"რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"
"დღეს ერთადერთი დაკვეთაა ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა"
"დებატებისას პრეზიდენტი თავს ვერ შეიკავებს და საკმაოდ არასასიამოვნოდ განვითარდება მოვლენები"
"ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა, მათ შორის პრემიერმაც უნდა თქვას სათქმელი"
"პიარი ახალ ხელისუფლებას არც ქვეყნის შიგნით აწყენდა"
გვიკვირს ხოლმე, რატომ ეჩვენება ზოგჯერ დასავლეთს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ დევნად. არადა, საკვირველი ნამდვილად არ არის. კერძოდ, დასავლეთში დაიჯერებენ, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის, "თბილსერვისჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 764 კაცი "მუშაობდა"? ალბათ, არა, რადგან ამდენი კაცი პენტაგონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ არის დასაქმებული. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ გერმანელ კოლეგას ვუთხარი, რომ დასუფთავების სამსახურში ცნობილი ანსამბლის ბიჭები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებული, მან ჩათვალა, რომ თქვენს მონა-მორჩილს იუმორის უცნაური გრძნობა აქვს. ან რომელიმე ფრანგი, ან ამერიკელი დაიჯერებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი იმისთვის, რომ "პედაგოგები" ღია მოედნებზე ბავშვებს ეთამაშონ? ძნელი წარმოსადგენია! თუმცა, სამწუხაროდ, რაც უცხოელს შესაძლოა ანეკდოტი ეგონოს, ჩვენთან რეალობაა. ამ ამბებით გამოძიების დაინტერესებას გიგი უგულავა პოლიტიკურ დევნას უწოდებს და მთავრობას ჩუკენობისთვის თავის დანებებას ურჩევს. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ უგულავას მწვავე განცხადებები, სავარაუდოდ, დაკავების შიშით არის გამოწვეული და წინ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.
- კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და როდესაც ადამიანი კანონს დაარღვევს, პასუხიც უნდა აგოს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ასეა ყველა შემთხვევაში, თუნდაც კანონის დამრღვევი თბილისის მერი იყოს და ეს არ არის პოლიტიკური დევნა.
- საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერის განცხადებები ისტერიკულია და რაც უფრო უახლოვდება გამოძიება "მსხვილ საქმეებს", მით უფრო უცნაურ რაღაცებს ამბობს უგულავა. რად ღირს თუნდაც მისი მოწოდება, მთავრობამ ჩუკენობას თავი დაანებოსო. "თბილსერვისჯგუფის" თაობაზე კი უგულავამ თქვა, რომ თურმე თბილისში ბუნკერების გაუქმებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია სჭირდებოდა და ამიტომ ბიუჯეტს 764-კაციანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა შეენახა.
- ბატონი უგულავა არ არის შეჩვეული, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება განაწილებულია. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მთავრობის რომელიმე პირი ან პრემიერი პროკურატურის საქმიანობაში არ ერეოდეს. ჩემი აზრით, დღეს მთავრობა აკეთებს თავის საქმეს, უგულავა კი - თავის საქმეს. ოღონდ უგულავა ამას შეჩვეული არ არის, იმიტომ, რომ ადრე ყველა მსგავსი "საქმე" ანუ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
- ანუ უგულავა ფიქრობს, რომ პროკურატურას მისი დაჭერა აქვს დავალებული?
- ყოველ შემთხვევაში, უგულავას, ალბათ, ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე "ზემოდან" დაკვეთის გარეშე მოხდეს. არადა, დღეს ერთადერთი დაკვეთაა –ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა - დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რაც უნდა თქვას უგულავამ, საქმე მაინც წინ წავა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამართალი მოითხოვს.
- როგორც ვიცი, ერთმა "ნაციონალებთან" დაახლოებულმა ექსპერტმა ყოფილ მმართველ პარტიას ურჩია, რომ ყველა საქმეს პოლიტიკურ დევნად ნუ შეაფასებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს თავი. ეს ამბავი მას შემდეგ გამახსენდა, რაც მექრთამეობის ბრალდებით დავით კეზერაშვილზე საქმე აღიძრა და ეს "ნაციონალებმა" მაშინვე მონათლეს პოლიტიკურ შეტევად.
