"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"
"საგანგაშოა, როცა ადამიანი, რომელიც თავს პრეზიდენტს უწოდებს, ტყუილს ქვეყნის პრესტიჟად მიიჩნევს"
"რჩება გარკვეული სკეფსისი მინისტრების როლის მიმართ"
კოჰაბიტაცია, როგორც ჩანს, ნაადრევად "გარდაიცვალა", მაგრამ ამის აღიარება არც ჩვენ გვსურს და არც ჩვენს უცხოელ მეგობრებს. სახეზეა პოლიტიკური კრიზისის სერიოზული ნიშნები, საიდანაც ერთი ნაბიჯია სახელისუფლებო კრიზისამდე. საგანგაშო 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი კი არ არის, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ ძალას დიდად არ მოუკლავს თავი ცემა-ტყეპის ასარიდებლად. შეიძლება დაუსრულებლად ვიდაოთ იმაზე, იყო თუ არა ბიბლიოთეკასთან საკმარისი რაოდენობის პოლიციელი ან ასრულებდნენ თუ არა "ნაციონალები" გიგი უგულავას თამადობით პროვოკატორების როლს, როდესაც მაინცდამაინც გამწარებული ხალხის მასის გავლით მოინდომეს შენობაში შესვლა. მთავარი და საგანგაშო ის არის, რომ მხარეები მზად არიან, ასეთ გამწვავებებზე წავიდნენ. თუ ბიბლიოთეკის ეპიზოდი ტენდენციად იქცა, ყველაფერი უკან მოგვრჩება. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობაში მეტი თავშეკავება დაიმკვიდრებს, თუმცა აცხადებს, - "ნაციონალებმა" რაც დასთესეს, იმას იმკიანო.
- ის ყელყელაობა, რომლითაც "ნაცმოძრაობის" ლიდერები მიემართებოდნენ გადაჭედილ ქუჩებზე, თავისთავად გამომწვევი ქცევა იყო. ასეთი ქმედება აღიზიანებს იმ ნაწამებ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი. საერთოდ, არა მგონია, რომ რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩა მომხდარით, მაგრამ დაზარალდა იმიჯი იმ ქვეყნისა, სადაც თითქოსდა დემოკრატიულად მოხდა ხელისუფლების გადაცემა. მე ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან არაერთი ფაქტი მაქვს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენა. უბრალოდ, მათ მიერ შემუშავებულმა ვერაგულმა მოდელებმა შედეგი არ მოიტანა. სხვათა შორის, პრეზიდენტის გამოსვლიდან რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე - რას ველოდები პრეზიდენტის გამოსვლისგან? - ვთქვი, რომ პრეზიდენტისგან არანაირ სიურპრიზს არ ველოდი. მხოლოდ ის მსურდა, პრეზიდენტის გამოსვლას არ ჩაევლო "იმ აკომპანემენტით", რომლის კადრები შემოივლიდა მსოფლიო ტელევიზიებს. სამწუხაროდ, ამას ვერ ავცდით. სხვათა შორის, არც ეს იყო ძნელად პროგნოზირებადი. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ - რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
თუ წლების განმავლობაში თესავ ზიზღს, მასვე მიიღებ. სწორედ ამ ზიზღის გამოხატულება იყო, რაც მოხდა 8 თებერვალს. თუმცა იმედია, ჩვენი მოსახლეობა ისწავლის ემოციების მოთოკვასა და თავშეკავებას.
ნურც ის დაგვავიწყდება, რას ბრძანებდა მარტინ ლუთერ კინგი - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მოკლედ, 8 თებერვლის პროტესტის საფუძველი გინდ ქართულად გაიაზრონ "ნაციონალებმა", გინდ ამერიკულად, ორივე ფორმულა მოქმედებს ქართულ რეალობაში.
- წესით, 8 თებერვალს პრეზიდენტი ანგარიშით პარლამენტში უნდა წარმდგარიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მისი გამოსვლა გადადო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ საზოგადოებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა.
- არ გამოვრიცხავ, რომ ქუთაისის პარლამენტთან გადაღებული კადრები უფრო მძიმე საყურებელი ყოფილიყო, ვიდრე ის, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვნახეთ. თუმცა
არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე დივიდენდის მომტანია დღევანდელი უმრავლესობისთვის გადაწყვეტილება პრეზიდენტის გამოსვლის გადადების შესახებ. ეს, ცხადია, არაერთი ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორის უკმაყოფილების საბაბი გახდება და ამ გადადებულ გამოსვლას მიეწერება 8 თებერვლის აურზაური.
