ონისეს ბაღი - "კალმით ნახატი" თბილისური ვერანდა
"ამ ურიკაში ჩარგული მცენარეები ყინვასაც უძლებენ და მზესაც. ზაფხულიც მშვენივრად გადაიტანეს"
"ერთ მტირალა ნაძვზე მწყდება გული, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოვიტანე. საკმაოდ ძვირიც გადავიხადე, მაგრამ აქ ვერ გაიხარა, ამ კლიმატთან შეგუება გაუჭირდა"
ზემო ვეძისში, ლისის ტბის სიახლოვეს, ახალაშენებულ სახლში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ონისე ონიანს ვეწვიეთ. ონიანების ოჯახი იქ ერთი წელია დაბინავდა. სახლს წინ უზარმაზარი ვერანდა აქვს, სადაც უამრავი მცენარე ხარობს: ბზა, ნაძვი, არაერთი ჯიშის ხვიარა ვარდი და სურო, იასამანი, ბროწეული, მორცხვი მიმოზა, აუკუბა, ჩინური ვარდი, პალმა, ზანგის ქოჩორი, მსხმოიარე ლიმონი... სივრცე გემოვნებით არის გამოყენებული, ქოთნების ზედადგარებად და დასადებად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთია გამოყენებული - ძველი ფაიფურის ჭურჭელი თუ ონისეს ხელით ქვებისგან გაკეთებული დეკორაციები. ვერანდაზე ბინა ძაღლსაც აქვს, რომელიც მომეჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლია...
- სადაც კი გვიცხოვრია, მცენარეები ყველგან გვქონდა. ორმოცამდე ჯიშის ყვავილი არცთუ დიდ სახლში გვქონდა. ოჯახის ყველა წევრი ყვავილებს დიდი მონდომებით ვუვლით. მაგალითად, ჩემს უმცროს ქალიშვილს, ტასოს, საყვარელი ყვავილიც აქვს, რომელსაც განსაკუთრებით ეფერება.
- ეგ რომელი მცენარეა?
- ზანგის ქოჩორი. სხვათა შორის, რამდენიმე ქოთანში გვაქვს გამრავლებული და მთლიანად იმოსება წვრილ-წვრილი და ფოთლოვანი ყვავილით. მზეც უყვარს და წვიმაც. აი, ხედავთ, ლიმონის ქოთანშიც არის ჩარგული, სადაც ფაიფურის თეთრი იხვი დასკუპებულა. მგონი, უხდება, არა?
- კი, ნამდვილად უხდება... ისეთი პირი უჩანს, რომ აქაურობა მალე ზურა შევარდნაძის ბაღივით გადაიქცევა...
- სხვათა შორის, ბევრი ყვავილი შევარდნაძის ბაღიდან არის აქ მობრძანებული. აი, იმ ურიკაზე რომ სხვადასხვა ჯიშის მცენარეა, სწორედ მისი ბაღიდან გახლავთ...
- ყვავილნარი ლამაზად გაგიფორმებიათ ქოთნებითა და დეკორატიული ნივთებით...
- ვცდილობთ. დიდ ქოთნებში სხვადასხვა ჯიშის ყვავილებსაც ვაჯგუფებთ. სულ ვეძებთ ისეთ მცენარეს, რომელიც სიცივესაც გაუძლებს და მზესაც, რადგანაც ისინი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, ამინდი თბილისში ცვალებადია. ჩვენთან კი ტემპერატურა, ქალაქის ცენტრთან შედარებით, 4-5 გრადუსით ნაკლებია.
საერთოდ, მცხუნვარე მზე ყვავილებს არ უყვარს. მაგალითად, იმ ურიკაში ჩარგული მცენარეები ყინვასაც უძლებენ და მზესაც. ზაფხულიც მშვენივრად გადაიტანეს.
- ეგ ურიკაც თქვენი დიზაინითა და გემოვნებით არის გაწყობილი?
- დიახ. ურიკას ამ სახლის მშენებლობაზე იყენებდნენ. მშენებლობა რომ დასრულდა, აღარ გადავაგდებინე, დავიტოვე, თეთრად შევღებე, მიწით გავავსე და ყვავილები ჩავრგე. გავახალისე ნაშრომ-ნაჯაფი ურიკა...
ისე, ბევრი ყვავილი ვერ შეეგუა აქაურობას, გახმა, გაფუჭდა, როგორც ჩანს, ჩვენთან ყოფნა არ მოეწონა. ვერაფრით გავახარე გვიმრა...
ესენი, რასაც ხედავთ, ჩვენს ვერანდას შესანიშნავად ეგუებიან. უკვე ერთი წელია, აქ ვართ და აქაურ კლიმატს კარგად გაუძლეს. თუმცა ცოტა ხანში ზოგიერთ ყვავილს, როცა აცივდება, შინ შევიტანთ.
აგერ, იმ ალუმინის ჭურჭელში ამ ზაფხულს მარწყვი მქონდა ჩარგული და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა, გემრიელ და დიდ ნაყოფს ისხამდა.
