"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"
"თუ თან ჰქონდა ნამდვილი, ყალბი რაღაზე წარადგინა"
"სანამ სემეკი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, მანამდე ტარიფები არ შეიცვლება"
"თვე-თვე-ნახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება"
საქართველოში ჩამოსულ უცხოელს მცხეთის ჯვართან თუ ალავერდთან ერთად, აუცილებლად ათვალიერებინებდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობას იმის დასადასტურებლად, რა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია საქართველომ სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით. აღფრთოვანებულმა რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს შსს-ს "კეთილ საქმეთა სამინისტრო", ვანო მერაბიშვილს კი "დიდი რეფორმატორი” შეარქვეს. თუმცა დღეს ისინიც კი, რომლებმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა გულწრფელად მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას", კითხულობენ, ბოლოს და ბოლოს, რას ხელმძღვანელობდა მერაბიშვილი - რეფორმირებულ პოლიციას თუ დანაშაულებრივ სტრუქტურას. ახალი ხელისუფლების მიერ გახმაურებული საქმეების გამოძიების დაწყებამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა გამჭვირვალე შუშებს მიღმა. მაგალითად, საზოგადოების ნაწილმა შეიტყო, რომ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი თუ სოსო თოფურიძე, შსს-ს მაღალჩინოსნებსაც კი აწამებდნენ კაბინეტებში. ბუტა რობაქიძის საქმეზე”საზოგადოებამ უკვე პროკურატურისგან მოისმინა მანამდე პრესაში ათასჯერ დაწერილი, - როგორ მოახდინა საქმის ფალსიფიკაცია საპატრულო პოლიციის ყოფილმა შეფმა ზურაბ მიქაძემ, თუმცა მძიმე ბრალდებით დაკავებულ მიქაძეს ბოლო დროს გადმობირებულმა სასამართლომ 16.000ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც რობაქიძის ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის აზრით, ერთადერთი გზა, რომ ზემოხსენებული აღარ განმეორდეს, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაა.
- სამართლიანობა მოითხოვს, გახმაურებული საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. მაგალითად, არ შეიძლებოდა გირგვლიანის საქმის გამოუძიებლობა. ერთხელ და სამუდამოდ, თუნდაც სამაგალითოდ, ხაზი უნდა გადავუსვათ ძალადობას პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. უნდა დაისაჯონ ბოროტმოქმედების ჩამდენებიც და დამკვეთებიც. ყველაზე დიდი საშინელება დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე. გირგვლიანის საქმეში არის ყველა წინა პირობა, რომ დანაშაული გაიხსნას. ასევე იყო რობაქიძის საქმეშიც. ძალზე მნიშვნელოვანია, გამოიძიონ კახეთში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკას უკავშირდება. რაც შეეხება იმას, დადგება თუ არა ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩემი აზრით, უფრო მორალურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ვიდრე სამართლებრივზე. მაგალითად, როგორც ვიცი, დათა ახალაია მერაბიშვილს მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა. თუმცა ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.
- მერაბიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, მაინც დადგეს. კერძოდ, შსს-ს ცნობით, პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი მერაბიშვილი ერევანში წასვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა. მესაზღვრეებმა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ შეფერხებულიყო, მერაბიშვილს ნამდვილი პასპორტის წარდგენის საშუალება მისცეს. მოკლედ, უცნაური ამბავია.
- მართლაც უცნაურია. ჯერ ერთი, არა მგონია, რომელიმე ქართველი მესაზღვრე მერაბიშვილს სახეზე ვერ ცნობდეს, მეორეც, თუ ყოფილ პრემიერს ნამდვილი პასპორტი ჰქონდა, რაღაზე წარადგინა ყალბი ან ყალბი რაში სჭირდებოდა? თუ არ ვცდები, მას საქართველოს დატოვება აკრძალული არ აქვს.
- როგორ ფიქრობთ, ორი პასპორტის კომბინაცია მერაბიშვილმა სპეციალურად ხომ არ გაითამაშა? თუ მას პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში ამ ბრალდებით დააკავებდნენ, დიდი სკანდალი ატყდებოდა. გარდა ამისა, მერაბიშვილს მიეცა საფუძველი, რომ ახალი ხელისუფლება აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინა.
- არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, ეს მერაბიშვილის მხრიდან მართლაც გამოწვევა იყო. ვიმეორებ, თუ ჰქონდა ნამდვილი პასპორტი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად დატოვებდა ქვეყანას, რაღაზე ჰქონდა ყალბი? თუმცა ამ დროისთვის დასკვნის გაკეთება გამიჭირდება. იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერს პასუხი გაეცემა.
- სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამოძიებაც. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილი იქნება. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა ადვოკატ ირმა ჭკადუას საინტერესო რამ უთხრა, - მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას სიკვდილის შეტყობის შემდეგ უთქვამს, - ეს რა ჭირი მოვიშორეთო.
