"ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს"
"ასეთი დოკუმენტური შვარცენეგერიზმი მართლაც ბევრ ეჭვს ბადებს"
"გარემოცვამ სააკაშვილზე გავლენა გააძლიერა"
თქვენი მონა-მორჩილის მეზობლად ერთი "ნაციონალი" კოორდინატორი ცხოვრობს - კარგი და კაცური კაცი. ოღონდ, ერთი უცნაურობა ახასიათებს - როდესაც პატრული დააჯარიმებს, დარწმუნებულია: სპეციალური სიების საფუძველზე, თავისი პოლიტიკური მრწამსის გამო აჯარიმებენ. რას იზამ, "ცისფერი მთების" პერსონაჟის არ იყოს, პატარა კაცია და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, "ზემოთ" მყოფთ, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს უკვე ავტომატიზებული აქვთ - ნებისმიერი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულად მონათლონ. ამაში ჩემპიონი თბილისის მერი გიგი უგულავაა, რომელიც ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს, მიუხედავად იმისა, მას ჯიხურის მეპატრონე უჩივის თუ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების ორგანიზებაში ედავებიან. სხვათა შორის, შესაძლოა, მინიისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდეთ და როგორც "ნაციონალებს" უყვართ თქმა, პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტი დაჰკითხონ. ყოველ შემთხვევაში, არჩილ კბილაშვილის ცნობით, ტელეკომპანია "იმედის" საქმეში უგულავასა და კეზერაშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებდა და შესაძლოა, პრეზიდენტს მოწმის სტატუსით გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემამ მოუწიოს. ექსპერტი ბადრი ნაჭყებია მიიჩნევს, რომ დროა, კანონი ყველას ერთნაირად ეპყრობოდეს - მეეზოვით დაწყებული, მერითა თუ პრეზიდენტით დამთავრებული.
- დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს საოცარი მოვლენა, თუ პრეზიდენტთან გამოძიებას კითხვა გაუჩნდება. აშშ-ში თავის დროზე პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაჰკითხეს, ისრაელში კი - მოშე კაცავი, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. კანონი ინდულგენციას არავის აძლევს და დროა, ეს ჩვენთანაც დამკვიდრდეს. რაც შეეხება გიგი უგულავას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ტელეკომპანია "იმედთან" თუ "თბილსერვისთან" დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. ბრალდებები მართლაც მძიმეა და თუ მართლაც მოქმედებდა აღნიშნული სქემა, საგანგაშოდ ყოფილა საქმე. ისე, საინტერესოა, პატარკაციშვილის ოჯახმა თუ იცოდა ამის შესახებ და თუ იცოდა, რატომ დუმდა.
- ბრალდებას უგულავა პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობას თბილისის თვითმმართველობის ხელში ჩაგდება სურს.
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. უგულავამ ნაჩქარევად არ უნდა შეაფასოს მოვლენები. ვიმეორებ, ბრალდება ძალიან სერიოზულია, რომელიც გამოძიებას საჭიროებს.
- რაც ცნობილი გახდა, რომ უგულავას ბრალდებას წაუყენებდნენ, იმავე დღეს "ნაციონალებმა" მერიაში საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. პირველ ვიცე-მერად სევდია უგრეხელიძე ინიშნება, მერის მოადგილედ კი - ვანო მერაბიშვილი.
- გასაგებია, რას ემსახურება ეს საკადრო ცვლილებები - თავს იზღვევენ იმ შემთხვევისთვის, თუ უგულავას დააკავებენ. უგრეხელიძის რა მოგახსენოთ, მაგრამ მერაბიშვილის მერიაში გადასროლით სააკაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის დათმობას არ აპირებს.
ორხელისუფლებიანობის პერიოდში დედაქალაქისთვის ბრძოლა მწვავდება და ფართომასშტაბიანი ხდება.
- ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის არის, რომ უგულავასთვის ბრალის წარდგენას "ნაციონალები" უკავშირებენ 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას - ივანიშვილს აქციის შეეშინდა და "ნაციონალი" ლიდერების დევნა დაიწყოო.
- ესეც პიარტექნოლოგიაა. ისე, ღიმილის მომგვრელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავს ოპოზიციას უწოდებს. საქართველოში კლასიკური ორხელისუფლებიანობაა. "ნაციონალების"
19 აპრილის მიტინგზე იქნება მცდელობა, რომ გამოიწვიონ ძალოვანი სტრუქტურები, როგორც ეს "ფერადი რევოლუციების" დროს ხდება.
