დასავლეთში ეს ხელოვნურად გამოწვეულად ეჩვენებათ.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის ასეთ პოზიციას "ნაციონალების" ლობისტებს უკავშირებს.
- რა თქმა უნდა, ლობისტებიც აქტიურობენ. თუმცა, დასავლეთში ინფორმაციას იღებენ საელჩოებისა და სხვადასხვა მისიებისგანაც. ეს სურათი ლობისტების აღწერილ ვითარებას რომ ეწინააღმდეგებოდეს, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. დასავლეთს სურს ეს გამწვავებული დაპირისპირება როგორმე შეარბილოს. საქართველოში არჩევნებში დამარცხებული ძალის მიერ გამარჯვებულისთვის ხელისუფლების ასე თუ ისე რბილად გადაცემა დასავლეთში ძალიან დადებითად აღიქვეს და სურთ, შემდგომი მოვლენებიც ასევე ხავერდოვნად განვითარდეს. თუმცა, ასე არ გამოდის. მაგალითად, არ შეიძლებოდა, ახალ ხელისუფლებას ბაჩო ახალაია არ დაეკავებინა და დასავლეთში არ ესმით, რატომ იყო ეს აუცილებელი.
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, დასავლეთს ესმოდა ამის აუცილებლობა? თუ არ ვცდები, მაშინ აშშ და ევროპა დუმდნენ.
- მაშინ ნამდვილად არ იყო ასეთი განცხადებები და დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს სრული კარტ-ბლანში მისცა. იმიტომ, რომ ცხრა წლის წინანდელი მოვლენები დასავლეთმა დიდ სახალხო რევოლუციად აღიქვა. არანაკლები მოვლენა მოხდა საქართველოში 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას - უნდობლობა, ოპოზიციას კი ნდობა გამოუცხადა. კარგი იქნება, თუ დასავლეთში ამ მოვლენას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. საქმე ის არის, რომ დასავლეთში სააკაშვილის ხელისუფლებას მაინც აფასებდნენ, როგორც ასე თუ ისე დემოკრატიის გზით მიმავალ ძალას, რომელსაც ჰქონდა შეცდომები, გადახვევები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. როდესაც ციხის საშინელი კადრები გამოქვეყნდა, მაშინ ამერიკაში ვიყავი და საკმაოდ მაღალ დონეზე ვმართავდი შეხვედრებს როგორც სახელმწიფო მოხელეებთან, ისე სხვადასხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენლებთან. სულ მეკითხებოდნენ, ეს ციხის ამბები ეპიზოდური თუ სისტემური მოვლენააო. ვუხსნიდი, რომ ეს სისტემური მოვლენაა, მაგრამ მთლად არ სჯეროდათ. თუმცა, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნა გააკეთა და შემდეგ ამას უკვე სერიოზულად შეხედეს.
- დავუბრუნდეთ ტარიფების თემას. ივანიშვილის განცხადებას, რომ ტარიფების განახევრება არ ხერხდება, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმედგაცრუებაზე საუბარიც დაიწყო. საზოგადოების ეს "მოუთმენლობა" ხომ არ უბიძგებს ახალ ხელისუფლებას, რომ ტარიფების თაობაზე რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს?
- საზოგადოებაში მოუთმენლობა არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ
მოსახლეობის დიდი ნაწილი სიდუხჭირეშია, რაც უფრო გამწვავდება ზამთარში, როდესაც მკვეთრად მოიმატებს კომუნალური გადასახადები. შესაბამისად, ხალხი ელის, თუ რას გააკეთებს ახალი ხელისუფლება. მაგრამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გვახსოვდეს, რომ ახალი მთავრობა სულ რამდენიმე თვეა მართავს ქვეყანას. ქალაქისა თუ ცენტრალურ ბიუჯეტში დიდი გარღვევების გამო, მას არ შეუძლია ზემოხსენებული პრობლემების უცბად გადაჭრა.