- არა მგონია, ამ განცხადებას იურიდიული ძალა ჰქონდეს. ასეთ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, სანამ პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს. ვფიქრობ, იურიდიულად ჟვანიას საქმის ბოლომდე მიყვანა გაჭირდება. თუმცა ამ საქმის გამოძიებაში თავის დროზე ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ეხმარებოდა. ბიუროს ამ თანამშრომლებთან დაკავშირება არ იქნება ძნელი და არ გამოვრიცხავ, მათ საქართველოს პროკურატურას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ.
- საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებს დასავლეთის პრესაში არცთუ ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რა ხდება - "ნაციონალების" ლობისტური მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა თუ დასავლური მედია მართლაც ვერ გაერკვა, რატომ აპატიმრებენ თანამდებობის პირებს იმ ქვეყანაში, რომელიც რეგიონში დემოკრატიის ციტადელად მიაჩნდათ?
- ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნების შემდეგ უარი თქვა ლობისტურ კომპანიებზე.
გარდა ამისა, ახალ ხელისუფლებას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამ საკითხის გავრცობისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გამგები გაიგებს. რასაკვირველია, საქართველოში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს და ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მოსთხოვა ქართველმა საზოგადოებამ - დანაშაულის ჩამდენთა გასამართლება. სხვათა შორის, ახალმა მთავრობამ ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და ამას ადასტურებს კანცელარიაში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილების შექმნა. ასე რომ, ჩემი აზრით, თვე-თვე-ნახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება. მით უმეტეს, რომ 25 დეკემბრიდან იწყება დაკავებულთა სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება არსებითი მტკიცებულებები.
- ამ ფონზე, რამდენად გამართლებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ ეტაპზე აშშ-ში ვიზიტი გადადო და თავის მაგივრად ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა?
- სულაც არ მეჩვენება შეცდომად და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ბიძინა ივანიშვილს სურს, ვაშინგტონში ბარაქ ობამასთან შეხვედრისას ხელშესახები შედეგი ჰქონდეს.
- დაკავებების თემაზე განცხადებები გასულ კვირას დასავლელმა დიპლომატებმა კვლავ გააკეთეს. ამაზე ლაპარაკობდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონიერად მოხდება. Mმოკლედ, განცხადებები კეთდება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ტონი შერბილებულია.
- ტონი მართლაც შერბილებულია და ამაში წვლილი ამერიკაში მაია ფანჯიკიძის ვიზიტსაც მიუძღვის. თუმცა, როგორც ნათქვამია, ადამიანებო, იყავით ფხიზლად! სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება. იმედია, პროფესიონალებით დაკომპლექტდება კანცელარიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება და შეიქმნება ისეთივე სტრუქტურა, როგორიც შევარდნაძის დროს გელა ჩარკვიანმა შექმნა.
- საქართველოში ჯორჯ სოროსის ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოდან ივანიშვილი დაესწრება.
- ჯორჯ სოროსი ასე უბრალოდ საქართველოში არ ჩამოვიდოდა.
ჯორჯ სოროსი არის "რვაფეხას ერთ-ერთი ფეხი", რითიც აშშ თავის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. სოროსის ვიზიტი ძალიან კარგი ნიშანია.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვახსოვს, სოროსის მიერ წელიწად-ნახევრის წინ ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" მისი წარუმატებელი პროექტია. რაც შეეხება იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება სოროსის ვიზიტს მოჰყვეს, - შესაძლოა, "სოროსის ფონდის" საშუალებით გაიზარდოს გარკვეული მიმართულებების დაფინანსება, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს ახალ მთავრობასთან მოხდება შეთანხმება.
- გასულ კვირას დაკონკრეტდა, რომ ენერგოტარიფების გაიაფებას 3-4 თეთრით უნდა ველოდოთ. არადა, საზოგადოებას მეტის მოლოდინი ჰქონდა.
- ნუ გვავიწყდება, - მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიგო არჩევნები, გარკვეული ბერკეტები კვლავ პრეზიდენტისა და "ნაციონალების" ხელშია. Pპირველ რიგში ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ვგულისხმობ. სანამ პროფესიონალები არ დასხდებიან და ყველაფერს არ დაითვლიან, მანამ ტარიფების შემცირებაზე ლაპარაკი ძნელია. დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომ იქნებ უმსხვილესმა დისტრიბუტორმა გამოიჩინოს "კეთილი ნება" და გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ, თავისი მოგების შემცირების ხარჯზე დასწიოს ფასი. არადა, ეს ის არ არის, რაც საჭიროა. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ვერ გაერკვა ტარიფის სტრუქტურაში. დარწმუნებული არიან, რომ ამ ტარიფებში არის კორუფციული ელემენტები, მაგრამ ჯერ მისი გამოთვლა ვერ ხერხდება და ვერც მოხერხდება, სანამ სემეკის ყველა დოკუმენტი თუ გადარიცხვა ცნობილი არ გახდება. სანამ სემეკი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, მანამდე ტარიფები არ შეიცვლება. თუ ეს წინაღობა მოიხსნა, ჩემი აზრით, ტარიფების 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია ზამთრისა თუ ზაფხულის, დღისა თუ ღამის ტარიფების თემის განხილვაც. თუმცა სანამ სემეკის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება და კომისია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით არ დაკომპლექტდება, რომლებიც არ იქნებიან დამოკიდებული პარტიულ კუთვნილებაზე, ტარიფების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ.
- ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ციხეებს უახლოეს მომავალში რამდენიმე ათასი პატიმარი დატოვებს. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ამნისტიამ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა დაამძიმოს.
- ალბათ მცირედით მოიმატებს კრიმინალის შემთხვევები, თუმცა უსაშველო არაფერი მოხდება. მე უფრო მაშფოთებს ის შეწყალებები, რომლებსაც ზაფხულიდან მოყოლებული პრეზიდენტი ახორციელებს.
- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გულისხმობთ, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი რეციდივისტებს სპეციალურად ათავისუფლებს?
- მსმენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების წინ მკვლელებიც გამოუშვა ციხიდან ორასი ხმის მოტანის სანაცვლოდ. ეს უფრო შემაშფოთებელი და დამაბნეველია, ამაში არის ობსტრუქციის ელემენტებიც. ამნისტიის კანონპროექტი კი, მასში შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ საზოგადოებისთვის საშიშად არ მეჩვენება. ასევე, საზოგადოების შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ ფინანსთა სამინისტრომ საკონტროლო შესყიდვები დაიწყო. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე საკონტროლო შესყიდვებს პოლიტიკური ან ბიზნესანგარიშსწორების მიზნით ახორციელებდნენ. ქონების წართმევისას ხდებოდა საკონტროლო შესყიდვები და მისი შედეგების ფალსიფიკაცია. ჩემი აზრით, დღეს ასე აღარ იქნება და შესამოწმებელ ობიექტებს სამართლიანობის პრინციპის დაცვით შეარჩევენ.
- პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიაში ბევრი ისეთი პირია, რომელსაც პოლიტპატიმრობასთან ან დევნილობასთან საერთო არაფერი აქვს. ცეცხლზე ნავთს ასხამს ცნობები, რომ, მაგალითად, პოლიტდევნილის სტატუსს ასლან აბაშიძე და იგორ გიორგაძეც ითხოვენ.
- იმედია, დეპუტატებს ეყოფათ გამჭრიახობა, რომ ასეთ პირებს პოლიტდევნილის სტატუსი არ მიანიჭონ. ზოგადად კი, ყველა ადამიანს, ვინც პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილია, შესაბამისი სტატუსი უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ასლან აბაშიძესა და იგორ გიორგაძეს. მათთვის რაიმე მსგავსი სტატუსის მინიჭება ისეთივე ნონსენსი იქნება, როგორიცაა, "ნაციონალური მოძრაობის" საუბრები პოლიტიკურ ზეწოლაზე. მოკლედ, მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური პატიმრები დროზე გამოვიდნენ საპყრობილიდან. ჩვენ გვავიწყდება, რომ მათთვის ციხეში გატარებული ყოველი დღე ძალიან მძიმეა. სიის გარშემო ამ შეხლა-შემოხლას ის მოჰყვა, რომ მისი დამტკიცება გადაიდო და ისინი მოგვიანებით დატოვებენ საპატიმროს.
- თბილისის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის "ცივი ომი" გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ დასუფთავების სამსახურისა თუ მერიის სხვა სტრუქტურების შემოწმების დაწყებას გიგი უგულავამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეტევის გამო ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.
- რისი ეშინია გიგი უგულავას? რა, შემოწმებისას ნარკოტიკებს ჩაუდებენ თუ იარაღს? იქნებ იმის შიში აქვს, რომ სახსრები არამიზნობრივად არის დახარჯული? ეს სიმართლესთან უფრო ახლოს მდგომი მეჩვენება. ქვეყანაში რაც ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მოსახლეობის აქციებს, ნამდვილად არ მგონია "ქართული ოცნების" წაქეზებული. ს ხალხის ნების გამოხატვაა. მათ აღარ უნდათ გამგებლები, რომელთაც დაკარგეს ავტორიტეტი. არაფერია იმაში საგანგაშო, რომ ავტორიტეტდაკარგული გამგებლები ან საკრებულოს თავმჯდომარეები შეიცვალონ. ის, რაც ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით, იმავე პროცესის გაგრძელებაა, როგორიც იყო მძღოლებისა თუ მაღაროელების გაფიცვები. ადრე ხალხი ვერ ხედავდა პერსპექტივას, რომ პროტესტით რაიმეს მიაღწევდნენ, დღეს კი ხმა ამოიღეს. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდება, დამშვიდდება, ორთქლი გამოვა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
- "მე-9 არხში" რეორგანიზაცია იწყება, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი, თავად ტელეკომპანიაში კი არეულობა გამოიწვია.
- ჩემი აზრით, სიმართლე ისაა, რაც ივანიშვილმა თქვა. ის გულწრფელი ადამიანია და განაცხადა, რომ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, აწუხებს, როდესაც კონკრეტული ტელეკომპანია მასთან ასოცირდება. გავიხსენოთ ისიც, რომ ივანიშვილი საუბრობდა ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზიის აუცილებლობაზე და მზად იყო, წინმსწრებად 20 წლით ადრე გადაეხადა ფული. თუ ამის გაკეთებას აპირებს, ცუდი ნამდვილად არ არის.