თუ მიზანს მიაღწევენ, ჩაგრულის იმიჯს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" მოირგებს. ასეთი ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დივიდენდები მიიღონ. 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე არ უნდა ვილაპარაკოთ. შესაძლოა, გაიმართოს პარალელური აქციაც და, მაგალითად, ეს გამართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ. შესაბამისად, რა მოხდება, არავინ იცის. თუმცა თუ რაიმე მოხდა, პოლიციას ჩარევა მოუწევს. ამიტომაც "ნაციონალების" მთავარი მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიციის გამოწვევა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენაა.
- ამის მთავარი ადრესატი დასავლეთი იქნება?
- რასაკვირველია. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალებმა" ასევე გამოიყენონ "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების მეორე თუ მესამე პუნქტი მიზნად ისახავს ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას. სხვათა შორის, ამის სერიოზული გამოცდილება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომაც მეორე მხარე და მთლიანად საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს. იმედია, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ეყოფათ ჭკუა, რომ ვითარება არ გაამწვავონ.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუბიკონის გადალახვა არ შეიძლება, თორემ სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ.
არ მინდა სირია ან ლიბია გავიხსენო, მაგრამ ეგვიპტის მაგალითს მოვიყვანდი, სადაც პერმანენტული დაპირისპირებაა და ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია. საქართველოშიც, თუ არ დამთავრდება ორხელისუფლებიანობა და ერთი პოლიტიკური ძალა არ მიიღებს კარტბლანშს, სულ პოლიტიკური ქაოსი იქნება. იმასაც ვიტყოდი, რომ ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს. ქვეყანაში ადეკვატური პიარკომპანია არ მიმდინარეობს მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აუდიოვიზუალური მასმედიის გამოყენებით სერიოზულ სამუშაოებს ატარებს. ისინი ახერხებენ, მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდეთ საზოგადოება და რაც მთავარია, თვითონ იყვნენ ყურადღების ცენტრში, მათგან მოდიოდეს ინიციატივები. ახალ ხელისუფლებას რეზონანსული საქმეების სახით სერიოზული კოზირი აქვს, მაგრამ მათი გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს. პარალელურად კი, არ არსებობს პიარი, რომელიც მოსახლეობას აუხსნიდა, რატომ ჭიანურდება ამა თუ იმ საქმის გამოძიება. შესაბამისად, იქმნება სეგმენტი, რომელიც ამით უკმაყოფილოა.
"ნაციონალები" კი ამ სეგმენტზეც "მუშაობენ" და ასეთი ტიპის უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ამიტომ თუ ამ პრობლემას სერიოზულად არ მიხედა ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, ყველაფერი სავალალოდ დამთავრდეს. 19 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი თემა ის არის, რომ საქართველოს მომავალი რუსეთი არ არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ კარგად იყენებენ "ნაციონალები" ამა თუ იმ საკითხს. მათ რუსეთის თემის პედალირებით არა მხოლოდ საშინაო, საგარეო არენაზეც მიაღწიეს იმას, რომ ახალი ხელისუფლება თავს იკავებს რუსეთთან უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებაზე.
არადა, საქართველოს ეკონომიკური მომავალი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, დავალაგებთ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაში სირთულეებიც გაჩნდეს და "ქართულ ოცნებას" გაუჭირდეს ან დროში გაეწელოს დაპირებების შესრულება. ამით ისევ და ისევ "ნაციონალები" ისარგებლებენ, რომლებიც მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ "ქართული ოცნება" დაპირებებს არ ასრულებს.
- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სირთულეები იმ საბოტაჟის დამსახურებაა, რომელსაც ხელისუფლების "ნაციონალური" ნაწილი ახორციელებს. პრესაშიც არაერთ კონკრეტულ ფაქტზე გამახვილებულა ყურადღება.
- არ არის გამორიცხული. თუმცა უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბრო, მტკიცებულებები უნდა მქონდეს. თუ მსგავსი რამ მართლაც არსებობს, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. ამისთვის
ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა გააფართოოს საკადრო რესურსი ყველა მიმართულებით - პროკურატურით დაწყებული, ნებისმიერი სხვა სტრუქტურით დამთავრებული.
სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებას ეს რესურსი არ აქვს. ზემოთ უკვე ვახსენეთ რეზონანსული საქმეები, რომელთა გამოძიების გაჭიანურება ძალიან აზიანებს ახალი ხელისუფლების იმიჯს.
- გასულ კვირას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ის იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიება საჯარო მოხელეთა ამნისტიის თემა. დეპუტატების განცხადებით, "ნაციონალებს" სრული ამნისტია სურდათ და არა გრადაცია საჯარო მოხელეების რანგის მიხედვით, როგორსაც "ქართული ოცნება" სთავაზობდა.
- სპეციფიკური სიტუაციაა - ერთი მხრივ "ნაციონალებს" სურთ ამნისტია, მეორე მხრივ კი, არ სურთ, რომ ამას ამნისტია ერქვას. მართლაც, თუ საჯარო მოხელეებისთვის სამართალდარღვევის პატიებას ოფიციალურად ამნისტიას ვუწოდებთ, გამოდის, რომ ოფიციალურად ვაფორმებთ - "ნაციონალური" ხელისუფლება დანაშაულებრივი იყო. ამიტომაც "ნაციონალები" ყველაფერს გააკეთებენ ამ ტერმინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
- საზოგადოების ერთი ნაწილი იმასაც მიიჩნევს, რომ "ნაციონალები" მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის დათანხმდნენ და რეალურად არ აპირებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას. ამ ვერსიის მიხედვით, პრეზიდენტი არ დათმობს უფლებამოსილებას და მათ შესაბამის დროს, მაგალითად, აპრილში, ქვეყნისთვის ქაოსის აცილების მომიზეზებით პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ გამოიყენებს.
- თუ ეს გააკეთა, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც სირიასა და ლიბიაში, მაგრამ მივიღებთ ტუნისისა და ეგვიპტის სცენარებს. საქართველო გახდება არასტაბილურობის კერა და ქართული პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი პერმანენტული კრიზისი იქნება. ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ასევე ვიმედოვნებ, რომ ის განახლდება და მხარეები კომპრომისს მიაღწევენ. ყურადღება მინდა გავამახვილო "ნაციონალების" მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირებულიყო. არადა, საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, "ქართულ ოცნებაში" მეტია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის სეგმენტი. არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნატოსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში რაიმე ჩანაწერი გვქონდეს - ელემენტარულად, ბევრი ბლოკი დაშლილა. სავარაუდოდ, ამას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ხვდებიან.
- ზემოთ რეზონანსულ საქმეებზე ისაუბრეთ. ფაქტობრივად, პროკურატურას დახურული ჰქონდა ბუტა რობაქიძის საქმე, როდესაც შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალა გაავრცელა. პირადად თქვენ ამ მასალამ კითხვები და ეჭვი გაგიჩინათ?
- ჩემთვის გასაკვირი იყო ამ მასალის გამოჩენა, რადგან ვიდეომასალის ნამდვილობის დამტკიცება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პრობლემა არ არის. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს - ის უკავშირდება სიტუაციურ მომენტებს. ვიდეომასალაში პოლიციელების მოქმედება არაადეკვატურია. გასროლის მომენტს მივაქციოთ ყურადღება - როგორც წესი, ასეთ დროს პოლიციელები სხვაგვარად იქცევიან. ასეთი დოკუმენტური შვარცენეგერიზმი მართლაც ბევრ ეჭვს ბადებს. სწორედ ამ მომენტის გამო ეჭვი შემაქვს ამ ფირის ნამდვილობაში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ექსპერტიზის პასუხს.
- სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ანგარიშით მარტის ბოლოს წარდგება. ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, რადგან უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს ჯერ წართმეული უფლებები უნდა დაუბრუნოს, თორემ საკანონმდებლო ორგანოში ცარიელი კედლები დახვდება. თუ შედგა სააკაშვილის გამოსვლა, ის 8 თებერვლის მოხსენებას მეორედ წაიკითხავს, თუ რაიმე ახალ აქცენტებს გააკეთებს?
- მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ორხელისუფლებიანობის განმტკიცებისა და თავისი გუნდის გამხნევებისკენ იქნება მიმართული. ისე, ეს ორხელისუფლებიანობაც უცნაურია - ხელფასს იღებენ გუბერნატორები, უშიშროების საბჭოს მდივანი და რეალურად, მათ ფუნქცია არ გააჩნიათ.
- ახალი ხელისუფლება გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებას 2014 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს.
- მართლაც აქვს ასეთი ინიციატივა ახალ ხელისუფლებას, რაც სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს. დავუბრუნდები სააკაშვილის სავარაუდო გამოსვლას - მისი მიზანი იქნება, საზოგადოებას შეახსენოს - ქვეყანაში არის პრეზიდენტი, მუშაობენ გუბერნატორები და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელსაც ვერც ერთი ანალიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ვერ განსაზღვრავს. თუმცა ვფიქრობ, დღეს პრეზიდენტი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს, როგორც ადრე აკეთებდა.
- ანუ გარემოცვის ზეგავლენის ქვეშაა?
- რასაკვირველია. ჩემი აზრით, გარემოცვამ მასზე გავლენა გააძლიერა.
- ამ ზეგავლენაში ვინ თამაშობს მთავარ როლს - ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა თუ გიგა ბოკერია?
- ვფიქრობ, მაინც გიგა ბოკერია, რომლის პოზიცია საკვანძო თემების განხილვისას გადამწყვეტ როლს თამაშობს.