"ნიავქარა" რაშები ლაშქრობებისთვის
"კარგმა ცხენმა კვიცობაში დედაზე წინ არ უნდა ირბინოს, ზრდასრულმა კი მათრახი არ უნდა დაირტყას"
"მეცხენეობაში ცხენის სიყვარული პატრონისგან რა დასაკვეხია, ცხენს რომ რიდი და ხათრი ექნება მხედრისა, დასაფასებელი სწორედ ეგ არის", - ამბობს თელაველი ავთო მაისურაძე, რომლის "ნიავქარის", ტანხატულა "რემისა" და ზღაპრული "თვალჩიტა" რაშების ამბავი დიდი ხანია საქართველოს საზღვრებს გასცდა. თელავში, წინანდალში, ალავერდში, შუამთასა და იყალთოში მოგზაური უცხოელი ტურისტები მაისურაძეების საჯინიბოს ხშირად სტუმრობენ.
- ოჯახში ცხენი გვყავდა, ალაყაფის კარზე კი ცხენის ნალი იყო მიკრული. ცხოველი კერას ყოფას უმსუბუქებდა, ნალი კი ავი თვალისგან იცავდა. სოფლად, ტყესა თუ მინდორში ამაზე ერთგულ შემწეს ძნელად თუ იპოვის კაცი, ასე რომ, მამა-პაპის ტრადიციას ვაგრძელებთ.
ამ ცხენებმა ჩვენთან ბინა 6-7 წლის წინ დაიდეს. აქედან რამდენიმე კილომეტრში შუამთის მონასტერია, თელავიც აქვეა, არც იყალთო და ალავერდია შორს, ტურისტები ცხენებს გასასეირნებლად ითხოვენ. ღირსშესანიშნავი ძეგლების გარდა, ტყეებში ძველი ეკლესიებისა და ციხე-კოშკების ნანგრევების მონახულება შეიძლება, ახლომახლო უამრავი ტბაა, გასაჭენებელი ველ-მინდვრებიც უხვადაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ცხენების რაოდენობა გაგვეზარდა. მთელი აღმოსავლეთი საქართველო სოფელ-სოფელ შემოვიარეთ, ადვილი არ იყო 5 ჭრელი ფაშატის შოვნა.
სეირნობის საფასურის საქმე მარტივადაა - რასაც მოგცემენ, იმას უნდა დასჯერდე, გააჩნია დროსა და მანძილსაც. ზოგი ბავშვებს ასეირნებს, ზოგიც სამკურნალოდ ექიმსაც გამოუგზავნია ჩვენთან. აქამდე შუამთის მონასტრის სიახლოვეს მყავდა ცხენები, სასტუმროებიდანაც მირეკავდნენ, ახლა ვითარება ცოტა შეიცვალა, ზოგან საკუთარი საჯინიბო გააკეთეს. შუამთის მონასტერი აქამდე არ იყო მოქმედი, ახლა იქ წირვა-ლოცვა აღესრულება და მის შემოგარენში ხმაური და ჭენება არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ გეგმების გადახედვა მომიწევს.
- ძნელი მოსავლელია ცხენი?
- გააჩნია, რა ჯიშისაა, ზოგი ამბობს, ბოშური ჯიშის ცხენები გყავსო. როგორც მე მოვიძიე, მოლდავეთშია ძირითადად ასეთი ჯიში გავრცელებული, ტურისტები ამბობენ, ამერიკაში, მუსტანგების რემაში გვინახავს ასეთებიო.
განა სულერთი არ არის? მთავარია, კეთილზნიანი და საუცხოო აღნაგობის არიან, წინაპართა ნახევარი ქართული ჯიშისა ჰყავთ, ხუთიდან ორი ფაშატი ინგლისურ-არაბულის ნაჯვარია, ისინი ოდნავ უფრო მაღლები და მოხდენილები არიან.
ცხენის ბუნება ბევრს წყვეტს, თუმცა წვრთნა განმსაზღვრელია, როგორსაც აღზრდი, ისეთი გამოგადგება.
