"რასმუსენისთვის სააკაშვილი და საქართველი იდენტური ცნებებია"
"მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. ფაქტობრივად, ეს ხალხი ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩის თვალწინ დააკავეს და ამ მოვლენის შესაფასებლად ანდერს ფოგ რასმუსენი "მოიწვიეს"
27 ივნისს მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავებამ, გათავისუფლებამ და ისევ დაკავებამ ერთი ანეკდოტი გამახსენა: კახეთის ერთ-ერთ სოფელში მიტუა თანასოფლელებს ყოველდღე მაგრად ჟეჟავდა, შეწუხებულებმა ფული შეაგროვეს და კარატისტი დაიქირავეს. როცა მიტუა სოფლის "ბირჟას" მიადგა და თანასოფლელებს დაერია, კარატისტმა წიხლქვეშ გაიგდო და იმდენი ურტყა ძვალრბილი გაუერთიანა. მოკლედ, მიტუა საავადმყოფოდან სამი თვის შემდეგ გამოვიდა, პირდაპირ "ბირჟაზე" მივიდა და იკითხა, - ჯო, ი კარატისტი წავიდა?.. წავიდაო - უპასუხეს თანასოფლელებმა. ჰოდა, ეხლა გიტირებთ ყოფასო. ასე რომ, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, კარატისტის არ იყოს, მხოლოდ დროებით გადაავადა გარდაუვალი პროცესი. ხუმრობა იქით იყოს და, რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისას მერიიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების მასობრივმა დაკავებამ, შემდეგ გათავისუფლებამ და საგამოძიებო სამსახურის განცხადებამ - მოწმის სტატუსით დავკითხეთო, სხვადასხვა ეჭვი აღძრა. არ მინდა ჟარგონების გამოყენება, მაგრამ ალბათ, სიტყვა "გაუჩალიჩეს" ყველაზე უკეთ ასახავს იმას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ივანიშვილის ხელისუფლება 27 ივნისის დილას. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და ამასთანვე იმ თანამდებობის პირის დადგენას ითხოვს, ვინც ამ უცნაური და აბსურდული სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა.
- 27 ივნისს, დილის საათებში, მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. ფაქტობრივად, ეს ხალხი ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩის თვალწინ დააკავეს და ამ მოვლენის შესაფასებლად ანდერს ფოგ რასმუსენი "მოიწვიეს". ეს ჩანაფიქრი, ანუ ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია, წარმატებულად განხორციელდა და ეს აიტაცეს როგორც პრეზიდენტმა, ისე "ნაციონალების" აგიტატორებმა. ისე, ამგვარი ქმედებისთვის უცნაური სამზადისი წინა დღეებშიც შეიმჩნეოდა. ჩემთვის გასაკვირი იყო რასმუსენის მყისიერი რეაქცია. კარგი იქნებოდა, ნატოს გენერალურ მდივანს კომენტარებისგან თავი შეეკავებინა. თუმცა არ მიკვირს - რასმუსენმა ამ თემის გარჩევამდეც მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ბრძანა, პრეზიდენტი დემოკრატიის "აღმაშენებელიაო". არც ეს მიკვირს, რადგან რასმუსენი, რომელიც ასე ღელავს 17 მაისის მოვლენებზე, კრინტს არ ძრავს 26 მაისის ამბებზე. ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუებას. ამიტომ, მინდა დავარწმუნო ჩვენი მკითხველი, რომ ნატო და რასმუსენი არ არის სინონიმები, თუმცა მისთვის სააკაშვილი და საქართველო იდენტური ცნებებია. როდესაც ასეთი სუბიექტივიზმია ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ფასი ეკარგება მის მიერ ჩვენი ქვეყნის ქებას.
- დავუბრუნდეთ მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების ჯერ დაკავების, შემდეგ ბრალის წაუყენებლად გათავისუფლების და მერე ისევ დაკავების თემას. თითქოს ყველაფერი სპეციალურად იყო ისე მოწყობილი, რომ დაკავებისას (რომელიც მოგვიანებით დაკითხვაზე მიყვანად მონათლეს) დაირღვა პროცესუალური ნორმები.
- მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ნამდვილად შეიცავდა საბოტაჟის ნიშნებს. ძალზე საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, იცოდეს სახელი და გვარი იმ ადამიანებისა, რომელთა ტვინშიც მოიხარშა ამ ოპერაციის ჩატარების დრო და ფორმა. ხალხმა უნდა იცოდეს "გმირების" სახელები, რათა მერე ყველაფერი ერთ კაცს არ დაჰბრალდეს.
- ნოდარ ხადურს?
- ძალიან დიდი ფანტაზიის მქონე უნდა იყო ადამიანი, რომ ნოდარ ხადურს დააბრალო ამგვარი ქმედება. სხვათა შორის, ხადურმა განაცხადა - კანონი შვებულებაში არასოდეს გადისო. ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ გონება და საღი აზრი გადის შვებულებაში და როგორც წესი, ეს ემართება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. შესაძლოა, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ბრალი იყოს, რომ ამ ორგანოებში დღემდე "პარადი" მიჰყავთ იმ კადრებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ისინი გეგმავენ ასეთ უგუნურ ოპერაციებს.
