"სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"
"რუხი კარდინალობა" ლამაზი არ არის და საერთოდ, ასეთი რამ არ იმალება XXI საუკუნეში"
"ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, გადახედოს საკადრო საკითხებს"
"სასამართლოები მონაწილეობენ იმ სქემაში, რასაც საბოტაჟი ჰქვია"
სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მიხეილ სააკაშვილი სანგრებიდან ამოვიდა და შეტევისთვის პლაცდარმს იმზადებს. დასრულდა ის მცირეხნიანი პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს მხოლოდ უცხოური დელეგაციების ვიზიტისას თუ მოვკრავდით თვალს - სააკაშვილი ქვეყნის შიგნით აქტიურად ხვდება საზოგადოების წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებს, როგორც წესი, მონოლოგის ფორმა აქვს და მისი სამიზნე ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა. სააკაშვილის განცხადებები დღითი დღე მწვავდება. მოკლედ, სახელისუფლებო ცივი ომი ნელ-ნელა ცხელდება და ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მომდევნო ფაზა სააკაშვილის მიერ მთავრობის დათხოვნა იქნება. თუმცა კონტრსვლა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების სახით ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. ვნახოთ, რამდენად დღეგრძელი აღმოჩნდება ქართული კოჰაბიტაცია. მანამდე კი, თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ერთით ნოლს "ქართული ოცნება" იგებს. პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია, შესაბამისად, ამნისტია ნებისმიერ შემთხვევაში გამოცხადდება.– თუ სააკაშვილი კანონს ხელმეორედაც არ მოაწერს ხელს, ამ მისიას დავით უსუფაშვილი შეასრულებს. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის ხელმოწერა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.
- მიხეილ სააკაშვილი ვერ მოაწერდა ხელს კანონს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ხელისუფლების დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები იყვნენ. სააკაშვილი არც ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწერს ხელს კანონს და ამით ირიბად არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. გარდა პოლიტიკური პატიმრებისა, სააკაშვილი აქცენტს აკეთებს პედოფილებსა და ჯაშუშებზე. მაგალითად, "წუხს", რომ თურმე ჯაშუშებს უშვებენ და გველეშაპთან მებრძოლ ახალგაზრდა დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამას, პირველ რიგში, დასავლეთის დასანახად ამბობს. სხვათა შორის, პრეზიდენტს წამოაძახეს, რომ თავად შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულები. ასე რომ, მას ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს. საკამათო არ არის, რომ სამშობლოს მოღალატე და ჯაშუში ციხეში უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როდესაც სამართლიანი სასამართლო გვექნება, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ფოტორეპორტიორების საქმე "შეკერეს", სასამართლოზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.
- ბოლო პერიოდში ისევ "ძველი" მიხეილ სააკაშვილი ვიხილეთ. პრეზიდენტი ისევ შემტევი გახდა, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეხვედრაზე მართავს და ახალი მთავრობის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რაიმე საგარეო ან საშინაო ფაქტორი აღიქვა სააკაშვილმა იმის ნიშნად, რომ შეტევის დროა?
- გარკვეული ხნით პაუზის აღება, რომლის დროსაც ის თითქოს მშვიდი და კეთილგანწყობილი იყო, მისი პიარკამპანიის ნაწილია. სააკაშვილს სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, თითქოს ის პროცესების დემოკრატიულად წარმართვას, მშვიდობიან თანაცხოვრებას ცდილობს, ახალი ხელისუფლება კი მხოლოდ რევანშით და დაპატიმრებებით არის დაკავებული. მას ცივილიზებული სახის შენარჩუნება სურდა, თუმცა ნერვებმა უმტყუნა, კოჰაბიტაციამაც თავისი თავი ამოწურა და ის დაუბრუნდა თავის სტილს - აგრესიას და მუქარას.
- ალბათ, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეტევის დაწყებას ბევრი ექსპერტი პროგნოზირებდა, თუმცა ამას უფრო მოგვიანებით ელოდნენ.
- მართლაც, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. სააკაშვილმა თავი ისევ ძლიერ პრეზიდენტად მიიჩნია. "ნაციონალებმა" არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს ირწმუნა და დაბრუნდა აგრესიული რიტორიკით.
გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებები გათვლილია "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებზე. სააკაშვილი ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება და არ არის საჭირო სხვა პარტიაში ან ფრაქციაში გადასვლა. ჩემი აზრით, სააკაშვილის გეგმა იყო ძალიან მარტივი. არჩევნების შემდეგ მას ჰქონდა ორი გზა - განეცხადებინა, რომ "ქართულ ოცნებას" არ მოუგია არჩევნები და სპეცრაზმს გაეგრძელებინა საარჩევნო შედეგების შეჯამება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რევოლუციური პროცესები ან უნდა ეღიარებინა არჩევნების შედეგები, დრო მოეგო და დაფიქრებულიყო იმის შესახებ, როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. სააკაშვილმა მეორე გზა აირჩია. მან აღიარა არჩევნების შედეგები, მოიგო საერთაშორისო ორგანიზაციების გული და პარალელურად გადავიდა საბოტაჟის რეჟიმში. სააკაშვილს ეგონა, რომ აპრილამდე ამ საბოტაჟით მაქსიმალურად შეუქმნიდა პრობლემებს ახალ ხელისუფლებას, პიარმანქანით კი მოსახლეობას დაარწმუნებდა "ქართული ოცნების" უსუსურობაში.
ამავე დროს მუშაობდნენ დასავლეთში, რათა ახალი ხელისუფლება პუტინისგან მართულ ძალად წარმოეჩინათ, რომელიც თურმე ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვის. აპრილში ეს ყველაფერი მიაღწევდა პიკს და სააკაშვილი დაითხოვდა მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს საკუთარი გუნდის წევრებისგან დააკომპლექტებდა, დაიწყებოდა პოლიტიკური რეპრესიები და ასეთი ფონით მივაღწევდით საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა თუ ამ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამარჯვების შანსი კვლავ დაბალი იქნებოდა, მოახდენდა პროვოცირებას, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. სააკაშვილს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის შანსი აქვს, რადგან მინიმუმ ხუთწლიან პერსპექტივაში "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა.
- თქვენი აზრით, სააკაშვილის ეს გეგმა ჩაშალა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ? პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი არ დაუმტკიცებს, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება?
- დიახ, ახალი ხელისუფლება ცდილობს ამის პრევენციას, თუმცა საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ინიცირება მიღებას არ ნიშნავს. ამ საკითხის დამტკიცებას თვე და 10 დღე მაინც სჭირდება. ამ პერიოდში როგორ მოიქცევა სააკაშვილი, არავინ იცის, რადგან ძალიან მარტივად შეუძლია, მთავრობა დაითხოვოს და კრიზისი გამოიწვიოს. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.
- ანუ თვე და 10 დღე გადამწყვეტი იქნება. თქვენი პროგნოზით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას პრეზიდენტმა ამ მცირე ხნის განმავლობაში?
- ჩემი ვარაუდით, სააკაშვილმა შესაძლოა, დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მას მთავრობის დათხოვნის სურვილიც აღარ ექნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, რომელშიც "ნაციონალებს" პერსპექტივა არ აქვთ.
- მკითხველისთვის განვმარტოთ - თუ თვისა და 10 დღის განმავლობაში პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს, შეუძლია მინისტრთა კაბინეტი თავისი თანაგუნდელებით დააკომპლექტოს და ის შეინარჩუნოს, მაგალითად, 2013 წლის ოქტომბრამდე, მიუხედავად იმისა, დაუმტკიცებს თუ არა მთავრობას პარლამენტი?
- ზუსტად ასეა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი კონსტიტუცია არ არის ცივილიზებული ქვეყნის ძირითადი კანონი. მან პრეზიდენტი გადააქცია ფაშად. სააკაშვილი დღეს იმ დონემდეა მისული, რომ შესაძლოა, უარი თქვას დასავლეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი დემოკრატის იმიჯზე და ყველა მეთოდით დაიწყოს ხელისუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლა.
- თუ მოვლენები ზემოხსენებული სცენარით განვითარდა, "ქართულ ოცნებას" რა ბერკეტები რჩება - პარლამენტი და ქუჩის აქციები?
- დიახ, პარლამენტი და აქციები. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც სააკაშვილის გუნდი შსს-ს და პროკურატურას დაიბრუნებს. კოჰაბიტაციაზე რომ არ იფიქრებენ, ძნელი მისახვედრი არ არის, რადგან სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში საკუთარ მოსახლეობასთან ვერ იცხოვრა კოჰაბიტაციურად და თავის მოქალაქეებს ჯოჯოებად და მუმიებად ნათლავდა.
