გივი სიხარულიძე მეყვავილეც ყოფილა
"ადამიანისგან განსხვავებით ყვავილებს ღალატი არ შეუძლიათ"
მსახიობს, მწერალს, ყოფილ სპორტსმენსა და მოცეკვავეს, კოლორიტს და, ზოგადად, მრავალმხრივ ნიჭიერ გივი სიხარულიძეს თუ მცენარეები ასე უყვარდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს ამბავი შემთხვევით შევიტყვე და მაშინვე შევეხმიანე. ვკითხე, ფოტოზე აღბეჭდილი ყვავილები მართლა თქვენია-მეთქი? მიპასუხა: ჩემია, მა ვისია? ესე იგი, თქვენვე უვლით, ხომ? ჩემია და, მა ვინ მოუვლის?! ამის მერე შინ ვესტუმრე და სულ სხვანაირი გივი სიხარულიძე გავიცანი.
- ყველა ყვავილი მიყვარს, თითოეულს ხომ თავისი სურნელი და თვისება აქვს. ყვავილი მაგონებს კეთილშობილებით, სიყვარულით სავსე ადამიანს. ეკალი ჩემს თვალში ბოროტების სიმბოლოა, უბედურებაა, რომ სამყაროში ეკალი ჭარბობს ყვავილს.
- დიდი ხანია, ყვავილებს უვლით?
- 40 წელი იქნება, რაც ქოთნის ყვავილებს ვუვლი... საერთოდ, ბუნება მიყვარს - მთის, წყლის მოთხილამურე ვიყავი. კაცი შეიძლება ძალიან ინტელექტუალური იყოს, მოკრძალებული, ზრდილობიანი, თუმცა, ბოროტი და გულღვარძლიანი. ორმეტრიან, მხარბეჭიან ათლეტს, მოკრივეს, ძალოსანს კი შესაძლოა ფაქიზი სული ჰქონდეს - ბალახი უყვარდეს, გამხმარ ფოთოლსაც კი ეფერებოდეს.
- თქვენს ნამუშევრებში დიდი ადგილი უჭირავს ბუნებას, მცენარეებს...
- მაგ სამყაროსთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე რეალურთან. ის ყოველთვის ნაღდია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ... ჩვენ ბუნების შემადგენელი ნაწილები ვართ და უნდა გავუფრთხილდეთ მას, ამიტომაც მიყვარს ყვავილი, ფოთოლი, მდელო... თუ მინდორში მოვხვდი და საჭესთან ვარ, ვცდილობ, ხასხასა ბალახი მანქანით არ გადავთელო - სუნთქავს და არ მინდა, სიცოცხლე ნაადრევად მოვუსპო. ქუჩაში ხმელ ფოთოლს ფეხს არ ვაბიჯებ, ვიღებ და ხის ძირში ვდებ, ჩემი ძმაკაცები მეუბნებიან, - ცოტა დაუსტვინეო... ხმელი ფოთოლი ისედაც უკვე განადგურებულია და ფეხით საბოლოოდ აღარ ვთელავ.
- ე..ი. ქოთნის ყვავილებს 40 წელია, უვლით...
- ბინა ბევრჯერ გამოვიცვალე და გადატანა-გადმოტანისას ყვავილები დამაკლდა... ყველა მცენარე ერთნაირად ვერ ეგუება სხვა გარემოს.
ზურა შევარდნაძე რომ არის, მებაღე, უდიდეს პატივს ვცემ. იგრძნობა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, სიგიჟემდე უყვარს. საოცარი ადამიანია, ყოველ ღეროს, ფოთოლს, ყვავილს, ლებანს ეფერება. რა თქმა უნდა, ასეთი კაცი კარგი ადამიანია.
- თქვენს ბარაქის ხესა და ჭორიკანას მშვენივრად გაუხარია...
- ეს ჭორიკანა ძალიან მიყვარს, მისი ყვავილები ისეთ დროს ამოდის და ისეთ დროს ქრება, ვერც კი ხვდები... ცხოვრებაში კი ჭორიკანა ადამიანი მეზიზღება. ასეთ კარგ მცენარეს ასე ცუდი სახელი რომ შეარქვეს, არც ეს მომწონს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ჭორივით სწრაფად ვრცელდება და მრავლდება.
- ბარაქის ხეზე ამბობენ, კარგია ოჯახისთვისო.
- ამას ფულის ხესაც ეძახიან, რაც არ მომწონს. ფულის ხე არ მჭირდება და არც ხეზე ამოსული ფული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფულს ბედნიერება მოაქვს, ცდება.
- იატაკზე რომ მცენარეები გიწყვიათ, მზეს არ უფიცხებთ?