ჩვენს უცხოელ მეგობრებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმ მილიონ ორასი ათას ადამიანზე, რომლებიც თავისი ხელმოწერებით ადასტურებენ რეალობას - საქართველოს დღეს ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ ჰყავს და სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა 20 იანვარს ამოიწურა. თუმცა, სწორედ ახლა, იმ დებატების შემდეგ, რაც მოვისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, უპრიანი იქნებოდა, სააკაშვილისგან გაეგოთ მისი დამოკიდებულება იმ დიქტატორული საკონსტიტუციო მუხლის მიმართ, რომელიც უფლებას აძლევს, პარლამენტის გვერდის ავლით, უბის წიგნაკში ჩამოწეროს გვარ-სახელები და მას საქართველოს მთავრობა უწოდოს. ჩვენ პრეზიდენტის რეზიდენციაში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მოვისმინეთ, რომ თურმე "ნაციონალები" მზად არიან ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისთვის, მაგრამ პარლამენტში გამოსვლისას ეს სააკაშვილის არც ერთ თანაგუნდელს არ დაუფიქსირებია. ასე რომ, სააკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის არის განკუთვნილი.
- პარლამენტში გამართული დებატები ახსენეთ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნა. თუმცა ამ ცვლილებების გარშემო მსჯელობას მინიმალური დრო დაეთმო და ძირითადად, ვიხილეთ ის, რომ უმცირესობა მასზე ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობდა, უმრავლესობა კი "ნაციონალებს" მათი მმართველობისას ჩადენილ ცოდვებს უხსენებდა.
- "ნაციონალებმა" კარგად დახვეწეს აქტივისტებისთვის საშინაო დავალების მიცემის მეთოდი და დებატებისას, დღის ბოლოს, უკვე ღიმილის მომგვრელი იყო, რომ ყველა ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა. იგივე მოხდა 8 თებერვლის მოვლენებისას, - ყველამ ერთნაირი კომენტარი გააკეთა - სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, რომელიც გულგახეთქილია, რომ პოლიციამ ხალხი არ დაარბია და უშიშროების საბჭოს მდივანმა, რომელიც თავად იქცა ქვეყნისთვის საშიშროებად. დაიწყეს საუბარი ჯაბა იოსელიანსა და 90-იან წლებში დაბრუნებაზე. სხვათა შორის, იგივე ხდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს. თავად ვარ მომსწრე, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისას როგორ განახორციელა ლევან რამიშვილმა ოცდაორი ზარი და "მიაწოდა" "ნაციონალებს" არგუმენტაცია, რატომ იყო საჭირო "იმედის" შეჩერება. ამ დირექტივებს შემდეგ მაშინდელი პარტიის წევრები სხვადასხვა ტელეეთერში კაჭკაჭებივით იმეორებდნენ. ეს მოდელი დღესაც არსებობს და ნუ გაგვიკვირდება, ყველა ერთად თუ ილაპარაკებს ზეწოლაზე და თან ისე, რომ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ამ ტერმინის მნიშვნელობაც არ იცოდეს.
- 8 თებერვალს პრეზიდენტმა მაინც მიმართა საზოგადოებას, ოღონდ უკვე თავისი რეზიდენციიდან. სააკაშვილის გამოსვლა, ალბათ, ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პარლამენტში გამოსვლისთვის განკუთვნილი ტექსტი, რომელიც პრეზიდენტმა რეზიდენციაში წაიკითხა, მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული იყო. სამაგიეროდ, კითხვა-პასუხის რეჟიმისას, სააკაშვილის ლექსიკაში დაბრუნდა აგრესიული ტერმინოლოგია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სიტყვა უფრო მეტ ლირიკას შეიცავდა, ვიდრე პოლიტიკურ მესიჯებს.
- მართლაც, მე დავინახე ორი ვადაგასული პრეზიდენტი: ერთი, რომელიც ტექსტს კითხულობდა და მეორე, რომელიც ჟურნალისტებს პასუხობდა. ტექსტი აკადემიური გახლდათ და საზოგადოებაზე გათვლილი ტირადები ეფექტური იყო. აღსარების მსგავსი მომენტებიც დავინახეთ. მაგალითად, როდესაც ის სასამართლო სისტემაზე ზეწოლას შეეხო, განაცხადა, - გაჩნდა შანსი, რომ სასამართლო სისტემამ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს. წარსულში არ ჰქონდა შანსი? აკი კუბლაშვილის სასამართლოს მოსახლეობის 82% ენდობოდა კუბლაშვილისვე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით? ასევე აღმოჩენასავით გააკეთა პრეზიდენტმა - საარჩევნო კამპანია დასრულდა და ვიდრე ახალი დაწყებულა, პაექრობისა და ცილისწამებისგან თავი უნდა შევიკავოთო. უკაცრავად, მაგრამ მისი რომელი გამოსვლა გვარწმუნებს, რომ საარჩევნო კამპანია დასრულდა და როდის არ გაუკეთებია ცილისმწამებლური და დემაგოგიური განცხადებები ოპონენტების მიმართ?
