"ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება"
"საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ"
"ნაციონალურ მოძრაობაში" თანდათან მძლავრობს რევანშის აღების სურვილი"
"ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კოალიციაში ბევრს გაუხარდება"
"ზედიზედ სამი ცრუ შეტყობინება არ იყო შემთხვევითი"
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენი მონა-მორჩილი ხშირად წერდა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ისე გროვდება, როგორც ორთქლი ქვაბში და "აფეთქებამდე" დიდი დრო არ არის დარჩენილი. საბედნიეროდ, არჩევნების შედეგმა "აფეთქებას" გადაგვარჩინა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ ორთქლმა ქვაბში დაგროვება კვლავ დაიწყო. მიზეზი ბევრია - დაპირებები ნელი ტემპით ან საერთოდ არ სრულდება, მთავრობას ორგანიზებულობა აშკარად აკლია, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული და ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში მომავლის შიშს აჩენს. თუმცა უკმაყოფილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკვე ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაა. არადა, ფაქტია, რომ კანონიერება თითქმის ყველა სფეროშია აღსადგენი.
აგერ ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თითქმის ყველა მასალაში, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, კრიმინალიაო და მაგალითად მოიყვანა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გარიგება, რომლის წაკითხვის შემდეგ „თმა ყალყზე დაუდგა. მთავრობა ამ გარიგების გასაჯაროებას აპირებს. ექსპერტი მამუკა არეშიძე ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი დოკუმენტის გასაჯაროება საკმარისი არ არის.
- ძნელი სათქმელია, რა შინაარსისაა პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ მაღალჩინოსანს შორის გარიგება. თუმცა, თუ შეთანხმება მაშინ გაფორმდა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილი იყო და ოჯახში დაბნეული ქალები (საწყენად არ ვამბობ) იყვნენ დარჩენილი, შესაძლოა, მათ ფიზიკური ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ ქონება გამოსძალეს. ასეთი დოკუმენტები უნდა გასაჯაროვდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა სახის შეთანხმებები ფორმდებოდა, თორემ მოსახლეობა უკვე დაბნეულია - ერთი მხრივ, გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული, მეორე მხრივ კი კოაბიტაცია. თუმცა, ეს უკვე კოაბიტაცია აღარ არის, სიმბიოზია - ანუ თანაცხოვრება კი არა, ერთად ცხოვრება. პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულები იჩქმალება. ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება.
- ისე, ჩვენი თანამოქალაქეები მართლაც სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: რატომ გაჭიანურდა სამართლიანობის აღდგენა და რას ელოდება ახალი ხელისუფლება?
- მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, დასავლეთის ზეწოლა იყო, რათა დაწყებულიყო კოაბიტაცია და ზოგიერთ მაღალჩინოსანს პრობლემები არ შეჰქმნოდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პროკურატურის ჩინოსნებს პროფესიული უნარ-ჩვევები დაევიწყებინათ და ხელისუფლების ხელში ბრმა იარაღად გადაქცეულიყვნენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პროკურორების ტოტალური არაპროფესიონალიზმი;
"ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ბევრმა წევრმა, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულმა, თავისი დანაშაულის მიჩქმალვა "იყიდა" თანაპარტიელებისა და მეგობრების ჩაშვებით.
ზოგიერთმა ფაილებით სავსე ჩემოდნები გადასცა ახალ ხელისუფლებას, ზოგმა თავისი აუცილებლობა "დაუმტკიცა" მთავრობას და ა. შ.
- იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე მათგანი? სხვათა შორის, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელმაც ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.
- ლევან ქარდავა "ბავშვია" ისეთ პირებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე და ბევრი სხვა. ასეთივე პირები არიან მოკალათებული შს და თავდაცვის სამინისტროებში.
თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ ის პირები, რომელთაც უზარმაზარ თანხად უვარგისი იარაღი აყიდვინეს სახელმწიფოს და შემდეგ ამ იარაღის გარემონტებაში ისევ ფული გააკეთეს.
ასეთი ადამიანები სიმბიოზის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შესაბამისად, ხალხის კითხვა: რატომ? გაოცებას კი არა, უკვე გაბრაზებას გამოხატავს. ამიტომაც საქმეს ვეღარ უშველის განცხადებები, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება, ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიაში გაერთიანდა. მაგალითად, კონსერვატიული პარტია გადავსებულია ყოფილი "ნაციონალებით" და მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს - ყველა გარდაბნელი "ზონდერი" ამ პარტიაში გაწევრდა. სწორედ ამას ჰქვია სიმბიოზი და ასე ცხოვრობს დღევანდელი ხელისუფლება.
- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამ სიმბიოზს ვერ ამჩნევს, ამჩნევს და ვერ ერევა პრობლემას და თვალს ხუჭავს?
- ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც პრობლემას ვერ მოერევა. პრემიერმა რომ მოინდომოს, ქვას ქვაზე არ დატოვებს. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ. მას ვატყობ, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ კონტინგენტთან ექნებოდა საქმე.
- თუმცა ექსპერტთა ნაწილი არ მიიჩნევს, რომ ვითარება ასე საგანგაშოა. მათი პროგნოზით, ივანიშვილს არ სურს, საყვედურები მიიღოს უცხოეთიდან და ამიტომაც სამართლიანობის აღდგენა მასშტაბურ ხასიათს სწორედ მას შემდეგ მიიღებს, რაც პრემიერი პოლიტიკიდან წავა.
- იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" კონკრეტული წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული წარმომადგენლის ფარი კი არა, მეწილეა, სამართლიანობის აღდგენა აღარ გამოვა. გარემოცვის წევრები თავად ივანიშვილს ატყუებენ. პრემიერმა ამას წინათ განაცხადა, ბიზნესსექტორში სამართლიანობის აღდგენა ურთულესი რამ არის და ეს შესაძლოა, არ გამოგვივიდესო. პრემიერმა ეს იმიტომ თქვა, რომ გარემოცვის წევრები ეუბნებიან, თითქოს წართმეული ქონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად დააწვება. რასაკვირველია, განსაზღვრული კატეგორიის ქონების მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს ტვირთად დააწვება, მაგრამ რა უშლის ხელს, რომ წართმეულის დიფერენცირება მოხდეს?! რა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს ის მაღაზია ან მიწის ნაკვეთი, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალებმა"” ერთ პირს წაართვეს და მეორეს აჩუქეს? ან ავტომანქანების დაბრუნებას რად უნდა ამდენი ლაპარაკი? სურვილი იყოს და ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ - ივანიშვილს ატყუებენ. უფრო უარეს მაგალითს მოგიყვანთ: პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, თქვენ რომ უკანონოდ წართმეული ქონება დაიბრუნეთ, სხვას რატომ არ უბრუნებთო და ივანიშვილმა არაფერი უპასუხა, რადგან დარწმუნებული ვარ, არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, რა ხდებოდა ამ საქმეში. არადა, ხდება ის, რომ იმ 180 მილიონი ლარიდან, რომელიც "ნაციონალებმა" წაართვეს ივანიშვილს, პრემიერს მხოლოდ 14 მილიონი დაუბრუნდა. დანარჩენი სესხებად არის გაცემული.
ალბათ, გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალებმა" დროებით მართვაში აიღეს "ქართუ ბანკი" და თავისიანებს მისცეს სესხები. ის სესხები დღემდე არ დაბრუნებულა და ივანიშვილს არ ეუბნებიან ამას.
- როგორ ფიქრობთ, არის შანსი, რომ ივანიშვილმა სრული სიმართლე გაიგოს და თუ გაიგებს, გადაიფიქრებს პოლიტიკიდან წასვლას?
- იმედია, პრემიერი სიმართლეს გაიგებს. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის წასვლა-არწასვლას - პრემიერი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ცვლიან, ასე რომ, ის პოლიტიკიდან აუცილებლად წავა, თუმცა შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში დაბრუნდეს კიდეც. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" თანდათან მძლავრობს რევანშის აღების სურვილი და არ არის გამორიცხული, რომ მათ ამის გაკეთება სცადონ.
- კი მაგრამ რევანშისთვის "ნაციონალებს" თუნდაც საზოგადოების მხარდაჭერა დასჭირდებათ, მართლა ტყეში ხომ არ გავლენ პარტიზანებივით.
- სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისა" და სახელისუფლებო პიარის ტოტალური დეფიციტის გამო "ნაციონალებმა", ასე თუ ისე, მოახერხეს სათავისო განწყობის შექმნა. უკვე ისმის საზოგადოებაში, ასეთი რამ "ნაციონალების" დროს არ მოხდებოდაო.
უპირველესად გულისხმობენ ნარკოაფეთქებას, რაც წინა წლებში არ ხდებოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ამას საგანგებოდ აკეთებს, აბა, საიდან გაჩნდა უცბად ამდენი ნარკოტიკი და ნარკოდილერი?
- და ეს "ვიღაც" ვინ არის?
- შეიძლება დივერსიის ავტორები "ნაციონალები" არიან ან მათთან დაკავშირებული პირები "ქართული ოცნებიდან". შესაძლოა, სხვა ძალებიც არიან, რომელთაც გაურკვეველი ვითარებით ისარგებლეს. ეს ჩემი გამოსაძიებელი არ არის, ამას სამართალდამცველებმა უნდა მიხედონ. ძალოვან სტრუქტურებში იმდენად ძლიერია მეხუთე კოლონა, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი უწყობენ ხელს ასეთი ვითარების შექმნას.
