”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”
თუ გინდა გაიგო, რომელი თემაა აქტუალური საქართველოში, უნდა იმგზავრო ტაქსით. ტაქსის მძღოლმა თუ შეატყო, რომ ჟურნალისტი ხარ, მტრისას, დანიშნულების ადგილას მისვლამდე მოგიწევს პოლიტიკური მიმოხილვის მოსმენა თავისი კითხვა-დასკვნით: გვეშველება რამე? თუმცა ზოგჯერ ჩვენი ტრაფარეტიანი ”პოლიტიკური ექსპერტებიც” გაარტყამენ ხოლმე ასიანში. ამას წინათ ერთმა ტაქსისტმა თქვენს მონა-მორჩილს უთხრა, - ბავშვობიდან საჭესთან ვზივარ და ივანიშვილის საქციელს (ქართველი ტაქსისტების მთავარი თემა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლაა) მძღოლის კუთხით შევხედავ: წარმოიდგინე, რომ მანქანა ტალახიან აღმართზე ადის, ბუქსაობს, კიდევ დიდი მანძილია სამშვიდობომდე და უცბად, მძღოლი კარს აღებს და მოძრავი მანქანიდან ხტება. უპატრონო ავტომობილი კი ან ხეს დაეჯახება, ან ხევში გადაიჩეხებაო. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად არის იმის შიში, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანას მართლაც მძღოლის გარეშე დარჩენილი სიჩქარეაკრეფილი ავტომანქანის დღეში ჩააგდებს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.
- დარწმუნებული ვარ, ისეთი წინდახედული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაგვათავისუფლებს შფოთისგან იმის თაობაზე, რა მოხდება პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ. თავის ბოლო წერილშიც პრემიერი საუბრობს იმ პირობებზე, რომლის მიღწევის შემთხვევაში ის პოლიტიკიდან წავა. ვვარაუდობ, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
- "უახლოესი მომავალი" როგორ უნდა გავიგოთ - რამდენიმე თვე, წელი თუ ორი წელი?
- თუ ბიძინა ივანიშვილს სუპერმენის თვისებები აქვს და 2-3 წლის საქმე 2 თვეში გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე დავეყრდნობი ივანიშვილის წერილს და ვიტყვი, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რომლის შემდეგაც ის პოლიტიკიდან წავა, 2-3 თვე საკმარისი არ არის.
- და ივანიშვილის განცხადებები, ახალ წლამდე აუცილებლად წავალ პოლიტიკიდანო, მეტაფორაა?
- ივანიშვილს არ დაუზუსტებია, რომელ ახალ წლამდე წავა პოლიტიკიდან.
- ანუ მიიჩნევთ, რომ პრემიერი ამ ნაბიჯს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ გადადგამს?
- იმედი ვიქონიოთ, რომ არ გადადგამს.
- რა უშლის ხელს ივანიშვილს, დააზუსტოს, რომ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდან. მისი განცხადებები, რომ ახალ წლამდე წავა, ცალკე ბიზნესს ამყოფებს გაურკვეველ მდგომარეობაში და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინვესტიციების შემოუსვლელობას, აქეთ საზოგადოება შფოთავს და საბოლოოდ, ვერა და ვერ ჩადგა ქვეყანა კალაპოტში.
- გეთანხმებით. საერთოდ, ქართველები უცნაური ხალხი ვართ და არც მილიარდერები არიან გამონაკლისები. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვამტკიცებ - ივანიშვილი 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდანო. მხოლოდ ვვარაუდობ და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე იქნება. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა ვერსიაზეც, რომ დიახ, ივანიშვილი გადადგება პრემიერის თანამდებობიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ ვერსიას ამყარებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები.
- კერძოდ?
