"დაჭრილი მეგობარი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა" - 21 წლის ქართველი მებრძოლის თავგანწირვა
"პატრულირების დროს თავს დაესხნენ, სერჟანტი დაიჭრა, ამ დროს "სმაილა" დაზღვევაზე იყო..."
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.
ვასილ ყულჯანიშვილი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როდესაც პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ...
გიო, ვასილ ყულჯანიშვილის მეგობარი:
- ვასო ჩემი პატარა ძმა იყო. ადამიანი, რომელშიც წვეთი ბოროტება არ იყო. ბოლომდე ერთგული იყო სიტყვის, მეგობრების, ქვეყნის. ეს რომ ასე იყო, საქმითაც ხომ დაამტკიცა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, მეგობარი, რომელიც ზუსტად იგივეს იზამდა, მის ადგილას... ასე ვართ ჩვენ ყველანი, ეს ჩვენი ცხოვრების წესია... სულ იცინოდა, სულ კარგ ხასიათზე იყო და მეგობრები "სმაილას" ვეძახდით. რაგბი სიგიჟემდე უყვარდა და უნდა გენახათ მისი ბედნიერი სახე, "ბორჯღალოსნების" მოგებისას. გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა, - აუ, გენაცავალეთ, რა მაგარი ბიჭები გვყავსო! - ამბობდა. ამიტომაც ნატრობდა, მათთვის ვიდეორგოლის მიძღვნას და პატრულირებაზე გასვლის წინ გაანდო ეს მეგობრებს. სამწუხაროდ, ეს მის გარეშე გავაკეთეთ...
- ოჯახი არ ჰყავდა, ხომ?
- არა... ვერ ჰყავდა. ვერ მოასწრო. შეყვარებული ჰყავდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. კარგა ხანია ამ თემაზე არ გვილაპარაკია. წარმოშობით ახალციხელი იყო, ძალიან უყვარდა იქაურობა. მისიიდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად უნდა წავიდეო, ამბობდა... ახლა, ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. როგორც გითხარით, ძალიან ხალისიანი ბიჭი იყო, მაგრამ საქმეში მობილიზებული, თავდაჯერებული და წინდახეული იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი - სულ მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი კეთილშობილება და გამბედაობა, ამ პატარა ბიჭს. ისე დაგვარიგებდა მეგობრებს საქმეში, სხვა ნებისმიერ საკითხში. უამრავი რამ მაქვს გასახსენებელი მასთან ერთად, მაგრამ ახლა ისე ცუდად ვარ, ვერაფერს ვიხსენებ.
- რა ვითარებაში დაიღუპა?
- პატრულირების დროს, თავს დაესხნენ, სერჟანტი დაიჭრა, ამ დროს "სმაილა" დაზღვევაზე იყო და ოპერაციის განაწესის თანახმად, მის გადარჩენას ცდილობდა, რაც მოახერხა კიდეც, სამწუხაროდ საკუთარი სიცოცხლის ფასად...
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს. ავღანეთში კი საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონტინგენტი პირველად 2004 წელს გაიგზავნა. ამ დროისთვის ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. რაც შეეხება დაღუპულ ჯარისკაცს, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში უახლოეს ხანებში ჩამოასვენებენ და კვირას, 27 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში დაკრძალავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფო 100 000-ლარიან კომპენსაციას გადასცემს.
მარიამ რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)