- დავაზუსტოთ - როგორ ფიქრობთ, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია დაიგეგმა, თან იმ დროს, როდესაც ლამის მთელი ნატო საქართველოში იყო და ხადური არ ჩააყენეს საქმის კურსში?
- არ გამოვრიცხავ, რომ ნოდარ ხადური მართლაც არ იყო საქმის კურსში.
- ვის შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა - ხადურის მოადგილეს, ფინანსური პოლიციის უფროსს თუ მის მოადგილეს? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებაზე ბრძანებას საშუალო რგოლის ჩინოსანი ვერ გასცემდა. ვინ აიღო თავის თავზე ეს ყველაფერი? მან ხომ დაღუპა თავისი კარიერა, რადგან ესეც "ვაი-ფაით" ატვირთული "თალიბანის" ვიდეო ხომ არ არის, რომ გზა-კვალი ვერ დაადგინონ.
- რატომ გვგონია, რომ ჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში ბოროტებას სჩადიოდა, უცბად კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული შსს-პროკურატურით და დამთავრებული ფინანსური პოლიციით. ალბათ, ხელისუფლებაში ცდილობენ, დაადგინონ ბრძანების გამცემის ვინაობა. აუცილებელია შიდაუწყებრივი გამოძიების ჩატარება და შემდეგ საზოგადოების ინფორმირება. თორემ დავემსგავსებით სახელმწიფოს, რომელიც ელემენტარული სპეცოპერაციის ჩატარების საკითხებს ვერ აგვარებს და მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას", დაიპყროს ტელეეთერი და ილაპარაკოს მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე. სხვათა შორის, არავის უთქვამს, რომ არ მომხდარა იმ 50 მილიონამდე ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, რა ბრალდებითაც მოგვიანებით მერიის ოთხი მაღალჩინოსანი მაინც დააკავეს. ყველა ამბობდა - სპეცოპერაციის ფორმა და დრო არ ვარგოდაო. ისე, მართლაც, თუ უდანაშაულოა, სად გარბოდა "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი? მანამდე სად გარბოდა ადეიშვილი? 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, სანამ ბიულეტენების თვლა დაიწყებოდა, საქართველოდან სამი თავდაცვის მინისტრი გაიქცა. ეს ხომ თვითლუსტრაციაა?! ამის შემდეგ "ნაციონალებს" ჰყოფნით თავხედობა და ითხოვენ - გამოძიებაში ჩაგვრთეთო.
- შევაჯამოთ - თქვენ მიიჩნევთ, რომ სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულმა კადრმა გასცა?
- არ გამოვრიცხავ. მთავარია, ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯისთვის, რომელმაც სახელმწიფოს ზიანი მიაყენა. ნუ მივჩქმალავთ ამ საქმეს. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები სხვა უწყებებშიც გვეგულება. მაგალითად, უკეთეს შემთხვევაში, პროკურატურის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დანაშაულებრივი სუბიექტივიზმი შეინიშნება "ტრაქტორების საქმესა" და ხუთი პროფესორის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს თითიდან გამოწოვილი საქმეა, რომელიც ზიანს მიაყენებს ხელისუფლების პირველი პირების იმიჯს. ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ჭიანურდებოდეს და არ უნდა იყოს მიკერძოების მცდელობა. მით უმეტეს, შსს-ს მაღალჩინოსნის ხელმოწერით არ უნდა იქმნებოდეს ყალბი დოკუმენტები. გვარს ვერ დაგისახელებთ, თუმცა გეტყვით - ასეთი დოკუმენტები დღესაც დევს "ტრაქტორების საქმეში". მიმდინარეობს ზეწოლა პროფესორებზე, რათა მათ "აღიარონ" ის, რაც არ ჩაუდენიათ. ამას ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და კარგი იქნება, თუ სოზარ სუბარი დაინტერესდება ამით. მე ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი თემების მიჩუმათება და მიჩქმალვა არ შეიძლება. ეს დიდ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს. მიაქციოს ყურადღება ახალმა ხელისუფლებამ საკადრო პოლიტიკას, თორემ შესაძლოა, უარესი მოხდეს და მერე გვიან იქნება.
- კადრებზე გამახსენდა - მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აცხადებენ: არაფერი ვიცოდით და საზარელ დანაშაულს შევარდნაძის ხელისუფლებიდან გადმოყოლილი კადრები სჩადიოდნენო.
- სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ. რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ. მე თანადამფუძნებელი ვარ ორგანიზაციისა - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და ვიცი, რომ არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ იწერებოდნენ პატიმრები. დაახლოებით 15 შემთხვევა ვიცი, როდესაც ეკა ბესელიამ ამ ფაქტებზე სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს გამოხმაურება სთხოვა. არც ერთხელ მას პასუხი არ მიუღია. სხვათა შორის, როდესაც სისტემურ დანაშაულზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად ახალბედა "ნაციონალები" ღიზიანდებიან. კი მაგრამ, თუნდაც მერიის მაღალჩინოსნების მიერ ბანკებიდან 50 მილიონამდე ლარის გატანის საქმე არ არის სისტემური დანაშაული?!