- მარგველაშვილი თითოეულ გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში კოაბიტაცია დასრულდება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ქართველი ხალხის ოცნებად იქცა?! თუ საქართველოში დაიწყო ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის ხანა, დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება. პასუხისმგებლობას კი ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი აიღებენ და შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, "ქართული ოცნება" უფრო თავისუფალი იყოს მოქმედებებში. მოკლედ, ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში გადადგეს თანამდებობიდან. თუმცა თუ ქვეყანაში რაიმე საფრთხის ნიშნები გამოჩნდა, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ძალაში არ შევა.
- გამოდის, ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს, მაგრამ ხომ შეიძლება საფრთხის ნიშნები გაჩნდეს? იქნებ იმის საშიშროების წინაშე დავდგეთ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში უმართავი თუ მართვადი ქაოსი დაიწყოს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით?
- შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანა მართლაც აღმოჩნდეს ქაოსის საფრთხის წინაშე. თუმცა ეს არ არის სამკითხაო თემა. ისე, ერთს ვიტყვი - ყველაფერი დამოკიდებულია "ქართული ოცნების" წევრთა განწყობაზე. დღეს ზოგიერთი მათგანი ინდიფერენტულად უდგება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, ზოგს შიშისაგან გული უსკდება, ზოგი კი ცდილობს, სამომავლო პოლიტიკურ განლაგებაში თავისი ადგილი განჭვრიტოს.
- შევაჯამოთ - ანუ დღეს შეგვიძლია ორ ვერსიაზე ვისაუბროთ: პირველი - ივანიშვილი სხვადასხვა მიზეზის გამო არ წავა პოლიტიკიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე და მეორე - პრემიერი გადადგება თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, რათა გვერდზე გადგეს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მასობრივი პროცესი დაიწყოს. Aაქვე ისმის კითხვა - ივანიშვილის პრემიერობისას რა უშლიდა ხელს სამართლიანობის აღდგენის დაწყებას?
- ივანიშვილმა იმდენი საყვედური მოისმინა ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვარგარეთიდან, ამდენი ცხოვრებაში არ მოუსმენია. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საყვედურებს არ იმსახურებს და სურს, ტაიმ-აუტი აიღოს. არაობიექტურობა და უმადურობა იქნება, მას ამის გამო ვუსაყვედუროთ. მან შეძლო ის, რაც სხვამ ვერ გააკეთა ცხრა წლის განმავლობაში - არჩევნების გზით შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ რესურსი იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ - ივანიშვილს ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და არ მჯერა, რომ ის რაღაც ეტაპზე საქართველოდან წავა. თუ მან გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული პრინციპები, ამ არენაზეც დიდი წარმატება ელის. თუმცა თუ მთავრობამ და "ქართულმა ოცნებამ" ნებისმიერი საკითხი მასთან შეათანხმეს, საყვედურებისა და პრეტენზიების ობიექტი ისევ ივანიშვილი იქნება.
- საკითხს ჩვენი თანამოქალაქეების თვალით შევხედოთ. პირდაპირ ვთქვათ - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს რწმენა, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი მთავრობა გამოწვევებს გაუმკლავდება. მოსახლეობა შიშობს, რომ "უთავოდ" დარჩენილ საქართველოში ქაოსი დაიწყება. ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა პერსონალურად ივანიშვილს მისცეს, მისგან ელემენტარულს ითხოვენ - დაალაგოს ქვეყანაში მდგომარეობა, შექმნას სტაბილურობის გარანტიები და შემდეგ, კი ბატონო, აიღოს ტაიმ-აუტი.
- თეორიული საფუძველი ასეთი შფოთვისა, რასაკვირველია, არსებობს. Mმაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილი საქართველოდან არ მიდის და ახალი პრემიერი მასთან ასოცირებული პირი იქნება. თუ ასევე თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს დაემუქრება ქაოსის საფრთხე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბერკეტები "ქართული ოცნების" ხელში იქნება. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, დარწმუნებული ვარ - ფაქტობრივად, არ იარსებებს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქაოსი თვითგადარჩენისთვის დასჭირდება.
- მაგრამ არიან მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურები..
- მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურები მოქმედებას არ შეწყვეტენ იმის მიუხედავად, ვინ იქნება პრემიერი ან რამდენი ივანიშვილი ცხოვრობს საქართველოში. ასე რომ, მსგავსი გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ და იმედია, ასეც იქნება.
- მინდა გკითხოთ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაზე - ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივა გამორიცხული არ არისო. ამ განცხადებას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ მეორე დღეს პრემიერს განმარტების გაკეთებაც დასჭირდა, რომლის თანახმად, საქართველოს საგარეო კურსის ქვაკუთხედი დასავლური კურსია.
- ივანიშვილის ამ განცხადებას დიდი ინტერესი მოჰყვა რუსული პოლიტიკური წრეების მხრიდან და დავრწმუნდი, რომ პრესკონფერენციაზე ივანიშვილისთვის ევრაზიული კავშირის შესახებ კითხვა შემთხვევით არ დაუსვამთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოხსენებული აჟიოტაჟი მთლად დაუგეგმავი არ ყოფილა.
- ვინ დაგეგმა, რუსეთმა?
- არ გამოვრიცხავ, რომ ეს აჟიოტაჟი მართლაც რუსეთმა დაგეგმა. რუსეთის მხრიდან დიდი მზაობაა, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში იხილოს. სხვათა შორის, 6 სექტემბერს ამ საკითხზე "რია ნოვოსტის" ოფისში ტელეხიდიც გაიმართა, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში, აკადემიკოსი სერგეი გლაზევი, სახელმწიფო სათათბიროს წევრები და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები. რუსები ბედნიერები იყვნენ იმით, რომ სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრდა (ოფიციალურმა ერევანმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთიან საბაჟო სივრცეში გაწევრების შესახებ). თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ ინფორმაცია, თუ რა განწყობებია ერევანში, ჯერ საქართველოში ხდება ცნობილი და შემდეგ რუსეთში. იმ დროს, როცა ამაზე ვსაუბრობდით, ერევანში აქციები მიმდინარეობდა საბაჟო კავშირის წინააღმდეგ. რუსებმა წაიკითხეს ნოტაციები იმის შესახებ, რატომ უნდა გაწევრებულიყო საქართველო ევრაზიულ კავშირში და ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელეს, რომ თურმე ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია ზემოხსენებული საბაჟო კავშირის "სიკეთეებით" სარგებლობა. იქვე აღმოვაჩინეთ, რომ ამ საბაჟო კავშირს მართავს ევრაზიული კავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რაც თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია. სხვათა შორის, პუტინის მრჩეველი ამტკიცებდა - საქართველო ევრაზიული კავშირის საქმიანობაში უკვე მონაწილეობს, რადგან ყაზახეთთან თუ ბელორუსთან სავაჭრო ურთიერთობებში საბაჟო კავშირის სისტემასა და ტარიფებს იყენებსო. შემდეგ საკითხი შეეხო იმას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი თუნდაც ამ საბაჟო კავშირის ფარგლებში. ჩემი არგუმენტი რუსებისთვის უხერხული აღმოჩნდა - მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე, სანაცვლოდ კი მოსკოვს საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ტვირთბრუნვის შესახებ თბილისისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. წლები გავიდა და რუსეთი პირობას არ ასრულებს.
სხვათა შორის, რუსებს სურთ, აზერბაიჯანიც იხილონ ევრაზიული კავშირის წევრად სომხეთთან ერთად. მე ვუთხარი რუსული მხარის წარმომადგენლებს, რომ სომხეთი მოსკოვმა ყარაბაღის საკითხით დააშანტაჟა. იმავეს აკეთებენ აზერბაიჯანის მიმართ და შემდეგ უკვირთ, ამის შემხედვარე, რატომ არ მიდის საქართველოს ხელისუფლება ხელგაწვდილი კრემლის კარზე.
