"რას აკეთებდა ხელისუფლება აქამდე?!"
"მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა"
"ვიდრე რეფორმა დაიწყებოდა, ჩვენი უნივერსიტეტი იყო 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, ახლა 5 000-ში ვეღარ შედის"
"გამართლდა ჩემი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის გამყარების პროცესი დაიწყებოდა"
ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაშფოთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებამ, რამაც ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და პროცესი გადაფარა. ეს ფაქტი ყველა ეთიკურ ნორმას გასცდა და საზოგადოების მოთხოვნა, სასწრაფოდ გამოავლინონ დამნაშავენი, სრულიად სამართლიანია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან სწორედ ამ საკითხის შეფასებით დავიწყეთ.
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, უაღრესად აღმაშფოთებელი და დასაგმობია. ყველა ის პირი, ვინც ჩაწერა თუ გაავრცელა ეს ვიდეოფირი, სასწრაფოდ გამოსავლენი და დასასჯელია. იმედია, შესაბამისი ორგანოები სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედებენ. ადამიანის პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და ის ხელშეუხებელია! საზოგადოების აბსოლუტურად სწორი რეაქცია მარწმუნებს, რომ ამის ჩამდენები ვერ მიაღწევენ მიზანს. მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეთა გამოსავლენად.
- ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება და ამით ადამიანების დაშანტაჟება, წინა ხელისუფლების მართვის სტილის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ბუნებრივად ისმის კითხვა, დღეს რაც ხდება, ეს ხომ პირდაპირ არსებული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა?
- დიახ, თუმცა მესმის კვირიკაშვილისაც, ის ახალდანიშნული პრემიერია. მას იმდენი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი, რაც დაინიშნა, სულ ცეცხლის ჩაქრობა უწევს.
შესაბამისად, ამ საკითხისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ რას აკეთებდა ხელისუფლება აქამდე? საკითხავია, რატომ ვერ ხერხდება სრულად განადგურება იმ ფარული ჩანაწერებისა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩაწერა? რას აკეთებენ უსაფრთხოების სამსახურები?!
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება მანამდე, სანამ საქმეს არ გამოიძიებენ. სამწუხაროდ, ყველგან, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც, არსებობენ როგორც ზნეობრივი, ისე უზნეო ადამიანები, ვისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა დასაშვებია, მით უფრო, რომ ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრი კადრი სწორედ წინა ხელისუფლების დროინდელია. თანაც დარწმუნებული ხართ, რომ მხოლოდ ერთი ასლი არსებობდა? თუმცა რთულია ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ფირი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი თეთრი და შავი მხარე. იდეალური არავინაა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად ხელისუფლებაში იყოს დამნაშავე მოკალათებული, თუმცა ვეჭვობ, დღევანდელ ხელისუფლებას აწყობდეს მსგავსი რამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად დამნაშავეების პოვნით სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. არ გამოვრიცხავ, ამგვარი რამ კიდევ მოხდეს, თუ არ იქნა მიღებული უმკაცრესი ზომები.
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ასეთი უხამსობა ჩაიდინეს. ვიმეორებ, ამგვარი ტექნოლოგიებით მიზანს ვერავინ მიაღწევს, ჩვენ XIX-ში კი არა, XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, მით უფრო, მოსულია ახალგაზრდობა, რომელიც გაცილებით თავისუფალია. აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა "ინტერპრესნიუსის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე. ამ პროცესში ყველაზე ცინიკური იყო "რუსთავი 2"-ისა და მისი უფროსის, ნიკა გვარამიას პოზიცია. "ინტერპრესნიუსმა" დაუშვა შეცდომა, აღიარა, ბოდიშიც მოიხადა და რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც ვიცი, სულ რამდენიმე წუთით იყო განთავსებული ნიუსი იმის შესახებ, რომ ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. გვარამია, რომელიც თავად იყო ფარული ჩანაწერების თანაშემოქმედი, ვინმეს რომ გააკრიტიკებს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის, რომ "ინტერპრესნიუსი" ოდესმე რომელიმე ხელისუფლების გავლენას განიცდიდა, ის ყოველთვის ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ობიექტურობას, რითაც საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ასეც გაგრძელდება...
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად გამაკვირვა თინა ხიდაშელისა და თეა წულუკიანის განცხადებებმა. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის განცხადება ისე არ მომეწონა, რომ ბოლომდე არც წავიკითხე. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული განცხადება, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა. მისი განცხადება ინფანტილურად მომეჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით პრემიერ-მინისტრზე, რომლის განცხადებაც ძალიან აწონილი იყო.
წინასაარჩევნო პროცესია, მომხდარი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული, მით უმეტეს, რომ დღეს ამისთვის სათანადო ტექნოლოგიები არსებობს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ კიდევ არაერთი ვიდეოჩანაწერის გავრცელება გაბედონ. ეს საქმე ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდივით იქნება, ანუ გამოაჩენს, რა უნდა ამ ხელისუფლებას რეალურად და საით აპირებს ქვეყნის წაყვანას.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზეც უნდა გკითხოთ. ჩვენში ნეგატიურ ტრადიციად დამკვიდრდა, როცა სტუდენტების ენერგიასა და გულწრფელობას ხშირად ძალიან უხეშად იყენებდნენ პოლიტიკოსები. ამჯერად რა ხდება?
- ჩემი აზრით, დღეს უნივერსიტეტში განსხვავებული ვითარებაა. მოგეხსენებათ, სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას, რომელზეც, მათი მტკიცებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოდეერია, ანუ გარკვეული სამსახურების მიერ უნივერსიტეტში ჩანერგილი პირი.
