არმიის მომიტინგეებთან დაპირისპირება უდიდესი დანაშაული იქნება
მესტიის პრეცედენტის შემდეგ საზოგადოება ფიქრობს, რომ შეიძლება არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების დანაყოფებით მომიტინგეთა დარბევა სცადოს...
24 სექტემბერს მესტიაში ძალზე საშიში პრეცედენტი მოხდა - დაკავებული ოპოზიციონერის, კახა ჟორჟოლიანის, მესტიიდან ზუგდიდში გადაყვანას ადგილობრივი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა. ხელისუფლების ბრძანებით, მესტიის ცენტრში ორი "ლენდ როვერის" პიკაპითა და "კრაზის" ტიპის ორი სატვირთო ავტომობილით შევიდა შეიარაღებული ძალების დანაყოფი, რომელმაც ძალის გამოყენებით მომიტინგეებს უკან დაახევინა.
მიუხედავად იმისა, რომ მეთაურების ბრძანებით, სამხედროებმა კამუფლირებულ ფორმას მოხსნეს საიდენტიფიკაციო ნიშნები (გვარის, სისხლის ჯგუფისა და სამხედრო ნაწილის კუთვნილების აღმნიშვნელი), ზოგიერთს მაინც დარჩა წარწერა "შეიარაღებული ძალები", რაც ადასტურებს, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი. ეს სწორედ იმ დანაყოფის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც ორიოდე თვის წინ მესტიის ტყეში საიდუმლოდ განათავსეს.
ამჯერად, საბედნიეროდ, სამხედრო მოსამსახურეებს მომიტინგეთა წინააღმდეგ არც ხელკეტები და მით უმეტეს - არც იარაღი არ გამოუყენებიათ, თუმცა ეს დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს.
საქმე ის არის, რომ თუკი არჩევნების შემდეგ მისი შედეგებით უკმაყოფილო ხალხის უდიდესი მასა ქალაქების ქუჩებში გამოვა, ხელისუფლებას მომიტინგეთა დასაშლელად შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფები არ ეყოფა; მესტიის პრეცედენტი ძალაუნებურად ბადებს შიშს, რომ მოსალოდნელია, ხელისუფლებამ მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილება და მომიტინგეთა დასაშლელად რეგულარული შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფების გამოყვანაც სცადოს.
ეს იქნება ყველაზე საშიში ნაბიჯი. ჯარის ხალხთან დაპირისპირება საბოლოოდ დაასამარებს ქართული არმიის იმიჯს, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში, 2008 წლის აგვისტოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში, ისედაც მნიშვნელოვნად შეილახა.
თუკი ხელისუფლებაში ვინმე მართლაც გადაწყვეტს უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ არმიის გამოყენებას, სამოქალაქო ომის საფრთხე რეალური გახდება...
P.S. მესტიაში გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს სამხედროთა სახეები, რომლებიც, აშკარაა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირტიტველა ყმაწვილები არიან. მათ სახეებზე ჩანს დაბნეულობა და კითხვა: "რას ვაკეთებთ?"