ერთი ბედუკაძე თავდაცვასაც სჭირდება...
ერთი ბედუკაძე, რომელმაც გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოს გააცნო, თავდაცვის სამინისტროსაც სჭირდება.
სჭირდება არა იმიტომ, რომ ვინმემ მთავარი სამხედრო უწყებიდან რაიმე სამხედრო საიდუმლოებები გამოიტანოს, არამედ ყველა იმ უკანონობისა და დანაშაულის გამოსააშკარავებლად, რაც ბაჩო ახალაიას თითქმის სამწლიანი მინისტრობის პერიოდში ხდებოდა.
თავის დროზე, 2009 წლის აგვისტოში, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას ციხეებში მოსპო კანონიერი ქურდების ბატონობა და წესრიგი დაამყარა, ახლა კი წესრიგი თავდაცვის სამინისტროშიც არანაკლებ მკაცრი მეთოდებით უნდა დაამყაროსო...
უმაღლესი მთავარსარდლისაგან მიღებული ასეთი კარტ-ბლანშის შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მართვა დაიწყო იმ მეთოდებით, რაც მას ციხეებში მეფობის პერიოდიდან ახსოვდა და წელიწად-ნახევარში სასურველი შედეგიც მიიღო - არმია არანაკლებ დაშინებული აღმოჩნდა, ვიდრე პატიმრები!
რა იყო ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა თუ ჯარისკაცების შიშის მიზეზი?
პირველი - მუდმივი თვალთვალი და დასმენა. ჯარში, რა თქმა უნდა, საჭიროა დისციპლინა და წესრიგი, მაგრამ ძალზე სახიფათოა, როცა სამხედრო წესდებას დასმენის ინსტიტუტი ჩაანაცვლებს, რადგან დაშინებული ოფიცრები კარგავენ ინიციატივის უნარს, რაც არმიის ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.
ახალაიამ არმიაში თვალთვალისა და დასმენის მეთოდები დანერგა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ის და მისი გუნდი სამხედროებს პატიმრებად აღიქვამდა. ამაზე მეტყველებს შიშის მეორე მიზეზი - სამხედროების სახალხოდ დამცირება, მათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
იმ ქვეყანაში, სადაც არმიას პატივს სცემენ და ოფიცრის ღირსებას უფრთხილდებიან, სახალხოდ, ქვეშევრდომების თვალწინ მათ არავინ დაამცირებს.
ახალაიას თავდაცვის მინისტრობისას ამა თუ იმ ბრიგადისა თუ სხვა სამხედრო დანაყოფის პლაცზე (შესაკრებ მოედანზე) მეთაურებს ყველას თვალწინ არაერთხელ დედა უგინებიათ ოფიცრებისათვის.
უფრო მეტიც: ახალაიას მმართველობისას ჩაფარცხეს ინციდენტი, როცა მეოთYხე ქვეითი ბრიგადის პლაცზე ჯერ აგინეს, ხოლო შემდეგ შენობის სარდაფში სასტიკად სცემეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს.
ან ის ფაქტი გავიხსენოთ, საახალწლოდ, კრწანისის სასწავლო ცენტრში მყოფი ეროვნული გვარდიის ოფიცრებს როგორ დააგლიჯა სამხრეები თავად თავდაცვის მინისტრმა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფაც ახლდა.
ზოგიერთი ჩუმ-ჩუმად იმასაც იხსენებს, რომ მთვრალმა თავდაცვის მინისტრმა შუაღამისას ჯიპით შეანგრია თბილისში, მახათას მთაზე მდებარე სამხედრო ნაწილის ჭიშკარი და ყველას გინება დაუწყო, ხმით როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემი მანქანა მოდიოდაო. თუმცა, ამის მთხრობელნი იმასაც ამატებენ, რომ მეორე დღეს ახალაია ისევ ასულა იმ სამხედრო ნაწილში უკვე ფხიზელი და ერთგვარი ბოდიშის მოხდით, უფრო კი - დაყვავებით უსაუბრია იქაურ სამხედროებთან, კარიც იმავე დღეს შეუკეთებიათ.