ახლა უკვე მოილია. მარწყვის გვერდით ქოთანში ერთწლიანი ყვავილებია. მათ ყოველ გაზაფხულზე ვრგავ მრავალფეროვნებისთვის, სილამაზისა და სიჭრელისთვის...
- ეს პალმაც მშვენივრად გამოიყურება.
- ეს ჩვენმა კეთილმა მეზობელმა გვაჩუქა, დაინახა, რომ ლამაზი აივანი გვქონდა. ჩვენც მადლიერებით მივიღეთ საჩუქარი და ყურადღებას არ ვაკლებთ. მართლა ლამაზია.
- მცენარეებს რამდენ დროს უთმობთ?
- ესენი ისე მიყვარს, რომ არანაირ დროს არ მართმევენ, პირიქით, მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხანდახან ზოგიერთს შეწამვლა სჭირდება და შესაფერის მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვყიდულობ. ზაფხულში ზოგიერთს ათ დღეში ერთხელ ვწამლავ.
ძალიან მიყვარს გადარგვა, რასაც 2-3 საათი სჭირდება, მაგრამ ამ საქმიანობაში დრო ისე გადის, ვერც კი ვიგებ. ზოგი ყვავილი დასაცალკევებელია. ზოგი გაიზარდა და სხვა ქოთანს საჭიროებს... მოკლედ, სულ თავს დავტრიალებ, ფოთლებისგან ვათავისუფლებ, ზედმეტ ტოტებს ვაცლი.
ამას 40 წუთამდე უნდა, მაგრამ ხომ გითხარით, ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს. გვიან შემოდგომით მინდა ვარდების გასხვლა. გავკრეჭ და გაზაფხულისთვის ახალი ყლორტების ამოსაყრელად გაემზადებიან.
ჩემი ყვავილები საოცრად მამშვიდებენ.
- თქვენს ლიმონსაც დაუსხამს...
- ეს ლიმონი მესამე წელიწადია, აჭარიდან ჩამოვიტანე, წლეულს პირველი მოსავალი მივიღეთ. მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, უფრო მეტად ზამთარში, რომ არ მოიყინოს. მანდარინის ხეც მინდა, მაგრამ კარგი ძირი ჯერ ვერ ვიშოვე. ლიმონს კი, როგორც ჩანს, აქაურობა მოეწონა, სრულფასოვანი ნაყოფი მოისხა...
ბროწეულის ხეც გვაქვს, კი გაუჭირდა, ძლივს გავახარე, მაგრამ ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. ულამაზესი ყვავილი აქვს. ათ ძირამდე მქონდა, მაჩუქეს, მაგრამ მათგან ამ ერთმა ძლივს გაიხარა.
- ყოველ დილას რწყავთ?
- ზაფხულში ყვავილს ყოველ მეორე დღეს უნდა მორწყვა - დილით ან ღამით. შუადღისას არ შეიძლება, ფოთლებს უშუშხავს. ზამთარში, შინ რომლებიც შემაქვს, მორწყვა 6 დღეში ერთხელ ჰყოფნით.
ახლა იების მომრავლებას ვაპირებ. ახლობელმა ფოთლები მომცა, ია კალმებით მრავლდება. ბევრი ფერად-ფერადი იის, სხვადასხვა ჯიშის ფოთოლი უკვე ჩავრგე და იმედი მაქვს, გაიხარებს.
- რას ურჩევდით სხვებს?
- ვურჩევდი, თუ ცხოველსა და ფრინველს ვერ იყოლიებენ, ბუნებასთან სიახლოვისთვის მცენარეები მაინც გაახარონ, ყვავილების შეგროვება და მოვლა დაიწყონ. ეს საქმიანობა ნერვებს დაუმშვიდებთ, მცენარეებზე ზრუნვა განტვირთვა და თერაპიაა. დღეს ეს განსაკუთრებით საჭიროა. მერე კი თვითონვე მიხვდებიან, რამხელა ბედნიერებაა ყვავილების მოვლა-პატრონობა.
მე დიდ სიხარულს მანიჭებს მცენარე. ხშირად ველაპარაკები კიდეც და თუ საჭიროა, ვტუქსავ...
ერთ მტირალა ნაძვზე მწყდება გული, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოვიტანე. საკმაოდ ძვირიც გადავიხადე, მაგრამ აქ ვერ გაიხარა, ამ კლიმატთან შეგუება გაუჭირდა.
- მიწას როგორ უცვლით?
- თუ რამე აკლია ნიადაგს, ვიტამინებს ვამატებ, ან გამომწვარ ნაკელს ზემოდან ვაყრი ქოთანს. ის გაფხვიერებული, მიწისებური მასაა, კარგად კვებავს (ოღონდ დოზირება უნდა, რომ მცენარე არ დაწვას). ნაკელი გამიწებული ჯობს და გვიან ან ადრე გაზაფხულზე უნდა მოეყაროს, რათა კარგად გამოაჯანსაღოს მცენარე, ფოთოლს ბზინვარება შესძინოს. ყვავილებს წვიმის წყალიც უხდება, არ ვნებს.
მოკლედ, შეიყვარეთ მცენარეები და ისინი ცხოვრებას გაგილამაზებენ.
ლალი ფაცია