სააკაშვილმა ისევ გაიმეორა ძველი თეზისები - საქართველოში 200 პოლიტიკოსი არ გვყავს და 200 პოლიტპატიმარი საიდან გაჩნდაო. ასე მიამიტად წარმოჩენა არ ეკადრება ადამიანს, რომელიც 9 წელია, თავს პრეზიდენტს უწოდებს. ჩემგან სააკაშვილს არ ესწავლება, რომ არ არის აუცილებელი, პოლიტპატიმარი მაინცდამაინც პოლიტიკოსი იყოს. ადამიანი, რომელიც უკანონოდ დასჯისთვის გაიმეტეს, არის მსხვერპლი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა. ასე რომ, შეიძლება პოლიტპატიმრის სტატუსს ორი ათასი კაციც იმსახურებდა. სააკაშვილი ისევ დაბეჯითებით ლაპარაკობს ციხიდან გამოშვებული ჯაშუშების თემაზე. ამდენ ნერვიულობას, არ სჯობდა, გაეცა ბრძანება, რომ ზემოხსენებული პირების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას? იქნებ ამის შემდეგ ყველამ ერთად შევიჯავროთ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირები. მივმართავ მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, მათ მაინც მოაბან თავი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულთა საქმეების გასაჯაროებას.
- სააკაშვილმა ის ოთხი პრინციპი დაასახელა, რომლის გარშემოც ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეჩერებულ პროექტებზე (ლაზიკა), რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, დასავლეთის კეთილგანწყობის დაკარგვის საშიშროებასა და იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა, ნავთქურებისა და კრიმინალების ბატონობის ეპოქაში დაბრუნდეს. სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც ისაუბრა. სხვათა შორის, ამაზე "ნაციონალები" სულ უფრო ხშირად აკეთებენ აქცენტს.
- სააკაშვილის ზემოხსენებული განცხადებები განკუთვნილი იყო პირველ რიგებში მსხდომი დიპლომატებისთვის. რასაკვირველია, ისინი ამავე ტერმინების გამოყენებით გაგზავნიან ანგარიშს თავიანთ საგარეო საქმეთა სამინისტროებში. სააკაშვილის საუბარი იმაზე, რომ მისი ჯგუფი ახალ ხელისუფლებასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას აპირებს, ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ვიცით პრეზიდენტყოფილის თანაგუნდელ ვანო მერაბიშვილის განცხადება - ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ დაველოდებითო. რაც შეეხება ოთხ პრინციპს - ეს იგივეა, რაც ის, რომ ქეიფი სჯობს ავადმყოფობას. ამაში სააკაშვილს არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ისე წარმოაჩენს, თითქოს ვინმეს არ სურს, საქართველო იყოს სუვერენული სახელმწიფო, ჰქონდეს კონსტიტუციური დამოუკიდებლობა, იყოს ცივილიზებული ქვეყანა და სახელმწიფო, სადაც ყველას ექნება წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
ასეთი პრიმიტიული გზავნილებით ყოფილმა პრეზიდენტმა არც თავი უნდა გადაიტვირთოს და არც უცხოელი დიპლომატები დატვირთოს. სხვათა შორის, სააკაშვილმა განაცხადა - მოდი, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენს წარსულს ვიმსახურებდეთო. ღმერთმა დაგვიფაროს სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული წარსულის დამსახურებისგან. საქართველოს მოსახლეობისთვის საფრთხეს სწორედ ბოლო 8-9- წლიანი წარსული შეიცავს. კიდევ ერთი განცხადება გამოუვიდა აღსარებასავით - არჩევნებში ხალხმა დაგვსაჯაო. ერთი ისიც მიგვითითოს, საპარლამენტო უმცირესობის რომელი წევრი ჰგავს დასჯილს და არ ყელყელაობს, როგორც პირწავარდნილი რევანშისტი. ისიც თქვა, რომ "ნაციონალების" ოპონენტები ევროინტეგრაციის შეჩერებას ემხრობიან. ამას გუშინ ჩამოსული ელჩიც არ დაიჯერებს. "ნაციონალებმა" ვერ გაითავისეს, რომ რეალობა შეიცვალა და უცხოეთისთვის მხოლოდ თვითონ აღარ არიან ინფორმაციის ერთადერთი წყარო. სხვათა შორის, იმასაც გეტყვით, რაშიც შემიძლია სააკაშვილს დავეთანხმო. გაუნათდა გონება და განაცხადა - ცოცხების სროლა სიძულვილის სიმბოლოაო.
