რეზერვისტებს ახლებურად მოამზადებენ
გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიღებას აპირებენ
რეზერვის მომზადების წესით საზოგადოების დაინტერესება შემთხვევითი არ არის, რადგან ის მოსახლეობის უფრო მეტ რაოდენობას ეხება, ვიდრე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.
ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, გაგრძელდება თუ არა რეზერვისტთა შეკრებები, რა სახის იქნება ის და ჩაეთვლებათ თუ არა რამდენიმე სარეზერვო შეკრების გავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურად.
ჩვენი ინფორმაციით, გაერთიანებულმა შტაბმა დაასრულა სარეზერვო სამსახურის ახალ კონცეფციაზე მუშაობა. ახლა ის თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს და ამ პროცესში შეიძლება ის არასამთავრობო ინსტიტუტები და ექსპერტებიც ჩაერთონ, რომლებიც ამ საკითხებზე დიდი ხანია მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია სამი სახის რეზერვის მომზადებას ითვალისწინებს.
პირველს საბრძოლო რეზერვი დაერქმევა და მასში ძირითადად გაწვეული იქნებიან ის პირები, რომლებსაც უკვე უმსახურიათ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის თუ კონტრაქტის საფუძველზე. ისინი მიმაგრებული იქნებიან კონკრეტულ ბრიგადაზე და მათ მოამზადებენ ბრიგადის ოფიცრები და სერჟანტები.
სარეზერვო მომზადება სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ყოველ წელს არა უმეტეს 45 დღე-ღამისა.
საბრძოლო რეზერვის ძირითადი დანიშნულება საბრძოლო მოქმედებების დროს ბრიგადის პირადი შემადგენლობის დანაკარგის 40%-მდე შევსება იქნება.
მეორე და მესამე სახის რეზერვს - ტერიტორიულსა და სამოქალაქოს - ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოამზადებენ და საბრძოლო რეზერვისგან განსხვავებით, ისინი ბრძოლებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ომის დროს ზურგშიც ათასი საქმეა - სტრატეგიული ობიექტების დაცვა, სამოქალაქო პირთა ევაკუაცია და ა.შ. ამ სამუშაოს შესასრულებლად საბრძოლო დანაყოფების მოცდენა მიზანშეწონილი არ არის, ამ დროს ფასდაუდებელი იქნება კარგად მომზადებული რეზერვისტების დახმარება.
ტერიტორიული რეზერვის პრინციპით მომსახურეები სხვებზე უკეთესად იცნობენ თავიანთ ტერიტორიას. ამასთან, სამოქალაქო რეზერვისტებთან ერთად, მათ შეიძლება დაევალოთ სხვადასხვა სახის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაცია და უბედურების ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქაღალდზე ადვილად იწერება, საქმის კეთება გაცილებით რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის. უბრალოდ, ახლანდელმა ხელისუფლებამ აღარ უნდა გაიმეოროს წინას შეცდომები, როდესაც რეზერვისტების პიარმომზადების დროს ათეულობით მლნ ლარი წყალში გადაიყარა. ამასთან, აღარ უნდა გამოვეკიდოთ ციფრებსა და ლოზუნგებს, მაგალითად, ასეთს: "მოვამზადოთ 100 ათასი რეზერვისტი!"
მთავარი ხარისხია და არა - რაოდენობა...