დიდგორი 2013 - ანუ დავითლენდი თავდაცვისათვის ემზადება
კრწანისის სასწავლო ცენტრში დასრულდა სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი-2013", რომლის დროსაც გათამაშდა რეალური საფრთხის მოგერიების სიმულაციური ვარიანტები.
დიპლომატიური პრობლემის თავიდან ასაცილებლად სწავლების ლეგენდა ისეთი შეირჩა, რომ რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს პრეტენზია არ გასჩენოდა (ამისთვის რუკაც კი შეიცვალა), თუმცა იგივე დარჩა ის მიმართულებები, საიდანაც შეიძლება სავარაუდო მოწინააღმდეგემ შეტევა დაიწყოს.
სწავლების ლეგენდაში დავითლენდად მონათლულ სახელმწიფოში ადვილად ამოიცნობოდა საქართველო, რომელსაც არც ადგილობრივი სეპარატისტული პრობლემები დაჰკლებია და არც გარეშე სამხედრო აგრესია.
ამჯერად "დიდგორი-2013"-ის მონაწილეებს უწევდათ იმ მეზობელი ქვეყნის ღია სამხედრო აგრესიის მოგერიება, რომელსაც დავითლენდზე სატრანზიტო დერეფნის გაჭრა სურდათ. აქ შეიძლება პარალელის გავლება, თუკი რუსეთი მოინდომებს მეზობელ სომხეთამდე სატრანსპორტო დერეფნის გაჭრას და მასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარებას.
სწავლებისას გამოიყენეს ბევრი საინტერესო დეტალი, რომელთა გათამაშებისას შტაბის ოფიცრებმა საბრძოლო დანაყოფების მართვის კარგი გამოცდილება მიიღეს. ამასთან, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც აუცილებელია როგორც ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონში სამოქალაქო პირთა ორგანიზებული ევაკუაციის დროს.
სწავლებისას დაიხვეწა ჯარების საბრძოლო მართვის ის ნიუანსები, რაც ასე გვაკლდა აგვისტოს ომის დროს. ყველა დონის შტაბის შეთანხმებული მოქმედება, რომელიც დაეფუძნება საბრძოლო მოქმედებების რაიონში ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, საბრძოლო წარმატების მისაღწევად აუცილებელია.
რა თქმა უნდა, "დიდგორი-2013" იდეალური სწავლება არ იყო, მასაც ახლდა პრობლემები, მაგრამ ასეთი სწავლებებისა და წვრთნების სიხშირე ქართული არმიის გაძლიერების საწინდარი უნდა გახდეს.