"ისიც ვერ შევძელი, კაცურად მოვმკვდარიყავი" - სუიციდის მიზეზები ჯარში - დეპრესია და გემბლინგი
ქართულ ჯარში სუიციდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, ერთი შეხედვით, არც ისე საგანგაშო ჩანს, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით...
2015 წელს უკვე სამი ფაქტი დაფიქსირდა. ამავე მიზეზით სამ-სამი ჯარისკაცი დავკარგეთ 2013 და 2014 წლებში. 2012 წელს ოთხმა სამხედრო პირმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.
ექიმების ძალისხმევით რამდენიმე სიკვდილს გადაურჩა. მათ შორის ერთ-ერთი თვე-ნახევრის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავდაცვის მინისტრმაც მოინახულა.
ვენებგადაჭრილმა ჯარისკაცმა პალატის კარის შეღებაზე მძიმედ მოატრიალა თავი და მოულოდნელობისგან წამოხტა. "ეს პირველი საბრძოლო იარაა, ოღონდ საკუთარ თავთან ბრძოლაში, არა?" - ჰკითხა სტუმარმა და დაბინტული მაჯებიდან უხერხულად დაკიდებული ხელის მტევნები საკუთარ ხელებში მოიმწყვდია. "დამიჯერე, არანაირი სატკივარი, საფიქრალი არ ღირს ამად. სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ მხოლოდ ძალიან კარგ საქმეებში უნდა დახარჯო, თანაც შენნაირმა ახალგაზრდამ".
ბიჭმა უხერხულად გაიხედა გვერდზე. კონფიდენციალურობისა და ადამიანური თანაგრძნობის გამო, არავის უკითხავს, რატომ სცადა თვითმკვლელობა. თუმცა, პალატიდან გამობრუნებულმა თინა ხიდაშელმა დაიჩივლა, ნეტავ რატომ იკლავენ ჯარისკაცები თავს, მინდა ეს ბოლო მცდელობა იყოსო. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის სექტემბრის დამდეგს კიდევ ერთ ჯარისკაცს ვერ მიუსწრეს.
დაღუპულთა საქმეებს იძიებენ... გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა წერილი დატოვა, რის მიხედვითაც, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა აზარტული თამაშები იყოს...
აზარტული თამაშების გამო დიდძალი ვალი დაუგროვდა ხობელ ბ.ა.-საც, რომელმაც ზაფხულში სამხედრო ფეხსაცმლის ზონრებით ჩამოიხრჩო თავი. ის ავღანეთში წასასვლელად ემზადებოდა.
როგორც ამბობენ, კრწანისის სასწავლო ცენტრში გ.კ.-ს დაღუპვის მიზეზიც გემბლინგი გახდა.
ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე:
- 2012 წლამდე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ჯარში სუიციდის მიზეზებს არ იკვლევდა, იმდენი ამბის მიჩქმალვაში არიან შემჩნეული, რომ შეუძლებელია, მათი ინფორმაცია რეალური იყოს. ამიტომაც სუიციდის მსხვერპლთა ათვლა 2012 წლიდან მიიჩნევა სანდოდ. შეიქმნა ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ცდილობს, გამოავლინოს ყველა ის პრობლემა, რომელთა დროულად მოგვარება თავიდან აგვაცილებს ტრაგიკულ შედეგებს.
ჯარში სუიციდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აზარტული თამაშების სიყვარული აღმოჩნდა. მხოლოდ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვაპირებთ. ვიმუშავებთ არა მხოლოდ ჯარისკაცებთან, ყველასთან, ვისაც შეხება აქვს მათთან.
პრიორიტეტს ვანიჭებთ კაპელანებს, ვისთვისაც ცნობილია ჯარისკაცების სულიერი მდგომარეობა. სასულიერო პირებს აღვჭურავთ სათანადო ცოდნით, რათა იოლად შეამჩნიონ ჯარისკაცს დეპრესია და გაუწიონ დახმარება".
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ყველას, ვინც აღნიშნულ სფეროში საქმიანობას გადაწყვეტს, ან უკვე მუშაობს, აეკრძალება აზარტული თამაშები. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როგორ გააკონტროლებენ მათ თამაშებს ინტერნეტკაზინოში.