- მზად არის "ქართული ოცნება" ასეთ გამოწვევასთან გასამკლავებლად? რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალ მმართველ გუნდში ჯერ კიდევ ბევრი რამ დასალაგებელია. მაგალითად, რეგიონებში აქციების ფონზე გრძელდება საკრებულოს თავმჯდომარეობასა თუ გამგებლობისთვის ბრძოლა, რასაც კოალიციის ოპონენტები თვითმმართველობებზე ზეწოლად ნათლავენ. ამ ყველაფრის გვირგვინი ალბათ, ლაგოდეხში განვითარებული მოვლენები იყო, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის "ქართული ოცნების" ორი დაჯგუფება იბრძოდა და წაგებულებმა შემდეგ ლუკა კურტანიძის პლაკატები დახიეს.
- სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა პრაქტიკა, რომ გამარჯვებული გუნდი ხელისუფლების ყველა დონეს უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა, რაც ხდება რეგიონებში, იმის აღმოფხვრა აუცილებელია, თუმცა მეორე მხრივ, მესმის იმ ხალხის, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ადგილებზე ცვლილებებს ვერ გრძნობენ. მაგრამ თუ ჩვენ მიდგომების შეცვლა გვინდა, უნდა მივცეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალება, რომ 2014 წლის არჩევნებამდე მიაღწიონ. ზეწოლა უნდა აღიკვეთოს. რაც ლაგოდეხში მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კერძოდ, ჩვენ ძალიან პოლიტიზებულები ვართ. გარდა ამისა, რეგიონებში სხვა სპეციფიკაცაა და შესაბამისად, იმავე ლაგოდეხში ერთ ჯგუფს რომ გაემარჯვა, მეორე რჩებოდა უმუშევარი. ასეთი საკითხები სერიოზულ ანალიზს და ადგილობრივ ლიდერებთან მუშაობას საჭიროებს.
- მსგავსი ფაქტები მოქმედებს "ქართული ოცნების" იმიჯზე... უნდა ითქვას, რომ საკადრო პოლიტიკაც ბევრ კითხვას აჩენს.
- "ქართულ ოცნებას" ცოტა უცნაური საკადრო პოლიტიკა აქვს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისეთი ფაქტი გავიგე, მართლაც გაოცებული ვარ. ალბათ, იცით, რომ მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე საქმე აღძრა. საკითხი ეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 8 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მიკროავტობუსების დაქირავებას. "ნაციონალებმა" ხელშეკრულება გააფორმეს "თბილისის ყვითელი მიკროავტობუსების" კომპანიასთან. კერძოდ, 2012 წლის 6 სექტემბერს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ერთი მხრივ პარტიის მაშინდელმა გენმდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, მეორე მხრივ კი, კონკრეტული კომპანიების (შპს "თბილლაინი", შპს "თბილქარი", შპს "ფაბლიქ ქარი", შპს "კაპიტალ ჯგუფი") დირექტორებმა. მათ შორის იყვნენ "თბილლაინის" დირექტორი დავით ნიკოლეიშვილი და "თბილქარის" ხელმძღვანელი შოთა რეხვიაშვილი. დღეს ნიკოლეიშვილი მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია, რეხვიაშვილი კი - არჩილ კბილაშვილის მოადგილე.
- დარწმუნებული ხართ? თუ ეს ასეა, ალბათ, პროკურატურა რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
- დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ ვიტყოდი. ალბათ, იტყვიან, რომ მაჭავარიანმა და "ნაცმოძრაობამ" აიძულეს ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ზემოხსენებული ფირმები მერიის თანხმობისა და გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა. ისე, მაინტერესებს, როგორ უნდა გამოიძიოს მთავარი პროკურორის მოადგილემ "ნაციონალური" მოძრაობის მიერ ფულის "გაპრავების" სქემა, როდესაც თვითონ იყო ერთ-ერთი მონაწილე და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გათეთრდა ფული.
ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ "ნაცმოძრაობის" ინტერესების განხორციელებისთვის, დღეს ისევ ინიშნებიან მმართველ რგოლებში. არ მიმაჩნია სწორად ის, რომ თუ მინისტრი შეიცვალა, სამინისტროს ყველა თანამშრომელი უნდა წავიდეს სამსახურიდან. საჯარო მოხელეებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, მაგრამ გასაკვირია, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირს "ქართული ოცნებიდან" ასევე პოლიტიკურ თანამდებობაზე, ანუ მოადგილედ ჰყავს "ნაციონალი". ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, გადახედოს საკადრო საკითხებს, რადგან ეს შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისისას "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ერთგვარი ბერკეტი აღმოჩნდეს. როდესაც "ნაცმოძრაობას" რომელიმე კონკრეტულ უწყებაში პრობლემის შექმნა დასჭირდება, ამ ხალხის მეშვეობით შექმნის პრობლემას.
რადგან ვლაპარაკობთ საკადრო საკითხებზე, ალბათ, ყურადღება ე. წ. რუხ კარდინალიზმზეც უნდა გავამახვილოთ. მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი აქტიურად მონაწილეობდა, მეტიც, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა მინისტრების დანიშვნაში. მაგრამ როგორც კი მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდა, განაცხადა, რომ გადადის სამოქალაქო სექტორში და "გარედან" დააკვირდება მინისტრების საქმიანობას. რაღაც საკითხში თუ იჭრები და გადაწყვეტილებას იღებ, შენ მიერ შერჩეულ კადრებზე ბოლომდე უნდა აიღო პასუხისმგებლობა და დამოუკიდებელ არბიტრად აღარ უნდა მოგვევლინო. თუ ადამიანს აქვს პრემიერის იმხელა ნდობა, რომ მის სიტყვას მინისტრებისა თუ მოადგილეების შერჩევისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, კარგი იქნებოდა, თავად დაეკავებინა რაიმე თანამდებობა და შემდეგ ჩვენც შევაფასებდით მის რეალურ შესაძლებლობებს. ლაპარაკი და კონსულტაცია ადვილია, საქმის კეთება კი–- ძნელი. "რუხი კარდინალობა" ლამაზი არ არის და საერთოდ, ასეთი რამ არ იმალება XXI საუკუნეში.
- ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის მიმდინარე ცივ ომში რა როლი ეკისრება სასამართლო ხელისუფლებას? სხვათა შორის, სასამართლოების ბოლოდროინდელი გალმობიერება ბევრ ექსპერტს ეჭვს აღუძრავს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ესეც რაიმე პოლიტიკური თამაშის ნაწილი.
- სასამართლოები მონაწილეობენ იმ სქემაში, რასაც საბოტაჟი ჰქვია. მოდი, გამოვითხოვოთ იმ კონკრეტული მოსამართლეების ადრინდელი გადაწყვეტილებები, რომელთაც დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ გირაოთი შეცვალეს, რაც ზოგჯერ სასაცილო თანხებს შეადგენს. თუ გამოვითხოვთ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს, ვერც ერთ ფაქტს ვერ ვნახავთ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მოსამართლეებს გაებედოთ და პროკურატურის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინოთ. ეს უკვე მეტყველებს, რომ სასამართლო გადავიდა დესტრუქციის რეჟიმში. ამავდროულად, მოსამართლეები ისეთი კატეგორიის დანაშაულის მიმართ გახდნენ ლმობიერები, რომელთა ჩამდენებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს უქმნიან, მაგალითად, ძარცვა და ა.შ. შესაძლოა, ეს მძიმე დანაშაული არ არის, მაგრამ ადამიანისთვის დისკომფორტულია. ეს ყველაფერი აძლევს საშუალებას ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ განაცხადონ,– ნახეთ, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება როგორ შეიცვალაო.
- მთავარმა პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ ქართველი სამართალდამცველები ადეიშვილის მოძებნას და საქართველოში ექსტრადირებას?
- ეს ძალიან რთული იქნება, რადგან როგორც ვიცი, ადეიშვილს რამდენიმე პასპორტი და სერიოზული კავშირები აქვს თავის კოლეგა უცხოელ პროკურორებთან. ამას დავამატოთ“"ნაცმოძრაობის" პიარმანქანა, რომელიც შეეცდება, ადეიშვილი პოლიტდევნილად გამოიყვანოს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მხარეს ძალიან სერიოზული არგუმენტების წარდგენა მოუწევს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მის დაუსწრებლად გაიმართოს.