- დსთ-ზე გამახსენდა - ალბათ, ყველას გვახსოვს, რა მეთოდებით შეგვიყვანა რუსეთმა ამ ორგანიზაციაში, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დსთ-ის მიმართ იგივე განწყობები იყო, რაც დღეს არის ევრაზიული კავშირის მიმართ. ხომ არ გამეორდება ისტორია და იმავე მეთოდებით ხომ არ შეეცდება კრემლი, რომ ევრაზიულ კავშირში თავი ამოგვაყოფინოს?
- ამის პრევენციაა თქვენ მიერ დასახელებული ფაქტის საზოგადოებისთვის მუდმივად შეხსენება. ზემოთ ივანიშვილის წასვლა-არწასვლაზე ვსაუბრობდით - შესაძლოა, ჩვენ მიერ დასახელებული ვერსია უსაფუძვლო იყოს და სხვა რაღაცაში იყოს საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უკავშირდება ინფორმაციას, რომ მას მოსთხოვენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.
- გულისხმობთ იმას, რომ რუსეთი ივანიშვილს მოსთხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრებას?
- დიახ. არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ფლობდეს ინფორმაციას, რომ უახლოეს თუ შორეულ მომავალში, რუსეთი მას მოსთხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანას და ამას უკავშირდებოდეს მისი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.
- რა ბერკეტები აქვთ ივანიშვილის წინააღმდეგ?
- შესაძლოა, ეს იყოს ბიზნესბერკეტები, პოლიტიკური ბერკეტი, პიროვნული ურთიერთობა, მუქარა თუ შანტაჟი. საქართველოში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილზე ტერაქტები მზადდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ამაზე მეოცნებე არაკაცებსაც მოიძიებენ ქვეყანაში. ამიტომ ნუ განსჯით ადამიანს, რომელსაც ინფორმაციის მიღების დიდი სივრცე გააჩნია. ერთხელ ივანიშვილმა მითხრა - ძალიან ბევრ ქვეყანაში მაქვს დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროები და ერთადერთი, საქართველოში ვერ ვპოულობ დროს, რომ საინფორმაციო საშუალებებს თვალყური ვადევნოო. Aასე რომ, არ გეგონოთ, ამ ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს რომელიმე იმ ქვეყნიდან, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
- ივანიშვილის წასვლის შემდეგ რუსეთი რატომ ვერ მოსთხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანას იმავე მარგველაშვილს (თუ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში) ან "იქს" პრემიერს, რომელსაც ივანიშვილი თავის "მემკვიდრედ" დატოვებს.
- იმიტომ, რომ მარგველაშვილს რუსეთში არ აუწყვია ბიზნესი და წლობით იქ არ უცხოვრია. სავარაუდოდ, რუსების წარმოდგენით, ევრაზიულ კავშირზე საუბარი მათ ბიძინა ივანიშვილთან უფრო გაუადვილდებათ. ასეთი საუბრის დაწყება კი ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
- გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დაიწუწუნა - საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ სურსო.
- რუსეთს უხერხულობას უქმნის ის, რომ საქართველომ მასთან დიპლომატიური კავშირები არ აღადგინა. თორემ ფაქტია, რომ სწორედ საქართველოსგან წამოვიდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ინიციატივა. დიპლომატიური ურთიერთობები კი, გასაგები მიზეზების გამო, არ აღდგება.
- გასულ კვირას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არტურ ბაღდასარიანმა უცნაური განცხადება გააკეთა - ქართული, რუსული და აფხაზური მხარეები შეთანხმდნენ რკინიგზის გახსნაზეო. ეს საქართველოს მთავრობამ უარყო. თუმცა ექსპერტებმა ეჭვი მაინც გამოთქვეს - ემანდ რაიმე კულუარული გარიგება ხომ არ მოხდა ჩვენს ზურგს უკანო.
- ეს შიდასომხური დანიშნულების პროპაგანდისტული განცხადებაა. ერევანში საბაჟო კავშირის წინააღმდეგ აქციები იმართება და რკინიგზის თემით შეეცადნენ თავისი მოსახლეობისთვის გულის მოლბობას და მათ გახარებას - არიქა, რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი გვექნებაო.