"ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ბაბუასგან ვისწავლე" - 22 წლის მეღვინე გოგონა ბაღდათიდან
"არასდროს დაიზაროთ და დაიქირავეთ უპირველესად საკუთარი თავი, რადგან თქვენს საქმეს თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს"!
22 წლის ბაღდათელი ბაია აბულაძე მე - 2 კლასიდან, ოჯახთან ერთად, ჰექტარნახევარზე გაშენებულ ვაზს საკუთარი ხელით უვლის. პროფესიით პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტს მევენახეობა - მეღვინეობის დარგი იმდენად უყვარს, რომ შეუძლია დაუსრულებლად ისაუბროს ამაზე.
- ბაია, გაგვეცანი, მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ...
- დავიბადე ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სამაგისტრო პროგრამაზე. ჩემი ოჯახის საქმიანობის სფერო მევენახეობა-მეღვინეობაა და ამ პროცესში მეც აქტიურად ვმონაწილეობ. ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება, დაახლოებით 6 საათზე ან შეიძლება უფრო ადრეც. ვამზადებთ ხელსაწყოებს და ყველა ერთად გავდივართ ვენახში, განსაკუთრებით შრომატევადი ეს საქმიანობა შემოდგომაზეა, რადგან მწიფე ყურძენს მალე სჭირდება მოკრეფა. ამინდის ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს მასზე. მოკრეფილი ყურძენი მიგვაქვს სახლში დასაწურად, შემდეგ დაწურულ წვენს ვანაწილებთ რეზერვუარში. გვაქვს ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, შარშან შევიძინეთ. ამ საქმიანობაში ჩემი ოჯახის ყველა წევრია ჩართული. წელს ჩემმა ძმამ ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სწორედ ამ ფაკულტეტზე სწავლობდა ბაბუაც.
- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?
- ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი ჯიშებია ცოლიკაური და ციცქა. ჩვენც ამ ორი ჯიშის ყურძენი გვაქვს, ორივე თეთრი ყურძენია. დაწურვის შემდეგად კი თეთრ, მშრალ ღვინოს ვიღებთ.
- თქვენს ღვინოს შენი სახელი ჰქვია...
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ღვინოს, ბოთლში ჩამოსხმის ტექნოლოგია და საერთოდ ეს პროცესი, უცხო იყო ჩვენთვის, რადგან დანადგარები, რომლებიც ჩამოსხმისთვისაა საჭირო, ძალიან ძვირია. თუმცა სახელმწიფო პროგრამა დაგვეხმარა და შევიძინეთ ეს დანადგარები, შარშან დეკემბრში კი დავიწყეთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა. რაც შეეხება სახელწოდებას, ამ პროცესშიც მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, სადაც მიგვქონდა ღვინო, ყველგან ბაიას ღვინოთი მოიხსენიებდნენ და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი სახელწოდების შერჩევაში. ასე გაჩნდა ჩვენი ბრენდი...
- რთული არ იყო ბაზარზე დამკვიდრება?
- ზოგადად, გაყიდვის პროცესში ჩართვა ძალიან რთულია, მით უფრო მაშინ, როდესაც დამწყები ხარ. ამ ყველაფრის მოგვარებაში დამეხმარა "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელი. მასთან შეხვედრის შემდეგ ბევრი მაღაზია და რესტორანი დაგვიკავშირდა და ღვინის მათ ქსელებში შეტანა შემოგვთავაზა.
დღეს უკვე 23 -ზე მეტ ადგილას იყიდება ჩვენი წარმოების ღვინო, როგორც მაღაზიებში, ასევე რესტორნებში.
- ღვინის ფესტივალებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- "ბაიას ღვინო" იტალიაში, ქალაქ ლომბარდიის ღვინის ფესტივალზე გავიტანეთ, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ღვინის დაყენების ტექნოლოგიები ბაბუასგან ისწავლე?
- ბაბუაჩემს ცალკე აქვს ვენახი და ჩემს ოჯახს - ცალკე, თუმცა ცხოვრების ნახევარი ბაბუასთან მაქვს გატარებული. ახლაც მასთან ვარ, მარანს ვაშენებეთ და მეც ჩემი მხრივ ვეხმარები. ვენახის მოვლა და ღვინის დაყენებაც დიდწილად ბაბუასგან ვისწავლე.
- გარდა ამ საქმიანობისა, სხვას რას აკეთებ?
- ვსწავლობ და პარალელურად ვმუშაობ იტალიის საელჩოს ვაჭრობის სააგენტოში.
- სამომავლოდ რას გეგმავ?
- ამჟამად ყურძენის 4500-მდე ძირი გვაქვს, რაც ჰექტარნახევარს იკავებს. ახლო მომავალში, ვფიქრობთ, გავზარდოთ ეს მოცულობა იქამდე, სადამდეც საკუთარი ძალებით შვეძლებთ მის მოვლას.
- ექსპორტზე თუ აპირებთ გატანას?
- საზღვარგარეთ ჩვენი წარმოების ღვინო ჯერ არ გაგვიტანია, თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ძალების მოსინჯვა ამ სფეროში?
- მახარებს, ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა და სურთ თავიანთი საქმიანობა ამ სფეროს მიუძღვნან. მათ ვურჩევდი, რომ ძალიან კარგად და ზუსტად შეარჩიონ ის სფერო, რაც აინტერესებთ და რაც მთავარია, ბევრი იშრომონ. გავიხსენებ სიტყვებს, რაც ბრიტანეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა: - არასდროს დაიზაროთ და დაიქირავეთ უპირველესად საკუთარი თავი, რადგან თქვენს საქმეს თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს!
ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)