როცა აყვავდა... კომში
"კომშის სარგებლიანობას ჩემი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც ამ უნიკალური მცენარის პატრონობას ყველამ თავი მიანება და ისიც გადაშენების პირას მივიდა"
კომში ძალიან სასარგებლო კულტურაა, ჩვენში კი ლამის გადაშენების პირას დადგა. მიზეზი სელექციური მუშაობის დეფიციტია - კომშის ახალი ჯიშების გამოყვანა აღარ მოხერხდა, ტრადიციულმა ჯიშებმა კი შეცვლილ კლიმატსა თუ დაავადებებს ვეღარ გაუძლო. თუმცა ფერმერ რობიკო იაშვილისთვის კომშის უნიკალური თვისებები კომშის ბაღის გაშენებისთვის სტიმულად იქცა. ასე გაჩნდა კომშის დიდი ბაღი ახმეტის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდ ფართობზე - 20 ჰექტარზე.
რობიკო იაშვილი: - კომშის სარგებლიანობას ჩემი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც ამ უნიკალური მცენარის პატრონობას ყველამ თავი მიანება და ისიც გადაშენების პირას მივიდა. ახლა ბევრიც რომ იაროთ იმ სოფლებში, სადაც კომში ტრადიციულად ხარობდა, კომშის ხეებს კანტიკუნტადღა შეხვდებით. იმიტომაც არის, რომ ვისაც კომში უყვარს თუ სჭირდება, სინამდვილეში თურქულ კომშს ყიდულობს, ქართულად შესაღებულს... ეს უკანასკნელი კი ყველამ ვიცით, რომ ქიმიით არის გაჯერებული. არადა, ჩვენს ქვეყანაში კომშის გასაშენებლად საუკეთესო პირობებია. კომშის გაშენების არეალი და გასაღების პირობები შევისწავლე და მივხვდი, კომშის ბაღი 20 ჰექტარზეც რომ გამეშენებინა, ქართულ ბაზარსაც კი ვერ დავაკმაყოფილებდი, მით უფრო, რომ ეკოლოგიურად სუფთა კომშზე მოთხოვნილება უცხოეთიდანაც აუცილებლად გაჩნდება. აი, ამ პროექტით მივაკითხე "დანერგე მომავალს", პროექტის ყველა შესაძლო სარგებელი წარმოვაჩინე და მათაც მომისმინეს. მერე თვითონაც შეისწავლეს ეს საკითხი, დამეთანხმნენ, რომ მომგებიან პროექტს ვთავაზობდი და ჩემი თანამონაწილეობით დამაფინანსეს.
- ხარისხიანი ნერგები როგორ იშოვეთ?
- მოვიკითხე და გორში მიმასწავლეს, სადაც ზოგიერთ გლეხურ მეურნეობაში რამდენიმე საუკეთესო ჯიშის კომში უდგათ. მერე მათი ბაღების ნაყოფი გავსინჯე და რაც მომეწონა, ვიკითხე, ამის ნერგი საიდან მოიტანეთ-მეთქი. მითხრეს, თურქეთიდან ჩამოვიტანეთო. მეც თურქეთში ეს ფირმა მოვიძიე და ნერგები დავუკვეთე. 10 ათასი საუკეთესო ხარისხის ნერგი ჩამოგვივიდა კონტეინერით, რომელშიც ნერგების შენახვის ყველა პირობა იყო დაცული. დარგვის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე გახმა, დანარჩენმა გაიხარა.
- ალბათ, ნიადაგიც, რომელზეც კომშის ბაღი გააშენეთ, წინასწარ შეისწავლეთ.
- კარგი სანერგე მეურნეობა ნიადაგის შესწავლის გარეშე არ აეწყობა. მით უფრო ჩვენთან, სადაც ჩვენივე დაუდევრობით მიწა გამოფიტული და "შეჭმულია". ჩვენს ნიადაგს აკლია რამდენიმე სასარგებლო კომპონენტი, რომელთა დამატება ბაღის გაშენებისას აუცილებელია. ამის მიუხედავად, ჩვენი მიწა, ნესტიანი ზღვისპირეთის გარდა, კომშისთვის საუკეთესოა. რაც შეეხება ზღვისპირეთს, აქ კომშს ფესვების სიმოკლის გამო უჭირს, მისი ფესვები დიდ სიღრმემდე ვერ აღწევს - ნიადაგში დაახლოებით 70 სანტიმეტრამდე ჩადის, ამ სიღრმეზე კი ზღვისპირეთში უკვე მუდმივი წყალია, რაც კომშს არ მოსწონს და ხმება. რაც შეეხება ზომიერ მორწყვას, ის კომშისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით - ბაღის გაშენების პირველ წლებში. ბაღის მსხმოიარობა მორწყვაზეც არის დამოკიდებული.
სწორედ ამის გამო ბაღში, პირველ რიგში, სარწყავი სისტემა მოვაწყვე. რაც შეეხება ბაღისთვის მიწის განოყიერებას, გადაწყვეტილი მაქვს, ნიადაგში მხოლოდ ნაკელი შევიტანო - საბაღე ნაკვეთიც ნერგების გაშენებამდე ნაკელით გავანოყიერე და ყოველ 3 წელიწადში კვლავ ნაკელის შეშველებას ვაპირებ. ამაზე ჯანმრთელი სასუქი არ არსებობს.
კომშის ხეების ქიმიურად შეწამვლის მომხრე არ ვარ. სარეველა ბალახსაც აუცილებლად თოხით მოვიშორებთ და არა - ქიმიური წამლებით.
- რა მანძილის დაცვაა აუცილებელი კომშის ნერგებს შორის?
- კომშის ბაღის რიგები ერთმანეთისგან 4-4,5 მეტრით, ხოლო ნერგები - 5-6 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. კომშის ხე ულამაზესია როგორც ყვავილობისას, ისე მსხმოიარობის დროს. ვისაც აყვავებული კომშის ხესთან ჩაუვლია, დამეთანხმება, რა საოცარია კომშის მოიისფრო ყვავილები. ულამაზესია გვიან შემოდგომითაც, როცა ხეებს მსხვილი ნაყოფი ანთებული ნათურებივით ჰკიდია. მოკლედ, კომშის ბაღი საოცარი სანახავია ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, ჩემთვის ფოთლებშემოძარცული ან დათოვლილი ბაღიც მშვენიერია.
მოგებასთან ერთად ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ადგილობრივ ბაზარზე უცხოეთიდან შემოტანილ უხარისხო პროდუქციას ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქციით შევცვლი. მერე კომშის გადამმუშავებელ მცირე საწარმოსაც ავაშენებ. მუშახელიც დასაქმდება და ქვეყნის კეთილდღეობაში ჩემს მოკრძალებულ წვლილსაც შევიტან.
ეთერ ერაძე