ეს - რაც ყველას დასანახავად ხდებოდა! მაგრამ უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და ასევე მეოთხე ბრიგადაში (რომელიც თავდაცვის მინისტრ ახალაიას ძირითად დასაყრდენ სამხედრო შენაერთად ითვლებოდა და სადაც მას საუკეთესო კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი) ოთახებში უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა. სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დაკითხვებს უწყობდნენ სამხედრო მოსამსახურეებს და ვინმეს ყველაფერი რომ გადაეღო, შეიძლება ფირზე გლდანის ციხეში მომხდარზე არანაკლებ საშინელი კადრები აღბეჭდილიყო (ისე, საინტერესოა, ახალაიას დავალებით ამ დაკითხვებსაც ხომ არ იღებდნენ?! იქნებ გამოჩნდეს ვინმე ბედუკაძის მსგავსი, ვინც ამ კადრებს გამოაქვეყნებს!).
შორს რომ არ წავიდეთ, ის საშინელი ფაქტი გავიხსენოთ, როდესაც ერთი წლის წინ სამხედრო ვეტერანი ალექსანდრე თეთრაძე სამხედრო პოლიციამ სახლიდან აიყვანა და დაკითხვისა და საშინელი წამების შედეგად შემოაკვდათ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის - ბაჩო ახალაიას ბრძანების გარეშე პოლკოვნიკ თეთრაძეს სამხედრო პოლიცია ვერ დააპატიმრებდა.
ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა სამართალდარღვევები ხდებოდა ბაჩო ახალაიას თითქმის სამწლიანი თავდაცვის მინისტრობისას. ისიც აღსანიშნავია, რომ არც ბეჟუაშვილი, არც ბარამიძე, არც ოქრუაშვილი, არც კეზერაშვილი თუ სიხარულიძე მინისტრის სავარძელში ამდენ ხანს არ მჯდარან.
გვინდა შევეხოთ კიდევ ერთ, ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეიძლება ხსნიდეს, რატომ გამოჟონა ციხეებიდან წამების ამსახველმა ვიდეოკადრებმა.
საქმე ის გახლავთ, რომ ფარული დაპირისპირება არსებობდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შორის.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ახალაიამ თავდაცვის უწყების ოპერატიულ სამსახურს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა თვალთვალი დაავალა. კონტრმზვერავებმა ახალაიას მიჩენილები მალევე გაშიფრეს და აიყვანეს. საქმე ისე ჩაიფარცხა, ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი გაუგია.
გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს ძვირად ღირებული სპეცტექნიკით უსმენდა შსს-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის თავად მინისტრს - ვანო მერაბიშვილს.
ბაჩო ახალაიას შს მინისტრად გადაყვანა და დათა ახალაიას თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა ვანო მერაბიშვილს არ უნდა გახარებოდა. მართალია, მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ მას დაუშალეს რვა წლის განმავლობაში ნაშენები შსს-ს სისტემა და ფაქტობრივად, მოჰკვეთეს საცეცები, რომელთა საშუალებით ის ოპერატიულ-ტექნიკურ ქმედებებს (მოსმენას, თვალთვალს, აგენტურის შეგზავნას და ა.შ.) მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდა.
"უსაცეცებოდ" დარჩენილი მერაბიშვილი, ცხადია, ვერ შეეგუებოდა ახალაიათა კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას (ბაჩო ახალაია - შსს და უშიშროება, დათა ახალაია - თავდაცვის სამინისტრო, როლანდ ახალაია - მომავალი დეპუტატი და ალბათ, რომელიმე საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი), რასაც მოჰყვებოდა ვანო მერაბიშვილის გუნდის შესუსტება და მომავალში, შესაძლოა, გაქრობაც კი.
სავარაუდოდ ამ არცთუ სახარბიელო პერსპექტივისა და სხვა პოლიტიკური მიზეზების გამო ვანო მერაბიშვილის გუნდმა ხელი შეუწყო გლდანის ციხეში მომხდარ საშინელებათა ამსახველი კადრების გავრცელებას, რამაც ბაჩო ახალაია აიძულა, შს მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამასთან, შსს-სა და სასჯელაღსრულების სისტემის კონტროლის უფლება დაიბრუნა ვანო მერაბიშვილის გუნდმა - მას ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად დაავალა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება და ამ პერიოდში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს. ხელისუფლება ყველა ხერხით ეცდება, ცოტათი მაინც აღიდგინოს ის იმიჯი, რაც გლდანის ციხის სკანდალმა ნორმალურად მოაზროვნე საზოგადოებაში სრულიად გაუქრო.