"დღეს ქვეყანაში უხელისუფლებობაა"
რა გამოდის? ივანიშვილი მიდის და პარლამენტში და მთავრობაში 1%-იანი პარტიები რჩებიან?
"მაკკეინები და სხვები სააკაშვილს ვეღარ შეინარჩუნებენ"
"შტირლიცი დაფიქრდა, მოეწონა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა", - ზოგიერთი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებების შემხედვარეს ეს მოძველებული ანეკდოტი მახსენდება ხოლმე. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ბუნდოვნად აფასებს, ეს პროვოკაცია იყოო. ეჰ, ნეტავ მართლაც პროვოკაცია ყოფილიყო და არა ჩინოვნიკური იდიოტიზმი კვადრატში. იცით, პროვოკაცია რა არის?
მაგალითად, ღამე მინარეთს ვინმე რომ მიჰპაროდა, დაეზიანებინა ან შეურაცხმყოფელი წარწერები გაეკეთებინა. არა, ბატონებო, დღისით, მზისით, მუსლიმანებით დასახლებულ სოფელში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მინარეთის დემონტაჟი დაიწყეს. ფიქრი სასარგებლოა, ჩინოვნიკო ბატონებო, და ერთი წუთით რომ დაფიქრებულიყავით, მიხვდებოდით, რას გამოიწვევდა მუსლიმანურ სოფელში მინარეთზე ჯაჯგური. თუმცა, ეტყობა, გონიერება და ვითარების ადეკვატური შეფასება "შვებულებაში იყო". ყოველ შემთხვევაში, იმის მაგივრად, შემოსავლების სამსახურს ლოკალურადვე, მაშინვე მოეგვარებინა პრობლემა, უფრო შორს შეტოპა, გაავრცელა უზარმაზარი განცხადება: აქაოდა, მინარეთი არასწორად იყო განბაჟებული და სასაქონლო ექსპერტიზაზე წავიღეთო. ჰოდა, საქართველოში მივიღეთ დაძაბულობის (თან რელიგიურ ნიადაგზე) მორიგი კერა, თითქოს ჩვენს ქვეყანას პრობლემები აკლია.
ხელისუფლებას ეძინა, უფრო ზუსტად, დამკვირვებლობას დასჯერდა, თითქოს ამბები საქართველოში კი არა, სადღაც ცხრა მთას იქით ხდებოდა. ისევ და ისევ პირადად პატრიარქის ჩარევის შემდეგ განიმუხტა ვითარება. მოკლედ, თუ შეთქმულების თეორიას განვავითარებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შემოსავლების სამსახური პროვოკატორებს დაუპყრიათ და ამ ლოგიკით მოსალოდნელია, დიდი სისწრაფით მოძრავი ეშელონის წინ ლიანდაგი აყარონ და კატასტროფის შემდეგ გაავრცელონ განცხადება, იყო ეჭვი, რომ ლიანდაგი არასწორად იყო განბაჟებული და სასაქონლო ექსპერტიზაზე წავიღეთო.
თუმცა ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, სიმპტომატურია და ერთი ტერმინით შეიძლება მისი შეფასება - არაკომპეტენტურობის აღლუმი.
- რაც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მოხდა, ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა, რომელიც ვერ აკონტროლებს ვითარებას. უკვე იქამდე მივედით, რომ პრობლემას, რომელიც წესით, საერო ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს, ეკლესია აგვარებს. საპატრიარქო რომ მშვიდობისმყოფლის როლს ასრულებს, ცუდი არ არის, ცუდი ის არის, რომ მთავრობა გვყავს სუსტი. ამის გამო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები თავისუფლად იპარპაშებენ ქვეყანაში და მთავრობის ყველა შეცდომას სათავისოდ გამოიყენებენ. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამ განცხადებამ პოლიტიკური სისტემა ჩამოშალა. პირადად Mმე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში უხელისუფლებობაა. დარღვეულია მართვის ვერტიკალური სისტემა, არ ხდება ადმინისტრირება და რატომღა გვიკვირს, რომ შემოსავლების სამსახურს მუსლიმანური სოფლიდან ექსპერტიზაზე მინარეთი ისე მიაქვს, თითქოს მანქანა იყოს ან კარადა.
შემოსავლების სამსახურის ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს იმას, რაც ხდება დღეს ხელისუფლებაში.
ახალი მთავრობა ერთიან გუნდად, ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, მსგავს იაღლიშებს მომავალშიც ვიხილავთ. Aამას ემატება ისიც, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა მმართველ გუნდად. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ ქვეყანაშია არაკომპეტენტურობის აღლუმი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ამის გამოყენებას ცდილობენ.
- "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ?
- "ნაციონალები" კარგად ფლობენ პიარტექნოლოგიებს და ცდილობენ, "ითამაშონ" ხელისუფლების შეცდომებით. ეიმედებათ, რომ საქართველოში ეგვიპტის სცენარით განვითარდება მოვლენები და პრეზიდენტ Mმოჰამედ მურსისა და "ძმები მუსლიმანების" ქართული ვარიანტი გათამაშდება. თუმცა დისკრედიტირებულ და განადგურებულ "ნაციონალურ მოძრაობას" ტყუილად აქვს ამის იმედი, როგორც იმის, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდება. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ფაქტორი აღარ არის და რაც ნაკლებად გავამახვილებთ ამ პარტიაზე ყურადღებას, მით უკეთესი იქნება.
- თქვენი აზრით, მინარეთის ინციდენტი ჩაწყნარდება თუ გაგრძელდება? თქვენ ზემოთ უცხოური სპეცსამსახურები ახსენეთ. მართლაც, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა თემა "განავითარონ" და უფრო გლობალური კონტურები შესძინონ?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ქვეყნის იგივე სამსახურები. სამწუხაროდ, ქვეყნის პირველი პირი ბოლო პერიოდში გაუჩინარებული იყო პოლიტიკური სცენიდან. უშიშროების საბჭოს კი, რომელმაც წესით ამ თემაზე უნდა იმსჯელოს, გიგა ბოკერია და "ნაციონალები" აკონტროლებენ და სულ სხვა საქმეებით არიან დაკავებული. არადა, ქვეყანაში უშიშროების ბერკეტები უნდა ამოქმედდეს, თორემ ასე შორს ვერ წავალთ. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: პატრიარქის შესანიშნავ ინიციატივას, რაც შეიძლება მეტი აჭარელი მონათლულიყო, აუცილებლად მოჰყვებოდა ზოგიერთი ძალის გააქტიურება და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. Aასეც მოხდა და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოქნილები ვიქნებით. თუმცა რომელ მოქნილობაზეა ლაპარაკი? მაგალითად, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მოსახლეობის პრობლემებს რატომ უნდა აგვარებდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ჭელადან ბათუმში ჩასულ მოქალაქეებს შეხვდა? რა, ერთმანეთისგან განსხვავდება აჭარელი მაჰმადიანი ქართველი და ახალციხეში მცხოვრები ქრისტიანი ქართველი? სამწუხაროდ, ასეთი შეცდომა ბევრია.
- მოდი, დავასახელოთ ეს არაკეთილმოსურნეები, ან კონკრეტულად, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული საქართველოში რელიგიური შუღლის გაღვივებით?
- ასეთი ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახური შეიძლება იყოს(!). მე ასე ვიტყოდი - ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენი მეგობარიცაა და მოწინააღმდეგეც.
- თქვით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადებამ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა მოშალაო. ძალიან შავად ხომ არ ვხატავთ ვითარებას? შეგახსენებთ, ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ წასვლამდე ის ხელისუფლებაში კომპეტენტურ გუნდს დატოვებს. გარდა ამისა, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, ალბათ, მედიატორის როლს შეასრულებს.
- ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ის ოფიციალურ ლიდერობაზე ამბობს უარს და არაფორმალური ლიდერი როგორღა იქნება?
- ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც, მთავრობაში პრემიერი და სხვა საკვანძო ფიგურები ივანიშვილის თანხმობის გარეშე არ დაინიშნებიან.
