ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
"სვანური ქუდი დასავლეთში დღესაც არის გავრცელებული, აღმოსავლეთში კი თუშური, ანუ კახური. თუშური ქუდის ანალოგი თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის აკლდამაშია აღმოჩენილი და ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პერიოდს განეკუთვნება"
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს", - ეს ცნობილი ფრაზა ნათლად მიანიშნებს, რა დატვირთვა ჰქონდა ქუდს მამაკაცისთვის. ის ვაჟკაცობასთან, სინდის-ნამუსთან ასოცირდებოდა... საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ქუდი, რომლებიც ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით მზადდებოდა. ქართული ქუდის ნიმუშებია: კახური (თუშური) ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი, სვანური, ხევსურული და მოხევური ქუდები და სხვ. ცხადია, ოდითგანვე არსებობდა ასეთი მნიშვნელოვანი ნივთის შექმნის ტექნოლოგიებიც.
დღეს მოგითხრობთ სვანურ და კახურ ქუდებზე, რომლებსაც ძველად ქალებიც ამზადებდნენ. გვესაუბრება ხალხური რეწვის ოსტატი, ისტორიის დოქტორი და ეთნოლოგი ნანული აზიკური.
- მენაბდეობა მატყლის თელვა გახლავთ, რაც ქართველ ხალხში ოდითგანვე იყო გავრცელებული. სადაც მეცხვარეობას მისდევდნენ, დარგი ყვაოდა.
ქართულ მატყლს თუშური ცხვრისგან იღებენ, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ძვირფასი მატყლია, შესანიშნავად ითელება, იღებება, გაჭიმვასა და გრეხასაც კარგად ემორჩილება.
დასავლეთ საქართველოში კი უძველესი დროიდან კოლხური ჯიშის ცხვარი იყო გავრცელებული (ამას მოწმობს არქეოლოგიური მასალები), რასაც დღეს იმერულ ჯიშს უწოდებენ. აღმოსავლეთ საქართველოს (თუშური) ცხვარს ნახევრად უხეში მატყლი აქვს და მისი ნაწარმიც ასეთივეა. კოლხური ცხვრის მატყლი შედარებით ნაზია. სხვათა შორის, მუდმივად ტყუპმშობია, ხანდახან კი სამსაც შობს.
- მოკლედ, საქართველოში ადრევე ყოფილა ბაზა მენაბდეობისთვის...
- ყველანაირი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ აქ ნაბდები ეთელათ. დღეს ნაბდის ნაცვლად სიტყვა თექას ხმარობენ - ეს სიტყვა თავის დროზე ლიტერატურაში შეცდომით გამოიყენეს და სამწუხაროდ, ასევე დამკვიდრდა. დარგს მენაბდეობა ჰქვია, ხელოსანს, რომელიც ამ საქმეს ემსახურება, მენაბდე და მერე უკვე ხელობიდან გამომდინარე, გვარი მენაბდეც გაჩნდა.
მენაბდეობაში იქმნება სხვადასხვა ნამუშევარი, უსახური და სახიანი (დეკორატიული), თავსაბურავები, საბეჭურები, პაჭიჭები. იკერებოდა საწვიმრები, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოს მეცხვარეები ატარებდნენ. ითელებოდა ასევე ცხენის აღკაზმულობის ნაბდები, სამშვენისები, უნაგირის ქვეშაგები, ანუ პირველი ფენა უნაგირის ქვეშ დასადებად და სხვ.
- ქუდებზე რას გვეტყვით?
- რამდენიმე სახის ქუდი ითელებოდა. სვანური ქუდი დასავლეთში დღესაც გავრცელებულია, აღმოსავლეთში კი თუშური, ანუ კახური (თუშური ქუდის ანალოგი თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის აკლდამაშია აღმოჩენილი და ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პერიოდს განეკუთვნება. მუზარადს ნაბადი შიდა ფენად აქვს გამოკრული დარტყმისგან თავის დასაცავად. მიცვალებულსაც ნაბადზე ასვენებდნენ). თუშური ქუდი ნაბდის განვითარებული ფორმაა, კახეთში კახურს ეძახიან, სამცხე-ჯავახეთში - ტეტიურს, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს. ადრე ზოგჯერ ფაფანაკიც ითელებოდა, მატყლისგან მზადდებოდა, იყო მოქარგულიც. ორიგინალური და თვითმყოფადია ხევსურული ნაბდის ქუდებიც, დაბალი რკალითა და მთლიანად მოქარგული. თუშური ქუდი ყაითნით (ნაგრეხი ბამბის ძაფი) არის გაწყობილი. სვანური ქუდი ყალიბზე ითელებოდა და მთლიანად, მრგვლად აწყობდნენ ყაითნით. ამ ქუდის დამზადება დიდ ოსტატობას მოითხოვს. ბოლო დროს ბევრი თელავს, მაგრამ ისე ვერა, როგორც სვანები. ისინი ამ საქმის უბადლო ოსტატები არიან.
- მატყლის თვისებების განსხვავებებზე საუბრობდით...
- თუშურ-კახური ქუდებისთვის საუკეთესოდ ითვლება ცხვრის ყელ-ყურის, შუბლის, ლაჯების არიდან აპარსული მატყლი, ხუჭუჭი და საუკეთესოა. სვანური ქუდი ლეჩხუმსა და სვანეთში გავრცელებული ცხვრის მატყლისგან მზადდება, - შეუდარებელია ფერდებიდან და ზურგის არიდან აპარსული მატყლი.
მოთელვის შემდეგ თუშური ქუდისთვის მიღებული მასალა, ანუ მონათელი საქუდე შოლტებად იჭრება და ქუდებიც მათგან იკერება. ქუდს რკალი სამ ფენად უკეთდება, ანუ გარშემო აკეცილი ნაწილი სამი ფენისგან შედგება. იმ ნაკეცში მწყემსები წინათ ნემსსა და ძაფს ინახავდნენ. იქვე ბორწკალსაც (პინცეტი) მალავდნენ, სახეზე ზედმეტი ბეწვის მოსაშორებლად. ადგილს, სადაც ამ ყველაფერს ინახავდნენ, საშუბლე ერქვა, მის ზედა ნაწილს კი ცა, თუმცა უფრო წინა თაობა მას ყალამს ეძახდა (სპარსული სიტყვაა და ცას ნიშნავს). შემდეგ ოთხი ნაკეცი ცენტრში ერთდება, შესაბამისად, ზემოდან ქუდს ჯვრის ფორმა აქვს. იქვე უკეთდება პატარა სიმრგვალეც. თეთრ ქუდებს შავი ყაითნით აწყობდნენ, შავს - თეთრით. რაც შეეხება სვანურს, ქისონი უნდა ყოფილიყო (ზოლ-ზოლად თეთრად და შავად შეფერადებული შალის ქსოვილი), შავ-თეთრი ან რუხი. ასაკოვნებისთვის უფრო მუქი მზადდებოდა - ორ წილ მუქ მატყლს ერთ წილ თეთრს ამატებდნენ და მერე ჩეჩდნენ.
- სვანურ ქუდსაც აქვს ყაითანი ჯვარედინად შემოვლებული, ცენტრში კი - გრძელი ძაფი.
- ყაითანი გასალამაზებელი, შესამკობია, თუმცა სახმარი ნივთი მხოლოდ მიმზიდველი კი არა, პრაქტიკულიც უნდა ყოფილიყო. ქუდის ქვედა კიდეს ყაითანს შემოავლებდნენ, ზემოდან კი ჯვარს სახავდნენ. ამით ქუდს სიმაგრეც ეძლევა. გრძელ ძაფს იმიტომ უტოვებდნენ, რომ ქუდის ხელში დაჭერა გაადვილებულიყო, ან მთაში ცხენოსნისთვის ქარს არ გაეტაცა. ზოგჯერ ძაფით ქუდს სამოსზეც იბამდნენ. ასეთივე ძაფი აქვს ფაფანაკსაც.
- ქუდებზე ჯვრის ფორმის ყაითნებით გაწყობა რაზე მეტყველებს, ამას ქრისტიანული დატვირთვა აქვს?
- ეს ქუდები წინარექრისტიანული პერიოდის არის. ჯვარი, ცხადია, ქრისტიანობის სიმბოლოა, თუმცა ამ ქუდებზე გამოსახული ჯვრები სამყაროს ოთხ კუთხეს აღნიშნავდა. შეიძლება მერე და მერე ქრისტიანული დატვირთვა შეიძინა. ფაქტია, რომ ქუდი ცასთან არის კავშირში, ქუდის ზედა ნაწილს სწორედ ცას უწოდებენ.
- ანდაზაც ხომ არის, "ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო"... ქუდების დამზადების ტექნოლოგიაზეც ვისაუბროთ.
- ორივე ქუდი თერმული დამუშავებით მზადდება, ანუ ცხელი წყლით. თუშურ-კახური ქუდის მატყლი ირეცხება, იჩეჩება, იპენტება და ქსოვილზე იშლება (წინათ შინ მოქსოვილ შალის ქსოვილზე შლიდნენ). ფენა თანაბარი ზომის უნდა განთავსდეს. მერე აპკურებენ ცხელ წყალს, ჩაგრაგნიან და დიდხანს თელავენ, ოთხივე მხრიდან. შემდეგ ამ მასას ამოაბრუნებენ და კვლავ ოთხივე მხრიდან გათელავენ. მოკლედ, რვაჯერადი გათელვა სჭირდება. ერთდროულად დიდი მასა ითელება და ამის მერეღა იჭრება საქუდე შოლტებად. დაჭრისას რჩება პატარა სამკუთხედი ნაწილები, რითაც დეკორატიული ნაბადიც მინახავს შექმნილი. ვიქტორ ჯორბენაძის კოლექციაში ახლაც არის დაცული. ნარჩენები ერთმანეთს მიაწებეს ცხელი წყლის დაპკურებით, ფონად კი ირმების აპლიკაცია დაურთეს, ძალიან ეფექტურია.
სვანური ქუდები ყალიბებზე ცხელი წყლით სათითაოდ ითელება. ქუდისთვის საჭირო მატყლს სვანები კვერცხით ზომავდნენ. ქუდს ორი მუჭა მატყლი ჰყოფნიდა. ჯერ აფენენ ტილოს, ხელსახოცს, ქსოვილს და ზედ მატყლს სხვადასხვა მიმართულებით, თბილი წყლით თელავენ, მერე ცოტა ჩაზნექილობას აძლევენ, ყალიბზე აცვამენ და განაგრძობენ დამუშავებას. წინათ მოთელვისას საპონსაც ხმარობდნენ, არადა, ნაბდის ერთი დიდი ღირსება ის არის, რომ შერჩენილი ცხიმის წყალობით წვიმას არ ატარებს, ადვილად ისხლეტს. მაგალითად, თუ სამწყემსო ნაბადი საპნით არის გათელილი, არ ვარგა, წყალს შეიწოვს...
სვანური ქუდი ზამთარში თბილია და ადამიანს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი მზის მცხუნვარებისგან. სხეულისთვის შემაწუხებელი არ არის, ამიტომ მას ზამთარ-ზაფხულ იხურავენ. მოკლედ, ქუდი უნივერსალურია და ასეთივე სრულყოფილია მისი დამუშავების ტექნოლოგიაც.
ლალი ფაცია