"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?! - კვირის პალიტრა

"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მკვლელობის ამბავი გახმაურდა, მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელი კი - მისი ქმარი.

მომხდარი ტრაგედიის წინაპირობაც უკვე არაერთგზის გვსმენია - ცოლ-ქმარს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, ქმარი სვამდა, ეჭვიანობდა და ცოლს ხშირად სცემდა. საბოლოოდ, ქალმა დაშორება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პოტენციური დამნაშავის პირობა, რომ მეტს აღარ იზამდა, დაიჯერა, რასაც ახლობლების რჩევებმაც შეუწყო ხელი.

კეთილმოსურნეთა რჩევებიც ტრადიციული იყო: ქმარგაცილებული ქალი ცხოვრებას როგორ ააწყობ, შვილებს მამა სჭირდებათ და ა.შ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სახლში, სადაც ორ მცირეწლოვან ბიჭუნას ეძინა, მამამ დედას სამზარეულოს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მაინც რამდენი ქალი უნდა დაიღუპოს მოძალადე ქმრის ხელით, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ამ ჩამოყალიბებული კლიშეებისგან გათავისუფლდეს, მათ შორის ის ქალებიც, ვინც ლამის ყოველდღიურად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა ხმის ამოღებას სირცხვილისა თუ შიშის გამო ვერ ბედავენ...

ადრე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ძალადობაა სასირცხვილო და არ ის, თუ სხვისი არაკაცობის მსხვერპლი ხდება ვინმე!

ჩვენში კვლავაც ისმის კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობს?! - დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ამაში არ უნდა ჩავერიოთ...

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს მეზობლად, იმავე სართულზე, რომელზეც ვცხოვრობ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, სამი პატარა ბავშვით, იქირავა ბინა. ერთი შეხედვით, სასიამოვნო ახალგაზრდები იყვნენ.

თუმცა მათი გადმოსვლიდან რამდენიმე დღეში უცებ სადარბაზოში საშინელი ხმაური ატყდა, ქალი განწირული ხმით დახმარებას ითხოვდა, რასაც კარის საშინელი გაჯახუნება მოჰყვა... გარეთ გავედი, თუმცა უკვე აღარაფერი ხდებოდა, მოგუდული ხმები იმ ბინიდან გამოდიოდა, სადაც ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა, ვიფიქრე, რომ ბავშვები იყვნენ და მე რაღაც მომეჩვენა, შევცდი...

უფრო მეტი ხმაური, ლანძღვა-გინების ხმა, ბავშვების წიოკი და არეულობა მეორე დღესაც განმეორდა...

მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა სადარბაზოში შემხვდა და მობოდიშებით მითხრა, - ხმაურით ძალიან ხომ არ შეგაწუხეთ, თაზოს ცოტა ცუდი სიმთვრალე აქვსო, თან თვალს ვერ მისწორებდა, აშკარად ნამტირალევი იყო... საყვედურები არ დამიწყია, ვუთხარი, რომ თუ დროულად არ მოუვლიდნენ ამ პრობლემას, ძალიან გაუჭირდებოდათ ცხოვრება...

თუმცა ჩხუბებმა და დავიდარაბამ კი არ იკლო, სულ უფრო და უფრო იმატა. ერთ დღესაც, როდესაც კვლავ დაიწყო ლეწვა-მტვრევა და წივილ-კივილი, ავდექი და კარზე მივუკაკუნე. კარი ქმარმა გამიღო, მთვრალი და ერთნაირად ალეწილი იყო, ვუთხარი, ცოლს თავს თუ არ დაანებებდა, პატრულს გამოვიძახებდი, მომაძახა, - ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამო...

შინ შემოსული არ ვიყავი, ცოლი ფეხდაფეხ მომყვა, - ეგ არ ქნა, გემუდარები, მომკლავსო... თან ტიროდა და ისე მიმტკიცებდა, ფხიზელს ისეთი კარგი ხასიათი აქვს, არ ვიცი, სიმთვრალეში რა ემართებაო. ვურჩიე, გასცილდი, ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვინც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება, შენც მოახერხებ თავიდან ცხოვრების დაწყებას-მეთქი... რას ამბობ, სამი პატარა ბავშვით ვის მივადგე, ვის ვენდომები, ჩემმა მშობლებმა ეს ამბავი რომ გაიგონ, დაიხოცებიან ნერვიულობითო...

შევეშვი.

მაგრამ ერთ საღამოსაც, როდესაც კვლავ საშინელი ჩხუბი ატყდა და მათი 6 წლის შვილი გულამოვარდნილი შემოვარდა ჩემთან: - გვიშველეთ, მამა დედას სცემსო... პატრული გამოვიძახე...

და შედეგი?!

პატრული რომ მოვიდა, კარი ისევ ქმარმა გაუღო, ფეხზე ძლივს იდგა, ცოლი ნაცემი იყო, თვალდალურჯებული, ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო, მაგრამ... ქალმა მტკიცება დაიწყო, ოდნავ კი ვიკამათეთ, მაგრამ ჩემი ქმარი არაფერ შუაშია, წავიქეცი და სახე მაგიდას ჩამოვარტყიო... ქმარიც უხსნიდა, მეზობლები ვერ მიტანენ და სპეციალურად მიწყობენ ამისთანა რამეებსო...

წასვლისას პოლიციელებმა გააფრთხილეს, - არ იხმაუროთო!

მე კი მხრების აჩეჩვით მითხრეს, რა ვქნათ, ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლიაო...

რამდენიმე დღეში კი ბინა დაცალეს და გადავიდნენ.

რა ეშველება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მშობლებსაც კი ვერ ეუბნება, რა საშინელ დღეში უწევს ცხოვრება?

რა ელით ბავშვებს, რომელიც ასეთ სტრესულ გარემოში იზრდებიან?

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში? -  ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ახლა არსებობს, ვერ მუშაობს...

ფაქტია ისიც, რომ არც სოციალური სამსახურია გამართული სისტემა, შესაბამისად, ოჯახური კონფლიქტების პრევენცია ისეც კი ვერ ხდება, რომ საქმე მკვლელობამდე აღარ მიდიოდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს