ერთ რუსულ შვეულმფრენს კი რაღაცნაირად ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას?
თუკი NATO-ს წევრ ქვეყანას ასეთი პრობლემები შეექმნა, რა მოელის საქართველოს, რომლის საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ "შეშფოთებით" და "აღშფოთებით" გამოიხატება?
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან გორის რაიონის ქართულ სოფლებზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატისა და შვეულმფრენის გადმოფრენამ გარკვეული რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ნაწილი მათ დაუყოვნებლივ ჩამოგდებას მოითხოვს, სხვები ამის წინააღმდეგი არიან რუსეთის მოსალოდნელი საპასუხო ქმედების გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა და რუსი კოლეგებისგან პასუხად დაცინვა მიიღო - თქვენს გლეხებს, ალბათ, მოეჩვენათ რუსული შვეულმფრენი, ხოლო თუ რამე პრეტენზია გაქვთ, წარმოადგინეთ ობიექტური კონტროლის მონაცემები თქვენი საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთო.
რა ძნელიც უნდა იყოს ამის აღიარება, ამ შემთხვევაში მოსკოვს ვერ შეეკამათები, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევაში დასადანაშაულებლად მართლაც არ კმარა თვითმხილველების ზეპირი განცხადებები. ამისთვის აუცილებელია ობიექტური კონტროლის (მაგალითად, რადიოლოკაციური სადგურის) ჩანაწერები.
აგვისტოს ომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ცხინვალის მხრიდან შემოფრენილმა რუსულმა ბომბდამშენმა "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის რაკეტა ესროლა სოფელ შავშვებთან ქართულ რადიოლოკაციურ სადგურს და რუსეთს ესეც ვერ დავუმტკიცეთ, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდნილი და აუფეთქებელი რუსული რაკეტის ტიპიც ვიცოდით და საქარხნო ნომერიც. რუსული ბომბდამშენის ჩამომგდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთიც ვერ უმტკიცებს რუსეთს, რომ ბომბდამშენმა მართლაც დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და ჩვენთან ზოგიერთს სურს, მხოლოდ თვითმხილველების ნათქვამის საფუძველზე რუსულ შვეულმფრენს სროლა დაუწყონ?
რა თქმა უნდა, ნებისმიერი რუსული საფრენი აპარატი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ფრინდება, საქართველოს საჰაერო სივრცის დამრღვევია და ერთ რუსულ შვეულმფრენსაც როგორმე ჩამოვაგდებთ, მაგრამ რა მოჰყვება ამას, ხომ უნდა განვსაზღვროთ?
ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გვქონდეს ობიექტური კონტროლის დადასტურება, რომ რუსული საფრენი აპარატები მართლაც შემოიჭრნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში, ან ისინი ჩამოვყაროთ საოკუპაციო ზონის საზღვრიდან მოშორებით, მაგალითად, თბილისის სიახლოვეს.
სხვათა შორის, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ მთავრობას უკიჟინებენ, რატომ არ ყრით რუსულ შვეულმფრენებსო, რატომღაც ავიწყდებათ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები ლამის თბილისის ზღვის თავზე დაფრინავდნენ დაუსჯელად...
რუსული საბრძოლო ავიაცია თითქმის მთელ მსოფლიოში არღვევს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეებს ან ძალზე ახლოს დაფრინავს მათ საზღვრებთან და ყველა ქვეყანა მხოლოდ საპროტესტო ნოტებს სჯერდება.
თურქეთმა გაბედა და ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი, რამაც რუსეთ-თურქეთი ლამის ომამდე მიიყვანა. არსებობს ვარაუდი, რომ სირიაში მოქმედი რუსული ავიაგამანადგურებლების პილოტებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ოპერატორებს მიცემული აქვთ საიდუმლო ბრძანება იმ თურქული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოსაგდებად, რომლებიც სირიის საჰაერო სივრცეში გამოჩნდებიან. ალბათ, ამიტომაც თურქეთმა დროებით შეაჩერა თავისი ავიაციის მონაწილეობა საერთაშორისო კოალიციის მისიაში. თუკი NATO-ს წევრ ქვეყანას ასეთი პრობლემები შეექმნა, რა მოელის საქართველოს, რომლის საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ "შეშფოთებით" და "აღშფოთებით" გამოიხატება?