"სოკოს ქართულ ბაზარზე 3,5-ჯერ იაფად ვყიდით, ვიდრე ადრე ღირდა"
"ქამა სოკოს ჩვილივით მოვლა სჭირდება; ისიც კი აზიანებს, თუ სათბურში შემოსული ჰაერი პირდაპირ "დაეჯახება". ეს საკმარისია, რომ სოკო გამოშრეს. ამიტომაც სათბურებს ისე აკეთებენ, რომ იქ შესულმა ჰაერის ნაკადმა სოკოებს ზემოდან გადაუაროს"
სოკო ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ერთადერთი პროდუქტია, რომლის წარმოება ბოლო 6 წელიწადში არა მხოლოდ 6-ჯერ გაიზარდა, არამედ ექსპორტზეც გავიდა. დღეს ქართულ სოკოს საერთაშორისო აგრობაზარზე შეღწევის რეალური შანსი აქვს. როგორ მოხერხდა ეს? ამის შესახებ ივანე იოსელიანი გვესაუბრება - კომპანიამ სწორედ მისი თაოსნობით მოახერხა წარმოების ზრდა და ექსპორტზე გასვლა.
- ექვსი წლის წინ ჩვენ მხოლოდ 300 ტონა სოკოს მოვიხმარდით, საიდანაც 250 ტონა იმპორტი იყო - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ნაწილობრივ ირანიდან. ფასი, მოთხოვნილების მიხედვით, 15 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობდა; ყოველ შემთხვევაში, ახალ წელს კილოგრამი 25 ლარი ღირდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ექვსი წლის წინ სათბურის სოკოს წარმოების დაწყება გადავწყვიტე. რუსთავის გზატკეცილზე, საბჭოთა პერიოდის ძველსა და გაძარცულ სათბურების შენობებს რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ. საბედნიეროდ, კარგი ტექნოლოგიც ვიპოვეთ, რომელმაც თანამშრომლების საუკეთესო გუნდი შექმნა. ასე შევუდექით სოკოს მოყვანას. იმ დროს ასეთ წარმატებებზე ვერ ვიფიქრებდით, მაგრამ გვინდოდა, წელიწადში 40 ტონამდე სოკო მაინც გვეწარმოებინა.
- ახლა?
- ახლა მხოლოდ თვეში მოგვყავს 200 ტონამდე სხვადასხვა სოკო. მათ შორის, შამპინიონი, კალმახა და პორტობელო. მათ ქართულ ბაზარზე დაახლოებით 3,5-ჯერ იაფად ვყიდით, ვიდრე ადრე ღირდა. ეს ნიშნავს, რომ ამ გემრიელ პროდუქტს მეტი ადამიანი ყიდულობს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს სოკოს მოყვანა ადვილია. კალმახა სოკო შედარებით იოლად მოსაყვანია, ამიტომაც მისი შინ წარმოებაც შეიძლება, მაგრამ შამპინიონს 17 პირობის უმკაცრესად დაცვა სჭირდება, რომ სასურველი მოსავალი მივიღოთ. უნდა დაიცვა ტენიანობა, ტემპერატურა, ჟანგბადი, ნიადაგის ბალანსი და სხვ. ეს რომ შევძლოთ, ბევრს ვწვალობთ - უცხოეთში თანამშრომლების გაგზავნითა და კონსულტაციებით დაწყებული, ადგილობრივი კადრების შერჩევით დამთავრებული.
- სოკო ბუნებაში თვითონ არჩევს ნიადაგს, რომელზეც ფეხს მოიკიდებს. სათბურში როგორ ნიადაგზე მოგყავთ?
- სოკო ჩვენი ხორბლის ნამჯისა და თაბაშირის ნარევზე მოგვყავს, რომელსაც ქათმის სკორე ერევა. მხოლოდ თესლი შემოგვაქვს უცხოეთიდან. ნიადაგის ნაერთში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული პროპორციები და სანამ სოკო დაითესება, იქ ყველა ბაქტერია უნდა განადგურდეს. ამის შემდეგ მოსავლის მიღებისთვის დაახლოებით 63 დღეა საჭირო, მერე კი ნიადაგი სათბურიდან გამოგვაქვს და სასუქის სახით მოვიხმართ, სათბურში კი ახალი ნიადაგი შეგვაქვს.
- სოკოს საუკეთესო მოსავლად რა რაოდენობა მიიჩნევა?
- 1 კვადრატულ მეტრზე 30 კილოგრამი. პროდუქტს ადგილობრივ ბაზარსა და უცხოეთში განსხვავებული შეფუთვით ვუშვებთ. თუკი ჩვენი სავაჭრო ობიექტები მისი შენახვის პირობებს დაიცავენ, სოკო 10 დღეს შეინარჩუნებს სამომხმარებლო თვისებებს. ქართულ ბაზარზე სოკოს მომხმარებელი არის, მისი ნაკლებობა არ იგრძნობა. რაც შეეხება იმპორტს, პროდუქტი გაგვაქვს სომხეთსა და დუბაიში, მცირე რაოდენობით კი - რუსეთში. ვაპირებთ, გავიტანოთ კატარშიც.
ოთარ ტაბატაძე, ტექნოლოგი:- ქამა სოკოს ჩვილივით მოვლა სჭირდება. ისიც კი აზიანებს, თუ სათბურში შემოსული ჰაერი პირდაპირ "დაეჯახება". ეს საკმარისია, რომ სოკო გამოშრეს. ამიტომაც სათბურებს ისე აკეთებენ, რომ იქ შესულმა ჰაერის ნაკადმა სოკოებს ზემოდან გადაუაროს. თუკი ვინმეს შამპინიონისთვის სურს სათბურის მოწყობა, კვალიფიციურად და დაუღალავად უნდა იმუშაოს და წაგებული ნამდვილად არ დარჩება. ამისთვის, უპირველესად, კარგი დაგეგმარებაა საჭირო, ამასთან,
წინასწარ უნდა დაიანგარიშონ სათბურის აშენების თუ სოკოს მოყვანის ყველა ხარჯი. სათბურს უნდა ჰქონდეს გამართული ვენტილაციის სისტემა, ჰერმეტული კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე - სწორი განათება... გარდა ამისა, სოკოს მოყვანისთვის აუცილებელია სითბო, მუდმივი წყალი და ელექტროენერგია.
- რთული პირობები ჩამოთვალეთ...
- სამაგიეროდ, შამპინიონის მწარმოებელი არასოდეს დარჩება წაგებული. მასზე მოთხოვნილება და კლიენტი ბაზარში ყოველთვის არის. უფრო ადვილია კალმახას, ანუ ხის სოკოს მოყვანა როგორც სათბურში, ასევე შინ, უბრალო სარდაფსა თუ ხის კუნძზე, რადგან სხვა კულტივირებად სოკოებთან შედარებით, კალმახა სწრაფად იზრდება და კარგად უძლებს კონკურენტ მიკროფლორას. ადვილად ითესება და იზრდება ხის ნარჩენებზეც კი - დიდ მორებსა თუ შედარებით მცირე კუნძებზე.
როგორც დაკვირვება აჩვენებს, კალმახა სოკო ყველაზე კარგად წიფლისა და მუხის კუნძზე ხარობს. თუკი შამპინიონს აუცილებლად თაროებზე სჭირდება მოყვანა, კალმახა დიდ პოლიეთილენის პარკებშიც კი მოჰყავთ. თუმცა, მაინც აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც, კომპოსტის მომზადებით დაწყებული, სოკოს მოყვანის ყველა პროცესს უხელმძღვანელებს, მერე კი საქმეს მწარმოებელიც იოლად გაართმევს თავს.
როგორ დავთესოთ სოკო
სასოფლო მაღაზიებში ყველგან იყიდება კალმახას თესლი. დათესვა რამდენიმე მეთოდით შეიძლება. პირველი მეთოდით სოკოს თესლს მორებს სიგრძეზე მოაყრით, ზუსტად ისე, როგორც ბოსტანში ითესება ქინძი. სოკოს თესლი ქერქში ჩაცვივდება, ხოლო ქერქიდან რომ არ გადმოცვივდეს, მორი არ უნდა ირყეოდეს. აგრეთვე ჯობს, ის რაც შეიძლება დიდი იყოს. ადგილს, სადაც თესლი ჩავთესეთ, მსუბუქად უნდა გადავაფაროთ და ლურსმნებით მივამაგროთ თხელი ფიცარი, რათა თესლს კარგი პირობები ჰქონდეს განაყოფიერება-გაზრდისთვის.
სოკოს დათესვა მორის გადახერხილ ზედაპირზეც შეიძლება. თესლს მასზე თხლად გაშლით და ზედ მეორე მორს დაადებთ ზუსტად ასეთივე გადახერხილი ზედაპირით. ასე შეიძლება სოკო იარუსებადაც დათესოთ. ასევე შეიძლება მორის რამდენიმე ადგილას გაბურღვა და სოკოს ამ ნახვრეტებში ჩათესვა. კუნძები რომ არ გამოშრეს, პერიოდულად წყალიც უნდა ასხუროთ.
გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა დაახლოებით 14 გრადუსს მიაღწევს, კუნძები ფიფქის მსგავსი სოკოს წარმონაქმნით დაიფარება, რომელიც მალე გაიზრდება. თუ სოკოს უფრო მაღალი ტემპერატურის დროს დავთესავთ და სიცხეს დაიჭერს, კუნძები ჩრდილიან ადგილზე უნდა გადავიტანოთ. ძალიან ლამაზია სოკოს ჩამოყალიბებისა და გაზრდის პროცესი - კუნძს სოკო სწრაფად ედება და კარგი სანახავია. ასე რომ, კარგი საქმის გაკეთება უნაყოფო მორებსაც შეუძლიათ.