- აჟიოტაჟი მოჰყვა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებულ განცხადებას. კერძოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ "პირველი არხი" "ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდა, შესაძლოა, მას "მეცხრე არხის" ქონება აჩუქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ "მეცხრე არხის" ბაზაზე შექმნას საზოგადოებრივი ტელევიზია.
- მიკვირს, რატომ გაიგო ზოგიერთმა ივანიშვილის ეს განცხადება ისე, თითქოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" "მეცხრე არხისთვის" მიერთებას აპირებს. მან გასაგებად თქვა ყველაფერი. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბიუჯეტი აფინანსებს და, ბუნებრივია, გაჩნდეს კითხვები, ასრულებს თუ არა ის თავის მოვალეობას და რაში იხარჯება ჩვენი ფული. სააკაშვილის ხელისუფლების დროს იმიტომ უხდიდნენ უზარმაზარ ხელფასებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელებს, რომ ისინი მმართველი გუნდის ერთგული ყოფილიყვნენ. შესაბამისად, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა, თუ რა ხდებოდა "საზოგადოებრივ მაუწყებელში", იყო თუ არა იქ ფინანსური დარღვევები. ახალი მთავრობა რომ დაინტერესდა იმით, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, ბუნებრივი მოვლენაა. ამიტომაც გაუგებარია, რატომ გამოიწვია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსურმა შემოწმებამ აჟიოტაჟი დასავლეთში.
- ხელისუფლების იმ შტოში, სადაც "ნაციონალები" დარჩნენ, ყველაზე მეტად თბილისის მერი გიგი უგულავა აქტიურობს და აცხადებს, რომ სწორედ ის არის ახალი ხელისუფლების მთავარი სამიზნე. მერიის მტკიცებით, უგულავას დისკრედიტაციის მიზნით შპს "ჰერმესთან" დაკავშირებული პროვოკაცია იგეგმებოდა. ასევე, უგულავამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მერიის კონტრაქტორი კომპანია "ენ-სი-სის" ხელმძღვანელების, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებას, რომლებსაც ბრალად საბიუჯეტო სახსრების კორუფციული სქემებით ხარჯვა ედებათ.
- გიგი უგულავას განცხადებები პრევენციულია. გარდა ამისა, უგულავა ხედავს, რომ კარგავს ბერკეტებს, რომელთაგან ერთ-ერთი ქელბაქიანის კომპანია იყო. "ნაციონალებს" აბსოლუტური მონოპოლია ჰქონდათ ყველაფერში და ეგონათ, მათ ფინანსურად არავინ შეამოწმებდა. გავოგნდი, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე მშენებლობების ამბავი, თურმე კონტრაქტიც კი არ ყოფილა გაფორმებული და ფული უკვე გადარიცხული იყო. მილიონებია დახარჯული. ასე რომ, იციან, რომ შემოწმების შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს კითხვები გაუჩნდებათ და ზემოხსენებული განცხადებებით პრევენციას ახდენენ.
- პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა განსაცდელშია და ის ხალხის გვერდით დარჩება. ზოგიერთმა ექსპერტმა ამ განცხადებაში "დემოკრატიის დაცვისა და ქვეყნის განსაცდელისგან დახსნის" მოტივით "ნაციონალების" მოახლოებული კონტრშეტევა დაინახა.
- "ნაციონალები" ნამდვილად ემზადებიან შეტევისთვის. მათ რევანშისთვის მზადება 1-ლი ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყეს. რევანში მდგომარეობს იმაში, რომ შავი პიარი აუგორონ ახალ ხელისუფლებას, გამოიყენონ მათი შეცდომები თუ სასამართლო პროცესები და აჩვენონ, - ეს, ერთი მხრივ, არადემოკრატიული და უუნარო ხელისუფლებაა, მეორე მხრივ კი მატყუარა და ხალხს დანაპირებს არ უსრულებსო. "ნაციონალებს" სურთ, ამაში დაარწმუნონ გარე სამყარო და მისი მეშვეობით მოახდინონ ხელისუფლებაზე ზეწოლა. "ნაციონალური მოძრაობა" ამ გზით ცდილობს, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხიოს და მათ ზავი შესთავაზოს, - თავს დაგანებებთ, მაგრამ თქვენც შეგვეშვითო. ამ მიზნის მისაღწევად "ნაციონალები" ყველაფერს გააკეთებენ, თვით საბოტაჟის ჩათვლით და შეეცდებიან დასავლეთს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მწვავე დაპირისპირებაა.