- რა ამის პასუხია და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარწმუნებულია, რომ 12 სექტემბერს ტერორისტული აქტის შესახებ ზედიზედ სამი ("რუსთავი 2", "იმედი", აეროპორტი) ცრუ შეტყობინება სულაც არ იყო შემთხვევითი. ეს აზრი მოქალაქეებმა არც მას შემდეგ შეიცვალეს, რაც შსს-მ ცრუ შეტყობინების ავტორები დააკავა.
- მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზედიზედ სამი ცრუ შეტყობინება არ იყო შემთხვევითი. სხვათა შორის, გავრცელდა ვერსია, რომ ამას თავად შსს აკეთებს, რათა მოსახლეობა მუდმივად დაძაბული იყოსო. ამ ვერსიის გავრცელებაც ვიღაცას აძლევდა ხელს. დასადგენია ყველაფერი. თუ გაირკვა, რომ ცრუ ტერორიზმის უკან შსს-ს რომელიმე თანამშრომელი დგას, დარწმუნებული ვარ, ამას ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით გააკეთებდა.
- ასეა თუ ისე, სიტუაცია მთლად დალაგებული რომ არ არის, ფაქტია. სწორედ ამის გამო აშფოთებთ ჩვენს თანამოქალაქეებს ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და უკვირთ, ნუთუ პრემიერი ვერ ხვდება, რომ ასეთ არასტაბილურ გარემოში პოსტის მიტოვება არ შეიძლებაო. პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის სიჯიუტის შემხედვარე საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე სხვა კითხვასაც სვამს: ასე რომ უნდა წასვლა, იქნებ თავისი ნებითაც არ მოსულა პოლიტიკაშიო?
- ივანიშვილს სჩვევია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. არ არის გამორიცხული, რომ ფიქრობს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით მეტ ინფორმაციას მიიღებს და უკეთესად გაერკვევა ქვეყანაში შექმნილ რეალობაში.
- არ ჯობდა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დარჩენილიყო, ჰქონოდა უფრო მჭიდრო კავშირი საზოგადოებასთან, გასცნობოდა დამოუკიდებელ პრესას, მიეღო ინფორმაცია და როგორც მთავრობის ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო?
- რასაკვირველია, ჯობდა, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, პრემიერი გადაწყვეტილებას არ გადათქვამს. სხვათა შორის, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება. პრემიერს მართვის საკმაოდ მკაცრი ფორმა აქვს, მისი წასვლის შემდეგ კი კოალიციის წევრებს ხელს არავინ შეუშლის და ყველა შეეცდება, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს. ამიტომ კარგი იქნება, კოალიცია მაისამდე მაინც თუ არ დაიშლება, თუმცა ერთიანობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. სამწუხაროდ, ამას ისევ საქართველოს ინტერესები შეეწირება - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა, რაც უფრო გააღრმავებს სამეურნეო ქაოსს.
მთელი ეს ბრძოლა კი გაიმართება გაცოფებული მაყურებლის თვალწინ - იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ამაოდ ელის სამართლიანობის აღსრულებას. ამან კი შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს.
- იმას გულისხმობთ, რომ შესაძლოა, გამწარებულმა ხალხმა თავად მოინდომოს სამართლიანობის აღდგენა?
- დიახ, სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, მე ვიცნობ კაცს, რომელიც დაიღალა ლოდინით და უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანა სპეცსადგომიდან თვითნებურად წამოიყვანა და ვერავინ ვერაფერი უთხრა. ხვალ ვიღაც წართმეულ მაღაზიაში შევა და ნელ-ნელა ამან შესაძლოა, მასობრივი ხასიათი მიიღოს. საქართველოს მოსახლეობის 25% სამართლის აღდგენას ითხოვს, პროკურატურასთან აპელირების რეჟიმი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და გადავლენ კატეგორიულ ქმედებებზე. სწორედ იმის გამო, რომ გაბრაზებულმა ხალხმა არც თავს და არც სახელმწიფოს პრობლემა არ შეუქმნას, მისი კონსოლიდაციაა საჭირო. ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი უნდა დაუბრუნდეს. ასეთი ტიპის შეხვედრა გაიმართა შაბათს სასტუმრო "საქართველოში" და დაფუძნდა ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობა", რომლის მთავარი ამოცანაა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასაჯაროება, სამართლიანობის აღდგენა და მუდმივი პრესინგი ხელისუფლებაზე, რათა შეასრულოს ის, რისთვისაც ხალხმა აირჩია.
