რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა
ყოველი აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი წმინდა ცეცხლი გადმოდის და მისი მიღება მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს შეუძლია. ყველა მორწმუნის მიზანი იერუსალიმის წმინდა მიწაზე ქრისტიანობის მთავარი სიწმინდის - უფლის საფლავის მოლოცვაა. წმინდა მიწა და უფლის საფლავი მრავალ ცნობილ ქართველსაც აქვს მოლოცვილი. თითოეულს იქ თავს გადახდენილი ამბავი თუ სასწაული აქვს მოსაყოლი.
ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: - იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა დაემთხვა სამი ქვეყნის მართლმადიდებელი პატრიარქის მობრძანებას. მათ ლოცვა აღავლინეს. მაცხოვრის საფლავის ლოდიდან მირონმა დენა დაიწყო. როდესაც მასთან მიახლების საშუალება მოგვეცა, ნებაც დაგვრთეს, ლოდიდან გადმომდინარე მირონი გვეცხო და თან წამოგვეღო. პატარა ბოთლი აღმომაჩნდა და ამ მადლმოსილი სითხით ავავსე.
მერე პალესტინაში (ბეთლემი), შობის ტაძარში წაგვიყვანეს. საზღვარზე გვითხრეს, - მძღოლი ტურისტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუ გინდათ, გადაჰყევით, თუ არადა, დარჩითო. წასვლა ვარჩიე.
საზღვარს რომ გავდიოდით, მოულოდნელად ავტობუსი გააჩერეს. სალონში იარაღიანი კაცი ამოვიდა. მომიახლოვდა, პირქუში სახით შემომხედა. გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, - ყველაფერი აქ მორჩა-მეთქი, მაგრამ სასწაული მოხდა, - გამიღიმა და ინგლისურად მითხრა, - პელესტინელს ჰგავხარო...
მოკლედ, ჩავედით პალესტინაში, მოვინახულეთ შობის ტაძარი... შემდეგ გვაჩვენეს ის საოცარი ლიმონის ხე, რომლის ნაყოფიც, როგორც ამბობენ, უშვილოებმა უნდა ჭამონ. ჩვენი იქ ყოფნა ლიმონის მოკრეფის დროს დაემთხვა. მეც, ღვთის მადლით, შემხვდა ეს ჯადოსნური ნაყოფი. საქართველოში რომ ჩამოვიტანე, მეგობარ ქალბატონებს დავურიგე და იმ წელს ყველა დაფეხმძიმდა...
დათო გომართელი, მომღერალი: - იერუსალიმში პირველად ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, მათ შორის მამა ილია ნასიძესა და მის პატარა ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად გახლდით. სიწმინდეების მოლოცვის შემდეგ სასტუმროს ნომერში, ღამით, ანგელოზი გამომეცხადა. თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, იატაკიდან ოდნავ ჰაერში აწეული თეთრი ფრთებით დაფარფატებდა. ეს კი არ დამესიზმრა, თვალხილულად ვნახე.
მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - 2009 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ისრაელში ყველა წმინდა ადგილი მოვილოცეთ. ცეცხლის გადმოსვლასაც დავესწარით. ორი საათის განმავლობაში ველოდებოდით ამ სასწაულს. ტაძრის თაღს რომ ავხედე, შევნიშნე, წმინდა სამება იყო მთლიანად გამოსახული. გაოცებისგან შევყვირე და ჩემს მეუღლეს, ვახოს და იქ მყოფ მეგობრებს დავანახე. წმინდა სამება ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ გაქრა.
სასწაულად მივიჩნევ იმასაც, რომ მე და ვახომ ჯვარი სწორედ ისრაელში ჩასვლიდან მეექვსე დღეს დავიწერეთ.
ბერძენი მოძღვრები, ვისაც კი ვთხოვეთ, ჯვარს არ გვწერდნენ. 12 მოციქულის ტაძარში უკრაინელმა მოძღვარმა გვითხრა, - თქვენი პატრიარქი ისე გვიყვარს, ჩვენთვის პატივია თქვენთვის ჯვრის დაწერაო. არადა, იმედი გადაწურული გვქონდა... მას შემდეგ წმინდა მიწაზე 5-ჯერ ვიყავი.
რატი დურგლიშვილი, მომღერალი: - იერუსალიმში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. სასწაული და ნამდვილი საოცრებაა. ის ადგილია, სადაც ადამიანს სულ უნდა წასვლა. ყველაზე დიდი სულიერი სიმშვიდე სწორედ იქ მოვიპოვე. უფლის საფლავს პირველად ხელი რომ შევახე, ვიგრძენი, მაგნიტივით მიმიზიდა, თითქოს რაღაც ენერგეტიკული ველი შეიკრა და ვერაფრით მოვწყდი. პირქვე დამხობილი თავს ვერ ვწევდი. უნებურად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ წუთებში ყველაზე ძლიერი ვიყავი. ამის გარდა, სანამ წმინდა მიწაზე ვიყავი, უამრავი სასწაული და პატარ-პატარა საოცრება ხდებოდა, გაფიქრებული არ მქონდა რაღაც და უკვე ასრულებული იყო.
ჩემი წარმატება, ყველაფერი, ისიც, თუ როგორი ადამიანი ვარ, უფლის წყალობაა. მე მჯერა სასწაულების. ჩემი ცხოვრებაც სასწაულებით სავსეა.
მინდა, ყველას მიეცეს საშუალება მაცხოვრის საფლავის მონახულებისა, ეს სასწაული ყველა მორწმუნემ უნდა შეიგრძნოს.
ლალი ფაცია