- მართალი ყოფილა ეგ ექსპერტი. სხვათა შორის, მე უფრო ადრე ველოდებოდი კეზერაშვილზე საქმის აღძვრას. ვიმეორებ, –- ასეთი საქმე კიდევ მრავლად იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის თაობაზე "ნაციონალების" განცხადების მთავარი ადრესატი დასავლეთია.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღადგინოს კავშირი ლობისტებთან და გაათმაგებულად იმუშაოს. არ შეიძლება ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება, რადგან ეს ახალი ხელისუფლების საკრალური შეცდომა იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება აშშ-ის, ევროკავშირის თუ ნატოს მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო პიარის ამუშავება. ისე, პიარი (პროპაგანდას არ ვგულისხმობ) ახალ ხელისუფლებას, ალბათ, არც ქვეყნის შიგნით აწყენდა. აგერ, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 100 მილიონის დარიგება დაიწყო და ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამაზე ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა, მათ შორის პრემიერმაც უნდა თქვას სათქმელი. ხალხთან ყოველდღიური დიალოგი აუცილებელია.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალების" კამპანიას პოლიტიკური დევნის შესახებ მიხეილ სააკაშვილი დირიჟორობს, რომლის ლექსიკა ახალ ხელისუფლებაზე საუბრისას სულ უფრო რადიკალური ხდება. საზოგადოების ნაწილის აზრით, პრეზიდენტი საფუძველს ამზადებს, - თუ ზოგიერთი გარემოება ერთმანეთს დაემთხვევა, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
- ვფიქრობ, სააკაშვილის აქტიურობა თვითგადარჩენის ტექნოლოგიაა. მას, ალბათ, ეყოფა გამჭრიახობა, რომ მთავრობა და პარლამენტი არ დაითხოვოს. შედეგი სავალალო იქნება და შესაძლოა, სააკაშვილი ხალხის რისხვას ფიზიკურად ვერ გადაურჩეს. რაც შეეხება ვერსიას წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, "ნაციონალების" რეიტინგი ნულია. მათ აღარ აქვთ პოლიციური, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსი და ვერც ექნებათ, თუ მთავრობა და მოქალაქეები ფხიზლად იქნებიან. ამიტომაც, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის მიზანი თვითგადარჩენაა.
- ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ გახშირდა კრიმინალური შემთხვევები და თურმე 90-იან წლებში ვბრუნდებით. ისე, დანაშაულმა რომ მოიმატა, ცხადია. რა არის ამის მიზეზი?
- საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მთავარი ის არის, ვინ სჩადის დანაშაულს - ის პირები, რომლებიც კანონით "ამნისტიის შესახებ" გათავისუფლდნენ თუ ის მკვლელები, რომლებიც თავის დროზე შეიწყალა პრეზიდენტმა? როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ მკვლელები, ქურდები და ბანდიტები გამოუშვა პრეზიდენტმა იმ პირობით, რომ მათ 200-200 ხმა მიეტანათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამნისტიის პარალელურად, მოქმედებს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიაც, რომელიც ციხიდან უშვებს და უშვებს პატიმრებს. ჩემი აზრით, დანაშაულის გახშირება უკავშირდება პრეზიდენტისგან შეწყალებულ პირებს.
- სხვათა შორის, პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. თქვენი აზრით, სააკაშვილი აქცენტს რაზე გააკეთებს და დამთავრდება თუ არა ეს ამბავი უსკანდალოდ? Aამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ყველას გვახსოვს, შარშან ჯონდი ბაღათურიამ როგორ დააკარგვინა სააკაშვილს მოთმინება. წელს პრეზიდენტისთვის პარლამენტში გატარებული საათები უფრო მძიმე იქნება, რადგან უმრავლესობად "ქართული ოცნება" ხვდება.
- სამწუხაროდ, არაფერს კარგს არ ველოდები. იმედია, სააკაშვილს ეყოფა გამჭრიახობა, რომ მშვიდად წაიკითხოს მოხსენება. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ველოდები, რომ დებატებისას პრეზიდენტი თავს ვერ შეიკავებს და საკმაოდ არასასიამოვნოდ განვითარდება მოვლენები.
- მოდი, ახალ ხელისუფლებაზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს. თუმცა საზოგადოებაში ეჭვი მაინც დარჩა.
- ჩემი აზრით, კოალიციაში ჩვეულებრივი შიდა პროცესები მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კოალიციის დაშლას გამოვრიცხავ. შემდეგ კი რა მოხდება, ამაზე საუბარი ნაადრევია.
- შეგახსენებთ, რომ შეხვედრას წინ უძღოდა დავით საგანელიძის განცხადება, რომელმაც რაიონებში "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით "თავისუფალ დემოკრატებს" ზოგიერთი წევრის გარიცხვის მოთხოვნით მიმართა. საგანელიძემ აღნიშნა, რომ ეს ხალხი შესაძლოა, "ნაციონალების" ჩანერგილია.
- საგანელიძის განცხადებაში საკვირველი არაფერია. "ნაციონალებს" ყველა სტრუქტურაში თუ ორგანიზაციაში ჰყავდათ აგენტი ჩანერგილი. აგენტი კი ყოველთვის რეზიდენტის ბრძანებას ასრულებს.
- და მაინც, დარწმუნებული ხართ, რომ კოალიციაში განსაკუთრებული არაფერი ხდება? მაგალითად, ბრძოლა იმისთვის ხომ არ მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი? ამას რომ თავი დავანებოთ, არსებული ინფორმაციით, "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის დიდი უთანხმოებაა იმის თაობაზე, ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს თუ საპარლამენტო. ასევე, "ეროვნული ფორუმისა" და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გაერთიანება ჩაიშალა.