გუგა სიხარულიძე, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
- როდესაც თამაშზე დამოკიდებულება პიკს აღწევს, ადამიანი უარყოფს სამსახურს, ოჯახსა და ყოველივე ძვირფასს. ამიტომაც ძნელია მტკიცება, რომ კანონით აკრძალვა თამაშზე უარს ათქმევინებს გემბლინგით გატაცებულს. ასეთი ადამიანები საჭიროებენ სერიოზულ დახმარებას. შეიარაღებულ ძალებში მომუშავე პირები უნდა დავაზღვიოთ მსგავსი რისკისგან, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.
თამაშის უფლების აკრძალვით გამოვლინდებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც უკვე მუშაობს ჯარში და თამაშობს, არამედ ახალ კონტინგენტსაც დავაზღვევთ. შესაძლოა, პირი არ თამაშობს, მაგრამ ჯარში ხელფასის მიღების შემდეგ შევიდეს ასეთ დაწესებულებაში. ორ-სამჯერ შესვლა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ქმნის. შესაბამისად, სათამაშო სახლში შესვლის აკრძალვა საბედისწერო ნაბიჯისგან დამზღვევი მექანიზმი გახდება.
- მხოლოდ გემბლინგი არ არის ჯარისკაცებში სუიციდის მიზეზი.
- სუიციდის ძირითადი მიზეზი დეპრესიაა. სუიციდის პრევენციის ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს დროულ დახმარებას, თუ ჯარისკაცს აქვს დეპრესია ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. იგივე პრობლემები შესაძლოა გაგვიჩნდეს ნებისმიერს, ეს არ არის მხოლოდ ჯარისკაცების პრობლემა.
- მთელ ჯარს გააკონტროლებთ?
- ვმუშაობთ საერთაშორისო მისიებში წამსვლელ ჯგუფებთან, ვარჩევთ მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, რათა მძიმე სტრესულ გარემოში მოხვედრილებს გამძლეობის უნარი ჰქონდეთ. უკან დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, ხომ არა აქვთ სტრესული აშლილობა. ეს არის სავალდებულო პროცედურა გამგზავრების წინ და დაბრუნების შემდეგ. მათი ოჯახის წევრებსაც ვეხმარებით, უკვე 230 კაცს დავეხმარეთ. მისიის მონაწილე მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს ფლობს და ასეთი ჯარისკაცი კიდევ უფრო ძვირფასია. თუ მას უყურადღებობის გამო გაურთულდება პოსტტრავმული აშლილობა ან დეპრესია, იძულებული გახდება, წავიდეს სტრუქტურიდან, რაც დიდი დანაკარგი იქნება. ჯარისკაცებს სხვა სამხედრო ნაწილებიდან მომართვის შემთხვევაშიც ვეხმარებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვინდა სრულად მოვიცვათ ჯარი.
კიდევ ერთი სიახლე იგეგმება: სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროში გაიხსნება იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ამგვარი პრობლემების მქონე პირები მიიღებენ კონსულტაციებს.
ეს პრობლემაა ამერიკაშიც...
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით მომზადებულია ინიციატივა, რომელიც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, "კანონის მე-5 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის 51-ე მუხლი: "სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება აზარტულ თამაშობებსა და აზარტულ ტურნირში მონაწილეობა".
სუიციდი ჯარში არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა. აშშ-ში ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 300 ჯარისკაცი იკლავს თავს.