ვაი, იმ სენატს, რომელიც ამგვარი ადამიანის კანდიდატურას კანცლერის თანამდებობაზე წარადგენს.
რა მორალური კრიტერიუმით განსაზღვრავენ კანდიდატურის შერჩევას?! სენატში არიან ადამიანები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ. აქაც არის ის პრობლემა, რაზეც უკვე ვილაპარაკე - ის ადამიანები არიან თანამდებობებზე, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკური სიმპათიისა და აქტიურობის მიხედვით შეარჩიეს და არა კვალიფიკაციის. ეს არის ჩვენი განათლების სისტემის ძალიან დიდი პრობლემა. ვიდრე დაიწყებოდა რეფორმა, მე უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი, საიდანაც 2006 წელს პროტესტის ნიშნად წამოვედი. ვიდრე რეფორმა დაიწყებოდა, ჩვენი უნივერსიტეტი იყო 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, ახლა 5 000-ში ვეღარ შედის, რატომ? იმიტომ, რომ ის ადგილები, რომელიც უნდა დაიკავოს პროფესიონალმა კადრებმა, დაიკავა ხალხმა, რომელიც რეფორმის დროს პოლიტიკური აქტივობის გამო დასვეს სავარძლებზე, ისინიც ჩაებღაუჭნენ სკამებს და ცოცხალი თავით არ ტოვებენ. აქ ვხედავთ რექტორის სისუსტესაც, არ შეიძლება თანამედროვეობაში ასეთ ადამიანებზე იყოს აღებული ორიენტაცია. საჭიროა მათგან უნივერსიტეტის გათავისუფლება.
- შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა არის თითქმის ყველა სახელისუფლებო ორგანოში... ამ გადასახედიდან, თქვენი აზრით, შეცდომა ხომ არ იყო კოაბიტაცია?
- დიახ, კოაბიტაცია შეცდომა იყო! უფრო სწორად, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ თავს მოხვეული პროცესი და რომლის ანგაჟირებაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა. არ შეიძლებოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია ისე მომხდარიყო, რომ პოლიტიკაში უზნეო ძალებს დარჩენა მოეხერხებინათ.
"ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლებულიყო ისე, როგორც ფაშისტური პარტია.
- მიმდინარე პროცესები ემთხვევა იმ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომელსაც საქართველო გადის. გასულ კვირას მოვისმინეთ ევროკომისრის განცხადებები, რომ უკვე ზაფხულისთვის საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში გამგზავრებას...
- დიახ, ეს სერიოზული პროცესია. დღეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც ეს პროცესი სულაც არ მოსწონთ და არც არის გამორიცხული, აქ არეულობის პროვოცირებაც სცადონ.
- ხედავთ საშიშროებას, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთბაშად დიდი ნაკადი მიაწყდეს ევროპას, ვინც იქ დარჩენას შეეცდება?
- რაღა დაგიმალოთ და, ამას არ ველი. ვისაც უნდოდა წასვლა ევროპაში და იქ დარჩენა, უკვე წასულია. გარდა ამისა, ევროპაში გაქცეული "კანონიერი ქურდების" დიდი ნაწილიც ევროპულ ციხეებში ზის. შესაბამისად, არც ევროპაში დარჩენის მიზნით წამსვლელი ადამიანების ურიცხვ ოდენობას ველი და არც ქართული კრიმინალის ევროპულ ქვეყნებში მიწყდომას.
თავდაპირველად, ისევე როგორც ისრაელში, შენგენის ზონაშიც, ალბათ, სიფრთხილეს გამოიჩენენ, მერე ყველაფერი ჩვეულებრივ წარიმართება...
ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის თავმოყვარეობის ამბავი უფროა, ვიდრე სოციალური ეფექტის მატარებელი. არ დამავიწყდება, 1995 წელი იყო. მე და ჩემი მეუღლე იმჟამად პარიზში ვცხოვრობდით და ჩავფრინდით იტალიაში, სადაც როგორც აღმოჩნდა, მებაჟეებმა ქართული პასპორტი პირველად ნახეს. მახსოვს, როგორ ეძახდნენ ერთმანეთს, მოდით, ნახეთო! თან გვილოცავდნენ, მაშინ ვიგრძენი, რომ ვიყავი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ახლა ევროპას გარკვეული სირთულეები აქვს, თუმცა, ვფიქრობ, შემოდგომისთვის ყველაფერი დალაგდება.
- გასულ კვირას ორი რეგიონის გუბერნატორი წავიდა თანამდებობიდან. გამოითქმის ვარაუდები, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მალე სამთავრობო ცვლილებებიც ვიხილოთ...
- გუბერნატორების ცვლილებაში რაიმე სტრატეგიულ ნაბიჯს ვერ ვხედავ, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. თუ მიიჩნევს, რომ რომელიმე ვერ მუშაობს სათანადოდ, და მე ასეთებს მთავრობაში ვხედავ, სავარაუდოდ, შეცვლის, თუ არ გაითვალისწინა კარს მომდგარი არჩევნები და ის, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ახლა ცვლილებები. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში რაიმე საგანგაშოც არ ხდება, რომ სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა იყოს. ვხედავთ, რომ ლარი მყარდება, თანაც დოლარის გამყარების ფონზე... ასე რომ, გამართლდა ჩემი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის გამყარების პროცესი დაიწყებოდა. იმედია, ასეც გაგრძელდება.
ნათია დოლიძე