- დარწმუნებული ვარ, ასეთი უთანხმოება კოალიციის ერთიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. საზოგადოდ, მე საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, სადაც პრეზიდენტი საზოგადო მოღვაწე იქნება და არა ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, რომელიც ერთი მხრივ აცხადებს, რომ პრეზიდენტია, მეორე მხრივ კი თურმე ოპოზიციაშია. ეს ნონსენსია. ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს წარმომადგენლობითი ფიგურა, რომელიც მთელი საქართველოს პრეზიდენტი იქნება. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პარტიულ კუთვნილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მისი უფლებამოსილებები შეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებაში" ამაზეც მიაღწევენ კონსენსუსს.
- "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, რომ ზემოხსენებული ამბები საჯარო განხილვის საგანი ხდება? Eეს იწვევს მითქმა-მოთქმასა და ათასგვარი ვერსია ვრცელდება.
- ეს "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეთოდია, - ყველაფერი საჯაროდ უნდა ითქვას. ივანიშვილი პოლიტიკურ გულახდილობას ამკვიდრებს.
- პოლიტიკური გულახდილობის პარალელურად, ხომ არ უნდა მოუწოდოს პრემიერმა თავის თანაგუნდელებს უფრო მეტი თავშეკავებისკენ? აგერ ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ცემა-ტყეპის სხვა ფაქტებიც დაფიქსირდა. ამას "ქართული ოცნებისთვის" დივიდენდები ნამდვილად არ მოაქვს.
- ეს ყველაფერი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ზოგჯერ თავშეკავება გვღალატობს ხოლმე.
- რეგიონებში გამგეობებსა და საკრებულოებთან კვლავ გრძელდება აქციები და კაბინეტებში შეჭრა-შევარდნები. რატომ არ მშვიდდება რეგიონებში ვითარება - ახალი მთავრობა ვერ აკონტროლებს თუ მართლა "ნაციონალების" ინსპირირებულია?
- "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ მას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. თუმცა თვითმმართველობებში, ძირითადად, ისევ "ნაციონალები" არიან. ხალხს აღარ ჰყოფნის მოთმინება, აღარ უნდა ეს "ნაციონალური მოძრაობა" და იბრძვის, რომ რამე შეცვალოს.
- თუმცა უკვე გახშირდა შემთხვევები, როდესაც გამგებლისა თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნების" სხვადასხვა ჯგუფი უპირისპირდება.
- კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც" არაჰომოგენური მასაა. რა თქმა უნდა, იქ შემავალ ყველა პარტიას თავისი ინტერესი აქვს. გარდა ამისა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც.
- საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ კანონს "ამნისტიის შესახებ" პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და წუხილი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ დაელოდა. სამაგიეროდ, მიიღო პირობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში ვენეციის კომისიის წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული.
- როგორც ვიცი, ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოიწონა. მან ქართულ მხარეს სთხოვა, შეაჩეროს სასამართლოს რეფორმა თებერვლის ბოლომდე, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდება. ბუკიკიოს ასეთი პოზიცია გასაგებია. არადა, დროა, დავიწყოთ დამოუკიდებლად მუშაობა, რადგან სუვერენული სახელმწიფო ვართ და ყველას არ უნდა დავეკითხოთ ყველაფერი. კი ბატონო, სასამართლო რეფორმაზე საინტერესოა ვენეციის კომისიის აზრი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სახელმწიფოს სჭირდება და არა ვენეციის კომისიას.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ. კერძოდ, ევროკავშირი დღეს უცნაურ მდგომარეობაშია. ოღონდ რაიმე გაეკეთებინათ სააკაშვილისთვის და მოიწონა ძველი ხელისუფლების დროს შექმნილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც არაფრად ვარგა. დღეს, როდესაც ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა იქმნება, ევროკავშირი უხერხულ მდგომარეობაშია. კარგ კანონს ვერ დაიწუნებენ, მაგრამ ძველის უვარგისობა რომ აღიარონ, თავიანთი თავისვე გაკრიტიკება მოუწევთ.
- ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო კურსის კონსტიტუციით გარანტირების აუცილებლობას ვერ ხედავს, როგორც ამას "ნაციონალები" ითხოვენ.
- არასერიოზულია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერო საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ. ვთქვათ, გავიდა 20 წელი და საქართველოს ხელისუფლებამ კურსი ჩინეთისკენ აიღო. რა ვქნათ, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ? Kკონსტიტუციამ უნდა განსაზღვროს შიდასახელმწიფოებრივი საკითხები და კონკრეტულ საგარეო კურსზე ჩანაწერის გაკეთება უცნაური იქნებოდა.
- Human Rights Watch-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მემკვიდრეობით მიღებული შემაშფოთებელი მდგომარეობა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უფლებების დარღვევის შემთხვევათა გამოძიებისას ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უნდა უზრუნველყოს მისი საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლი და პრიორიტეტად გამოაცხადოს უმძიმესი დარღვევების გამოძიება.
- Human Rights Watch-ი შეჩვეული იყო, რომ ძველი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ეშინია, ეს დღესაც არ განმეორდეს. ეს ორგანიზაცია ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის არდაშვებისკენ რომ მოუწოდებს, გასაკვირი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საერთაშორისო არენაზე პიარი გასაძლიერებელია.