მოვლა-პატრონობა ინდივიდუალურია, ყველა თავისებურად ირჯება. ჩემები ძირითადად თივას ჭამენ, შიგადაშიგ ქერსა და შვრიასაც ვუმატებ, უყვართ ვაშლი და სტაფილო, ქვამარილი სულ ბაგასთან უნდა ჰქონდეთ. ზამთარში თბილად უნდა იყვნენ, ზაფხულში ყოველდღიურად საბალახოდ უნდა გაუშვა, ინგლისური და არაბული სუფთა სისხლის ცხენები მკაცრ ზამთარს ვერ იტანენ, ზამთარში გარეთ, ყინვაში ვერ დატოვებ. დაღლილი და გაოფლილი ცხენისთვის წყალი არ შეიძლება, თორემ ფილტვების ანთება დაემართება. წელიწადში ერთხელ, გაზაფხულობით სჭირდებათ დამუშავება ჭიებზე, ოღონდ მაკეობის დროს ეს არ შეიძლება - გაბერწდება. კვიცს იგებს მე-12 თვეში, მე-11-ს გადააცდენს და მე-12-ს დააკლებს. რაც უფრო მოძრავია ცხენი, მაკეობისას მით უფრო ჯანმრთელი კვიცი იბადება. შეჯვარებიდან ერთ კვირას ფაშატმა არ უნდა იმოძრაოს, მაკეობისას ძალიან არ უნდა გავასუქოთ, თორემ რასაც დედას მოვამატებთ, შვილს დავაკლებთ - კვიცი სუსტი იქნება. ინგლისურ-არაბული 3-4 კილომეტრზე მეტს ვერ დარბის, იღლება, მაღალი ტანის გამო მთაშიც გამოუსადეგარია, შეიძლება ვიწრო ბილიკებზე წონასწორობა დაკარგოს და ხევში გადაიჩეხოს. ესენი უფრო ბარის, ვაკის ცხენებია, ჩვენთან უფრო ტანმორჩილი ცხენია გავრცელებული.
ბევრი მეცხენისა და მწყემსისგან გამიგია, - ყაბარდოულ და ქართულ ჯიშებს 10-11 კილომეტრზეც აჯიბრებდნენ უწინო. არსებობს რამდენიმე სახეობის ცხენი, ჩვეულებრივი, გამქცევი, ნავარჯიშები სადოღე მაოთხი და იორღით მატარებელი, რომელიც საუკეთესოა მთაში სასიარულოდ. ამ მონაცემებს კი გენეტიკა და წვრთნა განსაზღვრავს...
ჩემი ცხენებიდან კვიცმოგებული ფაშატი სადოღედ არ მყავს გაწვრთნილი, მაგრამ კარგი მატარებელია, კვიცი ნამდვილ იორღად არის დაბადებული, ფეხს არ ურევს. ერთ ჩემს ცხენს ცისფერი თვალები აქვს, ასეთს მარღს, თვალჭრელ ცხენს ეძახიან, სადოღედ არც ეს გამიწვრთნია, მაგრამ მაგრად გარბის, დანარჩენები კი თვინიერებითა და აღნაგობით უფრო გამოირჩევიან. ჩემს ცხენებს ბერიკაცები ამლაყებს (ჭრელი, ფერადლაქებიანი) ეძახიან. თითოეული ჯიშის ცხენი განსხვავებულია ხასიათით, მართალია, უმეტესად ადამიანის დამჯერია და ერთგული, მაგრამ ადამიანსაც მოეთხოვება მისდამი ყურადღება.
მოვლაში მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ - მშობლები, ძმები, მეუღლე, შვილებიც კი, როცა საძოვრიდან ამომყავს, გამომეტირებიან ხოლმე პატარა მხედრები - ამათაც სისხლში აქვთ მეცხენეობა. დარწყულებაში მეხმარებიან და ცხენზე ჯდომასაც სწავლობენ. ჭკვიანი ცხენი ადვილი მოსავლელია, შემოდგომა-ზამთარში გაოფლიანების, დასველების დროს ცხენს შეიძლება ქარი შეეყაროს. ცხენის ქარი ფეხების დაავადებაა, ამ დროს სიარული უჭირთ. კარგია, თუ დასაწყისშივე სახსრებში მალამოს წავუსვამთ, რათა დაავადება მალე აილაგმოს.
ძველად მუხლის გასამაგრებლად ცხენს გოგირდს უფრქვევდნენ, ასუნთქებდნენ და ქერის ნახარშს ასმევდნენ. პატრონი უნდა გაუფრთხილდეს მას, ნამუშევარი ცხენი გარეთ, ყინვასა და სიცივეში არ უნდა დატოვოს. ყოველი სამუშაო დღე კი საშხაპეში მთავრდება. ეს აუცილებელია.
- როგორია კარგი ცხენი?
- კარგმა ცხენმა კვიცობაში დედაზე წინ არ უნდა ირბინოს, ზრდასრულმა კი მათრახი არ უნდა დაირტყას.
