"ბოინგის" ჩამომგდებებს იცილებენ?
რუსეთის ГРУ-ს უფროსისა და ВДВ-ს შტაბის უფროსის მოადგილის უეცარმა გარდაცვალებამ ბევრი ვერსია გააჩინა...
"რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო იმ მაღალჩინოსანი გენერლების ლიკვიდაცია, რომლებიც 2014 წელს "ბუკის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტით უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას ხელმძღვანელობდნენ".
- ასეთი ვერსიები დასავლურ მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალი წლის დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მოულოდნელად გარდაიცვალნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების (ВДВ) შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი და ГРУ-ს (გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი.
ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ შუშუკინი მხოლოდ 52 წლის იყო, სერგუნი კი 58-ის და ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩიოდა. სამაგიეროდ, ორივე აქტიურად მონაწილეობდა 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობასა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში. თუკი ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი ამ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი დამგეგმავი გახლდათ, საჰაერო-სადესანტო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფების გაშლას ყირიმსა და დონბასში.
არც ერთი მათგანისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საბრძოლო ოპერაცია პირველი არ ყოფილა - მათ "მოთელვა" 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს. მაშინ იგორ სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა (ГРУ-ს უფროსად ის 2011 წლის დეკემბერში დანიშნეს); ალექსანდრე შუშუკინი 2008 წლის ომამდე გუდაუთაში 50-ე რუსული სამხედრო ბაზის მეთაური იყო და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში, 2009-2013 წლებში კი ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზას მეთაურობდა.
ცნობილმა ამერიკულმა კერძო სადაზვერვო-ანალიტიკურმა სააგენტო შტრატფორ-მა გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ГРУ-ს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ სერგუნი 3 იანვარს მოსკოვთან, სანატორიუმში კი არ გარდაიცვალა, არამედ - 1-ელ იანვარს ლიბანში. თუკი ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ლიბანი უშუალოდ ესაზღვრება სირიას, სადაც ამჟამად რუსეთი სამხედრო-საჰაერო ოპერაციას ატარებს და გასაკვირი არ არის, იმ რეგიონში ГРУ-ს უფროსი ყოფილიყო.
და მაინც, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამ ორი რუსი გენერლის გარდაცვალებას უკრაინის საჰაერო სივრცეში სამგზავრო "ბოინგის" რუსული საზენიტო რაკეტით ჩამოგდების საქმის გამოძიებას უკავშირებს. მათი ვერსიით, ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა უკვე დაადგინეს არა მარტო ის, რომელი კონკრეტული რუსული სამხედრო ნაწილის "ბუკი" შეიყვანეს დონბასში, არამედ ამ "ბუკის" მომსახურე რუსი სამხედროების ვინაობაც და იმ მაღალჩინოსანი რუსი გენერლების გვარებიც, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს სპეცოპერაცია. ამ სიაში, სავარაუდოდ, ГРУ-ს უფროსისა და ВДВ-ს შტაბის უფროსის მოადგილის გვარებიც იყო, რომელთა წინააღმდეგ უდანაშაულო მგზავრების დახოცვის გამო საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდნენ. არ არის გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლებამ მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარებას დაასწრო და ბევრისმცოდნე მოწმეები მოიშორა.
ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, სარწმუნოა თუ არა კონსპიროლოგიის მოყვარულთა ეს ვერსიები, მაგრამ თუ ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა მართლაც გამოაქვეყნეს სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებაში მონაწილეთა გვარები და თანამდებობები (ეჭვს თითქმის აღარ იწვევს, რომ მალაიზიური "ბოინგი" დონბასში რუსეთიდან სპეციალურად გადასროლილმა "ბუკმა" ჩამოაგდო, რომელიც უკრაინულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებზე "ნადირობდა") და ამ სიაში რუსი გენერლებიც აღმოჩნდნენ, ეს გვარიანად შელახავს რუსეთის საერთაშორისო იმიჯს.