- რაფაზე სინათლის მოყვარული მცენარეები აწყვია, იატაკზე - ჩრდილისა. მზეს ყველა უნდა ეწაფებოდეს - ყვავილიც და ადამიანიც, მაგრამ ეს მცენარე რატომღაც მზეს ერიდება. მე ჩემს ყვავილებს ვესაუბრები, ისინი ცოცხალი არსებები არიან... წყალსაც ხშირად ველაპარაკები, თანაც საინტერესო თემებზე. ისიც ხომ ცოცხალია და სიცოცხლის წყაროა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ორგანიზმის 80% წყალია. თანაც წყალი რომ არ იყოს, მცენარეებს რითი დააპურებდა კაცი? ყვავილებს, ლაპარაკის გარდა, მოფერებაც უხდება და მუსიკაც უყვართ. ნაღდ ამბავს გეუბნებით - ამ ჭორიკანას ვკოცნი კიდეც...
ადამიანისგან განსხვავებით, ყვავილებს ღალატი არ შეუძლიათ და ამიტომაც ვარ მათ მიმართ ასეთი გულღია...
აი, აქეთ ბალბაა და ისევ ჭორიკნები... ღეროები კი მოტყდა, მაგრამ წყლიან ჭურჭელში ჩავდე და ვაფესვიანებ, რომ მერე მიწიან ქოთანში ჩავრგო.
ბეგონიას ამ სახლში გადმოტანის შემდეგ ერთი ღერო გაუხმა. ძალიან შემეცოდა აღარ მოვჭერი, მაგრამ ხედავთ, ფოთოლი გამოიტანა. გაცოცხლდა. ახლა მის გაზრდას ძალიან ვცდილობ.
- ნიადაგს რით ანოყიერებთ?
- სასუქებით. ბევრნაირი საშუალება არსებობს. გლუკოზის სახით თაფლიან წყალსაც ვუსხამ. თაფლს ხომ ფუტკარი გვაძლევს, საჭირო მასალას ყვავილებისგან იღებს და მე ისევ ყვავილებს ვუბრუნებ...
- მიწაზე თუ გიმუშავიათ?
- საგურამოში მქონდა აგარაკი და ჩემს შვილს ვაჩუქე. ახლა წელიწადში ერთხელ თუ ჩავალ, მაგრამ მიხარია, რომ იქაურობას კარგად უვლიან. ედემის ბაღად აქციეს ეზო-კარი. იმ ნაკვეთში თავის დროზე სამწლიანი ცაცხვი ჩავრგე, რომელიც ფესვიან-მიწიანად მომიტანეს. კარგად იხარა, საუცხოო ხეა. სახლი საგურამოში ისეთ ადგილზეა, პირდაპირ ზედაზნის მთას უყურებს. როცა მთვარე ამოდის, პირდაპირ აივანს ანათებს.
- პოეტური გარემო ყოფილა...
- მირჩევნია, პოეტურ გარემოში, ბუნების წიაღში ქოხი მქონდეს, ვიდრე გაურკვეველ ადგილას ბინა, განწყობის ადამიანი ვარ...
- ქოთნის ყვავილებს დავუბრუნდეთ, ძალიან შეუწუხებიხართ ამ ბეგონიის ბედს...
- მიჭირს შეგუება, როცა რომელიმე ყვავილი ხმობას იწყებს... ახლა ერთ რაღაცას გეტყვით: ჩემი მეუღლე 18 წელია, აღარ არის. მან იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე. სიყვარულით მის გარდა არავინ მყვარებია და როცა გარდაიცვალა, ჩემს თავს ვუთხარი, მის ადგილს არავის დავაკავებინებ-მეთქი. ავად რომ გახდა, მომვლელები ბლომად ჰყავდა, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვუვლიდი. ჰოდა, მცენარეს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ვხედავ, რომ ავად ხდება, ან ხმება, როგორ არ მივხედავ? ეს ხომ სულიერია, ცოცხალია... აი, შეხედეთ, ჩემი მეუღლის სურათთან 18 წელიწადია, ლარნაკში სულ ცოცხალი ყვავილები აწყვია... სანამ ცოცხალი ვარ, ასე იქნება...
- საუბარი ცოცხალი ნაძვით დავამთავროთ, რომელიც ქოთანში ჩაგირგავთ და საახალწლოდაც მოგირთავთ...
- ნაძვი ძალიან მიყვარს. საგანგებოდ ვიყიდე ცოცხალი, რომ გამოვზარდო.
მოდი, შევიყვაროთ ბუნება, ულამაზესი რამ დედამიწაზე, ყველაფრის საწყისი...
ლალი ფაცია