ასევე თქვა, რომ გირგვლიანის საქმე მისი ხელისუფლებისთვის შავი ლაქაა. მან ასევე უარყო ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ახალი "სიბრძნე", რომლის მიხედვითაც, თურმე საარჩევნო ბარიერი 1%-მდე უნდა შემცირდეს. სააკაშვილმა ეს დამაჯერებლად უარყო და ისაუბრა პარტიების გამსხვილებაზე. ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა ჩემთვის აღმაშფოთებელია სააკაშვილის ღია მოწოდება ახალი ხელისუფლებისადმი - ისიც იმავე სიცრუის დოზით წარდგეს საზღვარგარეთის წინაშე, როგორც სააკაშვილი და მისი გუნდი იქცეოდა. კერძოდ, მის მიერ დაუსახელებელმა პირმა (ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს), საზღვარგარეთ თქვა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემები, თითქოს საქართველო ბიზნესის კეთებით მეხუთე ადგილზეა, სიყალბეა. შესაბამისად, ინვესტორმა, რომელმაც ეს მოისმინა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას ჯვარი დაუსვა. პრეზიდენტყოფილმა თქვა, - ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული მონაცემები ტყუილიც რომ ყოფილიყო, უნდა გვემტკიცებინა, მართალიაო. ეს კაცმა როგორ უნდა იკადრო ამხელა აუდიტორიის წინაშე, - გამოდის, რომ ეს თვითლუსტრაციაა. კერძოდ, ისინი ავრცელებდნენ არა სიმართლეს, არამედ სიყალბეს. საგანგაშოა, როცა ადამიანი, რომელიც თავს პრეზიდენტს უწოდებს, ტყუილს ქვეყნის პრესტიჟად მიიჩნევს. უცხოელი დიპლომატებისთვის ალბათ ყველაფერი გასაგებია.
- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავრობის მიერ 100 დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით წარდგა. Pპრემიერი აცხადებს, რომ სასიკეთო ძვრები უკვე გამოჩნდა და კონკრეტული ციფრებიც დაასახელა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ირაკლი ალასანიასთან და კოალიციის სავარაუდო კანდიდატთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებდათ.
- ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ინფორმაციული იყო. ამავე დროს რჩება გარკვეული სკეფსისი მინისტრების როლის მიმართ. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ. ზოგიერთი სამინისტრო პასიურია და კონკრეტულ სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია პირადად პრემიერისგან მოვისმინეთ. ეს, ალბათ, უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებებს საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით - ჩემი აზრით, მკაფიოდ იკვეთება ორი მოდელი: საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იქნება თუ საპარლამენტო.
საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ძნელად წარმომიდგენია ირაკლი ალასანია, საპრეზიდენტო რესპუბლიკისა კი - ვახტანგ ხმალაძე. ჩემი ახლობელია, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ხმალაძე უმაღლეს მთავარსარდლად. გარდა ამისა, არ მჯერა, რომ ირაკლი ალასანიას სურდეს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა და შეზღუდული უფლებების პირობებში იქნება მზად, 45 წლის ასაკში პოლიტიკურ პენსიაზე გავიდეს. მისმა საუბარმა მიმანიშნა, რომ ემხრობა საპარლამენტო მოდელს. არ გამოვრიცხავ, მხარს უჭერდეს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას. ეს აზრთა სხვადასხვაობას ნამდვილად გამოიწვევს. თუ პარლამენტის არჩეული იქნება პრეზიდენტი, მუდმივი კრიტიკის ატმოსფეროში მოუწევს მუშაობა. კერძოდ, ოპოზიცია მუდმივად იტყვის - საყოველთაო არჩევნები რომ გამართულიყო, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დანიშნული კი არა, ჩვენი კანდიდატი იქნებოდაო. ასევე იტყვიან, რომ ადრე მილიონი კაცი ირჩევდა პრეზიდენტს, დღეს კი 100 კაცი ირჩევს. ამიტომაც, თუ უმრავლესობა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე ფიქრობს, სჯობს მიიღოს ზომები საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის, რათა ეს მოდელი მოსახლეობის მიერ იყოს გაზიარებული და არა თავს მოხვეული.