ფაშატი უფრო მოსახერხებელია მხედრისთვის, მეფეებიც კი ფაშატებზე ისხდნენ ომისა თუ ნადირობის დროს. კვიცს შეიძენ თუ ზრდასრულს, ავზნიანი არ უნდა იყოს, არ უნდა იკბინებოდეს და იყალყებოდეს, თვინიერად უნდა იქცეოდეს. ჯიშსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ სწორად არ აღიზრდება, შეიძლება ჭკვიანი ცხენიც კი გაფუჭდეს.
ძველად ყველაზე საიმედო მონღოლური, გრძელი ცხენი იყო - ჭამის დროს არ უყვარს თამაში, თავი არ უნდა მოაბეზრო ზედმეტი მზრუნველობით, არ უნდა შეწუხდეს, მასთან ურთიერთობის დრო და ადგილი უნდა იცოდე. დამყოლ ცხენზე შეჯდომაც ადვილია, უზანგში მარჯვენა ფეხს ვდგამთ, ხოლო მარცხენათი ზურგზე ვევლებით, მერე თავის შემაგრება უნდა ვისწავლოთ: უზანგებში ფეხის წვერები მუდმივად გაყრილი და დაბჯენილი უნდა იყოს, ხოლო ტერფებს ცხენის გვერდებს ვუჭერდეთ. რაც მთავარია, ცხენიდან ჩამოვარდნის შიში უნდა დავძლიოთ, უმრავლესობა ვარდება, ზოგს წიხლიც ხვდება და შეიძლება ცხენმა საკბენადაც გაიწიოს, უკან არ უნდა დაიხიოთ და კიდევ სცადოთ. ამ დროს დამხმარე, მასწავლებელი ან მეპატრონე აუცილებელია გვერდით გყავდეთ, თუმცა დამწყების სიმარჯვეზეც ბევრია დამოკიდებული.
ცხენიც კარგად უნდა იყოს შეკაზმული, მნიშვნელობა აქვს, მშიერია თუ დანაყრებული, უნაგირი მარჯვედ უნდა იყოს შეკრული და კოხტად ედგეს ზურგზე, თორემ შეიძლება ჭენების დროს ფეხებქვეშაც აღმოჩნდეთ.
ტყავის ღვედებს არ უნდა გადამოწმება, ქამანდისას - კი. უნაგირები სხვადასხვანაირია, ფერმერული და სპორტული ტყავისაა, არის ნაბდის, ჩვეულებრივი და ტყავშერეული უნაგირებიც.
- თავლა როგორი უნდა ჰქონდეთ?
- კარგ ამინდებში, გაზაფხულ-ზაფხულში გარეთ ჯობია მისი ყოფნა, შემოდგომა-ზამთარში თბილად უნდა მოვუწყოთ სადგომი. კარგია, თუ თავლას სანიავო ექნება, არ უნდა იყოს ნესტიანი, ჭერიდან წვიმა არ უნდა ჩამოდიოდეს.
- ნალბანდთან ხშირად დაგყავს?
- სადღა არიან ნალბანდები. მჭედელთან დაგვყავს, ცხენის დანალვა 30 ლარი ღირს, ხშირად მეც მიწევს ამათი დანალვა, ძმებიც მეხმარებიან. დანალვისას ყაირი (ნალის ლურსმანი) დედანთან (ფლოქვის გულთან) ახლო არ უნდა მოგიხვდეს, თორემ ცხენი იკოჭლებს და ყაირის გამოცვლა მოგიწევს. ფეხს რომ ამოუტრიალებ, თვითონ ფლოქვი გეტყვის, რა დონეზე უნდა მოხეხო. მოსუფთავების შემდეგ ნალი სწორად უნდა მოარგო ფლოქვს, მრუდედ არ უნდა დააკრა.
- თქვი, ცვლილებებს ვგეგმავო...
- ამბობენ, შუამთის სიახლოვეს ტურისტული ბაზის აშენებას გეგმავენო. იმედი მომეცა, რომ იქ დავასაქმებ, ეს თუ მალე მოხდა, ბაზაში ტურისტებისთვის საჯინიბოსაც მოაწყობენ და მეც აღარ მომიწევს ცხენებთან გამომშვიდობება. თუნდაც იმდენი გამოიმუშაონ, რომ საკუთარი თავი შეინახონ, არამც და არამც არ შეველევი არც ერთს. თუ ასე არ მოხდა, მინდა ღირსეულ პატრონს ჩავაბარო, ისეთს, ვისაც მათი ყადრი და ფასი ეცოდინება.
კახა მჭედლიშვილი