თინეიჯერმა გოგონამ ჯარისკაცის ჩაფხუტში "მშვიდობის ბაღი" გააშენა
"ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიცია გავაკეთე ჯარისკაცის ჩაფხუტში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს. ის ოკუპანტებს გადაურჩა... სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს"
ზამთარში ყვავილების სამყაროში მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა, ამ სუსხში მაინც აღმოვაჩინე თბილისური სამოთხე. 18 წლის ანი ციციშვილს ავჭალაში ულამაზესი ორანჟერეა აქვს. იქაურობას 100-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ამშვენებს. აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი მცენარეების გარდა, თუთიყუშებს - მრავალფერ ლორიკეტებსა და თევზებსაც უვლის.
ანი ციციშვილი: - ყველაფერი გვიმრების მოვლით დაიწყო. ჯერ ერთი სახეობა მქონდა, მერე ნელ-ნელა გავამრავლე... ახლა გვიმრის 22 სახეობა მაქვს.
თავიდან მხოლოდ ის მცენარეები მომწონდა, რომელთაც ფერადი ყვავილები არ აქვთ, მაგრამ მერე გამრავალფეროვნება გადავწყვიტე. ახლა ძირითადად, ტროპიკული მცენარეები მაქვს. მაგალითად, სპატიფილუმი, ორქიდეები, ანთურიუმები, აფელანდრა, მწერიჭამია დიონეა მუსციპულა, გვიმრებიც, ასევე, ხრიზალიდოკარპუსი, კოდიუმი, მონსტერა, ფილოდენდრონები.
- როგორ უვლი მათ?
- მცენარეს ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ვაკონტროლებ ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას. ტენიანობა 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალური კი 90%-ია. თუ ტენიანობა იკლებს, გამათბობელთან სველ ნაჭერს ვდებ - აორთქლებული წყალი ტენიანობას აბალანსებს.
ოკეანის თევზებისთვის აუზის გაკეთებას ვაპირებ. ამის შემდეგ ტენიანობის კლებასთან ბრძოლა აღარ დამჭირდება, ამ პატარა ეკოსისტემაში კლიმატი ბუნებრივად შეიქმნება.
- სასუქს ან რამე განსაკუთრებულ მინერალებს იყენებ?
- მცენარეებისთვის ყველაზე სასარგებლო აკვარიუმის წყალია, რომელშიც თევზები ცხოვრობენ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ფრთათეთრაა - პატარა თეთრი მწერი. მასთან გამკლავება რთულია.
ყვავილების კომპოზიცია
- ყვავილოვანი მცენარეებიც გაქვს...
- მაქვს ანთურიები, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს, მხოლოდ სამ თვეს "ისვენებს". ორქიდეა კი, თუ დიდი ყვავილი გამოიღო, მას რვა თვეს ინარჩუნებს. გუსმანია ორ წელიწადს ყვავილობს, როცა ყვავილი გაუხმება, შვილებს ამოიყრის, თვითონ კი კვდება; მერე ეს ახალი გუსმანია სხვა ქოთანში უნდა გადარგო და ისევ ახალი სიცოცხლის ციკლი იწყება.
- ლამაზი ორქიდეები გაქვს...
- ორქიდეა მიწაში არ ირგვება. ის ან ხავსში, ან ხის ქერქში უნდა დარგოთ. მე ხავსში მაქვს. ის ბუნებაში ხეებზე იზრდება და ფესვები გარეთ აქვს გადმოკიდებული.
- ვხედავ, პატარა ორქიდეებიც გაქვს...
- კვირტი რომ გაიზრდება, ირგვლივ ხავსს ვუფენ; იმ ხავსში ფესვებს რომ გაიდგამს, ხავსთან ერთად ვიღებ და ვდებ ხის ქერქში. კარგად დაფესვიანებას ექვსი თვე სჭირდება.
- იელის რამდენიმე სახეობა გქონია...
- იელი მიწაში ირგვება; ზოგიერთი ჯიში ყინვასაც უძლებს. ყვავის წელიწადში ორჯერ. სასუქი კი საჭიროა მისი აქტიური ზრდის პერიოდში.
- ჯუჯა ბროწეულიც გქონია...
- ჯუჯა ბროწეულის, ბონსაის, ფორმა თავად გამომყავს - თუ რომელიმე ტოტი სხვა მიმართულებით მინდა განვითარდეს, ტოტებს ერთმანეთს ვაბამ. მოგეხსენებათ, მცენარე სინათლისკენ მიილტვის და მეც სინათლისკენ ვაბრუნებ.
"ეს ჯუჯა ბროწეული ჯერ ორი წლის არის მაგრამ, პატარა ნაყოფი უკვე აქვს"
ეს ბონსაი ჯერ ორი წლისაა, მაგრამ ერთი პატარა ნაყოფი უკვე აქვს. აუცილებელია წელიწადში ერთხელ ფესვის მესამედის შეჭრა. ახალი მიწაც უნდა დაემატოს, რადგან ის ადვილად იფიტება. ხშირად სჭირდება მორწყვა, განსაკუთრებით - ზაფხულში. მაქვს ჰიბისკუსიც, იგივე ჩინური ვარდი, თუმცა, ახლა ყვავილობა დასრულებული აქვს.
- ახალი მცენარის ნათესებიც გაქვს?
- დიახ, ახლა ველოდები, ამარანტი როდის ამოვა და გაიზრდება. ამ მცენარეს რუსეთში, პეტრე პირველის მეფობამდე, საჭმელად იყენებდნენ. ძალიან სასარგებლოა - 20 აუცილებელი ამინომჟავიდან 18-ს შეიცავს.
ამარანტი 3-4 მეტრამდე იზრდება, აქვს პატარა, შავი მარცვლები და ერთ კვირაში ამოდის. ძველად მის შავ მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. ახლა მას ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ.
მაქვს მწერიჭამია, რომელიც ჯერ პატარაა, მაგრამ მწერებს უკვე იჭერს. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, თუმცა, აუცილებელია, ყველა მცენარის ქოთანში ნახშირი მოათავსოთ - ის ზედმეტ წყალს იღებს და სასარგებლოა მცენარისთვის. კაქტუსებიც მაქვს. აკვარიუმებში ვაკეთებ სხვადასხვა კომპოზიციას, ერთ-ერთი საინტერესო კომბინაცია კი ჯარისკაცის ჩაფხუტში მაქვს გაკეთებული. ეს ჩაფხუტი 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს, რომელიც ოკუპანტებს გადაურჩა. სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს.
ეკა გადახაბაძე