ვინ ჩაიბარებს აღლუმს?
როდესაც ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, სააღლუმო განწყობა, ალბათ, არც გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი მთავრობა არ აპირებს, უარი თქვას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებაზე.
"კვირის პალიტრამ" პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, წელს 26 მაისს გაიმართებოდა თუ არა აღლუმი და სად. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორაზროვანი ღიმილით ასეთი პასუხი გაგვცა:
- აღლუმი ჩატარდება, ოღონდ სხვა ფორმით, ვიდრე აქამდე ტარდებოდა და მის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ცოტა ხანში საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გააცნობს.
როგორც ჩანს, პრემიერ ივანიშვილის გუნდს 26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით რაღაც სიურპრიზი აქვს ჩაფიქრებული, რაც შეიძლება არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის.
საზოგადოებას კარგად მოეხსენება, როგორ უყვარს ჩვენი შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ტრიბუნის წინ ჩავლილი ჯარის მისალმება.
ეს სიამოვნება სააკაშვილმა მხოლოდ ერთხელ გაუშვა ხელიდან, როდესაც აღლუმი 2009 წლის 26 მაისს არ ჩატარდა მუხროვანის მოვლენების გამო.
თუკი წელს აღლუმი გაიმართება (მნიშვნელობა არა აქვს, სად), ის, წესით, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, ოპოზიციაშია თუ რამდენიმე თვეღა დარჩა პრეზიდენტის სავარძლის დატოვებამდე.
მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, პრემიერ ივანიშვილს სურდეს, კიდევ ერთხელ იხილოს აღლუმზე ხელაღმართული პრეზიდენტი სააკაშვილი. ალბათ, ასეთივე განწყობა აქვს თავდაცვის მინისტრსაც.
ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ 26 მაისის აღლუმის თემა მორიგი დაპირისპირების საფუძველი გახდება პარლამენტშიც და პოლიტიკურ არენაზეც. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება "ნაციონალების" ომახიანად დაანონსებულ 19 აპრილის მიტინგზე.
ჩვენ ერთს ვიტყვით - დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე აღლუმების გამართვის ტრადიციამ თავისი დრო მოჭამა, მით უმეტეს, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მშვიდობიანი მიტინგების უმოწყალოდ დარბევის შემდეგ.
თუკი ახალ მთავრობას მაინცდამაინც სურს აღლუმის გამართვა, მისი ჩატარება ეკონომიკურად უფრო მომგებიანი და სანახავად უკეთესი იქნებოდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე.
ყოველწლიურად 26 მაისისთვის სამხედრო დანაყოფებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება და რუსთაველის პროსპექტზე რამდენჯერმე გატარება (რეპეტიციების, მათ შორის გენერალურის, დროს) ეკონომიკურად წამგებიანია, ამცირებს ტექნიკის რესურსს და რაც მთავარია, გზების ჩაკეტვა ქალაქის ცენტრალურ უბნებში აწუხებს მოსახლეობას. ვაზიანის აეროდრომის სიგრძე (2 500 მ) და სიგანე (60 მ) საშუალებას იძლევა, იქ ჩაიაროს ნებისმიერი მასის საბრძოლო ტექნიკამ, რომელიც აეროდრომის ბეტონის ფილებს ვერ დააზიანებს.
ამასთან, ვაზიანის აეროდრომის თავზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე (100-200 მ-ზე) მოიერიშე თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გადაფრენა გაცილებით ეფექტური სანახაობა იქნება, ვიდრე რუსთაველის გამზირიდან ხეების კენწეროებსა და სახლების სახურავებს შორის წამით გამოჩენილი საფრენი აპარატების თვალთვალი.
გარდა ამისა, აღარ იქნება ის დიდი საფრთხე, რომლის შესახებაც თბილისელთა უმეტესობამ არაფერი იცის - ყოველ 26 მაისს აღლუმში მონაწილე თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რომლებიც მარნეულიდან და ალექსეევკის აეროდრომიდან ფრინდებიან, თბილისის ზღვას მარჯვნიდან შემოუფრენენ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ჯერ გლდანს, შემდეგ დიღომს გადაუფრენენ, რომ რუსთაველის გამზირზე გავიდნენ.
მილიონიანი ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე ერთმანეთთან ახლოს მყოფი საფრენი აპარატების მოძრაობა ყოველთვის სახიფათოა. 2007 წლის 26 მაისის აღლუმის დროს, როდესაც დიღმის თავზე ორი Vბ-8 ტიპის შვეულმფრენი ერთმანეთს ძალზე სახიფათოდ მიუახლოვდა, ეს მანევრი კინაღამ დიდი კატასტროფით დამთავრდა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საჰაერო აღლუმში მონაწილე ქართული "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენები თითო ძრავითაა აღჭურვილი, ხოლო ერთძრავიანი შვეულმფრენების ფრენა ქალაქების თავზე არარეკომენდებულია.
ათობით საბრძოლო მანქანისა და რამდენიმე ათასი სამხედროს თბილისის ცენტრში ჩამოყვანას, რა თქმა უნდა, აჯობებდა ვაზიანის აეროდრომზე ტრიბუნების მოწყობა და მიწვეული სტუმრების ავტობუსებით ჩაყვანა, აღლუმის შემდეგ კი სტუმრები ნახავდნენ სასწავლო-საბრძოლო "ალბატროსების" შთამბეჭდავ საჰაერო პირუეტებს, შვეულმფრენებიდან პარაშუტისტებისა და დესანტის გადმოსხმას, მიწაზე "დიდგორები" და "ლაზიკები" აჩვენებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს, ხოლო გამოფენაზე სტუმრები ქართული არმიის შეიარაღებას გაეცნობოდნენ და ჯარისკაცურ ულუფასაც დააგემოვნებდნენ.
ამ ყველაფრით იმის თქმა გვსურს, რომ მონდომების შემთხვევაში 26 მაისის აღლუმი მართლაც შეიძლება გადავაქციოთ საერთო-სახალხო ზეიმად ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე...