ტყის "ინკუბატორი"
"განზრახული გვაქვს, ყველა მსურველს მივყიდოთ დაახლოებით 6 თვის ნერგები, ისინი იაფი - 15-20 თეთრი ეღირება და მეურნე კაცის ხელში ყველა მათგანი გაიხარებს"
რევაზ ბეჟაშვილი: "მიწა გავანოყიერეთ ბალტიისპირეთიდან ჩამოტანილი ტორფით და აგროპერლიტით. შემდეგ ქვიშაში წინასწარ გაღივებული თესლი დავთესეთ. მოვლილმა თესლმა მალე გაიხარა, დღეს კი წითელ წიგნში შეტანილი ხეების 2 მილიონი ახალაღმოცენებული ნარგავი გვაქვს..."
ეროვნული საშენი მეურნეობის სანერგისთვის ტერიტორია 50 წლის წინ გამოიყო სოფელ სართიჭალასთან. სარწყავად სიონის წყალსაცავიდან სამგორის არხით წყალიც მიუშვეს. მოგვიანებით არხიც მოიშალა და სანერგეც... დღეს კი, ამ სანერგეში შესულმა, შვება ვიგრძენი. გარშემო გადაჭიმულია გადაშენების პირას მისული ქართული ფლორის - იფნის, ნეკერჩხლის, ძელქვის, წაბლის, საკმლისა თუ მრავალი სხვა მცენარის ნერგების "პლანტაციები".
რევაზ ბეჟაშვილი, მეურნეობის დირექტორი: - იმდენად მიხარია ამათი ყურება, ყოველდღე თუ არ მოვედი, ვეღარ ვძლებ. თანაც ახალამოსულ ნერგს ჩვილივით მოვლა სჭირდება. თუ დღეს არ ჩამოუარე, არ მორწყე, სარეველა არ შემოაცალე, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს. ამ ნერგების გახარება ჩვენი იმედია, რადგან ყველა მათგანს იმ ადგილებში ჩავრგავთ, სადაც ტყეში შესაბამისი ჯიში ნადგურდება. დაახლოებით 20 წელიწადში იმ ადგილას ალბათ ახალი ტყე გვექნება!
დღეს ჩვენი ტყეები სავალალო მდგომარეობაშია - უმეტესობა განადგურებულია, დარჩენილ ნაწილში დაავადებებია მოდებული. მათ შორის ქართული ბზისა და წაბლის კორომებში და ვერაფერს ვშველით. ძვირფასი ბზის ასწლოვანი კორომები ყვითლდება და ხმება, წაბლსაც რაღაც უცნაური დაავადება - წაბლის კიბო შეეყარა - ხე ხმობას კენწეროდან იწყებს და ქვემოთ, ფესვებისკენ მოიწევს. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთ სიტუაციაში ჯერჯერობით ერთი საშველია - დაავადებული მცენარის ადგილას რაც შეიძლება მეტი იგივე სახეობა უნდა დავრგოთ და გავახაროთ, რის შემდეგაც მცენარე დაავადებისადმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს... ასევე, ფაქტობრივად, განადგურებულია მყარი და საუკუნოვანი ქართული ჯიშები - ძელქვა, მუხა, კაკალი...
სასიხარულო იყო, როცა შარშან მთავრობამ საქართველოს წითელი წიგნის განახლების საკითხი დასვა. პარალელურად, იდეაც გაჩნდა, რომ გადაშენების პირას მისული ქართული ფლორის თესლი შეგროვებულიყო და დათესილიყო. ეს საქმე აქაურ პერსონალთან ერთად დიდი ენთუზიაზმით დავიწყე - ჯერ გამოვიკვლიეთ, რომელ კუთხეში რისი თესლის შეგროვება შეიძლებოდა, მერე შეგროვება დავიწყეთ. თესლი ძირითადად შემოდგომით გროვდება და ამ საქმეში მოსახლეობაც ჩავრთეთ. ამ ეტაპზე გადაშენების პირას მისული ქართული ფლორის 16 სახეობის თესლი გვაქვს შეგროვებული.
ნაწილი თესლით გენეტიკური ბანკი ადგილზევე შევქმენით (თუ მომავალში რამე მიზეზით წითელი წიგნის ფაუნის თესლის შეგროვებას ვერ შევძლებთ, მარაგი გვექნება), დანარჩენი კი სათესად გამოვიყენეთ. მანამდე დასათესად მოვამზადეთ მიწა, რაც არცთუ ადვილი იყო - გაუვალ ძეძვნარად გადაქცეული მიწა გავასუფთავეთ, გავანოყიერეთ ბალტიისპირეთიდან ჩამოტანილი ტორფით და აგროპერლიტით. შემდეგ კი ქვიშაში წინასწარ გაღივებული თესლი დავთესეთ - ლებნიანი მცენარეები წინასწარი გაღივების შემდეგ ითესება. მოვლილმა თესლმა მალე გაიხარა, დღეს კი წითელ წიგნში შეტანილი ხეების 2 მილიონი ახალაღმოცენებული ნარგავი გვაქვს... ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა ბატონი თენგიზ მეტრეველი. ამ ადამიანმა, ხანდაზმულ მემცენარე მეცნიერთა წარმომადგენელმა, ზეპირად იცის მთელი საქართველოს ფლორა და მისი გასაჭირი. დავითანხმე და რაჭაში გადასახლებული, კვლავ თბილისში ჩამოვიყვანე სამუშაოდ.
- მოსახლეობა როგორ ხვდებოდა ამ ამბავს?
- როგორ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს და არ გაგიხარდეს, რომ განადგურებული ტყეების აღდგენაში წვლილი შეგაქვს! გარდა ამისა, ხალხს გასამრჯელო გადავუხადეთ - ტყეში თესლის შეგროვება ადვილი როდია და მუშაობის სიმძიმე გავითვალისწინეთ. კაკალი და ნუში კი შევისყიდეთ... ამ სახეობების ნერგების უმეტესობას ტყეებში გადავრგავთ, სადაც ისეთივე ველურ ჯიშად დარჩება, როგორიც იყო, მაგრამ უდიდეს ნაწილს საძირედ გამოვიყენებთ - კაკალზე ჩანდლერის კაკალს, ნუშზე კი იტალიური ჯიშის მაღალხარისხოვან ნუშს დავამყნობთ და ასე გავყიდით.
იმერული მუხის თესლი ზესტაფონსა და აჯამეთში შევაგროვეთ; სოჭისა - რაჭაში, თლუღში. ამ კავკასიური სოჭის ნერგები უცხოეთში, ჰოლანდიაში გადის; ნეკერჩხალი მამისონზე მოვიპოვეთ; ლეკის ხე - ამბროლაურში. ძელქვის ნაწილი - იმერეთში, ნაწილი - კახეთში... თუმცა, კიდევ ბევრი იშვიათი ადგილობრივი მცენარის თესლი გვაქვს მოსაპოვებელი. კიდევ ერთი: ჩვენ ტყის მაჟალო-ვაშლისა და პანტა-მსხლის თესლიც შევაგროვეთ - ისინი ტყისთვის აუცილებელია!
- წითელ წიგნში შეტანილი მცენარეების ბანკის შექმნას სჭირდება დიდი ფინანსები, მუდმივი ელექტროენერგია...
- თუ ელექტროენერგია შეგვიწყდა, გენერატორი გვაქვს... სართიჭალასთან მდებარე სანერგეს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ეროვნული ფლორისა და ფაუნის განვითარებისთვის (სუფთა ქართული ჯიშის ფრინველების - ქედნის, კაკბის, შურთხის, გნოლის... მოშენებაც გვაქვს გადაწყვეტილი) დამატებითი თანხები აუცილებლად გვჭირდება. უპირველესად მოსაგვარებელი იყო წყლის საცავის გაკეთება - სამგორის არხი საიმედო ვეღარ არის, წყალი ხან გვაქვს და ხან არა, აი, ამიტომაც დაგვიდგა აუზის გაკეთების საჭიროება. ნარგაობისთვის საქარე ზოლი აუცილებელია და დიდი სიხარულით გავაკეთე - აქ გამოყვანილი ალვის ხეებისგან სანერგის გარშემო რამდენიმემწკრივიანი საქარე ზოლი შევქმენი. ამ ყველაფერს ვაფინანსებთ ჩვენი გამოყვანილი ნერგების გაყიდვით, პარალელურად სანერგეში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასიც გავუორმაგეთ - აქ დარსა თუ ავდარში მუშაობა ადვილი საქმე არ არის და მშრომელს სტიმულიც უნდა ჰქონდეს...
- თბილისის მერი მილიონი ნერგის დარგვას დაგვპირდა... რაც დარგეს, ისეც მიატოვეს და გაახმეს...
- მილიონი ნერგის დარგვა სულაც არ არის ის რიცხვი, რისთვის თავის მობმაც მერიას არ შეუძლია. მაგრამ ნერგი რომ დარგო და გაიხაროს, კანონმდებლობის ნიუანსებიც უნდა გიწყობდეს ხელს. ნერგების დარგვის სეზონი 2 თვეს გრძელდება და დარგვა ამ დროში უნდა მოესწროს. ამ მხრივ კანონით გათვალისწინებული ტენდერები უნდა გადაიხედოს - ტენდერი იმ დროს უნდა გამოცხადდეს, რომ ნერგის დარგვა (მორწყვა) არ დაგვიანდეს. გარდა ამისა, ორგანიზაციები, რომლებიც კისრულობენ ნერგების ზაფხულში მორწყვას, უცებ სადღაც ქრებიან ხოლმე.
მომავალში ახალდარგული ნერგების მიხედვა შესაძლოა მერიამ ჩვენ შემოგვთავაზოს. ამ შემთხვევაში მათი შენარჩუნება არ გაჭირდება. კიდევ ერთი: განზრახული გვაქვს, ყველა მსურველს მივყიდოთ დაახლოებით 6 თვის ნერგები, ისინი იაფი - 15-20 თეთრი ეღირება და მეურნე და მშობლიური ბუნების მოყვარული კაცის ხელში ყველა მათგანი გაიხარებს.
ეთერ ერაძე