მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!
დათესე და გამოზარდე მარადმწვანე კედარი! - 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრა" შენთან ერთად კედრის ტყეს გააშენებს
კედრის თესლი 20-25 დღეში აღმოცენდება. წიწვოვანები ზოგადად, ნელა იზრდება - წელიწადში დაახლოებით 5-10 სანტიმეტრით
როგორც შეგპირდით, "კვირის პალიტრა" გაზეთის ამ ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში მოთავსებულ ჰიმალაის კედრის თესლს საჩუქრად გთავაზობთ. ერთი წლის შემდეგ რედაქცია ერთგულ მკითხველებთან ერთად კედრის ტყეს გააშენებს!
როგორ დავთესოთ კედარი და როგორ მოვუაროთ აღმოცენებულ ნარგავს, ამას სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის მეცნიერ-სპეციალისტი როსტომ მათურელი ფოტოინსტრუქციის მეშვეობით განმარტავს.
კედრის დათესვის წესი მოცემულია ფოტოინსტრუქციაზე:
1. ამ საქმისთვის დაგჭირდებათ ყვავილების მიწა, რომლის შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. თუმცა შეგიძლLიათ ცოტაოდენი მეტნაკლებად ნოყიერი მიწა ეზოში ან რომელიმე სკვერშიც აიღოთ. კარგი იქნება, თუ მიწას ცოტა ნაკელსაც შეურევთ.
თუ ქოთანი არ გაქვთ, შეგიძლიათ სხვა საშუალო ზომის ჭურჭელი, თუნდაც პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა გამოიყენოთ, ოღონდ ძირის გახვრეტა არ დაგავიწყდეთ.
2. გთხოვთ, თესლი ფრთხილად ამოიღოთ პაკეტიდან და მიწით სავსე ქოთნის (ან სხვა ჭურჭლის) შუაგულში ჩადოთ.
3. დასათესად თითის დაჭერაც კმარა. თესლის მიწაში ღრმად დაფლვა საჭირო არ არის (დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე).
4. ნათესს ზემოდან მიწის თხელი ფენა მოაყარეთ და მორწყეთ.
ყურადღება! კედრის თესლი სანამ გაღვივდება, მიწა რომ გაშრება, ცოტაოდენი წყლით მორწყეთ ხოლმე. როდესაც ღერო ამოიწვერება, კვირაში ორჯერ მორწყეთ მსუბუქად. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, გაფრთხილდით! - წყლის სიჭარბე საზიანოა.
ასევე შეგიძლიათ ქოთანს ქვემოდან დაუდოთ წყლიანი ლანგარი - მცენარე იმდენ სითხეს შეიწოვს, რამდენიც დასჭირდება. გაითვალისწინეთ, ლანგარზე წყალი სულ უნდა ესხას.
აღმოცენებამდე მნიშვნელობა არ აქვს, ქოთანი მზეზე იდგება თუ ჩრდილში, ოღონდ თბილ ადგილას უნდა იყოს. მაგრამ უკვე ამოწვერილი ღერო ზაფხულში შუადღის მწველ მზის სხივებს მოარიდეთ. დამდეგ ზამთარს კედარი აივანზეც გადაიტანს.
ათასწლოვანი ჰიმალაის კედარი (cedrus deodara)
ჰიმალაის კედარი მარადმწვანე კედრის ერთ-ერთი სახეობაა. ამ ჯიშის ხე სწრაფად იზრდება და გამოირჩევა ფართო, კონუსური ვარჯით. გავრცელების არეალია აღმოსავლეთ აზია, ჰიმალაის ჩრდილოეთი ნაწილი: ავღანეთის მთები, პაკისტანი, ინდოეთი და ნეპალი. ბუნებრივ გარემოში კედარი ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე ხარობს. სიმაღლით 50-60 მეტრს აღწევს. ტოტები განივად ეზრდება; აქვს მოწითალო-მოყავისფრო არომატული მერქანი. ეს მარადმწვანე ხე რბილწიწვოვანია.
კედრის გირჩი ზრდას წელიწად-ნახევარი განაგრძობს და ორ-სამ წელიწადში თავისით ცვივა.
კედრის თესლი მოყავისფრო-მოთეთროა და კედრის სხვა ჯიშების თესლისგან განსხვავებით, ადვილად იტანს რთულ კლიმატურ პირობებს. კედარი საშუალოდ 1000 წელს ცოცხლობს, ხოლო იდეალურ კლიმატურ პირობებში უფრო მეტსაც.
ჰიმალაის კედარი მარადმწვანე ხეა. ის საქართველოში ფართოდ არის მოშენებული და ქალაქის პირობებშიც მშვენივრად ხარობს.
კედარი ასეც შეგიძლიათ გაახაროთ
თუ კედრის თესლის გახარებას პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში გადაწყვეტთ, მისი ფსკერი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. ასეთი ჭიქების ფსკერის ცენტრი ოდნავ ამაღლებულია, ამიტომ ნახვრეტები კიდეებზე უნდა გაკეთდეს (გთხოვთ, ეს პროცედურა სიფრთხილით ჩაატაროთ, რათა შემთხვევით რაიმე დაზიანება არ მიიღოთ).
მეურნეობის თანამშრომლები, საიდანაც კედრის თესლი მკითხველისთვის საჩუქრად გადმოგვცეს, გვპირდებიან, რომ მცენარე გაიხარებს. თუმცა, ცხადია, ბუნებაში ყველაფერი ვერ ხარობს და შესაძლოა, ჩვენი კედრის ზოგიერთი თესლიც ვერ აღმოცენდეს, მით უმეტეს თუ ყველა პირობას ვერ შეუქმნით. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მცირე იქნება და თქვენი საკუთარი ხეც შეავსებს კედრის ტყეს, რომლის გაშენებითაც "კვირის პალიტრა" თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
2015 წლის გაზაფხულზე თქვენ მიერ გამოზრდილი ნერგი, მრავალრიცხოვან მკითხველთან ერთად, შეგიძლიათ გადარგოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (შესაძლოა ასეთი რამდენიმე ადგილი გამოიყოს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში), სადაც ერთად გავაშენებთ ტყეს და თქვენს სახელზე დარგული კედარიც ამ ტყეში მოიწონებს თავს.
თუმცა, ვისაც მისი გახარება საკუთარ ეზოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას სურს, მკითხველს შეუძლია თავად აირჩიოს, სად დარგავს კედრის ნერგს.
ლალი ფაცია