ლარსზე ერთ ტყვიას(?!) არ გადმოვატანინებთ...
1-ელ მარტს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგანაც, მათი აზრით, ყაზბეგის რაიონში სიტუაციის დაძაბვის რეალური საფრთხე იქმნება.
არსებობს სხვა სახის საფრთხე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ლარსიდან რუსული შეიარაღების სომხეთში გადაზიდვასთან. ამ საკითხით საქართველოზე მეტად აზერბაიჯანია შეშფოთებული, რაც სრულიად გასაგებია.
ოფიციალურმა ბაქომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით არცთუ ორაზროვანი განცხადება გააკეთა - თუკი ლარსის გავლით რუსეთიდან სომხეთში იარაღი შევა, აზერბაიჯანი შესაბამის ზომებს მიიღებსო.
ბაქოს განცხადებას დაუყოვნებლივ უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, - რუსეთიდან ერთი ტყვიის გადმოტანასაც არ დავუშვებთო...
ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მართალია, საბჭოთა პერიოდში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის სფეროში მუშაობდა, მაგრამ მცირე უზუსტობა მაინც გაეპარა - ნასროლი და შესაბამისად, უკვე გამოუყენებელი ტყვიების გადმოტანა სომხეთს რუსეთიდან ნამდვილად არ სჭირდება, სხვა საქმეა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისა და საბრძოლო დანიშნულების (მათ შორის ჭურვებისა და რაკეტების) სახარჯო მასალის მომარაგება.
ერევანში ძალიან კარგად იციან, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი გამალებით იარაღდება - ბაქო ინტენსიურად ყიდულობდა საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას უკრაინაში იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს (ალბათ ახალი პრეზიდენტი იანუკოვიჩიც არ იქნება ამის წინააღმდეგი). ამ შეიარაღების მცირე ნაწილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით უკრაინიდან აზერბაიჯანში გადაჰქონდათ, დიდი ნაწილი კი საზღვაო ბორნებით ნიკოლაევიდან და ოდესიდან ფოთში ჩამოდიოდა, იქიდან სარკინიგზო ეშელონებით, საქართველოს მთელი ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანში მიჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო სარკინიგზო გადაზიდვისას ამ გზით აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებმა უკრაინიდან შედარებით მოძველებული БТР-70 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებისა და АК-74 ტიპის ავტომატების პარტია მიიღეს (ჩვენ შეგნებულად არ ვაზუსტებთ ციფრებს).
ამის შემდეგ ერევანი, ბუნებრივია, ცდილობს, თვითონაც გაზარდოს არსენალი, რადგან საჭირო სახარჯო მასალა - ვაზნები, ჭურვები, რაკეტები, ნაღმები - ზედმეტი არასოდესაა, არავინ იცის, შესაძლო ომი რამდენ ხანს გაგრძელდება და იქნება თუ არა საბრძოლო საჭურვლის შევსების დრო და საშუალება.
სომხეთის მთავარ სამხედრო მომმარაგებლად ისევ რუსეთი რჩება. მართალია, რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი სახმელეთო გზა აზერბაიჯანის გავლით დიდი ხანია ჩაკეტილია (ისე, როგორც აქამდე საქართველოზე გამავალიც), მაგრამ შეიარაღებას სომხეთი რუსეთიდან მაინც იღებდა. ამისთვის ერევანი საქართველოს საჰაერო სივრცეზე გამავალ საჰაერო ტრასას იყენებდა.
წარმოიდგინეთ, რუსეთიდან სომხეთში მიფრინავს Ил-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, მას საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერი აცილებს და აზრზეც არ არის, რომ АК-74-ისთვის საჭირო 40 ტონამდე ვაზნები მიაქვს...
ეს კიდევ არაფერი, რადგან ის სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავია და ერევანს აქვს უფლება, თავის ქვეყანაში შეიტანოს შეიარაღება.
უარესი ისაა, რომ საქართველოზე გამავალი საჰაერო ტრასით რუსეთის შეიარაღებული ძალების Ил-76 და Ан-12 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები დაფრინავენ და რუსეთიდან სომხეთში შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას ეზიდებიან სომხეთში დისლოცირებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად...
ამაში დასარწმუნებლად სომხეთის დედაქალაქის ახლოს, "ერევან-იუჟნის" (ერებუნი) სამხედრო აეროდრომის ნახვაც კმარა, სადაც რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად მუდმივად იმყოფება 2-3 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76 ტიპის თვითმფრინავი.
ამით გვინდა ვთქვათ, რომ თუკი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ შევძელით საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთიდან სომხეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების შეუმოწმებული გადაფრენების აღკვეთა, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან სომხეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი განხორციელდეს.
საინტერესოა, ეტყვის თუ არა საქართველოს ხელისუფლება უარს ერევანს, თუკი მან თბილისს ოფიციალურად სთხოვა სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის რუსეთიდან ლარსის გავლით სომხეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა.
რატომღაც გვგონია, რომ პასუხი დადებითი იქნება, რომელსაც გაამართლებენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების აუცილებლობით.
ეს, ცხადია, აზერბაიჯანს ძალიან გააღიზიანებს, რასაც შეიძლება ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობის დაძაბვაც მოჰყვეს.
თუმცა, მეორე მხრივ, ერევანსაც რჩება კონტრარგუმენტი - თუკი აზერბაიჯანს შეუძლია უკრაინაში ნაყიდი შეიარაღების სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვა დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მთელი საქართველოს გავლით, მაშინ სომხეთს რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთით საქართველოს საავტომობილო გზებით რუსეთში ნაყიდი შეიარაღების გადატანის უფლება?!
ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლებამ, დღევანდელი მძიმე რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი უნდა აირჩიოს, ანუ არ დაუშვას რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერება სომხეთში, ჩვენს სამხრეთ საზღვართან.
თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის იმედი ნაკლებად რჩება...