- თქვენ თქვით, რომ არცთუ შორეულ მომავალში ივანიშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ალბათ, ამისკენ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ უნდა უბიძგოს.
- ივანიშვილი პოლიტიკაში მაშინ დაბრუნდება, თუ ქვეყანაში აშკარა ქაოსი დაიწყო, ან დაინახა, რომ საზოგადოების წევრის სტატუსით ვერ ასრულებს დაპირებებს და უჭირს ხელისუფლების გაკონტროლება.
- ალბათ, ივანიშვილი შეეცდება, პრემიერად ისეთი ფიგურა დატოვოს, რომ ზემოხსენებული რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალი პრემიერი? ექსპერტების აზრით, ამ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
- გიორგი კვირიკაშვილი უპატიოსნესი ადამიანია, თუმცა, როგორ გაუმკლავდება ის გამოწვევებს, სხვა საკითხია. პრემიერი უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელი - ის უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები თუნდაც საგარეო პოლიტიკაში, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე.
- ვრცელდება ინფორმაცია, არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლებზე კომპრომატები გავრცელდებაო. თქვენი აზრით, ეს ჭორია თუ აქვს რეალური საფუძველი?
- რეალურია. ძალიან კარგად ვიცი, რომ იმ ფაილების, რომლებიც გაანადგურეს, ორი და სამი დუბლიკატი არსებობს. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფაილების განადგურებით იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ თავად არ გამოიყენებს ამ მასალას და უკანონობას ადგილი არ ექნება. თუმცა, ფაქტია, რომ დუბლიკატები არსებობს, მაგალითად, ერთი ინახება ბრიუსელში, მეორე კი სოჭში. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, თუ რომელმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაიტანეს ეს ფაილები საზღვარგარეთ.
- გასულ კვირას ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვის მერაბიშვილი. მთავარი ის არის, რომ ყოფილი პრემიერი პასუხისგებაშია მიცემული. თუმცა ის მარტო არ უნდა იყოს, მასთან ერთად კიდევ ბევრმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა უნდა აგოს პასუხი და მაშინ გაჩნდება სამართლიანობის აღდგენის ნიშნები.
- რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მოქალაქეობა იმათ მიენიჭათ, ვინც ქართველობა შეინარჩუნა. საპასუხოდ, თეა წულუკიანმა სააკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურების უგულებელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციები არ გაუვლია არც იუსტიციის და არც შს სამინისტროებთან.
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილმა ეს ჯიბრზე გააკეთა. ისე, ჩვენი ზოგიერთი მეზობლის საქციელი მაფიქრებინებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მათთან რაღაც ვალდებულებები აქვს აღებული. რა ვალდებულებებია, არ ვიცი. ჩვენ გამწარებით ვებრძვით რუსეთს და როგორც ჩანს, ამით ჩვენი მეზობლები სარგებლობენ და დათმობებს გვთხოვენ.
- რუსეთზე გამახსენდა; ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ". ამას ოფიციალური თბილისის პროტესტი მოჰყვა.
- ეს პუტინის პიარსვლაა და მისი მიზანი მიმდინარე პროცესებზე რუსეთის პოზიციის დემონსტრირებაა. ასევე, პუტინს სურს, დასავლელ პარტნიორებს გააგებინოს, აქ სიტუაციის ბატონ-პატრონი რუსეთიაო.
- მინდა გკითხოთ ბათუმის ინციდენტზეც. არსებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე ჩეჩენ მეგობარ იუსუფ ლაკაევთან ერთად ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილით მიდიოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა რამდენჯერმე ისროლა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. დაჭრილი არიან ჩეჩენი ახალგაზრდა, პოლიციის თანამშრომელი და შემთხვევითი გამვლელი.
- ამ ისტორიიდან მხოლოდ ფირუზ წულუკიძეს ვიცნობ, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, თუ არ ვცდები, საზღვარგარეთ არ გაუშვეს. ვფიქრობ, ის ისლამის რადიკალურ ფრთას - ვაჰაბიტებს მიეკუთვნება. ამ კუთხით რეაგირება აუცილებელია, განსაკუთრებით აჭარაში, რათა ვაჰაბიტებმა ფეხი არ მოიკიდონ. უპირველესად კი ჩვენი მუსლიმანების სულიერმა ლიდერებმა უნდა ამოიღონ ხმა. იმავეს ვიტყვი ქვემო ქართლზეც. ამ ორ რეგიონს დიდი ყურადღება სჭირდება, სანამ გვიან არ არის. მაგალითად, პანკისში ვაჰაბიტები უკვე დომინირებენ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, ისინი აგრესიულობით არ გამოირჩევიან.