- ეს მიუღებელია. რაც უნდა პატრიოტი იყოს ადამიანი, საქართველო მარიონეტული მთავრობების ინკუბატორი არ უნდა გახდეს. პირდაპირ ვამბობ - ის უდიდესი საქმეები, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ქველმოქმედება თუ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, წყალში ჩაიყრება, თუ მან პოლიტიკური სისტემა დანგრეული დატოვა. ქართველმა ხალხმა ნდობა იმიტომ გამოუცხადა ივანიშვილს, რომ მას დიდი საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი. არ შეიძლება ამაზე უარის თქმა.
ერთი ჰიპოთეტური შანსია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა გადაურჩეს ნგრევას - ივანიშვილმა უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და ამ თანამდებობაზე ის იქნება გარანტი პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სისტემა დაინგრევა.
მე, როგორც ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ამ ბოლო რჩევას მივცემ მას: შეაჩერებინოს მარგველაშვილს საარჩევნო კამპანია და თავად იყაროს კენჭი. პრეზიდენტობა მას გამოათავისუფლებს პრემიერის უფლება-მოვალეობისგან და პარალელურად, სტაბილურობის გარანტი იქნება.
ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა და არა "ქართულ ოცნებაში" შემავალ 1%-იან პარტიებს. ახლა რა გამოდის? ივანიშვილი მიდის და პარლამენტში და მთავრობაში 1%-იანი პარტიები რჩებიან? Eეს პოლიტიკური ნონსენსია.
ისე, პრემიერს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს, - ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება დაკომპლექტდეს პოლიტიკური რეალობის შესაბამისად და შემდეგ იფიქროს ხელისუფლებიდან წასვლაზე. Nნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - აშშ სირიაში სამხედრო კამპანიის დაწყებას აპირებს, სირიას სპეციფიკური ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელიც აგერ ყურის ძირშია და მოგვიწევს მისი ინტერესების გათვალისწინება. ფაქტობრივად, საქართველო ხვდება მსოფლიო პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში და ამ დროს ქვეყანა პოლიტიკური ლიდერის გარეშე უნდა დარჩეს?
ეს კატასტროფა იქნება და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიცილებთ თავიდან, თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავა და მინიმუმ ოთხი წელი მაინც იმუშავებს თავის პოსტზე. თანადაფინანსების ფონდის ჩამოყალიბება, რომელშიც თავად ივანიშვილი მილიარდის ჩადებას აპირებს, ბრწყინვალე იდეაა, მაგრამ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ფონდში ფულის ჩასადებად მზად არიან, თავიანთი ინვესტიციების დაცვის გარანტად პირადად ივანიშვილი მიაჩნიათ. თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ძნელი წარმოსადგენია, ამ ფონდში ბიზნესმენებმა ფული ჩადონ. კიდევ ერთს ვიტყვი: საქართველოს ივანიშვილის მილიარდები კი არა, პოლიტიკური ლიდერი სჭირდება. მესმის, რომ პრემიერისთვის პოლიტიკა არაკომფორტულია. ალბათ, ვერც ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავს კომფორტულად ერის წინამძღოლის რანგში, მაგრამ ქვეყანასა და ხალხს გაუწია ანგარიში.
- როგორც ექსპერტები ამბობენ, ბიზნესმენები მოვლენების განვითარებას აკვირდებიან. იგივე შეიძლება ითქვას უცხოელ ინვესტორებზეც. საინტერესოა, როდის დამთავრდება მოლოდინი და მის დასრულებაზე რა გავლენას ახდენს პრემიერის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ?
- როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, გამოცოცხლება შეინიშნებოდა. ინვესტორები აქტიურად ჩამოდიოდნენ თბილისსა და საქართველოს ზღვისპირეთში და უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებას აპირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკიდან მივდივარო, ინვესტორებმა თქვეს, აქ რაღაც ექსტრაორდინარული ხდებაო და გადაიფიქრეს საქართველოში ფულის დაბანდება.
ასეთ სიტუაციაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლოეს მომავალში არ ველი. მთავრობამ, რომელიც ნამდვილად არაკორუმპირებული პირებით არის დაკომპლექტებული, შეიძლება შეასრულოს სოციალური ვალდებულებები და ქვეყანა დააპუროს. მაგრამ ეს რეალური ეკონომიკური წინსვლა არ იქნება, თუმცა არც კატაკლიზმებს ველი. ვნახოთ, წავა თუ არა ივანიშვილი, ან დარჩება თუ არა და შექმნის თუ არა პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიებს.