- ამ ფონზე რამდენად ორგანიზებულია ახალი ხელისუფლება? სხვათა შორის, ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე აშშ-ში ვიზიტის გადადების მიზეზად ის დაასახელა, რომ "ვერტიკალს გამაგრება სჭირდება" და ბრიუსელში ვიზიტის გამო ოთხი დღით ქვეყანაში მისი არყოფნა საქართველოს ძვირი დაუჯდა.
- ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა ეს ამერიკაში ივანიშვილის ვიზიტის გადადების მიზეზი. ჩემი აზრით, ამერიკაში წასვლა აუცილებელი იყო ახალ წლამდე, რადგან ვაშინგტონშიც აქვთ კითხვები, ივანიშვილის იქ ჩასვლით კი ბევრ მათგანს გაეცემოდა პასუხი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ მისი ქვეყანაში ოთხი დღით არყოფნა საქართველოს ძვირი დაუჯდა, ადასტურებს, რომ უწყებებში ბევრი რამ ჯერ დალაგებული არ არის, ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია და მთავრობაში არის შიდა პრობლემები, რაც პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩარევას მოითხოვს. ეს მეტყველებს სისტემის ჩამოუყალიბებლობაზე. როდესაც ახალ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სახალხო დამცველთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში არაერთ კითხვას ბადებს. სახალხო დამცველი უნდა იყოს საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი. როდესაც სამოქალაქო სექტორმა წარადგინა ომბუდსმენობის რამდენიმე მართლაც ძლიერი კანდიდატი, პარლამენტის პასუხი ის კი არ იყო, რომ ყველა კანდიდატი ერთად განეხილა, არამედ ის, რომ ამ ყველაფრის საპირწონედ დაასახელეს ნინა ხატისკაცი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
- სხვათა შორის, ივანიშვილმა განაცხადა, რომ "უმრავლესობამ ფორმა დაარღვია", როდესაც სახალხო დამცველობის კანდიდატად ხატისკაცი დაასახელა.
- დიახ, ივანიშვილმა უმრავლესობა გააკრიტიკა. თუმცა, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრს ცოტა ადრე მოეხდინა ამაზე რეაგირება, რადგან ასეთი ფაქტები ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმუშავებს.
- ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, საზღვარზევე დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. მას "ოქროს მოწმე" შეარქვეს, იმიტომ, რომ ძველი ხელისუფლების შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის.
- ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილი ითანამშრომლებს ახალ ხელისუფლებასთან, მიაწვდის ყველა ინფორმაციას, რომელიც ამა თუ იმ საკითხზე აქვს. ირაკლი ოქრუაშვილს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია აქვს, სწორედ ამან გადააწყვეტინა ჩამოსვლა მაშინაც კი, როდესაც 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვიმეორებ, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია სააკაშვილის გუნდზე.
- ირაკლი ოქრუაშვილის დახმარებით რომელი გახმაურებული საქმის გახსნას ვარაუდობთ? ალბათ, უპირველესად ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილი გაგვახსენდება.
- მეც ასე მგონია, რომ ოქრუაშვილის ჩამოსვლა ჟვანიას საქმეს უკავშირდება. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- ოქრუაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
- ოქრუაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია გამოჩნდება როგორც გარიგება ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ. ახალ მმართველ ძალას ნამდვილად არ უნდა აძლევდეს ხელს ასე წარმოჩენა და შესაბამისად, ოქრუაშვილის რეაბილიტაციას არ ველოდები.