"ისიც ვერ შევძელი, კაცურად მოვმკვდარიყავი"
"ბედნიერება იქნებოდა, როგორც ალკოჰოლიკებისთვის, გემბლინგით დაავადებულებისთვისაც შეიძლებოდეს ორგანიზმში ისეთი ნივთიერების შეყვანა, რომელიც აზარტული თამაშის განმეორებისთანავე დამანგრეველ ფიზიოლოგიურ პროცესებს გამოიწვევს. ძალიან ბევრი წავაგე: დავკარგე სამსახურები, ბინა, ყველაზე ძვირფასი, ოჯახიც. შვილები აღარ მენდობიან მას შემდეგ, რაც ყველა საყვარელი ნივთი გავუყიდე აკვიატებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დიდი ვალი დამედო, მე კი გასაყიდი აღარაფერი შემრჩა. ერთხანს თითქოს გამოვფხიზლდი, გამოსავალზე ფიქრი დავიწყე და მეგობარს ვთხოვე, იქნებ ჯარში მუშაობის დაწყებაში დამეხმარო-მეთქი. ისეთი ფიზიკური მონაცემები მქონდა, იოლად მოვეწყვე. ვიმედოვნებდი, რომ რეჟიმი, სიმკაცრე, დადებითად იმოქმედებდა და სამუდამოდ ხელს ავიღებდი იმ საშინელებაზე, რამაც ცხოვრება დამინგრია. სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხი ხელფასის მიღებამდე გავუძელი ცდუნებას. ხელფასის ნაწილს შვილებს ვუგზავნიდი, ნაწილით ვალს ვისტუმრებდი და ვცხოვრობდი ჯარში. სხვა თავშესაფარი არ მქონდა. მეხუთე ხელფასი რომ ავიღე, ერთ-ერთი ჯარისკაცის დაბადების დღეზე დავლიე. იმ ღამეს მთელი ხელფასი კაზინოში დავტოვე. მეორე დღეს თავი მეზიზღებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ ავღანეთში მოვახერხო წასვლა, იქიდან დიდი ფულით ჩამოვალ, ვალსაც გადავიხდი და ოჯახსაც მივხედავ-მეთქი. ვერც ეს შევძელი, ისევ დავკარგე თავი. ახალი ვალები ავიღე, მეტიც, თავი შევაცოდე ყველას, მთვრალს ფული ჯიბიდან ამომივარდა-მეთქი. ყოველღამ წყალს ვატანდი ნასესხებ ფულს, პენსიონერ სიდედრთან შეფარებულ ჩემს ცოლ-შვილს კი წესიერად დანაყრებაც არ შეეძლო. ერთ დღეს ჯარშიც გამიგეს, რაც მჭირდა და ასე დამთავრდა ილუზია ავღანეთიდან დიდი ფულით დაბრუნების შესახებ, კვლავ ღია ცის ქვეშ დავრჩი. გამოსავალი სიკვდილი იყო. დავთვერი. შუაღამისას გალეშილი, ერთ-ერთი ხიდის მოაჯირთან ბორდიურს მიყუდებული ვფიქრობდი, რა არარაობა ვიყავი, უვარგისი. ისიც ვერ შევძელი, კაცურად მოვმკვდარიყავი და თვითმკვლელობა დამრჩა ერთადერთ გზად. წყალში გადახტომა რომ დავაპირე, ტელეფონმა დარეკა. ჩემი ცოლი ტიროდა. ჩვენს უმცროს ვაჟს ხეზე ფეხი დასცდენოდა, რკინის შვერილზე დავარდნილიყო. ოპერაციას უკეთებდნენ, სისხლი გვჭირდება, შენი სისხლიო... არ მახსოვს, როგორ მოვეგე გონს, როგორ გავჩნდი საავადმყოფოში. მახსოვს ექიმის სახე, რომ შემატყო, მთვრალი ვიყავი. ვრეკავდი ყველგან, ფულის ნაცვლად ვითხოვდი სისხლს, თუ ვინმეს ჰქონდა ის ჯგუფი, რომელიც მე და ჩემს შვილს გვქონდა... ბიჭი გადარჩა, ალბათ, მეც. როცა ვფიქრობდი, რომ გამოუსადეგარი ვიყავი, რაღაც ძალამ დამანახა მამის დანიშნულება, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, იგივე არ დამემართოს. სამწუხაროდ, ასეთი სუსტი ნებისყოფით დავიბადე", - ირაკლი ბ. ახლა ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს გადის და ფიქრობს, რომ ჭაობიდან უკან მხოლოდ ორი ნაბიჯით დაიხია. ამბობს, რომ ჯარში სხვებიც არიან მასავით დაავადებული."ვიდრე კანონი სათამაშო ბიზნესს არ შეზღუდავს, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და სხვა სამსახურებრივი შეზღუდვები ვერაფერს შეცვლის. "იმდენად ძლიერია ცდუნება, ითამაშო, ყველაფერზე უარს ამბობ, ბოლოს კი ისეთი უსუსური ხდები, რომ გგონია, ყველაფერი დამთავრდა და გამოსავალი თავის მოკვლაა. ვისაც ეს უბედურება სჭირს, გთხოვთ, გამოდით, იყვირეთ, რომ დახმარება გჭირდებათ და გადარჩებით". - ამბობს ირაკლი.