- პრეზიდენტის განცხადებებზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ბოლო დროს ხშირად იმეორებს, რომ ივანიშვილს მისი დაპატიმრება სურს. თქვა კიდეც, ივანიშვილის ზებრა კი არა ვარ, გალიაში ჩამსვას, მე ისტორია შემაფასებს და არა ზოოპარკის დირექტორიო. ფსიქოლოგებმა სააკაშვილის განცხადებებს ასეთი ახსნა მოუძებნეს, პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ დაპატიმრების შიში უკვე ფობიაში გადაეზარდაო.
- თუ სააკაშვილს ივანიშვილის საქართველო ზოოპარკს აგონებს, მე სააკაშვილის საქართველო ორუელის "ცხოველთა ფერმას" მაგონებს, სადაც ადამიანებს კაკანათებით პანტაპუნტით იჭერდნენ. Kკრიმინალური მეთოდებით მოქმედი ხელისუფლების ლიდერი ქვეყანას ზოოპარკს ნამდვილად არ უნდა ადარებდეს. საერთოდ კი, თუ სააკაშვილს აქვს სამართლებრივი გადაცდომები და დარწმუნებული ვარ, ბევრი აქვს, მაშინ ეს კაცი სამართლიან მართლმსაჯულებას იმსახურებს. ისე, გულახდილი რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, - არჩილ კბილაშვილი შესანიშნავი პიროვნებაა, მაგრამ საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება ჯერ კიდევ არ არსებობს და ივანიშვილის პოლიტიკური ნება განსაზღვრავს, ვის მიმართ აღსრულდება ეს მართლმსაჯულება. ალბათ, დრო სჭირდება, რომ ეს სისტემა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება სააკაშვილს, მასზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, ლაპარაკი აღარ შეიძლება. მაკკეინები და სხვები, მიუხედავად გეოსტრატეგიული ინტერესებისა, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ვეღარ შეინარჩუნებენ. ქართველმა ხალხმა მას განაჩენი გამოუტანა, სააკაშვილმა კრახით დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა და ამიტომ სრულიად ზედმეტია და აზრი არა აქვს პრეზიდენტის ქუჩებში სიარულს და მომხრეებთან ხვევნა-კოცნას.
- ზემოთ თქვით, რომ სირიის მოვლენების გამო საქართველოც პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში ხვდება. თქვით ისიც, რომ თურქეთის ინტერესების გათვალისწინება მოგვიწევს. გარდა ამისა, პოლიტოლოგები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, - თუ აშშ და რუსეთი სირიის საკითხზე გარიგდნენ, ამ გარიგების ერთ-ერთი საგანი საქართველო ხომ არ იქნება?
- ვიმეორებ, საქართველო სირიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს რომ გაუმკლავდეს, სჭირდება პოლიტიკური ლიდერი, ისეთი, როგორც ივანიშვილია. სწორედ პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა მიიღოს ოპერატიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეეცადოს დააბალანსოს სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები, გააკეთოს სწორი განცხადებები და ქვეყანას სწორი საგარეო კურსი განუსაზღვროს. მაგალითად, ხომ შეიძლება სირიის საკითხზე დასავლეთმა კოალიციის წევრობა შემოგვთავაზოს ან საქართველოს სატრანზიტო ტერიტორიად გამოყენება მოინდომოს? ეს საკითხები პოლიტიკურმა ლიდერმა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერატიულად უნდა გადაწყვიტოს. თუ ივანიშვილი წავა, შესაძლოა არასწორი, ნაჩქარევი ან არაოპერატიული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა საქართველო რაიმე გარიგების საგანი, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. სირიას ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველო მისი საპირწონე ვერანაირად ვერ გახდება. საზოგადოდ კი, ვფიქრობ, აშშ და რუსეთი სირიის საკითხზე ბოლოს და ბოლოს, მიაღწევენ შეთანხმებას, მაგრამ ეს გარიგება არ იქნება. რაც მთავარია, საქართველომ სირიის საკითხში ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზიაროს დასავლეთის, უპირველესად კი სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის პოზიცია.