- გეჩვენებათ, რომ გიგი უგულავას გარშემო წრე ვიწროვდება?
- გიგი უგულავას გარშემო წრე საკმარისზე მეტად შევიწროებულია. მე ნამდვილად გული მწყდება, რომ ასე ტრაგიკულად განვითარდა ამ ახალგაზრდა კაცის კარიერა და მუდმივად შიშში უწევს ცხოვრება. შესაძლოა, უგულავა ბევრ რაიმეს ნანობდეს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდეს. თავად პროგრამა, საიდანაც მოხდა თანხების დატაცება, სწორედ თბილისის მერიის სახელთანაა დაკავშირებული. უგულავას განგაში მაშინ უნდა აეტეხა, როდესაც "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გაიქცა საქართველოდან და თავად უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არასერიოზულია. ვთქვათ, ერთხელ შეცდება რასმუსენი, მეორედ ამოილუღლუღებს რაღაცას ევროპის სახალხო პარტია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროატლანტიკური სივრცე და ქართველი ხალხი სააკაშვილისა და უგულავას გარეშეც კარგად შეძლებენ ურთიერთობას.
-IRI-მ მორიგი კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, "ქართული ოცნების" კანდიდატს ხმას რესპონდენტთა 41% მისცემდა, "ნაციონალებისას" კი - 11%.
- IRI-ს სერიოზული რეპუტაციის მქონე ორგანოს ვერ ვუწოდებ. ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რა მონაცემებს აქვეყნებდა ეს ორგანიზაცია, ამან მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება გამოკითხვის შედეგებს - მივესალმები იმ ფაქტს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ისთვის არის სულერთი, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც დაუსახელებელ და ინკოგნიტო კანდიდატს აძლევ ხმას, გამოდის, რომ შენთვის სულერთია, ვინ იქნება პრეზიდენტი. ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს ოთხჯერ მეტი ხმა აქვს, ვიდრე "ნაციონალების" ინკოგნიტო კანდიდატს.
- როდესაც გამოკითხვა ჩატარდა, მაშინ მართლაც მხოლოდ ვარაუდები არსებობდა "ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. დღეს კი ცნობილია, რომ "ნაციონალების" პრაიმერში სხვებთან ერთად დავით ბაქრაძეც მონაწილეობს. ისე, ბოლო პერიოდში ბაქრაძე მუდივად აცხადებდა, რომ არ აპირებდა პრაიმერში მონაწილეობას.
- როგორც ჩანს, მას მართლაც გარკვეული ვალდებულებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან". გული მწყდება, რომ ბაქრაძემ ვერ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - პოლიტიკიდან წასვლა. რაც შეეხება პრაიმერს - ბაქრაძის კანდიდატურა ამ პროცესს აზრს უკარგავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ უმცირესობის ლიდერი იქნება. სხვათა შორის, მოვუსმინე ბაქრაძის "აღსარებას" ტელევიზიით. თუმცა ის არასოდეს იყენებს ტერმინ "დანაშაულს" და ამას "შეცდომას" უწოდებს. ეს კი მის გულწრფელობას არადამაჯერებელს ხდის. ბაქრაძე შეასრულებს გზამკვლევის როლს, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ნაციონალები" "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას შეეცდებიან. ბაქრაძეს ამ მისიის შესრულება შეუძლია, თორემ წინასწარ რომ წაგებულ თამაშს თამაშობს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი.
- რა ამის პასუხია და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.
- ბოიკოტი ღია კარის მტვრევაა. ბოიკოტი კი არ უნდა გამოეცხადებინათ, უნდა მიემართათ პარტის ლიდერ მიხეილ სააკაშვილისთვის, რათა მას არ დაეკმაყოფილებინა დავით უსუფაშვილის თხოვნა რიგგარეშე სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალებიც" დაისვენებენ და "ქართული ოცნებაც".
- ანდერს ფოგ რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შევაფასოთ იმ კუთხით, თუ რა შეტყობინებები მივიღეთ ალიანსში სავარაუდო გაწევრების შესახებ. ალბათ, ახალი არაფერი იყო.
- არ იყო მთლად კორექტული, როდესაც რასმუსენმა განაცხადა, რომ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა არ არის ნატოში შესასვლელი ბილეთი. თუმცა ეს მწარე სიმართლეა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რადგან წინა ხელისუფლება ამ თემით მუდმივად სპეკულირებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს ავღანეთის მისია ნატოში ჩვენი მოსაწვევი ბარათი იყო. დაუსრულებელ სიმძიმეს მძიმე დასასრული ჯობს. ჩვენ სწორედ ეს სიმძიმე მოვიხსენით.